fbpx

მსოფლიოს მუსიკოსები უკრაინისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ალბათ, ბევრ ჩვენგანს აწუხებს უძილობა – „ტვიტერში“, „ფეისბუქში“, „ტელეგრამსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში ვეძებთ ომიდან ცხელ ამბებს და იმედი გვაქვს, რომ ეს საშინელება მალე დასრულდება. ამ ომიანობაში მუსიკის მოსმენის და მასზე ლაპარაკის ხალისიც დაიკარგა. ამ დროს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ხელოვანი ღიად  უჭერს მხარს უკრაინას. 24 თებერვლის შემდეგ უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი და ჯგუფი გვერდით დაუდგა ამ ქვეყანას და მის მცხოვრებლებს. ბევრი მათგანი კონცერტებს მართავს, ზოგი სპეციალურად სიმღერას იწერს და ამ ყველაფრისგან მიღებულ შემოსავლებს უკრაინის დახმარების ფონდში რიცხავს. ზოგიერთი კი უბრალოდ, მორალურად უდგას გვერდით ომისგან დაზარალებულ ხალხს, აკეთებს განცხადებებს სოციალურ ქსელებში. უკრაინელებისთვის სულ უბრალო განცხადებაც კი ერთგვარი შვებაა ამ დიდი უბედურების დროს და ამაზე მათი მადლიერი კომენტარებიც მეტყველებს. 

მთელ პლანეტაზე უკრაინელთა დახმარების და სოლიდარობის ისეთი დიდი ტალღაა აგორებული, მე ვერ შევძლებ ყველას გადმოცემას, თუმცა მინდა გაგაცნოთ ის უცხოელი მუსიკოსები, რომელთა თანადგომაც ეს დღეები თვალში მხვდებოდა. დავიწყოთ სერ პოლ მაკარტნით. მან სოციალურ ქსელებში კიევში 2008 წლის ივნისში ჩატარებული თავისი კონცერტი გაიხსენა. მაკარტნიმ ამ კონცერტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის დიდ უკრაინულ დროშას აფრიალებს და დაწერა: „მახსენდება 2008 წელს უკრაინაში, დამოუკიდებლობის მოედანზე ჩვენი მეგობრებისთვის გამართული კონცერტი და ამ რთულ დროს ვფიქრობ მათზე. ჩვენ ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას გიგზავნით“. პოლის მსგავსად უკრაინას მხარი დაუჭირა ლეგენდარულმა „ები როუდის“ სტუდიამაც. 

ჯგუფმა Queen + Paul Rodgers-მა უკრაინის ფონდში თანხების მოსაზიდად „იუტუბზე“ მათი 2008 წელს ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე 350 000 მაყურებლის წინაშე ჩატარებული ორსაათიანი კონცერტი განათავსეს და განმარტებაში დაწერეს, რომ უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს უბრუნდებიან იმ ბედნიერ წუთებს, როდესაც მათ ხარკოვში კონცერტი ჰქონდათ და ამის ახლა გამოქვეყნება მარტო უბრალო ერთობა კი არა, საერთო უბედურების წინააღმდეგ გაერთიანებაცაა. 

ინგლისელმა მუსიკოსმა გორდონ მეთიუ სამნერმა, იგივე სტინგმა ხელახლა ჩაიწერა 1985 წელს გამოსული სიმღერა Russians, რომელიც თავის დროზეც არ მოსწონდათ რუსეთში. მუსიკოსმა სიმღერა უკრაინელებს მიუძღვნა. მისგან შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება უკრაინის დახმარების პოლონურ ფონდში. სტინგმა თქვა: „მას შემდეგ, რაც დაიწერა, მე იშვიათად ვმღეროდი ამ სიმღერას, რადგან არასოდეს მიფიქრია, რომ ისევ აქტუალური გახდებოდა. იგი ეძღვნება ამ სასტიკ ტირანიასთან მებრძოლ მამაც უკრაინელებს და ასევე იმ ბევრ რუსს, რომლებიც ამ უმსგავსოების წინააღმდეგ გამოდიან, მიუხედავად მათი პატიმრობის და ციხეში ჩასმის საფრთხისა. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ბავშვები. გააჩერეთ ომი!“. სტინგის ამ სიმღერის ახალ ვერსიაში ჩელოზე რამირო ბელგარდტი უკრავს. 

