fbpx

ვენეციური დღიური 59-ე ბიენალედან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქეთი შავგულიძე

 

ვენეციაში უჩვეულო თავგადასავალი სახმელეთო ნაწილისა და კუნძულის, უფრო სწორედ, ისტორიული ნაწილის – 118 კუნძულის  დამაკავშირებელი გზიდანვე იწყება –  Ponte della Liberta – თავისუფლების ხიდის შემდეგ.

P.S. 1500 წლით დათარიღებულ ძველ რუკაზე ვენეციის ლაგუნაში პოსეიდონმა შემოცურა. 

 

თანამედროვეობაში კი, წლების განმავლობაში, ვენეციელების პროტესტი ლაგუნაში შემოსულ ძვირადღირებულ იახტებს უკავშირდებოდა.



ამ წყალზე მოტივტივე ქალაქში, გასაგები მიზეზის გამო, ხიდები განსაკუთრებული თემაა. 400 პატარა ხიდია გაბნეული ვენეციაში, რომლებიც პატარა არხებზეა გადებული. იქ ჩასულს მუდმივად გიწევს ბარგთან ერთად მათთან „ჭიდილი“. რაც შეეხება ვენეციის არტერიას – მთავარ არხს (Canal Grande), მასზე გადასასვლელი მხოლოდ სამი ისტორიული ხიდი იყო – სკალცის (ფეხშიშველათა), რიალტოს და აკადემიის, სანამ 2008 წელს იტალიის კონსტიტუციის 60 წლისთავის აღსანიშნავად არ გაიხსნა ახალი მინის ხიდი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და დღემდე გრძელდება. ის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ვენეციელებისთვის. 6.7 მილიონი ევროს ღირებულების ხიდი არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, მცხოვრებლების აზრით, სკალცის ხიდთან სიახლოვის გამო ის საერთოდაც უსარგებლოა, მისი მინიმალისტური არქიტექტურა, ამოვარდნილი ქალაქის საერთო არქიტექტურული სტილიდან და თავად კონსტრუქცია კი, უბრალოდ საშიშია ფეხით მოსიარულეთათვის (საფეხურები და მინის პრიალა სავალი ნაწილი ტრავმების მიზეზად იქცა). 


არადა ხიდის არქიტექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ცნობილი  სანტიაგო კალატრავაა, რომელსაც ჯარიმაც კი დააკისრეს. ასე რომ, ხანდახან ასეც ხდება… 

აქედან დაუვიწყარი შთაბეჭდილება იწყება. ყოველ ჯერზე, ვენეციაში ჩასულს, გგონია, რომ ამ ენითაუწერელ მშვენიერებას თვალი შეეჩვევა და შემდეგ ჯერზე აღარ გაგაოცებს, მაგრამ როგორც კი წყლის ტრანსპორტით – ვაპორეტოთი მთავარი არხს გაუყვები, ისეთი სანახაობა გადაგეშლება თვალწინ, რომ ვერაფერს შეადარებ. ყოველ ჩასვლაზე მეშინია, რომ ამ ხედის დანახვა ისეთ ეიფორიას აღარ მომგვრის, მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით, ვენეციას არასდროს გაუცრუებია ჩემთვის იმედი. 

იმ შემზარავი რეალობის შემდეგ, საიდანაც წამოვედი, კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა ეს მოგზაურობა. ომი თან გამომყვა, მაგრამ ეს არარეალური ქალაქი, ერთგვარი დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა. ყველა ფოტოს იღებს, მაგრამ ამის აღბეჭდვა შეუძლებელია. ქუჩაში  რომ დავდივარ და უცებ ამ თეატრალური, მისტიკური ქალაქის ვიწრო ქუჩის, არხის ხედი გადამეშლება თვალწინ, მხატვრებზე ვფიქრობ – როგორ უნდა შეძლო ამ ქალაქს კონკურენცია გაუწიო გამოფენით, ნამუშევრით?!.. რა რთული ამოცანაა.

 

ბიენალეს პარალელურად, რომელშიც 80 ნაციონალური პავილიონია წარმოდგენილი, ასევე მთავარ გამოფენაში 1433 ნამუშევარი და ობიექტი, თანმდევი ღონისძიებების სერიაში კი, 30 სახელოვნებო პროექტი, ვენეციის ყველა კუთხეში კიდევ გამოფენაა… 

კიფერი, კაპური, ნოგუჩი, კუნელისი, კლაინი, ბოისი ნაუმანი, მარლენ დიუმა, გორმლი მარქ ქვინი და ა.შ. და ა.შ.   როგორ გინდა მოასწრო?! მით უფრო, რომ ეს ქალაქი უცებ ქუჩაში მიმავალს თავის მშვენიერებით ისე დაგატყვევებს, რომ წასვლას ვერაფრით მოახერხებ. მერე ისევ ახალი ჩიხი, ხედი, შენობა და ისევ თავიდან. და ასე მთელი დღე. პირველად რომ ჩამოვედი, სასტუმროს არაჩვეულებრივმა მეპატრონემ, რომელსაც ბევრ ბოდიშს ვუხდიდი დაგვიანებისთვის, გამიღიმა და მითხრა:  ვიცოდი, რომ დააგვიანებდი, ეს ხომ ვენეციააო. 

