რას გავიგებ დღეს – ხაბიზგინი და Technological Vanitas
ავტორი: ქეთი ბზიკაძე
დილა დაიწყო მაცივარში აღმოჩენილი პროდუქტებით და უცებ-უცებ მოფიქრებული დღის მენიუთი. ხაბიძგინი! აი, რა უნდა გამეკეთებინა დღეს პირველად. თურმე ეს ძალიან გემრიელი ოსური გულსართიანი კერძი ხაბიძგინი კი არა, ხაბი-ზ-გინ-ა ყოფილა, სახელწოდების ეტიმოლოგია წყლის, მზის და მიწის სიმბოლოებს უკავშირდება და ამ საკვებს ჯერ კიდევ აზიაში მცხოვრები ოსური ტომები ამზადებდნენ: ერბოში მომზადებული ცომი ყველის, კარტოფილის, ხახვის და ნივრის შიგთავსით.
ფიზიკური საზრდოს შეკოწიწებაში გავერთე, მაგრამ მთავარ საზრუნავს, დღის ბოლოს გასაკეთებელ გადაუდებელ საქმეებს, თავი მაინც ვერ დავაღწიე. საერთოდაც მოგატყუეთ, დილა კულინარული სქილების დახვეწით და ოსური სამზარეულოს (ასევე ხაშიც ოსური ყოფილა) აღმოჩენით კი არა, იმაზე ფიქრით დავიწყე (2 კვირაა მაგით ვიწყებ), რომ არტ-ჟურნალისთვის სტატია დამეწერა. წინა ღამეს საბოლოოდ შევუთანხმდი ჩემს თავს, რომ ან ხვალ(!), ან, მოდი, ქეთევან, თავს მაინც ნუღარ იღლი და იტანჯავ.
“ხაბიზგინაზე საუბრით სტატიის დაწყება არტ-ჟურნალისთვის არაადეკვატურად ჟღერს, მერე რა, ექსპერიმენტები, ქეთი! შენ ეგ სულ მოგწონს და თან გამოგდისავით, მოდი, დინებასაც გაჰყევი – “go with the flow” შენი კომფორტზონაა და იქნებ ხალხსაც მოეწონოს.” მოკლედ, ცომის ზელისას ამ იდეით ვიმშვიდებდი თავს და ძალიან აბურდული ფიქრებისთვის დავიწყე ფორმის მიცემა და გადაწყდა! სტატიებს მივცემ ცნობიერების ნაკადის სახეს: ანუ ტექსტის შინაარსი სრულიად დამოკიდებული იქნება შემთხვევითობებზე.
ერთი სიტყვით – შიმშილს მოჰყვა გუშინდელი ცომი მაცივარში, ცომს – ხაბიზგინა, დაჭყლეტილ კარტოფილს – “კარტოფილისმჭამელები”, მერე, რაღა დროს ვან გოგი და სეზანია-მეთქი, და ახალი არტისტების ძებნა დავიწყე და აქ მივაგენი. დღევანდელი დღის მეორე აღმოჩენა ჯენეტ მეია (Jeanette May) და ვნახოთ საით წამიყვანს ძიება.
ზემოთ ხსენებული საიტის სქროლვისას ფოტოსერია “Technological Vanitas”-მა ბრაუზერის ახალ tab-ში გადაინაცვლა. აღმოვაჩინე, რომ ჯენეტ მეის ფერი, კომპოზიცია, განათება, შინაარსი, ემოცია და Vanitas-ი არ ეშლება. Vanitas-ი ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც სიკვდილის სიმბოლიკით სიკვდილისვე გარდაუვალობას გვახსენებს. ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ მე-17 საუკუნის ჰოლანდიური ნატურმორტები დაგუგლონ და გაიგონ, საიდან იღებს დასაწყისს ვანიტასის ჟანრი, მერე დემიან ჰირსტის ბრილიანტებით შემკულ 100 მილიონი დოლარის ღირებულების თავის ქალაც შეათვალიერონ და იფიქრონ.
მეის კონცეპტუალური ფოტოსერია “Technological Vanitas”-ი ელექტრონული ხელსაწყოების დაძველებას ადამიანის სიკვდილთან აიგივებს. ფოტოებზე დაკვირვება დროში გამოგზაურებს, ობიექტის სტილი, ფერი, მასალა ფორმირებს ესთეტურად და ფუნქციურადაც. არტდეკოს პერიოდის საათი, ანტიკვარული “ინსთამატიკი”, ყავის მადუღარა, ბლუთუზის ყურსასმენი, iphone 5 და სხვა ეფემერული ნივთები დაშლილ, ხან ხელუხლებელ მდგომარეობაში ძვირადღირებული აბრეშუმის ნაჭრებით და დამასკური შპალერით გაწყობილი წარმოუდგენელ ნოსტალგიას და ამავდროულად, მომავლის არაპროგნოზირების შიშს იწვევს. დღეს ვცხოვრობთ ტექნოლოგიური აღმავლობის ეპოქაში, რის ხარჯზეც ყოფა ცალსახად აჩქარებული და გაადვილებულია, მაგრამ გაადვილებას გარანტირებულად მოჰყვება სირთულეები, რაც გამოიხატება ადამიანის ამბიციური და ხარბი ბუნების გამძაფრებაში: ვუწყობთ ფეხს პროგრესს, მეტს ვაწარმოებთ, მოვიხმართ, ვაძველებთ. ასეთი ტემპი კონსუმერისთვის დამაბნეველი ხომ არაა და საერთოდაც, ადამიანის ეგზისტენციასაც საფრთხის ქვეშ ხომ არ აყენებს? რიტორიკას და ფილოსოფიას დიდ დროს არ დავუთმობ და ვიტყვი, რომ ცხადი ერთია, ჯენეტ მეის ანაქრონულ ნატურმორტებში წარსული და მომავალი შესაშურ ჰარმონიაში თანაცხოვრობს.
მეის ფოტოებში ქექვას, როგორც იქნა, მოვრჩი და მეორე ფანჯარაში გამზადებულ ფილმის tab-ებს გადავავლე თვალი, რამდენიმე ვარიანტიდან სპაიკ ჯონსის “იქ, სადაც ველური არსებები ცხოვრობენ” ამოვარჩიე იმ პრინციპით, რომ პირველ რიგში – სპაიკ ჯონსი მომწონს თავისი ფილმების: “Her”, “being John Malkovich”, “Human nature” და სხვადასხვა მუსიკალური ვიდეოკლიპების გამო, მეორე რიგში – პოსტერზე დიდი და ფუმფულა ცხოველი დავინახე და ძილის წინ “ზღაპრის” ყურება მომინდა. აღმოჩნდა, რომ მორის სენდაკის – ებრაელ-პოლონელი ილუსტრატორ-მწერლის საბავშვო წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმი დაიწყო მოწყენილი მარტოდმარტო თოვლში მოთამაშე ბიჭით, რომელიც იგლუებს აკეთებს და შიგნით წევს ხოლმე. უფროს და – უფროსი დაა, დედას არ სცალია, ყურადღების დეფიციტში მყოფი ბიჭი სამყაროზე გაბრაზებული გაიქცევა იმდენად შორს, რომ თავს შუა ოკეანეში ამოყოფს. მოკლედ, მესამეს დასარქმევად ვამზადებდი ფილმს, მაგრამ ვერ! გამეღვიძა და ფილმი დამთავრებული დამხვდა.