fbpx

კინოთეატრი „რუსთაველი“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლევან გელაშვილი

 

თბილისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი მუშთაიდში „პარიზული ჟანრის კინოსეანსების სახლი“ იყო. ეს გახლდათ 150-ადგილიანი ხის შენობა, რომლის „ელექტროსადგური“ ნავთქურის ძრავაზე მუშაობდა.

1939 წელს, როდესაც კინოთეატრი “რუსთაველი” აშენდა, დედაქალაქს უკვე ჰქონდა ხანგრძლივი კინოგამოცდილება და ჩამოყალიბებული კულტურა კინოთეატრების აშენების და მოწყობის. მათ შორის – საზაფხულო კინოთეატრებისაც. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარული იყო არტოს ბაღი აღმაშენებელზე და „ეთერის“ საზაფხულო კინოთეატრი ოპერის გვერდით.

კინოთეატრის შენობებიდან აღმაშენებლის გამზირზე „აპოლო“ (აღმაშენებლის 135), „პალასი“, „დარბაზი“, „მულენ-ელექტრიკი“ (აღმაშენებლის 145), „ოდეონი“ და „რიჩი“ მდებარეობდა. გარდა ამისა, ძველ თბილისში ფუნქციონირებდა ასევე კინოთეატრები – „მირაჟი“ (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი), „პლასტიკონი“ (თამარ მეფის ქუჩის კუთხეში), „რომბოსი“ (წინამძღვრიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების კუთხეში), „ამპირი“ (ორბელიანის მოედანი), „პიკადილა“ (რუსთაველის გამზირი, ძველი ცირკის ადგილას), „სოლეი“ (ვერის დაღმართი), „არფასტო“ (დღევანდელი თეატრალური უნივერსიტეტი), „მინიონი“ (დღევანდელი ჭანტურიას ქუჩა) და „კომიკი“ (ვორონცოვის № 105).

ცხადია, კინოთეატრების ქსელი ჩვენში მუდამ ერთი მოცემულობით არ არსებობდა. დროთა ფორმაციის შედეგად, ახალი კინოტექნოლოგიების ცვლილებებთან, დედაქალაქის ზრდასთან და ქვეყნის ინფრასტრუქტურით აღჭურვასთან ერთად, შენდებოდა ახალი კინოთეატრებიც. 

1830 წელს თბილისის ტერიტორია დაახლოებით 300 ჰექტარს აღწევდა. 1860 წლისათვის 800 ჰექტრამდე გაიზარდა. 1921 წელს ქალაქს 2770 ჰექტარი ფართობი ეჭირა. თბილისი დაიყო ადმინისტრაციულ რაიონებად. 1931 წელს ოთხი რაიონი იყო: ლენინის, სტალინის, 26 კომისრის და სერგო ორჯონიკიძის. მომდევნო წლებში შეიცვალა არა მხოლოდ რაიონების ტერიტორიული ფართობი, არამედ თავად რაიონების რაოდენობა, გაიზარდა ასევე ქალაქიც. 1970 წელს თბილისს უკვე 27 ათასი ჰექტარი ეჭირა.

მეოცე საუკუნე კინოს საუკუნე იყო. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში კინოთეატრები მასების აღზრდის საშუალებად მოიაზრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ კინოთეატრი ახალი საბჭოთა ეკლესია იყო, რომელიც ყოველმხრივ, ყველა საშუალებით მონაწილეობდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 