ისე, ბროდსკის ვენეცია ცალკე სამყაროა, მაგრამ მის ტექსტებს ვენეციაზე – „უკურნებელთა ქალაქს“ და „ვენეციურ სტროფებს“ აღარც კი ვახსენებ, მას მერე, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაწერილი მისი რუსული იმპერიალისტური ვნებებით სავსე ლექსი გადავიკითხე. არადა მეგონა, მიყვარდა ბროდსკი… 

 

 

 

სან მარკოს მოედანზე რამდენიმე გამოფენაა: 

გორმლი+ფონტანას გამოფენისთვის ემზადებიან; 

კიფერის სანახავად გრძელი რიგი დამდგარა;

 მარქ ქვინის გამოფენის გახსნამდე კი, კიდევ რამდენიმე დღეა და ახლომახლო ჯერ ეს თოლიები სეირნობენ. ისე, ფრთხილად უნდა იყო, რამე არ მოგტაცონ. 

პეგი გუგენჰაიმის მუზეუმის ნახვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა ვენეციაში. მით უფრო, რომ მის პალაცოში, მე-18 საუკუნეში აშენებულ შენობაში, ვენეციის ბიენალეს პარალელურად, როგორც ბიენალეს სათაურისა და თემის გამოძახილი, სიურრეალისტების დიდი გამოფენაა წარმოდგენილი. ბაღში კი სოლ ლევიტი, ჯენი ჰოლცერი, მარინო მარინის „ქალაქის ანგელოზი“ … ჰოდა, სწორედ პეგი გუგენჰაიმის სიტყვებს გავიხსენებ ვენეციაზე: 

 

“It has always been taken for granted that Venice is the ideal city for a honeymoon, but not only that, it is a serious mistake. Living in Venice, or simply visiting it, means falling in love with it and there is no place left in your heart for anything else”.
ჰო ასეა, მთელ გულს იკავებს <3 მხოლოდ რამდენიმე დღით, მაგრამ მაინც.

„ქალაქში მხოლოდ ორი სახლი დარჩა.

დასასრულია ერთი სახლი, მეორე კი დასაწყისია.

სახლს თავს ვაფარებ.

რომელია ჩემი სახლი?

დასასრული

თუ

დასაწყისი.“ – მარიამ ნატროშვილი

 

ვენეციის ბიენალეს 59-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ საკუთარი განუმეორებელი ვიზუალური ენის საშუალებით შექმნილი დამზაფვრელი, პოეტური, დამატყვევებელი ნეოსიურრეალისტური ნამუშევრით – “მე ვწუხვარ ბაღზე”. 

ამ ჯერზე ჩვენი პავილიონი ვენეციის ლაგუნას მშვენიერ კუნძულზე –  ჯუდეკაზე, ცნობილი სახელოვნებო სივრცის, Spazio Punch-ის ტერიტორიაზეა განთავსებული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ეს შენობა ლუდისა და ლიქიორის საწარმოს წარმოადგენდა, შემდეგ კი ინდუსტრიული შენობა სახელოვნებო ცენტრად იქცა და სივრცე დაუთმო როგორც არტისტების სტუდიოებს, ასევე გამოფენებს, მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება როგორც ბიენალეს სხვადასხვა მიმართულებებს (ხელოვნება, არქიტექტურა, კინო და სხვ.), ასევე სხვა მნიშვნელოვან სახელოვნებო ორგანიზაციებს თუ ინსტიტუციებს. 

2022 წელს 6 თვით ეს პოპულარული სივრცე საქართველოს ეროვნული პავილიონის მასპინძელია, რომელიც წელს მართლაც გამორჩეულია! რადგან ოფიციალური გახსნა წინ არის, „სპოილერი“ რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ რამდენიმე ფოტოს დავურთავ, ისიც მინიშნების სახით. და მაინც, ვერც ერთი ფოტო ვერ აღწერს იმ იმერსიულ გამოცდილებას, რომელიც დაკარგულ „ბაღში“ ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარზე გამყოფებს. 

 

პროექტის წარმდგენი და კურატორი „მდგომარეობებს შორის” (გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე)

კომისარი: მაგდა გურული

მიღება/გახსნა: 22 აპრილი, 17.00- 22.00

„დიდი ზომის ვიდეოინსტალაციისა და VR გამოცდილებით მხატვრები ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან და ამ მედიუმით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევენ“. – ამონარიდი საკურატორო ტექსტიდან.

