fbpx

აპრილის სახელოვნებო აფიშა


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

წარმოგიდგენთ აპრილის  სახელოვნებო აფიშას – სპექტაკლები, გამოფენები და პრემიერები თბილისში, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს სტატიაში. 

 

თეატრ ათონელზე 16, 17, 19 და 20 აპრილს პრემიერაა.

 რეჟისორმა გეგა გაგნიძემ დავიდ ჰაროუერის პიესა – “შავი ფრინველი” დადგა. 

შოტლანდიელი დრამატურგის მიერ 2005 წელს დაწერილი პიესა დავით გაბუნიამ თარგმნა. პიესა საქართველოში პირველად იდგმება. უცნობი ახალგაზრდა ქალი სტომატოლოგიური მასალების საწარმოში ერთ-ერთ თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვს. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს და საწარმოს თანამშრომელს 15 წლის წინ სამთვიანი მალული სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. კაცი ზრდასრული იყო, გოგონა კი არასრულწლოვანი. წყვილი ბორნით ჰოლანდიაში აპირებდა გაპარვას, წასვლამდე ერთ-ერთ სასტუმროში სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ, რის შემდეგაც მოულოდნელად მათი გზები გაიყრება – რეი სიგარეტის საყიდლად გადის და აღარ ბრუნდება. ამ დღის შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ. სწორედ ამ ფაქტის გასარკვევად მიდის ახალგაზრდა ქალი რეისთან შესახვედრად და ცდილობს გაიგოს, ზუსტად  რა მოხდა 15 წლის წინ და რატომ მიატოვა უცხო ქალაქში. 

გულახდილი საუბრების შემდეგ , უნა იჯერებს რომ რეის მის გარდა ამ ასაკის გოგოსთან ურთიერთობა არ ჰქონია, რომ მას ნამდვილად უყვარდა , არ მიუტოვებია და უბრალოდ გზაში ასცდნენ ერთმანეთს ახლა კი ცოლთან ერთად ცხოვრობს რუტინული ცხოვრებით. წარსულის გახსენება მათზე ემოციურ ზეგავლენას ახდენს და ძველი ვნება იღვიძებს. ამ დროს ოთახში შემოდის 12 წლის გოგონა, რეის შვილობილი, რომელიც ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია დედასთან ერთად პიტერს გარეთ ელოდება. რეი გოგონას სთხოვს გარეთ დაელოდოს.

რეი ცდილობს აუხსნას  რომ მხოლოდ მამაშვილური ურთიერთობა აკავშირებს ბავშვთან.

უნას პანიკური შეტევა ეწყება. რეი ოთახიდან გასვლას ცდილობს. უნა არ უშვებს. რეი ხელსკრავს და ოთახიდან გადის. უნა მისდევს.”

სპექტაკლში მონაწილეობენ – რუსთაველის თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე და თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ნინი იაშვილი. სპექტაკლის მხატვარი ქეთი ნადიბაიძეა,  კომპოზიტორი კი ნოე კვირკველია.

 

ბედნიერი დღეები • Happy Days

თბილისის კამერული თეატრი, რომელიც კოტე აფხაზის 4 ნომერში მდებარეობს, შედარებით ახალი თეატრალური სივრცეა. აქ სემუელ ბეკეტის პიესის, “ბედნიერი დღეების” მიხედვით დადგმული სპექტაკლის ნახვა 17 აპრილს, 20:00 საათზე შეგიძლიათ. რეჟისორი თეატრის დამფუძნებელი გიორგი აფხაზავაა. მონაწილეობენ: ნინო გაჩეჩილაძე, ცოტნე მაისურაძე, ტატა მეცხოვრიშვილი და გიორგი თენაძე.

წარმოდგენა მოგვითხრობს უკაცრიელ და განადგურებულ დედამიწაზე დარჩენილი ორი ადამიანის ისტორიას. მთავარი გმირებიდან ვინნი – სინათლისა და რწმენის მატარებელია, ხოლო ვილლი – მუდმივად უიმედო. ის და მისი მეუღლე მთელი სიმძაფრით მიგვითითებენ ადამიანურ ურთიერთობებზე. ისინი დაგვაფიქრებენ სიცოცხლის არსზე, სიყვარულზე, რწმენაზე, სიკვდილზე, იმედსა და უიმედობაზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომლებიც დღეს ჰაერივით საჭირო გახდა თანამედროვე ადამიანის გადარჩენისთვის.”

 

წიქარა – მუზეუმი მუზეუმში

კიდევ ერთი გამოფენა, რომლის ნახვაც თიბისი კონცეპტის სივრცეში შეგიძლიათ, არის “წიქარა – მუზეუმი მუზეუმში”.  უძველესი ქართული ზღაპრის მოტივებზე შექმნილი ექსპოზიცია აერთიანებს ნამდვილს და გამოგონილს და “წიქარას” თანამედროვე დროსა და სივრცეში აცოცხლებს. გამოფენაზე შეგიძლიათ ბიჭთან და წიქარასთან ერთად გაიაროთ ის გზა, რომელსაც ისინი ზღაპარში გადიან. სახლი, საიდანაც ბოროტ დედინაცვალს გაურბიან, შეიძლება აფხაზეთში ყოფილიყო, იქიდან გამოქცეულები პალიასტომის ტბასთან მოხვდებოდნენ,  ტყე, რომელიც სავარცხლის გადაგდების შემდეგ ჩნდება, ალბათ, დღევანდელი საღორიის ტყეა, სალესი ქვის გადაგდების შემდეგ აღმართული ლოდები, შესაძლოა, ჭაუხები იყოს. 

