fbpx

“თიბისი კონცეპტის” სივრცეში გალერეა “მაუდის” ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე

 

11 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში, გალერეა “მაუდის” ორგანიზებით,  თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა, რომელსაც 16 აპრილს აუქციონი უნდა მოჰყვეს. “მაუდი”, რომელიც წლებია ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას ხელს უწყობს, ამჯერად თავს უყრის თანამედროვე ქართული ხელოვნების ფართო კოლექციას. გამოფენაზე მოქმედი და წამყვანი ახალგაზრდა ხელოვანების უმეტესობაა წარმოდგენილი. აუქციონის მიზანია, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხის დახმარება და, მეორე მხრივ, “მაუდის” სივრცის განვითარება.

ნამუშევრების სელექცია, თავისებურად, ხაზს უსვამს  ბოლო პერიოდში თბილისში  გაჩენილ მხატვრულ ტენდენციებს. ამ ტენდენციებში, პირველ რიგში, ვხედავთ მისწრაფებას მითებისკენ და პოსტსიურრეალისტური მოტივებისკენ, კულტურული მეხსიერებით და სოციალური განზომილებებით დაინტერესებას და ბოლო დროს წარმოშობილ  თბილისურ პლურალიზმს, რომელიც აკადემიური ფორმის რღვევის შემდეგ, ხელოვანების მიერ მემკვიდრეობის სუბიექტურ გადარჩევაში აისახა. ეს უკანასკნელი თავს იმკვიდრებს სოციალური ესთეტიკის და წმინდა ფორმების ნარჩენების უცნაურ სიმბიოზებში. ახალგაზრდა მხატვრის, ლოლა მაჭარაშვილის გრაფიკული ნამუშევრები ამ მხრივ  თანამედროვე თბილისური ხელოვნების უახლესი მონაპოვარია. 

20 წლის მხატვარი ამჯერად ფერწერული ტილოთია წარმოდგენილი. ნამუშევარს ეტყობა გრაფიკისთვის დამახასიათებელი ხელწერა, გამოყენებულია ღია ფერები, იკონოგრაფია გეომეტრიზებულია ხაზობრივი სემი-პერსპექტივით, ხოლო სივრცით მანიპულაციის ძირითადი წყარო კონტრასტების მონაცვლეობაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტილო მნახველზე გრაფიკული სურათის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას ხელს უწყობს ტილოს ფაქტურაც, რომელიც დაფერილი ფურცლის მსგავსი ტონალობითაა შესრულებული. მეორე მხრივ, ჩნდება მოდელირების ნიშნები, რომლებიც უშუალოდ ფერწერასთან პირვანდელ შეხებას ამჟღავნებს. 

განსაკუთრებით საგულისხმოა ძაღლის ცენტრალური ფიგურა, ნახევარტონებით აგებული და სურათის გრაფიკულ სემი-პერსპექტივასთან შეპირისპირებული. სურათში არსებული პირობითი სივრცე ცენტრალიზებულია, რაც ხატის განცდასაც გვაძლევს. ამ განცდას ამყარებს ქერუბიმის მაგვარი ცენტრალური ფიგურა და შუაში მოთავსებული მანდალა. ეს ყველაფერი ერთად საკრალური გამოსახულების განცდას იძლევა, მაშინ როდესაც ძაღლი, როგორც პროფანული სხეული ისეა შემოჭრილი სურათში. ის შემკულია ცისფერი მოელვარე ყვავილებით, როგორც წმინდა ცხოველი და სადღაც სამსხვერპლოდ გამზადებულ ბატკანსაც გვაგონებს. ესთეტიკურად უკიდურესად დახვეწილი ეს ფორმა თავისებურად ამჟღავნებს ფორმალური და იკონოგრაფიული დაძაბულობის დიაპაზონს და მათ თანხვედრასაც. გრაფიკული და ფერწერული ფორმების დაყოფა სურათში საკრალური და პროფანული იკონოგრაფიის დაყოფასაც უკავშირდება. აკადემიურ რღვევაში სოციალური ნარჩენი აღწევს, თუმცა ეს პროცესი არ ჰგავს შეჭრას, არამედ შეგებებას. 

