ვენეციური დღიური 59-ე ბიენალედან – The Fountain of Exhaustion
ავტორი: ქეთი შავგულიძე
The Fountain of Exhaustion
„ამ დღეებში თავს იმდენად მხატვრად კი არ ვგრძნობ, რამდენადაც მოქალაქედ – მე აქ წარმოვადგენ არა ჩემს გამოფენას, არამედ უკრაინას“, – პავლო მაკოვი.
ომიდან, შიშიდან, დაბომბილი ქალაქიდან პომპეზურ ვენეციის ბიენალემდე… დამწვარი, დაბუგული, დანგრეული ხარკოვიდან ფერად ქალაქამდე გრძელი და რთული გზაა. ჯერ მხოლოდ მარშრუტი, რომელიც გაიარა უკრაინის პავილიონში წარმოდგენილმა ინსტალაციამ, უკვე ხელოვნების ნიმუშია. ომი დაწყებული იყო, რომ კურატორი მარია ლანკო ძაღლთან და კოლეგასთან ერთად მანქანის უკანა სავარძელზე პავილიონის ინსტალაციის კომპონენტებით (78 ბრინჯაოში ჩამოსხმული ძაბრი) კიევიდან გაემგზავრა. ყოველდღე 10 საათი გზაში, გაყინულ სახლებში გატარებული ღამეები, სანამ რუმინეთის საზღვარს მიაღწევდა. შემდეგ ბუდაპეშტი, ვენა, მილანი, სადაც იპოვა კომპანია, რომელიც შადრევნის სტრუქტურას დაამზადებდა. შემდეგ მას შეუერთდნენ პავილიონის სხვა კურატორები – ლიზავეტა გერმანი და ბორის ფილონენკო.
„რუსეთს სურს უკრაინული ხელოვნების ლიკვიდირება. ამიტომ ჩვენი მონაწილეობა ბიენალეში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, – ამბობს მარია ლანკო.
გუნდის საქციელი გამბედაობის, თავდადების, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მაგალითია. მათ იციან, რომ ესეც ბრძოლაა. რომ ვერ მისცემდნენ თავს პროცესების მიღმა დარჩენის უფლებას, რადგან დამოუკიდებელი ეროვნული პავილიონისთვის წლების წინ ურთულესი გზა გამოიარეს. და ამიტომ მაშინაც კი, როდესაც მათ ქვეყანაში ჯოჯოხეთი ტრიალებს, ნამუშევარი ინსტალირებულია, კატალოგი დაბეჭდილი, მხოლოდ საარქივო მასალა ვერ ჩამოვიდა…
მოკრძალებულად, საქმიანად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. პავლო მაკოვის შადრევნის ხმა, რამდენიმე ფოტო და ტექსტები.
პავლო მაკოვმა ნამუშევარი ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიფიქრა, ხარკოვის წყალდიდობისას, როდესაც ქალაქი რამდენიმე კვირით წყლის გარეშე დარჩა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ვერსია შექმნა. უკრაინის პავილიონში იმდროინდელი ინსტალაციის განახლებული ვერსიაა წარმოდგენილი. ყოველ ჯერზე ნამუშევარი ახალ იდეურ დატვირთვას იძენს და როგორც ავტორი ამბობს, „ევროპაში სასიცოცხლო ძალების ამოწურვისა და დემოკრატიულ სამყაროში ადამიანების გამოფიტვის სიმბოლოდ იკითხება”. მით უფრო დღევანდელ სიტუაციაში მათთვის ის სამყაროს „ღონემიხდილობის“ მეტაფორაა.
2009 წლის ბიენალე და უკრაინული პავილიონი გამახსენდა. პალაცო პაპადოპოლის მომნუსხველ სივრცეში ილია ჩიჩკანის და მიჰარა იასუჰიროს ერთობლივი ნამუშევარი – ტონობით ქვიშით დაფარული სართული და მანტრა, რომელიც ექოსავით ისმოდა მისტიკური პალაცოს დარბაზებში. მალიმალ, სასახლის მოჩვენებასავით ჩაგვიქროლებდა ქალი “როლიკებზე”. ისე სწრაფად, რომ ნახევრად ბნელ დარბაზში მხოლოდ მის გრძელ თმას თუ მოვკრავდით თვალს…
ამ მომნუსხველი და დაუვიწყარი პავილიონის კურატორი კიევის მერის – ვიტალი კლიჩკოს ძმა, ასევე ცნობილი მოკრივე, ვლადიმერ კლიჩკო იყო, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ხელოვანებს შორის. უზარმაზარი ბანერები მისი გამოსახულებით მთელ ქალაქში იყო, მათ შორის ვენეციის აკადემიაზე. უკრაინის პავილიონის იმ წლევანდელ გლამურულ მიღებაზე დიდხანს საუბრობდნენ.