როგორც არტისტი მარიამ ნატროშვილი ამბობს, მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა ნაწილი მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა. ჩვენამდე ბევრჯერ თქმულმა ამბავმა საიდუმლოს, განტოლების სახით მოაღწია. საიდუმლოს, რომელიც ყოველი მოყოლის დროს თავიდან უნდა ამოვხსნათ და პასუხი გავცეთ კითხვას – გვჯერა თუ არა? რისაც გვჯერა, თუ არ მომხდარა, აუცილებლად მოხდება.“ 

პროექტზე მუშაობდნენ  კურატორები და ილუსტრატორები: გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი, ასევე  თამარ ნადირაძე, ზურა მჭედლიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, ირაკლი ჭუმბურიძე და ნატო ბაგრატიონი.

მეტი გამოფენის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ.

 

საკურას ყვავილობა ბოტანიკურში

თუ გაზაფხულის თბილი და ნათელი დღეებით დატკბობა და შემეცნებასთან ერთად ესთეტიკური სიამოვნების მიღებაც გინდათ, მაშინ 16 და 17 აპრილს ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ. წელს იაპონურ ბაღში სიახლეა –  თეთრი Prunus speciosa-ს გარდა ვარდისფრად მოყვავილე ჯიშის საკურაც დაგხვდებათ. გარდა ულამაზესი სანახაობით დატკბობისა, ასევე შეძლებთ გაეცნოთ საინტერესო ცნობებს საკურას შესახებ, შეიძინოთ იაპონური თემატიკის ხელნაკეთი ნივთები, დააგემოვნოთ იაპონური თაფლაკვერები, შეიძინოთ იაპონელი მწერლების ნაწარმოებები, გაიკეთოთ იაპონური გრიმი, დაათვალიეროთ ბონსაის ხელოვნება და მრავალი სხვა.

 

 

გასაოცარი უკრაინა

კვირას, 17 აპრილს “ფაბრიკა” თავის სივრცეს უკრაინელ მეგობრებს დაუთმობს, რითაც შესაძლებლობას აძლევს ერთგვარ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოადგინონ თავიანთი შექმნილი სხვადასხვა სახის პროდუქტი – დაწყებული ნაციონალური კერძებით, დამთავრებული ხელნაკეთი ნივთებით. უკრაინელი ხალხი ერთი დღით გახდება ჩვენი მასპინძელი, რათა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში, გაიცნონ ერთმანეთი, შეიძინონ ახალი მეგობრები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. იმისთვის, რომ გამარტივდეს ფინანსური ოპერაციები, “ფაბრიკის” თხოვნაა, ღონისძიებაზე ნაღდი ფული იქონიოთ თან.

 

MAUDI Booster – აუქციონის ექსპოზიცია

თიბისი კონცეპტის სივრცეში 11 აპრილიდან MAUDI Booster აუქციონისთვის შერჩეული ნამუშევრების ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ექსპოზიცია დღეს, 16 აპრილს, აუქციონით დასრულდება. აუქციონი და ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს წარმოადგენს, რომლებიც ასახავს ხელოვანების დამოკიდებულებას არსებულ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებთან. ნამუშევრების საერთო ექსპოზიცია შესაძლებელს ხდის, რომ ერთიან ჭრილში დავინახოთ და წინა ხაზზე წამოვწიოთ საერთო კონტექსტი და თანაკვეთა, შესაბამისად, ფართო მასშტაბით დავინახოთ თანამედროვე ქართული სახელოვნებო სცენა. 

პროექტი „მაუდის“ მომავალი აქტივობებისა და გამოფენების მაღალი ხარისხით ორგანიზებისთვის რესურსების მოძიებას ისახავს მიზნად. ამასთან, ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

 

თბილისის ისტორიის მუზეუმში, ირანული კალიგრაფიის გამოფენა

მხოლოდ ოთხი დღით, 14-დან 17 აპრილის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ირანული კალიგრაფიის ბრწყინვალე გამოფენა არ გამოგრჩეთ. ოთხი დღის განმავლობაში, ყოველდღე, არტისტები ლეილა ვაზირი და ზეინაბ ალსაადათ მასუდი, 16:00დან 18:00 საათამდე, ჩაატარებენ ვორქშოპს და გექნებათ საშუალება შექმნილი ნამუშევრები საჩუქრად წაიღოთ.

 

სადჰგურუსთან თბილისში შეხვედრის ადგილი და თარიღი დადასტურებულია – 26 აპრილი, თბილისის სპორტის სასახლე, 19:00 საათი.   რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე.  დარეგისტრირების შემდეგ დარწმუნდით რომ 5 წუთის განმავლობაში მიიღებთ დასტურის წერილს ელ-ფოსტაზე. დასწრება არის უფასო. ასაკი 7+

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.