ინგლისელმა მუსიკოსმა პიტერ გებრიელმა თავის ოფიციალურ საიტზე მთელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის ნამუსზე აგდებს მსოფლიოს, რომელიც უკრაინას სათანადოდ ვერ იცავს. „ეს ის ერია, რომელსაც 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი პატივისცემას და დაცვას დაჰპირდნენ, როდესაც უკრაინამ საბჭოთა წარმოების ბირთვული იარაღი დათმო და ბირთვული იარაღის არგავრცელების დოკუმენტსაც ხელი მოაწერა“. პიტერმა დასავლეთი იმაშიც დაადანაშაულა, რომ 1990-იანი წლებში, სსრკ-ს დაშლის მერე, რუსეთის მცდელობას, დასავლეთსა და ნატოს დაახლოებოდა, არასერიოზულად შეხვდა. მისი აზრით, რუსეთი კი არ არის მსოფლიოს მტერი, არამედ პუტინი და მისი ხელისუფლება. ის მოუწოდებს მსოფლიოს ამ საშინელი ომის შემდეგ მიიღოს და ჩაიხუტოს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები. საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პიტერ გაბრიელი ყველას სთხოვს, დადგეს უკრაინელი ხალხის გვერდით. ჯეიმს ნიუელ ოსტერბერგმა, იგივე იგი პოპმა მოსკოვში დაგეგმილი 10 ივლისის კონცერტი გააუქმა და „ტვიტერზე“ დაწერა: „ჩვენი ფიქრები უკრაინელებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთადაა, რომლებიც ამ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და მშვიდობას ესწრაფვიან“. უკრაინელების მხარდაჭერის მიზეზით, მოსკოვში, „სპარტაკის“ სტადიონზე 29 მაისს დაგეგმილი შოუ გააუქმა ჯგუფმა Green Day-მაც. სიეტლური გრანჟ-ჯგუფ Pearl Jam-ის დამაარსებელმა და მომღერალმა ედი ვედერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს და თავის მსმენელს სთხოვს მათ დახმარებას.


ჯგუფ Muse-ს ლიდერი მეთიუ ბელამი „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს თავის ფოტოს გიტარით, რომელზეც უკრაინის დროშაა დაკრული და წერს: „მოკრძალებული და აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ვაჟკაცობით, რომელიც იბრძვის სამყაროში თავისუფლად ცხოვრებისთვის. პატივს ვცემ იმ ადამიანებს რუსეთში, რომლებიც მზად არიან გააპროტესტონ და დაუპირისპირდნენ თავიანთ არანორმალურ და კორუმპირებულ მთავრობას. ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფლების და პიროვნული ძალაუფლების მომხრეები ვართ და არა სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის და ავტორიტარიზმის. თქვენ რას იცავთ?“ მეთიუ ბელამი მხარს უჭერს Stand With Ukraine-ს. 

ჯგუფი Metallica „პერლ ჯემის“ მსგავსად საქველმოქმედო ორგანიზაცია Stand With Ukraine-ს არეკლამებს. ამავე დროს, საკუთარი ფონდიდან ჯგუფმა ნახევარი მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დახმარების ფონდში. ჯგუფ Guns N’ Roses-ის მომღერალმა აქსელ როუზმა ომის დასაწყისშივე საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის დროშა გამოფინა. ზუსტად ასევე გააკეთა ელის კუპერმაც, პლუს ამას მიმდინარე ტურის კონცერტებზე ხშირად იყენებს ლურჯი და ყვითელი განათებების სინთეზს. პანკ-როკის ნათლიად წოდებულმა, 75 წლის პატი სმიტმა და ბოშური პანკის ლიდერმა იუჯინ ჰუძმა (ჯგუფ „გოგოლ ბორდელოდან“) ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე უკრაინის ნაციონალური ჰიმნი ერთად შეასრულეს. კონცერტი ჩატარდა „რუსეთის საშინელი ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ“ და უკრაინის მხარდასაჭერად.