დღეს ვიტალი კლიჩკოს სამხედრო ფორმა აცვია და იბრძვის.
ერთი წელი იყო გასული ჩვენი ომიდან. ჩვენ განადგურებულები, შეურაცხყოფილები, დაზაფრულები… მათ კი ჯერ არ იცოდნენ რა ტანჯვა ელოდებოდათ.
ეს ის წელი იყო, ანდრეი მოლოდკინმა რუსეთის პავილიონში სკანდალური ნამუშევარი – გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს გამჭვირვალე რეპლიკა რომ წარმოადგინა, რომელიც დგუშების მეშვეობით სისხლითა და ნავთით ივსებოდა. როგორც თავად განმარტა: “ჩეჩნური ნავთითა და ჩეჩნეთში მეომარი რუსული ჯარისკაცების რეალური სისხლით”. ტექსტი კურატორმა ჩამოხსნა და როგორც მოლოდკინი ამბობს, პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა.
2015 წლის ბიენალეზე, ყირიმის ანექსიის შემდეგ წელს, მინის კუბი გაჩნდა ლაგუნასთან, სიმბოლური სახელწოდებით HOPE – უკრაინის პავილიონი. სასოწარკვეთილების პავილიონი, მსხვრევადი, დაუცველი, ღია… ის თითქოს დახმარების თხოვნას ასახავდა და შეუძლებელი იყო მისთვის გვერდის ავლა. მაგრამ არ მოუსმინეს, არ/ვერ დაინახეს, ან გაიგეს, დაინახეს და სხვა გამოფენაზე/წვეულებაზე წავიდნენ…
ოკეან ელზიმ გამართა კონცერტი ბულვარში. ბევრი ხალხი შეიკრიბა. მახსოვს, “დოჟდის” ჟურნალისტი ხეზე იჯდა და იქიდან იღებდა. სვიატოსლავ ვაკარჩუკის ხმა მთელ ვენეციაში ისმოდა, მაგრამ ამანაც არ გაჭრა. ისიამოვნეს და დაიშალნენ. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა!
უკრაინის ეროვნული პავილიონის პარალელურად PinchukArtCentre წარადგენს დიდ გამოფენას ომის თემაზე. ზელენსკის ჩართვა ჰქონდათ. მიმართვის გარდა, გამოფენაზე უკრაინის პრეზიდენტის „ნამუშევარიც“ არის წარმოდგენილი – დროშაზე დატანილი მისი ტექსტი ხელმოწერით.
უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და ომის საშინელებების თვალსაჩინოებისთვის ვენეციის ბიენალეს კურატორმა, სესილია ალემანიმ ჟარდინიში, პავილიონებს შორის ერთგვარ დროებით პავილიონს დაუთმო ადგილი. უკრაინის პავილიონის კურატორების კიდევ ერთი „ნამუშევარი“ – Piazza Ukraina, რომელიც მათ ერთ დღეში დააინსტალირეს, ნამუშევრების ცვლას ითვალისწინებს.
დაკეტილი რუსული პავილიონის ხილვა, ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებათაგანია, რაც ბოლო დროს განმიცდია. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ისეთი კარგი სანახავია ეს უკაცრიელი პავილიონი ჟარდინიში, ბონაპარტის გაშენებულ ბაღებში, დარაზული, დაცვის თანამშრომლის ამარა დატოვებული. მაშინ, როდესაც სხვა პავილიონებში ასეთი ხალხმრავლობაა, რიგები, აჟიოტაჟი, აქ სრული სიჩუმე და დავიწყება. არც გამოფენა, არც დროშა, არც მხატვრები და არც მნახველი! სიამოვნებისგან უნებურად მეღიმებოდა, ამ სცენას რომ ვუყურებდი.
