fbpx

IZIPIZI წარმოგიდგენთ არჩილ ქიქოძის წიგნების არჩევანს


გააზიარე სტატია

“იზიპიზის”  სათვალეები მრავალფეროვანიცაა  და მრავალფუნქციურიც – მზისგან დამცავი, ეკრანის, საკითხავი, მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის… ჩამონათვალი დიდია, არჩევანი კი თქვენს საჭიროებასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

IZIPIZI ამჯერად წარმოგიდგენთ არჩილ ქიქოძის წიგნების არჩევანს – ლათინოამერიკელი ავტორების სამ  წიგნს. 

მექსიკელი მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა სულ მცირეა და მისი უდიდესი ნაწილი ამ წიგნში ეტევა – რომანი „პედრო პარამო“ და რამდენიმე მოთხრობა ციკლიდან „დაბლობი ალში.“ როდესაც რულფოს უსაყვედურეს, თუ რატომ აღარ წერდა, მხრები აიჩეჩა და უპასუხა, რომ გარდაიცვალა მისი მოხუცი ბიძა, რომელიც საინტერესო ამბებს უყვებოდა. სინამდვილეში რულფო წერდა „პედრო პარამომდეც“ და მერეც, წერდა უზარმაზარ წიგნებს, რომლებსაც ანადგურებდა, რადგან არ გამოსდიოდა, ხოლო ის, რაც დატოვა, მექსიკური და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაა. 

ამბობენ, რომ მისი ენა ჯადოსნურია და სრულიად არაფერს არ ჰგავს. ჩვენ კი, ვინც ესპანური არ ვიცით, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, როგორი იქნება ეს ჯადოსნური წიგნი ორიგინალში. 

ლათინურ ამერიკული ლიტერატურა სავსეა მარტოობისთვის განწირული მოძალადე გმირებით, ისეთებით, როგორიც პედრო პარამოა – სასტიკი მემამულე (ან დიქტატორი), რომელიც მკვლელობებით, დაშინებით და იძულებით იმორჩილებს ადამიანებს – კაცებს და ქალებს, რომლებიც არავის უყვარს და სრულ მარტოობაში უნდა ამოხდეთ სული. ასეთი გმირები ამ სამყაროს სისხლიანმა ისტორიამ შვა. ფაქტობრივად იგივე ფაბულა აქვს მეორე მექსიკურ მთავარ წიგნს, კარლოს ფუენტესის „არტემიო კრუსის სიკვდილს“ და მაინც, თემის „გაცვეთილობის“ მიუხედავად, პედრო პარამო ყველაზე საოცარი წიგნია, რომელიც გარდაცვლილთა სამყაროში გვამოგზაურებს. რომანის ლამის პირველივე გვერდზე შევიტყობთ, რომ მისი გმირები დიდი ხნის მკვდრები არიან და ალბათ მკვდარია წიგნის მთხრობელიც, რომელიც მამის ძიებაში ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროს შორის უხილავ მიჯნას გადადის და ჩადის სოფელ კომალაში, სადაც ოდესღაც მისი და კიდევ ბევრ სხვათა მამა პედრო პარამო ბატონობდა. მერე კი აღმოჩნდება, რომ მკვდრების სამყოფელი ცოცხლების სამყაროზე არანაკლებ რეალურია და კიდევ უფრო სასტიკი, რადგან სიკვდილთან ერთად არაფერი მთავრდება – დატანჯული სულები მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ, ისევ და ისევ კლავენ და კვდებიან, სიკვდილს ეძებენ და იღუპებიან, ოღონდ შვება მაინც არ მოდის, რადგან უკვე დიდი ხნის მკვდრები არიან.  

ეს არის წიგნი რელიგიური ფანატიზმის შესახებ და არა მარტო… ეს ლიოსას პირველი რომანია, რომელიც მისი მშობლიური პერუს საზღვრებს გარეთ ხდება. 

1889 წელს ბრაზილიაში (ყველაზე გვიან ლათინურ ამერიკაში) მონათმფლობელობა გაუქმდა, ბრაზილიის მეფე გადადგა და ქვეყანა რესპუბლიკა გახდა. ცოტა ხანში კი განდგომილმა კათოლიკე ბერმა ანტონიო კონსილიერომ რესპუბლიკა ანტიქრისტედ გამოაცხადა და ბაიას შტატის უნაყოფო ნახევარუდაბნოში შექმნა კანუდოსის კომუნა, რომელსაც ჩაგრულებმა, მათხოვრებმა და ყაჩაღებმა შეაფარეს თავი. სამყაროს დასასრულის მოლოდინში კომუნამ რამდენიმე წელი იარსება, ლამის შიშველი ხელებით მოიგერია სახელმწიფო ჯარების შემოტევები და ბოლოს მრავალთვიანი ალყის შედეგად დაეცა. 