ლეგენდარულმა Pink Floyd-ელებმა – დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა 30 წლის შესვენების შემდეგ ჯგუფის სახელით ახალი სიმღერა გამოაქვეყნეს. დევიდ გილმორი ომის დაწყებისთანავე უკრაინას გულშემატკივრობს და „ტვიტერზე“ ასეთი სტატუსი განათავსა: „რუსო ჯარისკაცებო, შეწყვიტეთ თქვენი ძმების მკვლელობა! ამ ომში გამარჯვებული ვერავინ დარჩება. ჩემი რძალი უკრაინელია და ჩემს შვილიშვილებს სურთ ჩავიდნენ და გაიცნონ თავიანთი ულამაზესი ქვეყანა. შეაჩერეთ ეს, სანამ ყველაფერი არ განადგურდა. პუტინი უნდა წავიდეს“. ამასთან დევიდ გილმორმა მოუსმინა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც უკრაინული ჯგუფის, „ბუმბოქსის“ ლიდერი ანდრეი ხლივნიუკი, რომელიც ომში იბრძვის, უკრაინულ სიმღერა Червона Калина-ს მღერის. დევიდს ისე მოეწონა სიმღერა, რომ ხლივნიუკს დაურეკა და ერთობლივი სიმღერის გამოცემა შესთავაზა. რამდენიმე დღეში მართლაც გამოვიდა „პინკ ფლოიდის“ სახელით სიმღერა Hey Hey Rise Up („ჰეი, ჰეი, ადექი“), რომელშიც გამოყენებულია სწორედ ანდრეის მიერ შესრულებული კომპოზიცია. ნაწარმოები საქველმოქმედოა და მისგან შემოსული შემოსავალი მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში ჩაირიცხება. 

ამერიკელმა ტომ უეტსმა, რომელიც ინტერნეტში ნაკლებად აქტიურია, გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერია, რომ ის და მისი ჩამწერი ლეიბლი „ანტი რექორდსი“ მხარს უჭერენ უკრაინას.  თბილისში ნამყოფი ბრიტანული ჯგუფი Tiger Lillies  თითქმის ყოველდღე ასტატუსებს უკრაინისადმი მხარდამჭერ გზავნილებს და ამავე დროს, აქვეყნებს კარიკატურებს… მისმა ლიდერმა მარტინ ჟაკმა ამ ომს ახალი სიმღერაც მიუძღვნა, რომლის ტექსტშიც ასეთი სიტყვებია: „ვოცნებობ, რომ ეს დასრულდება, როდესაც ჩვენს მის საფლავზე ვიცეკვებთ, როდესაც მონსტრი პასუხს აგებს, როდესაც გველი მოკლული იქნება, ურჩხული მოკლული იქნება, და მან პასუხი უნდა აგოს“…