არსენალეზე უკრაინის პავილონში დიდხანს დავრჩი და უკვე 7 ხდებოდა, იკეტებოდა, ჟარდინში რომ მივედი. დამთვალიერებლები ჯერ კიდევ ბევრნი იყვნენ, მაგრამ დაცვა შემსვლელებს აღარ უშვებდა, კარაბინიერებით სავსე იყო იქაურობა. მე არ დავნებდი და სულ 5 წუთი ვთხოვე, მხოლოდ რამდენიმე ფოტოსთვის. სწორედ ეს ვუთხარი – დაკეტილი რუსული პავილიონი უნდა გადავიღო-მეთქი. ის იყო ხვეწნა უნდა დამეწყო, მაგრამ ამ სიტყვებმა გაჭრა. დაცვამ თავად მიმაცილა იქამდე, მაგრამ გამოსვლისას Grazie mille-თი რომ დავიღვარე, ეგ არ გიშველის, შენ გამო წესი დავარღვიე, კოცნის გარეშე ვერ წახვალო და ლოყა მომიშვირა. სხვა დროს რა ამბავს მოვაწყობდი, წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ ჩემთვის გამონაკლისი რომ დაუშვა და დაკეტილი რუსული პავილიონის ხილვის სიამოვნება არ წამართვა, აღარ დავუწყე საქმის გარჩევა და ორივე ლოყაზე ვაკოცე, ისე როგორც იტალიელებს სჩვევიათ. ჰმ, კოვიდმაც კი არ შემაშინა.
ალექსეი შჩუსევის მიერ აშენებული რუსული პავილიონი ერთადერთი შენობაა ჟარდინიში, რომელიც ლაგუნას გადაჰყურებს. ის საზეიმოდ გაიხსნა 1914 წელს ვენეციის ბიენალეზე, რომელიც იმ წელს მე-11-ჯერ გაიმართა. რუსები, რა თქმა უნდა, არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომ პავილიონის მშენებლობის დამფინანსებელი უკრაინელი იყო – მრეწველი და ქველმოქმედი, კოლექციონერი და კიევის მუზეუმის დიდი მოამაგე, ბოგდან ხანენკო, რომლის სახელსაც ატარებს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კიევის მუზეუმი.
რუსული პავილიონი დახურული იქნება 6 თვის განმავლობაში. როგორც გახსოვთ, ომის დაწყების შემდეგ, პავილიონის ლიეტუველმა კურატორმა, რაიმუნდას მალაშაუსკასმა განაცხადა, რომ “ეს ომი პოლიტიკურად და ემოციურად აუტანელია” და რომ პროექტზე მუშაობას აღარ გააგრძელებდა.
“ხელოვნებისათვის დრო არ არის მაშინ, როცა მოქალაქეები რაკეტების ცეცხლ ქვეშ იხოცებიან, როცა უკრაინის მოქალაქეები თავშესაფრებში იმალებიან,
როცა რუსი მომიტინგეები დუმან. მე, როგორც რუსეთში დაბადებული, უარს ვაცხადებ წარვადგინო ჩემი ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე რუსულ პავილიონში”, – დაწერა რუსმა ხელოვანმა ალექსანდრა სუხარევამ, რომელსაც კირილ სავჩენკოვთან ერთად უნდა წარმოედგინა პავილიონი.
არ გაგიკვირდებათ და ისიც გაირკვა, რომ რუსული პავილიონის უკან საზარელი ფულია. ორგანიზაცია Smart Art- ის დამფუძნებლები, რომლებსაც 2019 წელს 10 წლით სამართავად გადაეცა რუსული პავილიონი, ანასტასია კარნეევა და ეკატერინა ვინოკუროვა არიან. ვინოკუროვა სერგეი ლავროვის შვილია, კარნეევა კი, რომელიც ამავე დროს წლევანდელი რუსული პავილიონის არა მხოლოდ ორგანიზაციული და ფინანსური მხარდამჭერი, არამედ კომისარიც უნდა ყოფილიყო, პუტინის ცნობილი თანამოაზრის, FSB-ს ყოფილი გენერლის, კომპანიის Rostec აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის – ნიკოლაი ვოლობუევის შვილია. პუტინის შვილობილი როსტექი („რუსული ტექნოლოგიები“) საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის მთავარი საყრდენი და ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ამ შემთხვევაში შეუძლებელია თქვა, შვილები რა შუაში არიანო.
