fbpx

ნათელისა და ბნელის თანაარსებობა მაკო ლომაძის შემოქმედებაში – ინტერვიუ ხელოვანთან


გააზიარე სტატია

სიმსუბუქესთან შერწყმული სიმძიმე, ფერთა უჩვეულო პალიტრა, მისტიკური პეიზაჟები და სიმბოლიზმი მაკო ლომაძის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია. ხელოვანის გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბების წინაპირობა რეალურ სამყაროსთან შეჯახება და იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ სილამაზეს სიმახინჯის არსებობის გარეშე ვერ შეიცნობ და პირიქით. მისი ნამუშევრები, რომლებსაც ორი ურთიერთდაპირისპირებული შეგრძნება დაჰყვება ხოლმე, ანარეკლია მხატვრის იმ წარმოდგენისა, რომლის თანახმადაც ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც  სიცოცხლე და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიამოვნება და ტანჯვა თანაარსებობენ. „ჩემი ხელოვნება ერთი შეხედვით მსუბუქია, მაგრამ არა მარტივი, ის  სივრცული, დინამიკური და კომპლექსურია.“  – ამბობს მხატვარი.

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვან მაკო ლომაძესთან, რომელიც მხატვრობასთან დაკავშირებული მოგონებების, გამომსახველობითი ენის, ნამუშევართა სპეციფიკისა და მათი გამაერთიანებელი იდეის შესახებ გვესაუბრა; მოგვიყვა სამომავლო გეგმების, საყვარელი ხელოვანებისა და იმ ჯადოსნური პროცესის შესახებ, რომელიც „მინიატურულ ტყეში“ მოგზაურობით დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

მაკო, რა იყო თქვენი პირველი კავშირი ხელოვნებასთან – რამ გადაგაწყვეტინათ, მხატვარი გამხდარიყავით?

პირველად ხელოვნებას ღრმა ბავშვობაში დავუკავშირდი – მაშინ, როდესაც გაუცნობიერებლად ავიღე ხელში ფანქარი, თუმცა ხატვის მიმართ ინტერესის გარდა, რომელიც ბავშვების უმრავლესობისათვისაა დამახასიათებელი, მუდმივად ვგრძნობდი ხოლმე უცნაურ დაბნეულობას, რომელიც  “daydreaming’’-ით იყოგამოწვეული. მცირე ასაკიდანვე მქონდა მკაფიო ფანტაზიის უნარი, რაც კონცენტრაციაში და შესაბამისად რეალურ სამყაროსთან წვდომაში მიშლიდა ხელს. მაშინ, როდესაც ბებიას პარკში დავყავდი სასეირნოდ, იქ ბალახს ვაკვირდებოდი და მიკროსამყაროს – პატარა ზომის ტყეს წარმოვიდგენდი, ბოლომდემივენდობოდი ჩემს წარმოსახვას და მინიატურულ ტყეში აღმოვჩნდებოდი ხოლმე.

მცენარეები, ქვეწარმავლები, ადამიანის ორგანოები თუ  ნიჟარები… მკვეთრ  ფერებში შექმნილი პეიზაჟებითა და ავტოპორტრეტებით ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებთ  მნახველს. რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო,  რამ იქონია გავლენა ამგვარი გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბებაზე?

ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, 4-5 წლის ასაკში თანატოლებთან ერთად ტალახისაგან ტორტების გაკეთება რომ გადავწყვიტე, რომლებიც შემდეგ ყვავილებითა და ლამაზი ფოთლებით გავაფორმეთ;  მეორედღეს რომ მივაკითხეთ სანახავად , შემაძრწუნებელი სურათი დაგვხვდა –  გამხმარ ტალახში ჭიებიირეოდნენ. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მოგონება იყო ჩემი შემოქმედებითი აზროვნებისა და გამომსახელობითი ენის ჩამოყალიბების წინაპირობა, ვინაიდან სწორედ მაშინ შევეხაჯე რეალურსამყაროს, რომელიც შეუქცევადი პროცესებით საზრდოობს, სადაც ლამაზი და ამაზრზენი, სიცოცხლე დასიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიამოვნება და ტანჯვა თანაარსებობენ.  ჩემი შთაგონების წყაროც გარესამყაროსთან ადაპტაციის მუდმივი მცდელობაა.

თქვენი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია. საინტერესოა, მიუხედავად გამოსახული ერთმანეთისაგან განსხვავებული ობიექტების თუ საღებავებით მოთხრობილი ამბებისა, არსებობს კონკრეტული იდეა, რომელიც თქვენს შემოქმედებას აერთიანებს?

სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულებაა იმგვარი, რომ მუდმივად ვცდილობ,  შევეგუო ბნელსა და საშინელს, და ამავდროულად შევიგრძნო ესთეტიკური, მუდმივად ვიაზრებ იმას, რომ სამყაროში სილამაზის აღქმა არ იარსებებდა სისასტიკისა და ბრუტალიზმის გარეშე. ჩემი ნამუშევრები სწორედ რომ ამის ვიზუალიზაციაა, შესაბამისად ყოველ მათგანს დაჰყვება ხოლმე ორი ურთიერთდაპირისპირებული მდგომარეობის შეგრძნება. ისინი ამბავს ყოველთვის ლაკონიურად გადმოსცემენ და სიმბოლიკით არიან გაჟღენთილი; რაც შეეხება ჩემი შემოქმედების განუყოფელ ნაწილს –  ავტოპორტრეტებს, ისინიკონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და თვითჭვრეტის პროცესის რეპრეზენტაციაა  ხოლმე.

ნამუშევრებს  სხვადასხვა მედიუმში ქმნით – თქვენთვის, როგორც ხელოვანისათვის რომელშიმუშაობის პროცესია გამორჩეულად სასიამოვნო?

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ – რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს ხელოვანსთვითგამოხატვისათვის, მით უფრო პროდუქტიულია ის, ზეთის საღებავი ჩემთვის შეუცვლელი მასალაა. მას თავისებური სიღრმე აქვს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს გამომსახველობით ენას. ამის გარდა, საკმაოდ სწრაფ ტემპში ხატვა მახასიათებს, ზეთი კი ნელა შრება, რაც შეჩერებისა და სხვა ნამუშევარზე გადასვლის, რამდენიმე ტილოზე ერთად მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს. ზეთის შემდეგალბათ კერამიკას  გამოვარჩევდი, რადგან  ფორმა და სამ განზომიბლებაში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა.

 

გყავთ თუ არა საყვარელი ხელოვანი – მხატვარი, მუსიკოსი თუ რეჟისორი,  რომლის შემოქმედებაც თქვენს მხატვრულ ხედვაზე აისახა?

რათქმაუნდა. მხატვრებიდან მაქს ერნსტსა და ელეონორა კარინგტონს გამოვარჩევდი; როდესაც მათინამუშევრები ცხადში ვნახე,  დაუვიწყარი შეგრძნება დამეუფლა, იმდენად ახლოს იყო მათი მხატვრული ხედვა  ჩემს წარმოსახვასთან, სიზმრებთან…ასევე გამოვარჩევდი რენე მაგრიტის დახვეწილ სიურეალიზმს,თუმცა ყველაზე მკაფიო გავლენა ჩემს შემოქმედებაზე  მაინც პოპ-არტმა იქონია, კერძოდ, კი მისმა არაჩვეულებრივმა წარმომადგენელმა – ჯეიმს როზენქუესტმა. მუსიკას რაც შეეხება, არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ხატვის დროს ერთ კონკრეტულ მუსიკოსს ვირჩევ, მაგალითად მორის რაველისკომპოზიციებს ვუსმენდი  ბოლო ნამუშევრების ხატვისას; თუმცა,  “The Cure” არის ჯგუფი, რომლის შემოქმედებასაც ყველაზე მეტად ვაიგივებ ჩემს გამომსახველობით ენასთან, ვინაიდან მათი მუსიკადომინანტური და  მელოდიურია, ტექსტი კი უკიდურესად ლირიკული და სწორედ ეს წინააღმდეგობრივობა ქმნის ჰარმონიას. რეჟისორებიდან იორგოს ლანთიმოსი მომწონს, რომელიც თავისი უნიკალური სტილითაა ცნობილი – მისი  ნამუშევრები ძლიერ დიალოგებს ეყრდნობა, აბსტრაქტულია და სიმბოლოებითაა დატვირთული, ვიზუალური თვალსაზრისით კი ტარსემ სინგის კინემატოგრაფიას გამოვარჩევდი. მისმა ორმა ფილმმა  “ The Cell” და „The Fall” წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

გვიამბეთ ახლა თუ ხართ რაიმე მხატვრული სერიის შექმნით დაკავებული და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები.

ამჟამად ვაგრძელებ კონკრეტული სერიის შექმნას, რომელზე მუშაობაც დაახლოებით 5-6 თვის წინ დავიწყე. ის წინა ნამუშევრებთან შედარებით ოდნავ უფრო მძიმეა და ამავდროულად ინტუიციური, ვინაიდან სერიის საერთო კონცეფცია დღევანდელ მდგომარეობას – ომს ეხმიანება. სამომავლო გეგმებსრაც შეეხება, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას საზღვარგარეთ, კერძოდ დიდბრიტანეთსა და პორტუგალიაში, ხოლო მოგვიანებით ამავე წელს ჩემი პერსონალური გამოფენაა დაგეგმილი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში.

 

და ბოლოს, როგორ აღუწერდით თქვენს შემოქმედებას ადამიანს, რომელსაც თქვენი ნამუშევრები არ უნახავს? როგორია თქვენში თქვენივე ხელოვნების ანარეკლი?

ჩემს ხელოვნება ერთი შეხედვით მსუბუქია, მაგრამ არა მარტივი, ის  სივრცული, დინამიკური დაკომპლექსურია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.