კინოთეატრი „რუსთაველი“ გაიხსნა 1939 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეთვრამეტე წლისთავის აღსანიშნავად, 25 თებერვალს. „ეს კინოთეატრი მოწყობილია კინოტექნიკისა და აკუსტიკური ხელოვნების ყველა უახლეს მიღწევათა მიხედვით. მაყურებელთა დარბაზის კედლები შეფერადებულია ხმის გამწმენდი ქსოვილებით და აკუსტიკური ფარდასტით. მაყურებელთა დარბაზს მეორე და მესამე სართულები უჭირავს. დარბაზში სულ 1200 დასაჯდომი ადგილია. ეკრანთან აღმართულია ლენინისა და სტალინის დიდი ფიგურები. ქვემო სართულში მოწყობილია დიდი დარბაზი ესტრადითა და ჯაზ-ორკესტრით. აქედან ფართო მარმარილოს კიბეებით მაყურებლები ადიან დარბაზში, გამოსასვლელად კი სხვა კიბეებია. დარბაზში მოწყობილია ვენტილაცია. ზაფხულობით სპეციალური მექანიზმების საშუალებით დარბაზში შემოშვებული იქნება გრილი ჰაერი, ხოლო ზამთარში თბილი ჰაერი. კინოთეატრის გახსნის დღეს გაშვებული იქნება „დიადი განთიადის“ ქართული ვარიანტი. კინოთეატრის პირველ სტუმრებად მიწვეული იქნებიან საქ. კპ (ბ) მეთორმეტე ყრილობის დელეგატები. 

კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადი, გაფორმებულია მოქანდაკე თოფურიძის მიერ შესრულებული ფიგურებით“. – წერდა გაზეთი „კომუნისტი“ 1939 წელს კინოთეატრის გახსნაზე.

მართლაც, შენობის ფასადებზე მოთავსებულია სკულპტურული ფიგურები: სპორტსმენები – ქალი და კაცი, მუშა და კოლმეურნე ქალი (მოქანდაკე ვალ. თოფურიძე) და ალპინისტი (მოქანდაკე შ. მიქატაძე). საგანგებო კონსოლებზე მოთავსებული ნატურალურზე დიდი ფიგურები, ფიზიკურად ძლიერ, სრულყოფილ ადამიანებს გამოხატავს და ჰარმონიულად არის შერწყმული კინოთეატრის არქიტექტურასთან. 

აღსანიშნავია, რომ შენობის ერთ-ერთი ქანდაკება – „ალპინისტი“, რომელიც შოთა მიქატაძემ შეასრულა, გივი გაბლიანის სახისა და აღნაგობის მიხედვით გამოძერწა. გივი გაბლიანი ქართველი სამხედრო მოღვაწე, ექიმი და მემუარისტი იყო. მამა 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, თავად კი მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდა, იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის, „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი დახმარებით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს. გივი გაბლიანი ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში – ნიუ-ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა.

გივი გამორჩეული გარეგნობისა ყოფილა, ალბათ ამიტომაც შეაჩერა ყურადღება მიქატაძემ მასზე. ცნობილია, რომ კინოთეატრის მშენებლობა 1939 წელს დამთავრდა (არქიტექტორი ნ. სევეროვი). გასაკვირია, რომ ეს ქანდაკება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (როდესაც გაბლიანი ამერიკაში გადასახლდა) არ შეეწირა ცენზურას. როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებისათვის უცნობი იყო მენატურის ვინაობა. 

„რუსთაველი“ და „ამირანი“ დედაქალაქის  გამორჩეული კინოთეატრები იყო, არა მხოლოდ იმით, რომ ორივე თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობდა, არამედ ტექნიკური აღჭურვილობითაც.

50-იან წლებში ტელევიზორების ფართოდ გავრცელების შემდეგ იკლო მაყურებელთა რაოდენობამ კინოთეატრში. ეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი იყო. მაყურებლის მისაზიდად დააჩქარეს ფართოეკრანიანი და ფართოფორმატიანი კინოთეატრის სისტემის დახვეწა. 

1957 წლისათვის გათვალისწინებული იყო თბილისის კინოთეატრ „ამირანის“ გადაკეთებაც ფართოეკრანიანი ფილმების საჩვენებლად. დარბაზის სიდიდე საშუალებას იძლეოდა 13 მეტრი სიგანის ეკრანის მოსაწყობად.

