fbpx

უკრაინაში მოვხარშოთ ყავა – რეპორტაჟი


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხო ნერგაძე

 

გამგზავრებამდე

კიევში შემთხვევით აღმოვჩნდი. არა, ეს ის შემთხვევა არ არის, მეგობრებთან ერთად რომ დათვრები და  ბათუმში გაიღვიძებ, ან რომელიმე საყვარელ სოფელსა თუ ქალაქში. 

ომის დაწყების პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ეს ომი ჩემთანაც დაიწყო, მერე რა, რომ კიევში სულ ერთხელ ვიყავი ნამყოფი და ისიც გავლით და მერე რა, რომ არცერთი უკრაინელი ახლო მეგობარი არ მყავს, არც ისტორიულ დიდ ჯაჭვს ვგრძნობ, სკოლაშიც არ გამოუჭედავთ ყურები უკრაინაზე და მის ისტორიაზე მოყოლით და, მეტსაც გეტყვით, კიევურ ტორტთანაც კი არ მაკავშირებს ნაზი გრძნობები.  მაგრამ ეს ომი ჩემია, როგორც ის სიყვარული, რომლის ახსნაც გინდა და ვერ აგიხსნია. ვერ აგიხსნია იმიტომ, რომ გულწრფელ სიყვარულს ახსნა-განმარტება არა აქვს, უბრალოდ არის და მორჩა. 

პირველ დღეებში ბრძოლისთვის ვემზადებოდი, ჰუმანიტარულ დახმარებას ვფუთავდი და ბრაზს და უმოქმედობის განცდას ამით ვიქარწყლებდი. თუმცა ამას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი ჰქონდა პროგრესირებადი ავადმყოფობისას. ავადმყოფობის პროგრესს, სამწუხროდ, წინ ვერ აღვუდგები. ყოველწამიერად მკლავს სირცხვილის გრძნობა, რომელიც თითქოს არ უნდა მქონდეს, მაგრამ ჩემია და ჩემი შვილების, მათი შვილების და შვილთაშვილების. ამ სირცხვილს კი ოცდაათიოდე მარტივი ბაცილა აფრქვევს, იმდენად მარტივი, რომ ცოტა საწყენიცაა, შვილებს უთხრა, ნახე, ნახე, რა მოგვიტანეს, ახლა მთელი ცხოვრება უნდა ატარო, როდესაც გაიზრდები, მერე შენს შვილს აჩუქებ, ის კი თავისასო. ბაცილები კი შეეცდებიან, სირცხვილი ტკბილ ნამცხვრად მოგაჩვენონ. მაგრამ ყველა ჩინური ქიმიური  ლაბორატორია ამ მიმართულებით რომ ააწყო და ასიოდ წელს ამუშაო ამ პროექტზე,  ერთსა და იმავე გემოს მაინც ვერ მიიღებ. შეიძლება ბრაზმა, ტკივილმა ან ყელში გაჩხერილმა ბოღმის გორგალმა სიამოვნების რაღაცნაირი ფორმა მოგგვაროს. მაგრამ სირცხვილს ეს არ შეუძლია – სირცხვილი მწარეა: ჯერ კეფაზე გაწვება, შემდგომ გულზე, კუჭთანაც მივა და ბოლოს ოთხივე კიდურისკენ ერთდროულად იშლება. ზოგ შემთხვევაში ისე ძლიერ, რომ ეს ერთ-ერთი კიდური ლოყის ან შუბლისკენ მიემართება. შეუძლებელია ამ გრძნობით ტკბობა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევას, რომლებსაც სათვალავში ვერ ჩავაგდებთ.

არა, ამ სირცხვილისთვის მზად არა ვარ და არც იმისთვის, შვილს როგორ ავუხსნა, მეგობრებს ზურგი ვაქციეთ იმის ყვირილით, ყველამ თავის თეფში გარეცხოსო.

