fbpx

უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი საქველმოქმედო კოლექციები ქართველი არტისტებისა და ბრენდებისგან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თითოეულმა  საქველმოქმედო ინიციატივამ, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას  ისახავს  მიზნად. ასეთ დროს  გამორჩეულად დიდი ძალა აქვს ხელოვნებას, რომელსაც შესაბამისი გზავნილების გავრცელებასთან ერთად, კონკრეტული იდეის გარშემო  საზოგადოების გაერთიანება შეუძლია.  ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ქართველმა  ხელოვანებმა, დიზაინერებმა და ადგილობრივმა ბრენდებმა არაერთი საქველმოქმედო  პროექტი წამოიწყეს, მათ შორისაა  არტისტების მიერ  სპეციალური დიზაინით შექმნილი კოლექციები. დღეს სწორედ რამდენიმე  მათგანს გაგაცნობთ. 

 

ანაბეჭდი X AT + BrandPitt

ანაბეჭდი X AT + BrandPitt სპეციალური საქველმოქმედო  პროექტია, რომელიც უნიკალური დიზაინით შექმნილ ჩანთებს აერთიანებს. “დიდება უკრაინას” – ასე ჰქვია კოლექციას, რომლის თითოეულ მოდელზე დატანილი პრინტი თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრებია. ეს ნამუშევრები  უკრაინის ომს ინდივიდუალური ხედვით და ორიგინალური გამოხატვის ფორმით ეხმიანება.

სასურველი  ჩანთის შეძენა ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ. ნივთი შეკვეთიდან სამი სამუშაო დღის ვადაში მზადდება. კოლექციის გაყიდვით მიღებული  თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში. 

გიორგი მასხარაშვილის დიზაინით შექმნილი მაისურები

ორიგინალური  დიზაინის საქველმოქმედო კოლექცია შექმნა ხელოვანმა გიორგი მასხარაშვილმა. ეს არის ხელით მოხატული მაისურები, რომლებზეც   უკრაინის მხარდამჭერ  ბევრ ნაცნობ ფრაზასა და ვიზუალურ გამოსახულებას აღმოაჩენთ.

კოლექცია  თბილისში, სხვადასხვა მაღაზიაშია წარმოდგენილი. გიორგი მასხარაშვილის დიზაინით შექმნილი მაისურები  შეგიძლიათ შეიძინოთ სტამბაში მდებარე The shop-ში და ასევე მაღაზიაში –  “მფრინავი მღებავი”. 

 

გელა წულაძის კოლექცია

უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა  კიდევ ერთი კოლექცია, რომლის დიზაინი არტისტ  გელა წულაძეს ეკუთვნის.  ეს არის კოლექცია დამახასიათებელი პრინტით,  რომლის შეძენას “ვერის დუქანში” შეძლებთ.

კოლექციის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის საქველმოქმედო  ფონდში გადაირიცხება.

 

Moon Rabbit 

Moon Rabbit ქართული ბრენდია, რომელიც ორი ხელოვანის  – ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის კოლაბორაციული პროექტს წარმოადგენს. ბრენდის კოლექციაში უკრაინის მხარდამჭერი დიზაინით შექმნილ არაერთ ნამუშევარს აღმოაჩენთ. მათ შორის

არის უკრაინის დროშის ფერებით მოხატული პერანგები. მათი შეძენით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ, რამდენადაც  ამ კოლექციის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების  ფონდში ირიცხება.

Drip 

Drip  კოლაბორაციული პლატფორმაა, რომელიც ქართველი არტისტების დიზაინით შექმნილ ლიმიტირებული რაოდენობის მაისურებს აერთიანებს. ამჯერად პლატფორმა სრულად  ეთმობა საქველმოქმედო მიზნებს და მასზე უკრაინის  მხარდასაჭერად შექმნილი კოლექციაა განთავსებული. კოლექციაშია მაისურები, რომლებიც  კომპანია Socialshark-ის  დიზაინერების გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. თითოეულ  მათგანზე  უკრაინის მხარდამჭერი ნამუშევრებია დატანილი.

მაისურების  გაყიდვის შედეგად  მიღებული მოგების 100% საქველმოქმედო  ფონდებში გადაირიცხება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.