1959 წელს „თბილისში იყო მხოლოდ ორი ფართოეკრანიანი კინოთეატრი – „ამირანი“ და „რუსთაველი“. კინოთეატრ „ამირანში“ ხედვითი კუთხე პირველი რიგისათვის დაახლოებით 700-ს, ბოლო რიგებისათვის კი – 25° იყო. შედარებისთვის: ჩვეულებრივი ეკრანის ხედვითი კუთხე პირველი რიგისთვისაც კი 200-ს არ აღემატება.

1964 წლის 13 სექტემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოში პირველი ფართოფორმატიანი კინოთეატრი „ოქტომბერი“ („აპოლო“). აქ სხვა საბჭოთა ფილმებთან ერთად მაყურებელს უჩვენეს პირველი ქართული ფართოფორმატიანი ფილმი ,,აღმაფრენა“.

საქართველოში 1964 წლისათვის უკვე 25 კინოთეატრი მუშაობდა ფართო ფორმატის ფილმების საჩვენებლად.  ფართოფორმატიანი ფილმი, როგორც წესი, სტერეოფონური იყო. სტერეოფონური ხმა რამდენიმე ბილიკზე იწერებოდა.  ფილმის ჩვენების დროს სტერეოფონური ხმის აღდგენისათვის კინოსაპროექციო აპარატზე დაყენებული იყო ოთხი მაგნიტური სისტემის ხმის აღმდგენი მაგნიტური ბლოკი, რომელიც ერთდროულად კითხულობდა ოთხბილიკიან მაგნიტურ ფონოგრამას.

1969 წელს საქართველოში „რუსთაველი“ 11 კინოთეატრს ერქვა.

“რუსთაველს” მაყურებელი არასდროს აკლდა, განსხვავებით სხვა პერიფერიული კინოთეატრებისგან, რომელთაც გეგმის შესრულება ხშირად უძნელდებოდათ.

თუ საგაზეთო ცნობებს დავუჯერებთ, 1952 წელს „რუსთაველმა“ 6 თვის გეგმა „123 პროცენტით შეასრულა და გეგმის გადამეტებით სახელმწიფოს მისცა 850 ათასი მანეთის დამატებითი მოგება, ხოლო მეორე კვარტლის გეგმის წარმატებით შესრულებისათვის (142 პროცენტი) კინოთეატრმა გარდამავალი წითელი დროშა მიიღო“.  საბილეთო სალაროების მიხედვით 1959 წლის გეგმა კინოთეატრმა გადაჭარბებით შეასრულა და ნავარაუდევზე 600 000 მანეთით მეტი გამოიმუშავა, ეს ტენდენცია არც შემდეგ წლებში შენელებულა. 

„რუსთაველი“ ყოველთვის “კინოშატალოს” ეპიცენტრი იყო: გაზეთი „სახალხო განათლება“ 1955 წელს წერდა: „განსაკუთრებით დიდძალი მოსწავლე ახალგაზრდობა იყრის თავს კინოთეატრ „რუსთაველის“ საბილეთო სალაროებთან. კინოში შესვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ სალაროსთან გაჭიმულ რიგს მალე ეკარგება ფორმა, რადგან ყველა ცდილობს როგორმე ადრე მივიდეს სალაროსთან. ისინი არც მილიციელს ერიდებიან და არც უფროსებს; უხეშად ჰკრავენ ერთმანეთს ხელს, უსტვენენ, იგინებიან. მათ საერთო აღტყინებას აძლიერებს „მაყურებელთა“ შეძახილები: „მიდი, გია, ზევიდან, ზევიდან!“ და გიაც მოურიდებლად გაწვება სალაროსთან შეჯგუფებული ხალხის თავებზე და ცდილობს ზევიდან შეჰყოს ხელი სალაროს სარკმელში“…

