fbpx

კოკა იგნატოვი – ფერადი სამყაროები თეთრ კედლებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

ეს ამბავი დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო აქტუალურია: წარმოიდგინეთ, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტის სადიპლომო ნამუშევრის გასანადგურებლად მოსკოვიდან სპეციალური კომისია ჩამოდის: „ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც ცოტა ხნით მოეშვა სიმინდს, გამოხატა ინტერესი სახვითი ხელოვნების მიმართ, რომელიღაც მხატვარი წვერით ათრია, ვიღაცა გალანძღა, რაღაც აკრძალა და ასე მიჰყვა და მიჰყვა. ადგილობრივმა თბილისელმა მლიქვნელებმა სასწრაფოდ აცნობეს კრემლს, რომ საქართველოშიც, მათდა სამწუხაროდ, არის ხელოვნებაში გამანადგურებელი ბურჟუაზიული ავანგარდიზმის შეჭრის ფაქტები, და რომ ისინი ითხოვენ მოსკოვიდან სპეცკომისიის გამოგზავნას ამ მანკიერების გამოსააშკარავებლად. მოსკოვმაც არ დააყოვნა და გამოგზავნა ფერწერის სამი აკადემიკოსი და მათ დააფიქსირეს სოცრეალიზმის უხეში დარღვევები ადგილზე. განაჩენი იყო მკაცრი – “ჩამოიფხიკოს და გადაიღებოს!“ – ვკითხულობთ მხატვარ კოკა იგნატოვის მოგონებას, მისდამი მიძღვნილ წიგნში „მონოლოგიდან ერთ სიტყვამდე“ (პროექტის ავტორი ქეთევან იგნატოვა, ტექსტი – ქეთევან კონწურაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, 2007).

საუბარია თბილისის ზღვაზე, რესტორან „იორისთვის“ (არქიტექტორი ლადო მესხიშვილი) კოკა იგნატოვის მიერ მოხატულ პირველ პანოზე (სადიპლომო ნამუშევარზე, 1962). ვერაფერს იტყვით, შემოქმედებითი გზის საინტერესო დასაწყისია, როცა საბჭოთა კავშირში ცხოვრობ. განადგურებული ნამუშევრის ნოსტალგია მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიბადა კოკა იგნატოვი როგორც საბჭოთა 60-იანების პოპულარული და  ენერგიული ხელოვანი:

„…და დამრჩა რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო და მთელი ცხოვრების მანძილზე – დიდი თეთრი კედლებისადმი სწრაფვა, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, რათა აღარ იყვნენ ისეთი თეთრნი და შიშველნი და რომლებიც შეიძლება აქციო სიცოცხლით, სინათლით და ფერებით სავსე სამყაროებად“, – წერს ის.

საბჭოთა ნაცრისფერი სამყაროს გაფერადება 60-იანელთა თაობის ძირითადი მისია  იყო. „რკინის ფარდის“ შიგნით, სოცრეალიზმით გაჩერებულ დროში  მოქცეულები, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ახალ ტალღაზე „იჯდა“, ცვლილებებს ეძებდნენ გამოსახვის საშუალებებში, ფორმებში. 

ალბათ სწორედ  ამ ახალი ვიზუალური ენის ძიების გამო ის ჯერ გრაფიკას სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, მე-2 კურსიდან გადადის ფერწერაზე სერგო ქობულაძესთან, შემდეგ ეუფლება თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებას და შესაბამისად,  სამ სადიპლომო ნამუშევარს სამ სხვადასხვა ჟანრში აკეთებს: მონუმენტურ ფერწერაში – ზემოთ ნახსენებ თავის პირველ პანოს და ესკიზებს რესტორან „იორისთვის“ თბილისის ზღვაზე; სცენოგრაფიაში – ესკიზებს ტურის „მთვარის სონატისთვის“, რომელიც იმავე წელს განახორციელეს გრიბოედოვის თეატრში; და ერთდროულად  წიგნის ილუსტრაციებსა და სცენოგრაფიულ ესკიზებს ფედერიკო გარსია ლორკას პიესისთვის „სისხლიანი ქორწილი“, რომელიც დღესაც მის მნიშვნელოვან ნამუშევრად რჩება.