კანუდოსი მრავალი მწერლის შთაგონება გახდა და გურამ დოჩანაშვილმა ის თავის მთავარ წიგნში, „სამოსელ პირველში“ აღწერა, როგორც იდეალურს მიახლოებული საზოგადოება. ვარგას ლიოსას კანუდოსი სხვანაირია – უფრო რეალისტური, უფრო ფანატიკური და დაუნდობელი. ამ წიგნში ძალიან ბევრი ბრძოლა და სისხლია, მაგრამ ეს არის წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. პერუელი მწერალი ლამის ყველა კუთხიდან გვანახებს ამ ომს, მის გმირებს და ანტიგმირებს და მკითხველს მრავალ ტყავში უწევს შეძრომა – იქნება ეს მოციქულად ქცეული მკვლელი, ბრაზილიელი დიდგვაროვანი თუ შოტლანდიელი ანარქისტი, რომელიც კანუდოსში ისე მიისწრაფვის, როგორც სამყაროში თავისუფლების ერთადერთ წერტილში და გზაში იღუპება. 

ამ წიგნში მთავარ პერსონაჟთა ნაწილი იღუპება, ნაწილი კი ზნეობრივად ეცემა, მაგრამ რომანის დამთავრების შემდეგ მაინც გიპყრობს სიხარული და სიმსუბუქე, რომელიც შედევრთან ზიარებას მოსდევს ხოლმე. 

1990 წელს, როდესაც ესპანეთში მცხოვრებ რობერტო ბოლანიოს პირველი შვილი შეეძინა, მარგინალი პოეტი სამყაროს სხვადასხვა კუთხეში წანწალს შეეშვა და პროზას მოჰკიდა ხელი. ამბობდა, რომ რამე ისეთი უნდა შეექმნა, რაც მისი შვილების მომავალს უზრუნველყოფდა და სულ რაღაც ცამეტ წელიწადში შექმნა კიდეც ყველაფრისგან განსხვავებული პროზა. 2003 წელს ღვიძლის კიბოთი გარდაცვლილი ბოლანიო თაობის ყველაზე ბრწყინვალე ლათინოამერიკელ მწერლად არის აღიარებული, ხოლო მის უკანასკნელ რომანს „2666“ მსოფლიო  შედევრს უწოდებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩილელებს და მექსიკელებს შორის არ წყდება დავა, ვის უფრო ეკუთვნის რობერტო ბოლანიო, კატალონიაში მცხოვრები მწერალი თავს ლათინოამერიკელად თვლიდა და ამბობდა, რომ მისი ერთადერთი სამშობლო მისი ცოლი და ორი ვაჟია. ჩილეში დაბადებული ახალგაზრდა ბოლანიო სამშობლოდან ავგუსტო პინოჩეტის რეჟიმს გაექცა და მექსიკას შეაფარა თავი. სწორედ მექსიკაში იწერება  მისი რომანების და მოთხრობების დიდი ნაწილი და მათ შორის „ველური  დეტექტივები“ – უჩვეულო წყობის „უცნაური“ წიგნი, რომელთა პერსონაჟების სიმრავლე მკითხველს აბნევს. ბოლანიოს თხრობის მანერას შეჩვევა სჭირდება. ის რთულიც არის და ამავე დროს ძალიან მარტივიც. თითოეულ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს. მათი უმეტესობა მწერლის ახალგაზრდობის მეგობრები და ამხანაგები არიან – ის მაწანწალა და ასოციალი პოეტები, რომლებიც სამყაროს შეცვლას აპირებდნენ და რომლებიც დღეს თითქმის აღარავის ახსოვს,  ამ არაჩვეულებრივი წიგნის ფურცლებზე ცხოვრობენ. 

რომანი სამი თავისგან შედგება და მის მეორე, ყველაზე დიდ თავს ორმოცამდე მთხრობელი ჰყავს. ეს რაღაცნაირი ბავშვურად ჯიუტი წიგნია, რომელშიც არტურო ბელანო (რობერტო ბოლანიოს ალტერ ეგო) დაშნებით დუელში იწვევს ესპანელ ლიტერატურულ კრიტიკოსს, რომელმაც მისი წიგნი არ დააფასა. 

ბოლანიო არ იყო ობიექტური ადამიანი, ინტერვიუებში საუკეთესო მწერლებად მუდამ თავის მეგობრებს ასახელებდა, ებრძოდა „ძველებს“ („ველურ  დეტექტივებში“ მისი და მისი წრის მთავარი მტერი უდიდესი მექსიკელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოქტავიო პასია), საკუთარი მარგინალიზმის სიმაღლიდან (თუ სიმდაბლიდან) სჯიდა სამყაროს. „ველური დეტექტივები“ ამ თავმომწონეობით სცოდავს და ამავე დროს, არც სცოდავს იმიტომ, რომ ძალიან დიდი რომანია, რომლის მოქმედება სამოცდაათიანი წლების მეხიკოში იწყება, მერე მთელ მსოფლიოში გადადის, ისტორიის ოც წელს მოიცავს და მერე ისევ სამოცდაათიანი წლების მექსიკაში ბრუნდება, სადაც ორი ნახევრად შეშლილი პოეტი და ერთი მეძავი მეხიკოდან სონორის უკაცური უდაბნოსკენ მიემგზავრებიან, რათა ინდიელთა სოფელში ნახევრად მითური მოხუცი პოეტი ქალი იპოვონ და მთავარი კითხვები დაუსვან, კვალში კი მათ მოტაცებული მეძავის სუტენიორი და კორუმპირებული პოლიციელი უდგათ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.