50-იან წლებში „რუსთაველის“ შენობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. აი რას წერდნენ გაზეთები 1952-57 წლებში: „კინოთეატრი ვერ აკმაყოფილებს მაყურებელთა გაზრდილ მოთხოვნილებას. ფოიეში ჯერაც არ არის მოწყობილი კინოჟურნალების საჩვენებელი აპარატი, მას არ გააჩნია საკუთარი საზაფხულო შენობა. კინოფიკაციის სამმართველო ნაკლებად ზრუნავს აგრეთვე კინოთეატრის კაპიტალური რემონტისათვის, რაც მას დიდი ხანია ესაჭიროება“. (გაზ. „გამარჯვება“  1952 წ.  23 აგვისტო). „თუმცა რუსთაველის სახელობის კინოთეატრი ყველაზე კეთილმოწყობილია, აქ თამბაქოს მოსაწევი ოთახი მაინც არ არის, კვამლი ფოიეში გადის. ამ ხალხმრავალ კინოთეატრში იშვიათად თუ იშოვით ჭადრაკს ან შაშს. ტუალეტი აქაც ანტიჰიგიენურ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. მართალია, ამჟამად კინოთეატრში რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ მეტად ნელი ტემპით. ამასწინათ გასასვლელში, იქ, სადაც კიბეებია, ახალშეღებილ კედლებზე ბევრმა მაყურებელმა დატოვა თავისი ანაბეჭდი, შინ კი უჩვეულოდ დაბრუნდა – ტანსაცმელი საღებავით ჰქონდა აჭრელებული… დირექციას რა გაუჭირდა ისეთი, რომ გამაფრთხილებელი წარწერები გაეკეთებინა? არც მაყურებელთა დარბაზია მოსაწონი. სკამები აქაც დამტვრეულია, იატაკი ხშირად დანაგვიანებული და ჭუჭყიანი (გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“ 1957 წ. 6 აპრილი).

კინო “რუსთაველის” რეკონსტრუქცია 1958 წელს  თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა. სარემონტო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის 19-ში კინოთეატრმა უკვე პირველი მაყურებელი მიიღო. ამ პერიოდში კინოთეატრის მთლიანი რეკონსტრუქცია განხორციელდა. დაიდგა ახალი 15 მეტრის სიგანის და ექვსი მეტრი სიმაღლის ეკრანი, რომელიც უმაღლესი ხარისხის  სპეციალური პერფორირებული გარეზინებული ქსოვილისაგან იყო გაკეთებული.

ლენინის საიუბილეოდ საქართველოში არაერთი კინოთეატრი გარემონტდა და აშენდა. მათ შორის იყო კინო “რუსთაველიც”, რომლის რეკონსტრუქცია 2 წელიწადსა და 4 თვეს გაგრძელდა…  ახალგარემონტებულ რუსთაველზე გაზეთი „თბილისი“ 1971 წელს წერდა: „თამამად უნდა  ითქვას, რომ ასეთი კომფორტული და კეთილმოწყობილი კინოთეატრი არა მარტო ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მთელ კავშირშიც იშვიათია. ძველი „რუსთაველიდან“ თითქმის არაფერი დარჩა, ყველაფერი გადაკეთდა და შეიცვალა. იარუსებიდან მხოლოდ ერთი დარჩა, პარტერი ამფითეატრად გადაკეთდა, რაც ეკრანის ხილვადობას წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის. ხის სკამები რბილმა სავარძლებმა შეცვალა, რომლებიც უნგრეთიდან ჩამოიტანეს. დარბაზის კედლები მთლიანად ხის ფარებით არის მოპირკეთებული, ფრიად გაიზარდა შიგ ჩატანებული რეპროდუქტორების რაოდენობა. ყოველივე ეს ხელს უწყობს ხმის უკეთ აღქმას, აუმჯობესებს აკუსტიკას. იატაკი რბილი ჩეხური ხალიჩებით მოუფენიათ, ჭერში ახალი ტიპის ჭაღები დაუკიდიათ.  კინოსაპროექციო ოთახი ტექნიკის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით დამონტაჟდა. ახლად შეძენილი უნივერსალური აპარატურა საშუალებას იძლევა ყველა სახის ფილმი აჩვენონ.  

