fbpx

საუკეთესო პასქები თბილისში – სად შევიძინოთ გამორჩეული რეცეპტით დამზადებული სააღდგომო ნუგბარი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

რელიგიური დღესასწაულების უმეტესობა  კულინარიულ ტრადიციებთანაც არის დაკავშირებული. აღდგომა კი წარმოუდგენელია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნუგბარის – პასქის გარეშე. 

დროის ცვლილებასთან ერთად ვითარდება კულინარია და კონდიტერია, რაც ტრადიციულ რეცეპტებზეც ახდენს გავლენას. თუკი მრავალი წლის წინ პასქა უბრალოდ დამახასიათებელი ფორმის ტკბილ პურთან ასოცირდებოდა, დღეს კლასიკურთან ერთად რეცეპტის უამრავ ვარიაციას შეხვდებით. 

თუ სააღდგომო სამზადისი არ დაგისრულებიათ, გაგაცნობთ თბილისის საკონდიტროების, ტკბილეულის მაღაზიებისა და ადგილობრივი საკვები ობიექტების რეცეპტით დამზადებულ პასქებს და შესაბამის სააღდგომო შეთავაზებებს. 

 

Lily Vanilli

“ლილი ვანილი” ლონდონში დაარსებული საკონდიტროა. ბრენდი რამდენიმე წლის წინ  უკვე საქართველოშიც შემოვიდა და დღეს ტკბილეულის მოყვარულთათვის  თბილისის ერთ-ერთ რჩეულ ადგილად მიიჩნევა. ყოველი აღდგომისას  Lily Vanilli პასქების განსხვავებულ  ვარიაციებს გვთავაზობს, რომლებიც  ისევე გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, როგორც ვიზუალით. 

 

 

პური გულიანი

“პური გულიანი” პირველი ქართული სახაბაზოა, რომელმაც მომხმარებელს ტრადიციული და თანამედროვე რეცეპტების  სინთეზით შექმნილი მენიუ შესთავაზა. თუ  სააღდგომო სამზადისისას ნოსტალგიური გემოები გენატრებათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ “პური გულიანის” დახლებზე სწორედ ტრადიციული რეცეპტითა და ინგრედიენტებით გამომცხვარი პასქები დაგხვდებათ. 

 

ChiriFruit

სოციალურ ქსელებში კულინარიული და გასტრონომიული რჩევების მისაღებად  რამდენიმე თემატური ჯგუფი არსებობს. ბუნებრივია, რომ წინასააღდგომოდ   ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ სად შევიძენთ ყველაზე გემრიელ პასქას თბილისში. გურმანი მომხმარებლების რეკომენდაციის მიხედვით,  ერთ-ერთი ასეთი ადგილი ტკბილეულის მაღაზია ChiriFruit არის. “ჩირიფრუტი” ტრადიციული სააღდგომო ტკბილეულის  სხვადასხვა ვარიაციას გვთავაზობს –  აქ აღმოაჩენთ პასქებს მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებითა და გამორჩეული გაფორმებით. 

 

Chicolli

პასქის არაერთი განსხვავებული რეცეპტის  შესახებ გვსმენია, თუმცა, შოკოლადის პასქა მაინც განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზებაა.  მაღაზია “შიკოლის” დახლებზე აღმოაჩენთ პასქებს, რომლის ძირითადი და განსაკუთრებული ინგრედიენტი სწორედ შოკოლადია. “შიკოლის”  რეცეპტებით დამზადებული სხვადასხვა არომატის სააღდგომო ნუგბარი ულამაზესი გაფორმებითაც გამოირჩევა, რაც  აუცილებლად მოგანდომებთ მის დაგემოვნებას. 

 

ბარბარესთან

გამორჩეული არომატის სააღდგომო პასქებს გვთავაზობს ქართული რესტორანი – “ბარბარესთან”, რომლის მენიუც ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებზეა დაფუძნებული. რესტორნის სამზარეულოს კონცეფცია გულისხმობს კულინარიული ტრადიციების გადააზრებას და მის თანამედროვეობაში გადმოტანას. ბარბარეს სამზარეულოში ნატურალური ინგრედიენტებით  გამომცხვარი არომატული  პასქა სწორედ ტრადიციულისა და თანამედროვე კულინარიის  საუცხოო ნაზავია. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.