fbpx

ნათელისა და ბნელის თანაარსებობა მაკო ლომაძის შემოქმედებაში – ინტერვიუ ხელოვანთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი კლდიაშვილი

 

სიმსუბუქესთან შერწყმული სიმძიმე, ფერთა უჩვეულო პალიტრა, მისტიკური პეიზაჟები და სიმბოლიზმი მაკო ლომაძის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია. ხელოვანის გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბების წინაპირობა რეალურ სამყაროსთან შეჯახება და იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ სილამაზეს სიმახინჯის არსებობის გარეშე ვერ შეიცნობ და პირიქით. მისი ნამუშევრები, რომლებსაც ორი ურთიერთდაპირისპირებული შეგრძნება დაჰყვება ხოლმე, ანარეკლია მხატვრის იმ წარმოდგენისა, რომლის თანახმადაც ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც  სიცოცხლე და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიამოვნება და ტანჯვა თანაარსებობენ. „ჩემი ხელოვნება ერთი შეხედვით მსუბუქია, მაგრამ არა მარტივი, ის  სივრცული, დინამიკური და კომპლექსურია.“  – ამბობს მხატვარი. 

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვან მაკო ლომაძესთან, რომელიც მხატვრობასთან დაკავშირებული მოგონებების, გამომსახველობითი ენის, ნამუშევართა სპეციფიკისა და მათი გამაერთიანებელი იდეის შესახებ გვესაუბრა; მოგვიყვა სამომავლო გეგმების, საყვარელი ხელოვანებისა და იმ ჯადოსნური პროცესის შესახებ, რომელიც „მინიატიურულ ტყეში“ მოგზაურობით დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

მაკო, რა იყო თქვენი პირველი კავშირი ხელოვნებასთან – რამ გადაგაწყვეტინათ, მხატვარი გამხდარიყავით?

პირველად ხელოვნებას ღრმა ბავშვობაში დავუკავშირდი – მაშინ, როდესაც გაუცნობიერებლად ავიღე ხელში ფანქარი, თუმცა ხატვის მიმართ ინტერესის გარდა, რომელიც ბავშვების უმრავლესობისათვისაა დამახასიათებელი, მუდმივად ვგრძნობდი ხოლმე უცნაურ დაბნეულობას, რომელიც  daydreaming-ით იყო გამოწვეული. მცირე ასაკიდანვე მქონდა მკაფიო ფანტაზიის უნარი, რაც კონცენტრაციაში და შესაბამისად, რეალურ სამყაროსთან წვდომაში მიშლიდა ხელს. მაშინ, როდესაც ბებიას პარკში დავყავდი სასეირნოდ, იქ ბალახს ვაკვირდებოდი და მიკროსამყაროს – პატარა ზომის ტყეს წარმოვიდგენდი, ბოლომდე მივენდობოდი ჩემს წარმოსახვას და მინიატიურულ ტყეში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. 

მცენარეები, ქვეწარმავლები, ადამიანის ორგანოები თუ  ნიჟარები… მკვეთრ  ფერებში შექმნილი პეიზაჟებითა და ავტოპორტრეტებით ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს  მნახველს. რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო,  რამ იქონია გავლენა ამგვარი გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბებაზე?

ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, 4-5 წლის ასაკში თანატოლებთან ერთად ტალახისაგან ტორტების გაკეთება რომ გადავწყვიტე, რომლებიც შემდეგ ყვავილებითა და ლამაზი ფოთლებით გავაფორმეთ;  მეორე დღეს რომ მივედით სანახავად, შემაძრწუნებელი სურათი დაგვხვდა –  გამხმარ ტალახში ჭიები ირეოდნენ. ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მოგონება იყო ჩემი შემოქმედებითი აზროვნებისა და გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბების წინაპირობა, ვინაიდან სწორედ მაშინ შევეჯახე რეალურ სამყაროს, რომელიც შეუქცევადი პროცესებით საზრდოობს, სადაც ლამაზი და ამაზრზენი, სიცოცხლე და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი, სიამოვნება და ტანჯვა თანაარსებობენ.  ჩემი შთაგონების წყაროც გარე სამყაროსთან ადაპტაციის მუდმივი მცდელობაა.

თქვენი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია. საინტერესოა, მიუხედავად გამოსახული ერთმანეთისაგან განსხვავებული ობიექტების თუ საღებავებით მოთხრობილი ამბებისა, არსებობს კონკრეტული იდეა, რომელიც თქვენს შემოქმედებას აერთიანებს?

სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულებაა იმგვარი, რომ მუდმივად ვცდილობ,  შევეგუო ბნელსა და საშინელს, და ამავდროულად, შევიგრძნო ესთეტიკური, მუდმივად ვიაზრებ იმას, რომ სამყაროში სილამაზის აღქმა არ იარსებებდა სისასტიკისა და ბრუტალიზმის გარეშე. ჩემი ნამუშევრები სწორედ რომ ამის ვიზუალიზაციაა, შესაბამისად, ყოველ მათგანს დაჰყვება ხოლმე ორი ურთიერთდაპირისპირებული მდგომარეობის შეგრძნება. ისინი ამბავს ყოველთვის ლაკონიურად გადმოსცემენ და სიმბოლიკით არიან გაჟღენთილი; რაც შეეხება ჩემი შემოქმედების განუყოფელ ნაწილს –  ავტოპორტრეტებს, ისინი კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და თვითჭვრეტის პროცესის რეპრეზენტაციაა  ხოლმე.

ნამუშევრებს  სხვადასხვა მედიუმში ქმნით – თქვენთვის, როგორც ხელოვანისათვის, რომელში მუშაობის პროცესია გამორჩეულად სასიამოვნო?

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ – რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს ხელოვანს თვითგამოხატვისათვის, მით უფრო პროდუქტიულია ის, ზეთის საღებავი ჩემთვის შეუცვლელი მასალაა. მას თავისებური სიღრმე აქვს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს გამომსახველობით ენას. ამის გარდა, საკმაოდ სწრაფ ტემპში ხატვა მახასიათებს, ზეთი კი ნელა შრება, რაც შეჩერებისა და სხვა ნამუშევარზე გადასვლის, რამდენიმე ტილოზე ერთად მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს. ზეთის შემდეგ ალბათ კერამიკას  გამოვარჩევდი, რადგან  ფორმა და სამ განზომილებაში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა.

 

 

გყავთ თუ არა საყვარელი ხელოვანი – მხატვარი, მუსიკოსი თუ რეჟისორი,  რომლის შემოქმედებაც თქვენს მხატვრულ ხედვაზე აისახა? 

რა თქმა უნდა. მხატვრებიდან მაქს ერნსტსა და ელეონორა კარინგტონს გამოვარჩევდი; როდესაც მათი ნამუშევრები ცხადში ვნახე,  დაუვიწყარი შეგრძნება დამეუფლა, იმდენად ახლოს იყო მათი მხატვრული ხედვა  ჩემს წარმოსახვასთან, სიზმრებთან… ასევე გამოვარჩევდი რენე მაგრიტის დახვეწილ სიურრეალიზმს, თუმცა ყველაზე მკაფიო გავლენა ჩემს შემოქმედებაზე  მაინც პოპ-არტმა იქონია, კერძოდ კი, მისმა არაჩვეულებრივმა წარმომადგენელმა – ჯეიმს როზენქუესტმა. მუსიკას რაც შეეხება, არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ხატვის დროს ერთ კონკრეტულ მუსიკოსს ვირჩევ, მაგალითად, მორის რაველის კომპოზიციებს ვუსმენდი  ბოლო ნამუშევრების ხატვისას; თუმცა,  “The Cure” არის ჯგუფი, რომლის შემოქმედებასაც ყველაზე მეტად ვაიგივებ ჩემს გამომსახველობით ენასთან, ვინაიდან მათი მუსიკა დომინანტური და  მელოდიურია, ტექსტი კი უკიდურესად ლირიკული და სწორედ ეს წინააღმდეგობა  ქმნის ჰარმონიას. რეჟისორებიდან იორგოს ლანთიმოსი მომწონს, რომელიც თავისი უნიკალური სტილითაა ცნობილი – მისი  ნამუშევრები ძლიერ დიალოგებს ეყრდნობა, აბსტრაქტულია და სიმბოლოებითაა დატვირთული, ვიზუალური თვალსაზრისით კი ტარსემ სინგის კინემატოგრაფიას გამოვარჩევდი. მისმა ორმა ფილმმა –  “The Cell” და „The Fall” წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. 

 

გვიამბეთ, ახლა თუ ქმნით  რაიმე მხატვრულ სერიას  და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები.

ამჟამად ვაგრძელებ კონკრეტული სერიის შექმნას, რომელზე მუშაობაც დაახლოებით 5-6 თვის წინ დავიწყე. ის წინა ნამუშევრებთან შედარებით ოდნავ უფრო მძიმეა და ამავდროულად, ინტუიციური, ვინაიდან სერიის საერთო კონცეფცია დღევანდელ მდგომარეობას – ომს ეხმიანება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში  ვმონაწილეობ  საზღვარგარეთ, კერძოდ,  დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიაში, ხოლო მოგვიანებით,  წელსვე, ჩემი პერსონალური გამოფენაა დაგეგმილი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში.

და ბოლოს, როგორ აღუწერდით თქვენს შემოქმედებას ადამიანს, რომელსაც თქვენი ნამუშევრები არ უნახავს? როგორია თქვენში თქვენივე ხელოვნების ანარეკლი?

ჩემს ხელოვნება ერთი შეხედვით მსუბუქია, მაგრამ არა მარტივი, ის  სივრცული, დინამიკური და კომპლექსურია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.