გემოვნებით, მდიდრულად არის გაფორმებული ფოიე და ვესტიბიული. კედლები, იატაკი და ჭერი მოპირკეთებულია ძვირფასი სამშენებლო მასალებით – გრანიტით, ტუფით, ინგლისური ტრავერტინითა და სხვა ელემენტებით. 

 განსაკუთრებით ეფექტურია განათება. ამ მიზნით ფართოდ არის გამოყენებული თანამედროვე შუქტექნიკის მიღწევები. მნახველზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ორიგინალური ფორმის ჭაღები, ჭერში მოწყობილი ნათურები, რომელთა საგრძნობი ნაწილი იაპონიასა და გერმანიაშია შეძენილი.

კინოთეატრის მშვენებაა ბუფეტისათვის გამოყოფილი ვრცელი დარბაზი. ადრე იგი ფოიეში იყო მოთავსებული, ახლა კი მეორე სართულზეა მოწყობილი. აქაც იგრძნობა დახვეწილი გემოვნება, გაფორმების კულტურა, მომსახურების შესანიშნავი პირობები.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ კინოთეატრს ექნება კონდიცირებული ჰაერი, რომლის მოწყობილობის მონტაჟიც უახლოეს დროში დამთავრდება. მანამდე კი ახლად დადგმული ვენტილატორები უზრუნველყოფენ დარბაზის განიავებასა და საჭირო ტემპერატურას“. 

 1970 წელს ლენინის დაბადებიდან ასი წელი სრულდებოდა და საქართველოს კინოთეატრების ქსელი საგანგებო პროგრამას ახორციელებდა. რუსთაველში მოწყობილი იყო სარეკლამო კინოსტენდი „ლენინის სახე კინოხელოვნებაში“. კინოთეატრი რეგულარულად უჩვენებდა ფილმებს ვ. ი. ლენინზე, ხოლო ყოველ შაბათ-კვირა, დილით, ბელადის ბიოგრაფიას ეძღვნებოდა.

 1976 წელს კინოთეატრ „რუსთაველის“ სარდაფში 2 დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების საჩვენებლად, რომელიც 1979 წელს დასრულდა.  რეკონსტრუქცია „საქკინომრეწვმომარაგების“ თბილისის განყოფილების მშენებლების, არქიტექტორების –  შ. ყავლაშვილისა და გ. გოცირიძის პროექტის მიხედვით განხორციელდა. მხატვართა ყოფილი კლუბი მინიატიურულ კინოთეატრად აქციეს.

 მოყვითალო ფერის ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული შესასვლელიდან, გრანიტის საფეხურებით ჩადიოდით კინოთეატრის პატარა ფოიეში. ფოიეში, კინოთეატრის „მწვანე“ და „წითელ“ დარბაზებში ფოლადის აჟურული ჭერი იყო გაკეთებული. კედლებში კი სპეციალური ჰაერის კონდიცირების სისტემა იყო ჩამონტაჟებული.

კინოთეატრის „მწვანე დარბაზი“ ქართული ფილმებისათვის იყო განკუთვნილი, სადაც როგორც ძველი, ისე ახალი ფილმების დემონსტრირება ხდებოდა. „მწვანე დარბაზში“ უჩვენებდნენ: „ქრისტინეს“, „წითელ ეშმაკუნებს“ და ქართული კინოს ადრეული პერიოდის ფილმებს. ფაქტობრივად ამ დარბაზს მუნიციპალური კინოთეატრის როლი დაეკისრა  კინოგანათლების კუთხით. 