ის ერთდროულად სხვადასხვა ჟანრში   ძალიან პროდუქტიულად მუშაობს და მისი ფერები და ესკიზები გადადის წიგნის ილუსტრაციიდან თეატრის სცენაზე, სცენოგრაფიიდან დიდ  მონუმენტურ პანოებზე და უფერული კედლები საბჭოთა რეალობიდან  ამოვარდნილი მითოლოგიური პერსონაჟებით დასახლებულ  ფერად ზღაპრულ სამყაროებად იქცევა. 

ყველაზე დიდ თავისუფლებას და საბჭოთა რეალობისგან დისტანცირებას ზღაპრების ილუსტრაციებზე მუშაობის დროს – ირეალურ სამყაროში გრძნობდა, სადაც ბოლომდე ეძლეოდა მის ფანტაზიას გასაქანი.

„…ფანტაზია ქაღალდზე უსაზღვრო შეიძლება იყოს და საგნობრივი რეალური სამყაროს საწინააღმდეგოდ შენ შეიძლება გამოიგონო საკუთარი სამყარო საგნებით, რომლებიც არ არსებობენ, არქიტექტურით, რომელიც ასევე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს და გამოგონილი პეიზაჟებით, სადაც მთვარე და მზე ერთდროულად ანათებს და სადაც ერთსა და იმავე მდინარეში შეიძლება ორჯერ შეხვიდე“. – წერს ის. 

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი წიგნში „მონოლოგიდან ერთ სიტყვამდე“  კოკა იგნატოვის პანოების დეკორატიულობასა და სიბრტყობრიობას, მოზაიკურობასა და ფერთა გრადაციას  სოცრეალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ ხერხად მიიჩნევს და ვიზუალურ ენაში ლეგენდების, თქმულებებისა და ზღაპრული პერსონაჟების გამოჩენას ასე ხსნის:  „საერთოდ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია  ქართული თემების წინ წამოწევა. სოცრეალიზმიდან თავის არიდებას ლეგენდების, თქმულებებისა და ზღაპრული, ხალხის აზროვნებიდან ამოზრდილი, იდეალიზებული, მაგრამ არა ცრუ პერსონაჟები და თემები ცვლის.  1930-50-იანებში ბუნებრიობას მოკლებულმა ხელოვნებამ გამოსავალი ასე იპოვა.“ 

ეს  „გამოსავალი“, ანუ ახალი ვიზუალური ენა და მასთან ერთად მისი ავტორიც ძალიან სწრაფად იმდენად პოპულარული ხდება, რომ მაგალითისთვის – 1965 წელს, როცა რუსთაველის თეატრის სცენაზე ნანა ხატისკაცის სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“ დაიდგა, სპექტაკლის დაწყების დროს, ყოველ ჯერზე,  ფარდის ახდისას მაყურებელი  კოკა იგნატოვის მიერ მოხატულ პანოს, რომელიც სცენის უკანა ფონს ქმნიდა, ტაშს უკრავდა. 

მოგვიანებით  სწორედ „სიბრძნე სიცრუისას“ სცენოგრაფიული ესკიზის საფუძველზე შეიქმნა მისი გახმაურებული ბიჭვინთის პანო – „სიმღერა საქართველოზე“ (1967 წ).

 სწორედ პანოების – როგორც საბჭოთა  60-იანების  კედლის მხატვრობის ფრაგმენტების ბედის გასარკვევად, რომლებიც დღემდე შემორჩენილია ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეებში,  ვესტუმრე კოკა იგნატოვის შვილს – ქეთევან იგნატოვას თბილისში, მხატვრის სახლ-მუზეუმში. 

ქეთევან იგნატოვა:  „პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად  მახსოვს ბიჭვინთაში მუშაობის პროცესი. სახლი ვიქირავეთ ლიძავაში. ზაფხულში სულ იქ ვიყავით მე და დედა.

კორპუსებს ეძახდნენ – დიდი კომპლექსი იყო. მახსოვს, მასშტაბური კედელი, ხარაჩოები  და ამ უზარმაზარ ხარაჩოებზე მამა მარტო რომ  იდგა  და ფუნჯით ხატავდა. კედელი კვადრატებად იყო დაყოფილი,   კონტურული ნახატი გადაჰქონდა და მერე იწყებდა დამუშავებას. ერთდროულად სკრუპულოზური და მონუმენტური სამუშაო იყო. 

დღეს ვიცი, რომ კარგ მდგომარეობაშია ბიჭვინთის პანო. „მაგნუმის“ ფოტოგრაფი –  ტომას დვორჟაკი, რომელსაც საქართველოში კარგად ვიცნობთ,  იყო სოხუმში და ბიჭვინთაში, ფოტო გადაუღო პანოს და გადმომცა.

