წრე „რეალის“ ირგვლივ იკვრება…
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პარალელურად, დასავლეთ ევროპა თავისი რეჟიმით – ზოგჯერ აგრესორი ქვეყნისადმი სანქციების გამწვავებით, ზოგჯერ კი სირაქლემას პრინციპით განაგრძობს ცხოვრებას.
ბებერი კონტინენტის მოსახლეობა პანდემიის მიზეზით გამოწვეულ „პური და სანახაობის“ დეფიციტს მაქსიმალურად ინაზღაურებს და ავსებს საკონცერტო დარბაზებს და სტადიონებს შოუ-ბიზნესის ნებისმიერ სფეროში, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალით დაწყებული, ფეხბურთით თუ სპორტის სხვა სახეობებით დამთავრებული.
შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყარომ მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინა რუსული აგრესიის მიმართ, რაც ფიფადან და უეფადან ამ ქვეყნის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთის მომენტალურ მოკვეთაში გამოიხატა.
უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ გრანდიოზული საპროტესტო აქცია „იუვენტუსი“ – „ინტერის“ სერია A-ს მატჩის წინ მოეწყო, როდესაც „ტიფოზებით“ სავსე ტრიბუნების წინაშე უკრაინელი და იტალიელი მომღერალი გოგონების დუეტმა ხელში უკრაინული ალმებით ჯონ ლენონის „Imagine“ შეასრულა და ამ სანახაობის დაბლოკვა ზოგიერთმა რუსულმა ტელეარხმა ვერ მოასწრო ან მისი სასწრაფოდ სარეკლამო რგოლებით გადაფარვის მცდელობისას სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რუსეთში ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატები აღარ გადაიცემა, მაგრამ იტალიის, გერმანიის და ესპანეთის პირველობების მსგავსად, ევროთასების მატჩების ტრანსლირებაც არ შეწყვეტილა, რაც მის ტელეარხებს და სპორტულ კომენტატორებს ნებისმიერ დროს ომის მიმართ პროტესტის გამოვლინებასთან დაკავშირებული რაიმე სახის არასასიამოვნო სიურპრიზის მოლოდინში ამყოფებს.
არასასიამოვნო სიურპრიზების სერია გასულ კვირას საკუთარ გულშემატკივრებს რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის ყოფილმა კლუბმა „ჩელსიმაც“ მოუწყო.
იქამდე აღმავლობის გზაზე მყოფმა გუნდმა შინ, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჯერ პრემიერლიგის დებიუტანტ „ბრენტფორდთან“ სამარცხვინო ანგარიშით 1:4 წააგო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალთან“ პრაქტიკულად უბრძოლველი (1:3) კაპიტულაცია გამოაცხადა.
ინერტულობა უპირველეს ყოვლისა „არისტოკრატთა“ დაცვით ხაზს და თვით სტაბილურობით გამორჩეულ სენეგალელ გოლკიპერ მენდის დაეტყოთ.
კარის ხაზიდან წინ გამოსულმა მეკარემ მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი უმტკივნეულო სიტუაციაში იმდენად უხეიროდ მიაწოდა მცველს, რომელსაც თავის მხრივ ნაბიჯი არ გადაუდგამს მის მისაღებად, რომ იქვე გაჩენილ ბენზემას ისღა დარჩენოდა, ბურთი ცარიელ კარში გადაეგზავნა და საკუთარი „ჰეთთრიკი“ და მატჩის საბოლოო ანგარიში – მადრიდის „რეალის“ სასარგებლოდ 3:1 დაეფიქსირებინა.
ამ ეპიზოდის შემდეგ „სამეფო კლუბს“ აღარც უზრუნია მეტოქის დიდი ანგარიშით განადგურებაზე, რადგან ყველაფერი მატჩის პირველი წუთებიდანვე ნათელი იყო, როდესაც ჯერ ბენზემას გადაცემის შემდეგ ვინისიუსმა ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოარტყა, ხოლო მომდევნო შეტევაში კი უკვე პირიქით, ბენზემამ გახსნა ანგარიში ვინისიუსის გადაცემის შედეგად.
ერთი მხრივ, „რეალმა“ სამივე გოლი ისე მარტივად გაიტანა, თითქოს არა ლონდონის „ჩელსის“, არამედ ინგლისის მესამე დივიზიონის რომელიმე კლუბს ხვდებოდა; მეორე მხრივ კი – „რეალს“ ამ გამარჯვებაში წვლილს ვერავინ დაუკარგავს.
ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ „სამეფო კლუბი“ თუკი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, საკმაო ალბათობით მას გზაზე სამი ინგლისური გრანდი ეყოლება დამარცხებული…
მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ წაგების შემდეგ „ჩელსი“ უეცრად გონს მოეგო და პრემიერლიგის მატჩში გასვლაზე „საუთჰემპტონი“ ანგარიშით 6:0 გაანადგურა, ნაკლებად მოსალოდნელია განმეორებით შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ლონდონური კლუბის რევანში.
„ჩელსის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „რეალის“ სავარაუდო მეტოქე „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც მართალია, წინ უკომპრომისო ბრძოლა ელის გასვლაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“, მაგრამ ალბათ ამ უკანასკნელს უფრო უნდა გაუჭირდეს საპასუხო მატჩის მოგება, ვიდრე შინ ანგარიშით 1:0 გამარჯვების შემდეგ კონტრთამაშზე გადაწყობილ პეპ გვარდიოლას გუნდს.
„ატლეტიკომ“ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა შეხვედრა და ერთადერთი ბურთი გაუშვა მთელი მატჩის განმავლობაში გოლის გასატანად მომართული მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზის მქონე გუნდთან.
„მანჩესტერ სიტისთან“ წაგებამდე „ატლეტიკოს“ 27 თებერვლიდან მოყოლებული ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად მეტოქე ესპანური კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოგდებულ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედარებით გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი იარაღი მისი განსაკუთრებული სისწრაფეა. კონტრშეტევაზე დახელოვნებული „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები მოედნის ცენტრის სიახლოვეს ბურთის ჩაგდების იშვიათ ეპიზოდებშიც კი ვერ ახერხებდნენ სახიფათო იერიშის განხორციელებას, იმდენად სწრაფად ახდენდნენ მასპინძლები გადაწყობას და დაცვაში რიცხობრივი უპირატესობის მიღწევას. ეს კი, რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას დამსახურებაა.
„ატლეტიკოსგან“ განსხვავებით, დადებით შედეგს მიაღწია „ვილიარეალმა“, რომელმაც შინ „ბაიერნი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ესპანური კლუბის გამარჯვება თითქოს აშკარად მოულოდნელია, მაგრამ „რეკორდმაისტერის“ კრიზისი დაკვირვებულ თვალს ბუნდესლიგის ჩემპიონის, „ზალცბურგთან“ ანგარიშით 7:1 მოგებულ მატჩშიც კი არ გამოეპარებოდა.
„ბაიერნს“ დაფიქრება იმაზე მართებს, თუ რატომ ვერ ახერხებს გუნდი მოედანზე მეორე ტაიმში გორეცკას და ლეროი სანეს გამოჩენის შემდეგაც კი თამაშში გარდატეხის შეტანას. მეტიც, „ვილიარეალი“ უფრო ახლოს იყო ანგარიშის გაზრდასთან, ვიდრე „ბაიერნი“ გათანაბრებასთან.
„რეკორდმაისტერმა“ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად რუსული ტელეარხების მესვეურებიც გააწბილა, რადგან გოლკიპერ მანუელ ნოიერს, რომელსაც მცველების უღიმღამო თამაშის გამო ხშირად უწევდა ტელეეკრანებზე გამოჩენა, ხელს უკრაინის დროშის შეფერილობის კაპიტნის სამკლავური უმშვენებდა.
„ვილიარეალი“ – „ბაიერნის“ წყვილში გამარჯვებულს ნახევარფინალში „ლივერპული“ შეხვდება, რადგან „რეალის“ მსგავსად, გასვლაზე 3:1-ის მომგებ გუნდს აწი პორტუგალიის ჩემპიონთან გავარდნის საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
„ლივერპულმა“ „ბენფიკას“ თავიდანვე შეუტია და სახელოვანი წარსულის მქონე კლუბთან საქმე პირველ ტაიმშივე მოაგვარა.
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კი კვირა საღამოს მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა. მას აუცილებლად უნდა ეცქირა „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულს“ შორის პრემიერლიგის ცენტრალური დაპირისპირებისთვის და შეეფასებინა მომდევნო პოტენციური ინგლისელი მეტოქეების შესაძლებლობები.
მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა და აქედან გამომდინარე მასპინძლებმა ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მერსისაიდულ კლუბთან ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
დაპირისპირებამ გამოავლინა პეპ გვარდიოლას და იურგენ კლოპის გუნდების ნებისმიერ სათამაშო რგოლში აბსოლუტურად თანაბარი, უმაღლესი დონის მომზადება. სუსტ მხარეებს კი ყველაზე უკეთ კარლო ანჩელოტი შენიშნავდა.
რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი, მაგრამ წრე რომ მადრიდის „რეალის“ ირგვლივ იკვრება, ამაზე როგორც ამ კლუბის ამჟამინდელი თამაშის ხარისხი, ისე ტრადიცია და სტატისტიკა მეტყველებს…