ავსტრალიელ-ინგლისელმა ნიქ ქეივმა და მისმა ჯგუფმა Bad Seeds-მა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კონცერტები უკრაინასა და რუსეთში გააუქმა. ნიკისა და ჯგუფის წევრების გზავნილში კი წერია: „ჩვენი ფიქრები და სიყვარული მიმართულია უკრაინელი ხალხის, მისი გმირი ლიდერის და ამ უაზრო ომისგან ყველა დაზარალებულის მისამართით. უკრაინა, ჩვენ თქვენთან ვართ, რუსეთში კი იმათთან, ვინც წინააღმდეგია ამ უხეში მოქმედებების. და ჩვენ ვლოცულობთ, რათა ეს სიგიჟე მალე დასრულდეს“. ამერიკული ჯგუფი Bon Jovi უერთდება Stand With Ukraine-ს და ამავე დროს, მან საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ოდესაში გადაღებული ვიდეო, სადაც „ბონ ჯოვის“ სიმღერის თანხლებით, ოდესელები ზღვის სანაპიროზე ქალაქის დასაცავი ბარიკადებისთვის ქვიშას აგროვებენ. ამავე დროს, ჯონ ბონ ჯოვი აქვეყნებს ნებრასკას ქალაქ ომაჰაში 1-ელ აპრილს ჩატარებული კონცერტის ფრაგმენტს, სადაც იგი უკრაინული სიმბოლოების ფონზე თავის სიმღერას – We Don’t Run-ს ასრულებს. 

უკრაინის დასახმარებლად შეკრებას აპირებს 7 წლის წინ პრაქტიკულად დაშლილი ბრისტოლური ტრიპ-ჰოპ ჯგუფი Portishead. ამერიკული ბენდის Red Hot Chili Peppers-ის წევრებიც უერთდებიან Stand With Ukraine-ს. მათ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნეს 2016 წელს კიევში გადაღებულ ფოტო, სადაც ერთად არიან ჯგუფის ბასისტი ფლი და უკრაინელი სუპერმოდელი გოგონა. ინგლისელმა მომღერალმა ქალმა ენი ლენოქსმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც იგი მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს: „მე უკრაინის მხარეს ვარ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გამოეპასუხოთ იმ აქტივისტებისა და ადვოკატების მოწოდებას, რომლებიც ლტოლვილთა მხარდაჭერისთვის შრომობენ. დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები უკრაინელი და მთელი მსოფლიოს იძულებით გადაადგილებულთათვის“… ამის შემდეგ მან ჯგუფ Eurithmics-ში შექმნილი სიმღერა Here Comes The Rain Again შეასრულა. 

ირლანდიური ჯგუფი U2 „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს: „მსოფლიოს ლიდერები ახლავე უნდა ადგნენ და მხარი დაუჭირონ უკრაინას… იმათ, ვინც იბრძვის და იმათაც, ვინც გაიქცა… და მხარში დაუდგნენ ლტოლვილებს, რომლებიც იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და მიწები“. ჯგუფმა მანამდეც გამოხატა  უკრაინისადმი  მხარდაჭერა და დაწერა: „მსოფლიო უყურებს უკრაინელ ხალხს, რომელიც ყველას ასწავლის, თუ როგორ გამოიყურება თავისუფლება, როგორ უნდა შეიგრძნო ის და რაც მთავარია, როგორ მოქმედებს ეს თავისუფლება. ხულიგანი მეზობელი ვერ დაამარცხებს. ღმერთმა დალოცოს თქვენი პოეტური სულები, ჩვენ თქვენზე ვლოცულობთ“.

Stand With Ukraine-ს შეუერთდა ჰევი მეტალის ერთ-ერთი შემქმნელი ოზი ოსბორნი, რომელიც თავის მსმენელს სთხოვს, დაეხმარონ უკრაინელ ლტოლვილებს. კლასიკური ჰარდ-როკ ჯგუფ Whitesnake-ს დამაარსებელი და მომღერალი დევიდ კოვერდეილი ძალიან აქტიურია „ტვიტერზე“ და თითქმის ყოველდღე აზიარებს უკრაინის დროშას. ჯგუფ Twisted Sister-ის ფრონტმენმა დი სნაიდერმა კი განაცხადა: „გავიგე, რომ უკრაინელი ჯარისკაცები „ტვისტედ სისტერის“  სიმღერას – We’re Not Gonna Take It-ს მხედრულ შეძახილად  იყენებენ. მკითხეს, თანახმა ვარ თუ არა. როგორ შემიძლია უარი ვთქვა? ომის დაწყებიდან ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის მხარდასაჭერად და პუტინის გასასამართლებლად გაერთიანდეს. ასევე ჩვენი ხმა მივიდეს რუსებამდეც, რომ მათ ატყუებენ და სიმართლეს უმალავენ. ახლა ჩვენ ისეთი ადამიანების დახმარებით, როგორიცაა არნოლდ შვარცენეგერი, ზუსტად ამას ვაკეთებთ!“

