fbpx

უკრაინას ახსოვს ჰოლოდომორი


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე კალანდაძე

 

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს სასტიკი თავდასხმა და ყველაზე არაჰუმანური ქმედება მსოფლიო მედიის მთავარ “ნიუსფიდად” იქცა. თუმცა, კამერების მიღმა იმალება ათასობით ამბავი, რომელიც ჩვენამდე ვერ აღწევს. რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მრავალწლიანი ისტორია საგულდაგულოდ მალავს საბჭოურ გენოციდს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ვერ დაივიწყებს და ის ჩვენც უნდა გვახსოვდეს. 

წყარო: Ukrinform

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შედგენილი “გენოციდის აღკვეთისა და დასჯის კონვენცია” გენოციდს აღწერს, როგორც ქმედებას, რომლის მიზანიც ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის სრულიად ან ნაწილობრივ განადგურებაა. უკრაინამ ჰოლოდომორი გენოციდად 2003 წელს ცნო და ეს ნაბიჯი რამდენიმე სხვა სახელმწიფომაც გადადგა, მათ შორის საქართველომაც. თუმცა რას ნიშნავს ჰოლოდომორი და რატომ არის ისტორიის ეს ნაწილი ახლა მნიშვნელოვანი?

ტერმინ “ჰოლოდომორს” უკრაინული საფუძვლები აქვს და ნიშნავს შიმშილით სიკვდილს. მართლაც, იმ შემზარავ მოვლენას, რომელიც 1930-იანი წლების უკრაინამ განიცადა,  ნათლად გადმოგვცემს ეს ერთი სიტყვა. უკრაინა, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი იყო, ასევე ითავსებდა უმნიშვნელოვანეს როლს – ყოფილიყო მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის, მთავარი მიმწოდებელი. 1920-იანი წლების ბოლოს ამ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, როდესაც იოსებ სტალინმა მიზნად დაისახა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, რის შედეგადაც კერძო მეურნეობები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა საკმაოდ პერსპექტიულად ჟღერდა და გლეხებს პროდუქციის წარმოების გაფართოებას ჰპირდებოდა, მხარი არ დაუჭირეს უკრაინელმა ფერმერებმა, შედეგად კი, მოხდა მათი მიწების კონფისკაცია. 

წყარო: HREC Education

 

კოლექტივიზაციის შესახებ სტალინის მიმზიდველი იდეების მიუხედავად, უკრაინელი გლეხები საკვების დეფიციტსა და წარმოების მკვეთრ ვარდნას განიცდიდნენ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. სასოფლო ეკონომიკის არაორგანიზებულობამ, უკმაყოფილო ფერმერებმა და საკვების ამოწურვის შიშმა გამოიწვია გლეხთა აჯანყებების სერია, რასაც უკრაინის რამდენიმე ნაწილში შეიარაღებული შეტაკებებიც მოჰყვა. ამდენი წინააღმდეგობა სტალინისთვის მეტად მიუღებელი იყო, თუმცა კოლექტივიზაციის წადილი მისთვის არ გამქრალა. 

აჯანყებების დაწყებიდან მალევე პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ საკვების მიწოდება უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში, რამაც შიმშილობა კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო! – გლეხებს საკვების საძიებლად ქვეყნის დატოვებაც კი არ შეეძლოთ. შემზარავი შედეგები 1932-33 წლებში უკვე თვალსაჩინო გახდა, როდესაც არასწორი კვებით და შიმშილით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად იზრდებოდა, განსაკუთრებით ჩერკასის, ვინიცასა და კიევის ოლქებში. როგორც ადვილად გადამდები ვირუსი, შიმშილით სიკვდილის შემთხვევები მთელ უკრაინას მოედო. მიუხედავად ამისა, კომუნისტური პარტია არ ნებდებოდა და მეტიც, სადამსჯელო ძალებს გლეხების სახლებში დარჩენილი საკვების ჩამორთმევისკენ მოუწოდებდა. 

წყარო: HREC Education

 

დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ საზარელმა მოვლენამ. ამის დადგენაში არც ის ფაქტორი გვეხმარება, რომ საბჭოთა კავშირმა მსხვერპლთა აღრიცხვა ვერ მოახდინა, თუმცა გენოციდის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3-7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 1932-33 წლებში განვითარებულმა შემაშფოთებელმა მოვლენებმა. საგულისხმოა ისიც, რომ მსხვერპლის დიდი ნაწილი ეთნიკურად უკრაინელი მოსახლეობა იყო. 

ჰოლოდომორი მიერ გამოწვეული კოლექტიური ტრავმა უკრაინელი ხალხის მეხსიერებაში მუდამ იარსებებს. არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჰოლოდომორი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი გენოციდი კაცობრიობის ისტორიაში.

წყარო: Le Journal des Jeunes, 30.03.2022


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.