 

როგორ არ უნდა გაეშურო ბრუს ნაუმანის სანახავად, მით უფრო მაშინ, როდესაც მისი გამოფენა ზედ ვენეციურ ლაგუნასთან განთავსებულ, ყოფილი საზღვაო საბაჟოს მე-17 საუკუნეში აგებულ  შენობაშია წარმოდგენილი. Punta della Dogana 2007 წლიდან ტენდერით ფრანსუა პინოს კოლექციას გადაეცა, რომელმაც რენოვაციისთვის ცნობილი იაპონელი არქიტექტორი ტადაო ანდო მოიწვია. აი აქედან იწყება სასწაული და რა გამოფენაც  უნდა ნახოთ, ყველაფერი ლაგუნას ხედებსა და ანდოს არქიტექტურულ ხედვასთან ზავდება და განუმეორებელ ვიზუალურ ჰიბრიდს ქმნის. ამჯერად ვიდეო ფორმატის გამო, კიდევ უფრო მეტი რეფლექსებია. ბრუს ნაუმანი თავისი სხეულის მოძრაობებით –  კონტრაპოსტებით, კუთხის პერფორმანსით თუ სტუდიოს დეტალებით გაპრიალებულ იატაკზე და თაღოვან სარკმლებში ირეკლება. გამოსახულება მრავლდება და ხმებთან ერთად 19 ოთახში თან დაგყვება და განუმეორებელ გამოცდილებას გთავაზობს.

P.S. სამხატვრო აკადემიის მისაღები გამოცდების მზადებისას ხშირად მესმოდა ჩემი საყვარელი მასწავლებლისგან, ცნობილი ხელოვნებათმცოდნისგან – გაიანე ალიბეგაშვილისგან სიტყვა კონტრაპოსტი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა. თბილისში ომი იყო, ჩვენ რუსთაველზე, გრიბოედოვის ქუჩაზე, მეგობრის სახლში ვისხედით და ის კი ხელოვნების ამბავს გვიყვებოდა. ავტომატების ჯერის პარალელურად გვესმოდა ფიდიასის და პოლიკლეტოსის, პრაქსიტელეს სკულპტურებთან მიმართებაში სიტყვა კონტრაპოსტი.

გამოფენას CONTRAPPOSTO STUDIES ჰქვია.


„კონტრაპოსტი (იტალ. contrapposto – საწინააღმდეგო, მოპირისპირე), სახვით ხელოვნებაში  ფიგურის გამოსახვის ხერხი, რომელიც გულისხმობს სხეულის ერთი ნაწილის მდგომარეობის დაპირისპირებას მეორე ნაწილის მდგომარეობასთან (მაგ., ადამიანის სხეულის ზედატანი გამოსახულია შებრუნებულად, ქვედატანი კი – ფრონტალურად).

კონტრაპოსტი დინამიკით ავსებს ფიგურის ფორმათა რიტმს, გადმოსცემს მოძრაობას ან დაძაბულობას, აძლიერებს ფიგურის სამგანზომილებიანობას, ამასთანავე არ არღვევს ფორმათა საერთო წონასწორობას.“ (ვიკიპედია)

„ეს ვენეცია იყო, ფარისეველი და საეჭვო ლამაზმანი, ნახევრად ზღაპარი და ნახევრად მახე უცხოელთათვის. ქალაქი, რომლის არაჯანსაღ ჰაერში ოდესღაც ხელოვნება ნებისმიერი თავაშვებულებით გაიფურჩქნა“.  – თომას მანი, „სიკვდილი ვენეციაში”. 

ვენის აქციონიზმის ცნობილი წარმომადგენელი, რიტუალური, სისხლიანი, შიშველი თუ კაკოფონიური ნამუშევრების ავტორი ჰერმან ნიჩი გარდაცვლილა. სიკვდილი ვენეციაში არა და ავსტრიის ქალაქ მისტელბახში… ბედის ირონიით სწორედ მაშინ, როდესაც სტუმრები ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე, მისი გამოფენის აღსანიშნავ პომპეზურ მიღებაზე, მისი „მე-20 ფერწერული აქციის“ დამზაფვრელ ნამუშევრებს შორის შეიკრიბნენ. „ძლიერი სენსორული აღგზნება“, როგორც თავად სურდა, გარანტირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰერმან ნიჩის ფონდის განცხადებით, ის პირადად ვერ დაესწრებოდა გამოფენას – “could no longer personally experience one of his great successes”, მის ნამუშევრების დაძაბულობის ველში მოქცეული ეს გლამურული მიღება, უნებურად, მაგრამ ნიჩის ხელოვნების კანონზომიერებით, მისი ორგიასტული მისტერიული თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქციად იქცა. სიკვდილიც ასეთი უნდა… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.