„წითელი დარბაზი“ კინოქრონიკებს ეთმობოდა, სადაც კინოდოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ ფილმებს უჩვენებდნენ. აღსანიშნავია, რომ კინოქრონიკებისთვის თბილისში ერთხანს კინოთეატრი „ამირანიც“ გამოიყენებოდა. დღის საათებში კი „წითელ დარბაზში“ პატარებისათვის მულტიპლიკაციურ ფილმებს უჩვენებდნენ.

1988 წელს კინოთეატრ „რუსთაველის“ სახურავი გადაიხურა მოთუთიავებული თუნუქით. მთლიანად აღდგა და განახლდა საკონდიციონერო დანადგარები,  ხშირად, კინოფილმების დემონსტრირების დროს, მშობლებთან ერთად მოსული პატარები ხელს უშლიდნენ მაყურებლებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესამე სართულზე ბავშვთა ოთახი მოეწყო. 

მეოთხე სართულზე გაიხსნა სამოცდაათადგილიანი ვიდეობარი, აქ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კინოწარმოების ფილმები. აღადგინეს ძველი ტრადიცია და პირველ სართულზე მოწყობილ ესტრადაზე დაიგეგმა სეანსების დაწყებამდე მსახიობების გამოსვლა. ამ ყოველივემ გაზარდა კინოთეატრის ფინანსური შემოსავალი.

80-იანი წლების ბოლოს კინოთეატრების მდგომარეობა დამძიმდა. თავად საბჭოთა კავშირი უახლოვდებოდა დასასრულს და ბუნებრივია, ყველა დარგი განიცდიდა ძველი წესრიგის რღვევას, არც კინო იყო გამონაკლისი.  მოხშირდა ბილეთების ჩუმად გაყიდვის ფაქტები. 1978-79 წლებში ადმინისტრაციული სასჯელი დაედო თბილისის კინოთეატრების დირექტორთა ნახევარს.

დასასრულს უნდა ვახსენოთ კინომექანიკოსი ვართანოვი, რომელიც შეიძლება დღესაც ახსოვთ უფროსი თაობის თბილისელებს. იგი თავის შესახებ  პრესის ფურცლებზე ასე გვიყვება: „წარმოიდგინეთ, არც ისე ადვილია დღეში 9.000-მდე მაყურებელს მოემსახურო და არ მოისმინო საკმაოდ მკაცრი და ზოგჯერ ენამწარე მაყურებლის „შემამკობელი“ სიტყვები.  ფართოეკრანიანი სურათის კინოდანადგარი გაცილებით რთულია, მასში შედის სპეციალური აპარატი, რომელიც ორჯერ მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი. ადვილია  ნათურის გადაწვა, რაც ხმის დაკარგვას იწვევს, ასევე ეკრანზე გამოსახულება ბუნდოვანი ხდება. მასზე მუშაობისას კაცს ასი თვალი და ასი ყური უნდა ებას –  ხშირად იტყვის ხოლმე ახალგაზრდა კინომექანიკოსი… ახალგაზრდა, რომელსაც მხრებზე უკვე 20 წლის მუშაობის გამოცდილება აძევს“. 

ვართანოვი ცნობილი კინომექანიკოსი იყო, რომელმაც 13 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა „რუსთაველში“ და  20 წელზე მეტხანს იმუშავა.

„პირველი დღიდანვე დიდი მონდომებით და ინტერესით შეუდგა რთული საქმის შესწავლას და მალე კარგი სპეციალისტის სახელიც მოიპოვა. ამიტომ არის – დღეს, როცა მოწინავეებს იკითხავთ, სწორედ მას წარმოგიდგენენ, თან დასძენენ – ქების ღირსია ოქროს ხელი აქვსო“, – წერდა პრესა ვართანოვის შესახებ.