გაგრაში დარჩენილი ნამუშევრის ბედი სამწუხაროდ არ ვიცი. აქ მას  სანატორიუმ „მზიურის“ კედელი ჰქონდა მოხატული. 

რაც შეეხება თბილისს, აქ მდგომარეობა უფრო სავალალოა: 

1972 წელს მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა სადგურზე მოხატა პანო „ფიროსმანის მონატრება“. ეს იყო საბანკეტო დარბაზი და ეს შენობა  თავის დროზე არქიტექტორ ზაქარია ქურდიანის პროექტით იყო აშენებული 1938 წელს. პანო ტემპერაში იყო შესრულებული. საერთოდ ხატავდა ტილოზე, რომელსაც მერე  კედელზე ამაგრებდა.  თბილისის ომის შემდეგ მისტიკური სანახაობა დაგვხვდა: განადგურებულ, გაპარტახებულ, ჭერახდილ შენობას აწვიმდა და ათოვდა. თვითონაც მოესწრო ამას.  მაგრამ თავად ნამუშევარი გადარჩენილი  და იდეალურ მდგომარეობაში იყო.   შემდეგ კი მოხდა ვანდალური ფაქტი:  2002 წელს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, სიმეტრიულად  ამოჭრეს და მოიპარეს ფრესკის ცენტრალური ფრაგმენტი.  არ გავუმხილეთ. 

მოგვიანებით შენობის ახალმა მფლობელებმა დელიკატურად, ჩემივე შეთავაზებული სპეციალისტების მეშვეობით  რესტავრაცია ჩაუტარეს ფრესკას. მოხატულობის  ამოჭრილი ადგილი სპეციალურად რამდენიმე ტონით ღია ფერებითაა აღდგენილი იმისთვის, რომ  რესტავრაციის კვალი დემონსტრირებული იყოს. 

კინოს სახლში, სადაც ბიძინა კვერნაძის ბალეტის – „ბერიკაობისთვის” შექმნილი თემატიკა გადაიტანა, მოხატა პანო  – „ბერიკაობა“. დღეს იქ  სავალალო მდგომარეობაა. 

ტურ-ბაზა „ვაკე“  იყო ბაგებში  და იქ არგონავტების თემატიკით მოხატა კუთხის  პანო, რომელიც, როგორც შევიტყვე, გაყიდულა და მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით ურეკში ერთ-ერთი კონცერტის დეკორაციის  ფონად ამოვიცანი.  

ფოტო  8 „არგონავტები“, მოხატულობა, სასტუმროში „ვაკე“, 1980

მასვე ეკუთვნის “ლაგუნა ვერეს“ ექსტერიერის მოზაიკის ესკიზი და საცურაო კომპლექსის ინტერიერის მოხატულობა. სამწუხაროდ, კანონმდებლობით, როცა ნამუშევარს ძეგლის სტატუსი არ აქვს და როცა შენობა ან ობიექტი იყიდება, ნამუშევარი მფლობელს რჩება და მისი მდგომარეობა მფლობელზეა დამოკიდებული.

ყველაზე კარგად რუსთაველის თეატრის ვესტიბიულშია დაცული  მისი მოხატული ფრესკა, რომლის ნახვაც  დღეს ყველას შეუძლია. საერთოდ, თეატრს აღმერთებდა და ეს ფრესკაც მას მიუძღვნა”. 

 

თუ მის სახლ-მუზეუმებში (თბილისსა და გონიოში) მოხვდებით, კიდევ უფრო მეტად მოგხვდებათ თვალში, თუ რამდენს და ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებულ ჟანრში მუშაობდა მხატვარი. აქ ერთდროულად შეგიძლიათ ნახოთ მომენტური მხატვრობის,  წიგნის ილუსტრაციების, თეატრის მხატვრობის ესკიზები თუ ფერწერის ძირითადი ნაწილი. ბოლო პერიოდის ნამუშევრების უმეტესობა კი დასავლურ კერძო კოლექციებშია მიმოფანტული. 

P.S ამ ჟანრულ მრავალფეროვნებას მისმა შვილიშვილმა ანა ციციშვილმა კიდევ ერთი ახალი – მედია-პრინტი დაამატა და ახლა კოკა იგნატოვის ფერადი სამყაროები მოდურ და ყოველდღიურ აქსესუარებში აგრძელებენ  სიცოცხლეს.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.