საქართველოს ეროვნული პავილიონის გარდა, წელს რამდენიმე ქართველი ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი ვენეციაში:
Biennale College ვენეციის ბიენალეს პროექტია, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ <…>offering them the opportunity to work closely with international mentors to develop “creations” that will become part of the programmes of the artistic Departments“.
ანდრო ერაძე 250 მხატვრიდან (58 ქვეყნიდან) 12 შერჩეულ მხატვარს შორის მოხვდა. შერჩევის მეორე ფაზაში კი 4 გამარჯვებულს შორის დასახელდა. გრანტის ოდენობა 25 000 ევროს შეადგენდა. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ნამუშევარი ვენეციის ბიენალეს კურატორის მიერ ორგანიზებულ ძირითად (!) გამოფენაშია (out of competition) წარმოდგენილი.
ნინო ქვრივიშვილი ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობს, სახელწოდებით „SILK”, რომელიც ჯუდეკას კუნძულზეა წარმოდგენილი და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება.
როკო ირემაშვილის ნამუშევარი ჩართულია ევროპის კულტურის ცენტრის ორგანიზებულ დიდ გამოფენაში – “Personal Structures”, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს Palazzo Mora და Palazzo Bembo-შია წარმოდგენილი.
წელს საქართველო – ტრადიციული რეწვის ასოციაცია (ანა შანშიაშვილის თაოსნობით), იმ 43 ქვეყანას შორისაა, რომელიც მხატვრული რეწვისა და დიზაინის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობს HOMO FABER (ვინც ქმნის).
ეს ნაწილი კი ჩემს ძვირფას AT.ge -ს ეძღვნება. :* პრესის ოთახი არსენალეზე. ათობით პავილიონისა და ათასობით ნამუშევრის ნახვის შემდეგ ეს წყნარი სივრცე შემოგხვდება არსენალეზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჟურნალისტები მუშაობენ და აშუქებენ ვენეციის ბიენალეს მიმდინარეობას. მახსოვს, 2017 წელს, გერმანიის პავილიონმა რომ ოქროს ლომი მიიღო (ან იმჰოფის საოცარი პერფორმანსი – „ფაუსტი“ იყო წარმოდგენილი) და ამავე დროს ფრანც ვალტერმა, როგორც საუკეთესო არტისტმა, გერმანულ ტელეარხებზე ახალი ამბები სწორედ ამ ინფორმაციით იწყებოდა. არა მერკელით, არამედ ვენეციიდან, ამ ოთახიდან „გადაგორებული“ სიახლეებით.
და ბოლოს ასუნტა, სანამ დროებით დაგემშვიდობებით.
Basilica di Santa Maria Gloriosa dei Frari, რომელსაც ვენეციაში უბრალოდ ფრარის ეძახიან, აგურით ნაშენი გოთური სტილის ბაზილიკაა (1250-1338), ერთ-ერთი დაუვიწყარი ადგილი ვენეციაში. აქ მოსულს ტიციანის Assumptio Beatæ Mariæ Virginis – ღვთისმშობლის ამაღლება, იგივე ასუნტა (Assunta – იტ. ამაღლებული) ანდამატივით მიგიზიდავთ. საკურთხევლის იკონოგრაფიის თვალსაზრისით საეტაპო მნიშვნელობის ნამუშევარი, რომელიც მსოფლმხედველობით ძვრას ასახავს, რელიგიური ნამუშევრის დოგმების მიღმა გადის და მარიამის მიწიერ, ცოცხალ, დინამიკურ სხეულს წარმოადგენს, რომელიც წითლად ელავს საკურთხეველში და დიდი ხნით გატყვევებს. არადა იქვეა ბელინის ღვთისმშობელი ყრმით, დონატელოს იოანე, მაგრამ ასუნტას ვერ მოწყდები.
P.S. გამოსვლისას არ გამოგრჩეთ, რომ ვენეციური სკოლის მამა – ტიციანი ამ ფრარიშია დაკრძალული.