თბილისის კინოთეატრებში კინოსეანსები ისე იყო დაგეგმილი, რომ მომიჯნავე კინოთეატრებში ფილმები დროის მონაცვლეობით იწყებოდა. თუ, ვთქვათ, „რუსთაველში“ ისინი წყვილ საათებში გადიოდა, „სპარტაკში” – ლუწში. ეს კი მოსახერხებელი იყო კინოგაქირავებისთვისაც და მაყურებლისათვისაც. ასე რომ, თუ მაგალითად, ანშლაგით მიმდინარე ჩვენებების დროს ერთი კინოთეატრის სეანსზე ვერ იშოვიდით ბილეთს, ნუგეშად იქვე, მეზობლად მდებარე კინოთეატრი გეგულებოდათ, თუ იქაც ვერა, ისევ მეზობლად და ასე შემდეგ.  ახალი ფილმები ერთად გადიოდა რამდენიმე კინოთეატრში და დღეში შვიდ-რვა სეანსად ეწყობოდა.

კინოთეატრები გართობის, მეგობრების წრეში დროის გატარების და უამრავი ნაცნობების და უცნობების თავშეყრის კულტურული კერა იყო. 50 წლებამდე ფილმის ნახვა მხოლოდ კინოთეატრში შეიძლებოდა, სადაც რიტუალური სიარულის კულტურა ჩამოყალიბდა. კინო იმ დროს მთელი თავისი არსით კოლექტიური აღქმის საჯარო პროდუქტად მოიაზრებოდა; იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ხიბლი, კოლორიტი და ინტელექტუალური აქტივობის სოციალური ფორმა ჰქონდა.

ჟურნალისტი, ფილოლოგი თამაზ მიგრიაული იხსენებს: ჩვენს დროს კარგ ტონად ითვლებოდა, თუ ფილმს ეკრანებზე გამოსვლისთანავე, პირველ კინოსეანსზე ნახავდი. მავანი ნანახ ფილმს შემდეგ დანარჩენებს უყვებოდა, ვისაც ნანახი ჯერ   არ ჰქონდა. მოსაყოლი ფილმებიდან ყველაზე პოპულარული “შესანიშნავი შვიდეული’’ იყო. იმ დროს კრისის ჩაღუნული ფეხებით სიარული თითქმის პაროდიად იქცა ქალაქში. უამრავი ადამიანი ცდილობდა კრისის მანერები შეეთვისებინა და ამ პერსონაჟს დამსგავსებოდა. 

თბილისის კინოთეატრების მაყურებელთა აუდიტორიას, ფილმის ყურების დროს გავრცელებული ფოლკლორული შეძახილების რეპერტუარი ჰქონდა, რაც მხოლოდ  ფილმის კოლექტიური ყურებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, ფირი თუ გაწყდებოდა დარბაზში, რომელიმე მაყურებელი კინომექანიკოსის  მისამართით აუცილებლად შესძახებდა: “საპოჟნიკ!“   ან  „მეხაშე!“   ფილმის ყურების დროსაც,  ყველაზე დაუდევარი მაყურებელიც კი, იოლად შეამჩნევდა  ე. წ. ,,გულაბკით’’ გადაბმულ კადრებს. თუ ფილმში ხანგრძლივი კოცნის სცენა იყო, ვინმე აუცილებლად წამოიძახებდა ხოლმე: ,,сорок’’, რაც მომდინარეობდა სიგარეტის დასახელებიდან, ამ სიტყვას ამბობდნენ სიგარეტის თხოვნის დროსაც: დამიტოვე сорок-ი.

ხანგრძლივი გზა განვლო ქვეყნის მასშტაბით კინოთეატრების ქსელის დაბადებამ, განვითარებამ და დასასრულმა, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ეპოქასთან ერთად დასრულდა არა მხოლოდ კინოთეატრების ქსელის იმ სახით  არსებობა, როგორიც ის იყო მეოცე საუკუნეში, არამედ გარკვეულწილად დასრულდა თავად კინოთეატრებში რიტუალური სიარულის კულტურაც.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.