ალბათ საინტერესოა, რას აკეთებენ აგრესორი ქვეყნების მუსიკოსები. მხოლოდ რამდენიმემ გაბედა და ღია პროტესტი გამოთქვა ომის წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არიან: ანდრეი მაკარევიჩი, ბორის გრებენშიკოვი, ზემფირა, ნოიზ ემსი, ოქსიმირონი, ვასია ობლომოვი, ვალერი მელაძე, მონეტოჩკა და კიდევ რამდენიმე. ამათგან ზემფირა, ოქსიმორონი და ბორის გრებენშიკოვი უკრაინის დასახმარებლად ლონდონში ერთად შეიკრიბნენ და იმღერეს. ზემფირამ ყველა თავისი ვიდეო „იუტუბიდან“ აიღო და მხოლოდ ორი დატოვა, რომელშიც იგი უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებს, მისი ოფიციალური საიტი კი მთლიანად გააშავა. ლატვიაში, კლუბ „მედუზაში“ კი ნოიზ ემსიმ და მონეტოჩკამ გამართეს ორსაათიანი საქველმოქმედო ლაივ შოუ, რომელიც „იუტუბით“ გადაიცემოდა და ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის 62 000 ევროზე მეტი შეგროვდა. ანდრეი მაკარევიჩმა კი არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და ეს სიმღერა – Молитва, ანუ „ლოცვა“ შეასრულა… 

ბრიტანული ჰარდ-როკ ჯგუფ Deep Purple-ს წევრებმა დაგმეს ომი. ბასისტმა როჯერ გლოვერმა დაწერა: „ჩვენ აპოლიტიკური ჯგუფი ვართ და არანაირად არ გვაქვს პოლიტიკური განზრახვები. ეს მუსიკაა. მაგრამ ახლა სხვა დრო დადგა. ჩვენ ვგმობთ პუტინის ჯარისკაცებს იმ სიმხეცისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების წინაშე“. მომღერალმა იან გილანმა კი აღნიშნა, რომ მათი უკრაინელი მეგობრები რუსების ლიდერის ფსიქოპათიურ ამბიციებს ეწირებიან. „მე მინდა მილიონობით რუსი ვიხილო ქუჩებში, რათა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული ზიზღი დაგვანახონ და ვოცნებობ, რომ რუსეთში მოვიდეს თანამედროვე ხელისუფლება, რომელიც მათ ჩვენს სამეგობროში დააბრუნებს. ჩვენ ხომ ასე ბევრი გვაქვს საერთო“, –  დასძინა იან გილანმა. დრამერმა იენ პეისმა კი იმედი გამოთქვა, რომ ეს შეჭრა რუსული ბოროტების იმპერიის დაცემის დასაწყისი იქნებაო. უკრაინის გვერდით დგას პოპ-დივა მადონაც, რომელიც მოუწოდებს ყველას დაეხმარონ ლტოლვილებს და სიმღერასაც აქვეყნებს. 

 

ნიუ-იორკში უკრაინისთვის ერთობლივი კონცერტი გამართეს ჯაზის, როკის და კლასიკის შემსრულებლებმა,  რომელთა შორისაც არიან სახელგანთქმული მუსიკოსები: კომპოზიტორი ფილიპ გლასი, ავანგარდისტი ჯონ ზორნი, ჯაზ-მესაყვირე დეივ დაგლასი, როკ-მუსიკოსი ლორი ანდერსონი და სხვები… ამ ტიპის კიდევ უამრავი კონცერტი ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – საფრანგეთში, გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და, რაღა თქმა უნდა, საქართველოში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.