აღნიშნულ თემას კიდევ უფრო კომპლექსურად ვხვდებით ნინა კინწურაშვილის სურათებში. აქ გააზრებულია არა მხოლოდ ფორმა და იკონოგრაფია, არამედ მასალა, ფორმატი და კოლორიტიც. ეს ყველაფერი კინწურაშვილის სურათებს არქეოლოგიურ ელფერს ანიჭებს. თუკი თბილისური აბსტრაქციების უმეტესობა გატაცებულია ფორმის ურბანული რღვევით, კინწურაშვილის ნამუშევრები ღრმად შედიან და იკვლევენ ფორმის წმინდა ბუნების შინაგან რღვევას და წარმოგვიდგენენ მათ არა სიმბიოზური ან რესტავრირებული სახით, არამედ სწორედ ამ რღვევის მიჯნაზე. იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ნამუშევრები მუდმივად ფემინურ ნიშნებს ამჟღავნებენ. ჩნდება ვიზუალური ასოციაციები ქალის რეპროდუქციულ ორგანოსთან, რადიკალური  ფემინური ნიშნები – რბილი, დენადი, ხშირად გათხიერებული ფორმები მთელ სასურათე სიბრტყეზე მოძრაობენ. სემი-პერსპექტივის განცდას სწორედ ეს ბლანტი, ხშირად კი ქაოსური მოძრაობა იძლევა. ფორმის ეს ქაოსური დენა დაფიქსირებულია ძლიერი ნიშნებით, როგორიც შეიძლება იყოს წრე ან მკვეთრად ამონათებული ცენტრი, გარკვეული საკრალური აგენტი, რომელიც მთელ ამ შინაგან რღვევას მინიმალური ინტერვენციით აკავებს. ფორმის ასეთი დინამიკური რღვევა ხაზს უსვამს ორ გარემოებას: 

ერთი ის, რომ აკადემიური ფორმა ირღვევა, დადის მასალამდე, ნახევარ-ტონებამდე, კოლორიტამდე, იმ ბაზისურ ნიშნებამდე, რომელიც იკონოგრაფიული სიუჟეტის საშენ მასალას წარმოადგენდა. ამ გზით ქრება სურათიდან იდეოლოგია. მეორე მხრივ, ეს დარღვეული ფორმები ახალი საზრისისკენ ისწრაფვიან. სწორედ ამ სწრაფვაში ისინი ბაზისურ სასიცოცხლო კოდებს ეჭიდებიან, როგორიც შეიძლება იყოს რეპროდუქცია / ციკლურობა ან ფლუიდურობა. მოდების ეს წერტილი ფემინურ შიგთავსს სოციალური კლიშეებისგან  ათავისუფლებს და დაძაბულობის მაქსიმალურ ზღვარზე ტოვებს, რომელშიც მოვლენა (გათხიერება, ფუნქციის კარგვა, სოციალურის ანიჰილაცია), თავისი არსებობის ზღვარზეა წარმოდგენილი. ამ გზით ფორმა ხელახლა პოულობს საკუთარ სიწმინდეს და თავიდან ირიდებს კლიშეს და იარლიყებს. სურათებში გრაფიკული ენის გამოყენება კიდევ უფრო ნათელს ხდის ამ პროცესს, რამდენადაც გრაფიკა იკონოგრაფიული ფერწერის მოდელირების წინაპირობაა და შესაბამისად, ის უხილავი აგენტიც, რომელიც ცნობიერების ვიზუალურ ველს აყალიბებს. 

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ამ თემასთან ასოცირდება, თამო ჯუღელის სურათია. ჯუღელის ნაკლებად ცნობილი, 2019 წელს შესრულებული ნამუშევარი, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურია მის ვრცელ და ობსესიურ ძიებაში. ერთი შეხედვითაც ყურადღებას იპყრობს სივრცის რადიკალური დანაწევრება. სურათს ორი პლასტი აქვს: დენადი ფერადები და დატეხილი გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც მულტიპერსპექტივის მაგვარ ასოციაციას გვიჩენს. სურათი გაჟღენთილია სინათლით, თუმცა ეს სინათლე არა პირდაპირი, არამედ გარდამავალი  უფროა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დამტვრეული შუშა, რომელიც გარედან მიღებული სინათლის წყაროს სხვადასხვა პერსპექტივით და ტონალობით აირეკლავს. მთელი დანარჩენი სურათი ამ მსხვრევით გაჩენილი რეაქციაა, რომელიც თითქოს ცდილობს აღადგინოს დარღვეული სივრცის სიწმინდე. მკაცრი გაგებით, ჯუღელის ნამუშევარი სრულიად ურბანულია და აკადემიურობის მინიმალურ ნიშნებსაც კი არ ამჟღავნებს, გარდა ერთის – მრავალნაწევრა მთლიანობისკენ დაუდგენელი და დინამიკური სწრაფვის. ეს სწრაფვა მთლიანობის აღდგენის შეუძლებლობაშია მოცემული. 

მიუხედავად ამისა, მხატვრისთვის ეს პროცესი პოზიტიური რჩება და სურათის უნიკალურობაც, ალბათ, აქ უნდა ვეძებოთ. მსხვრევა, დანაწევრება, მულტიპერსპექტივის ნიშნების გაჩენა, ადამიანის ურბანული რღვევის მსგავსად, ხსნის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. დანაწევრებული და დაჩეხილი იდენტობა გარკვეული ჰიბრიდული, მრავალსპექტრიანი მთლიანობისკენ ისწრაფვის, რომელიც ძალიან გვაგონებს თანამედროვე ადამიანის საარსებო ზონას. ეს ზონა კომპლექსურია – სავსე ინფორმაციით, სირთულეებით და წარმოუდგენელი გამოწვევებით, რომლებიც ყოველდღიურად სოციალური ნორმების და ლიმიტების გადალახვისკენ, რუტინული არსებობის და კულტურული იარლიყების გარღვევისკენ გვიბიძგებენ. თუმცა, რა ხდება ამ რღვევის შემდეგ? რა ხდება, როდესაც სოციალურ გრავიტაციას ვწყდებით და ურბანულ უწონადობაში ვინაცვლებთ? 

ფორმების ასეთი დინამიკური გარღვევა ყველაზე ტრაგიკულ და ყველაზე გაბედულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ – ინდივიდუალიზაცია, თუნდაც სრული დანაწევრების, მულტიდიმენსიური იდენტობის, მსხვრევის და დეკომპოზიციის ხარჯზე. და რამდენადაც ეს აქტი გაბედულია, იმდენად  ახლოს დგას ტრიუმფთან, რომელიც სურათის შიგნიდან წამოსული ფერების ელვარებაში მჟღავნდება. დანგრეული და განადგურებული სხეული, რომელიც გრავიტაციის მინიმალურ ზღვარზე კიდია, შინაგანი სინათლითაა მოსილი, რითაც ის (ყოველივე ზემოთ ხსენებულის საწინააღმდეგოდ) რღვევის და დეკომპოზიციის უკიდურესად დემოკრატიულ და ღია სივრცეს გვაძლევს. ეს სივრცე ეთიკური და დელიკატურია.

ეს მხოლოდ ერთი საკითხია გამოფენიდან, რომელიც კიდევ უამრავ ასპექტს აერთიანებს და ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში პირველად ყველაზე მსუყე და თემატურად დატვირთულ აუქციონს გვთავაზობს. გალერეა “მაუდი” ამ გამოფენით ჩვენში თემატური გამოფენების აუცილებლობასაც აფიქსირებს და იმ ფაქტსაც ხაზს უსვამს, რომ თბილისურ თანამედროვე კულტურაში გარკვეული გადარჩევა შესაძლებელი ხდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.