მე ვიცი, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, ადამიანს ვერ მოვკლავ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ რაღაც სასწრაფოდ გასაკეთებელია. შეიძლება ბინტის გადახვევა გამომივიდეს – სისხლის არ მეშინია,  დრონის მართვა ვისწავლო და დაზვერვა შევძლო ან ექსელის პროგრამა ვისწავლო ექსტერნად და სადმე ჰუმანიტარულ მოხალისედ გავმწესდე. ამასაც თუ ვერ შევძლებ, ყავას მაინც მოვუდუღებ ვინმეს. თან ყავის საუკეთესოდ მოხარშვა მასწავლეს ლიზამ და საშკამ მოყოლით, ერთი-ორი მეგობარი დამეთანხმება. 

იმ დღეს, როდესაც ჩემს თავს უკრაინაში ყავის ხარშვაზე შევუთანხმდი, მივხვდი, რომ შემიძლია, ვაკეთო ის, რაც მიყვარს და მსიამოვნებს, კერძოდ კი ვწერო. დავწერო ის, რაც ხდება აქ, ჩემ გარშემო. ეგებ ვინმე დააინტერესოს. 

გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირს, მაგრამ ერთი რამ შევნიშნე. მისი მიღება, რა ძნელიც არ უნდა იყოს, ზუსტად ისეთივე მარტივია. ძილის წინ ასჯერ თუ ათასჯერ გადამუშავებული ოცნებანარევი ფიქრი მყარდება და მკვრივი ხდება. სიმკვრივის ამ ფორმას კი თავისი  სახელი აქვს და ჰქვია „ხვალიდან“. დილამ და მტკიცე გადაწყვეტილებამ გამოსავალზე ფიქრი დაიწყო – არაფერი არ მქონდა, რაც აქ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა: არც მობილური ტელეფონი, ურომლისოდაც თავს ლეონარდო დი კაპრიოსავით ვგრძნობდი, „ტიტანიკის“ ქიმზე დგომისას კეიტ უინსლეტს ფრთების გაშლას რომ ასწავლიდა, საქართველოს ბანკი ყოველდღე მირეკავდა, ოცდაცამეტი თეთრის ოვერდრაფტი გაქვს, რას დაეთრევი ავტობუსითო და ჭავჭავაძეზე დაგებული ძვირფასი  ფილები მუდამ მახსენებდნენ, ბათინკები კი მახინჯია, მაგრამ სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროო. სამივე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა და კიდევ ერთი-ორი სხვა, ყველაფერს თავის ადგილს უჩენდა. მაგრამ რამდენიმე მეგობრის დახმარებით ყველაფერი შეიცვალა. არა, ვერ ვიტყვი, რომ ერთ საღამოს თითის ერთი გატკაცუნებით  სამზარეულოს დიდ მრგვალ მაგიდასთან გაჩნდა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა, ვინც რა შეძლო, ის გაიღო. გონებაშიც მოიხაზა ის ძირითადი გეგმა, რაც უკრაინაში უნდა გამეკეთებინა ან გამეშუქებინა. 

დასაწყისისთვის ვიფიქრე, დომენიკ მანგოს შეგროვებული ხალხს ლვოვში მოვინახულებ, შემდგომ კი ივანო-ფრანკოვსკთან პატარა ქალაქში მიმავალ ქართველ ექიმებთან ჩავალ, ამასობაში კი გამოცდილებასაც შევიძენ,  გამბედაობასაც და შემდგომ უფრო თამამ ნაბიჯებსაც გადავდგამ-მეთქი. მარტო თვითმფრინავის ბილეთი და რომელიმე ქალაქში მასპინძლის პოვნა იყო საჭირო. საზღვარი პოლონეთიდან უნდა გადამეკვეთა. ვარშავაში ერთი კარგი მეგობარი მეგულებოდა, რომელმაც მასპინძლობის გარდა მეგზურობაც შემომთავაზა, რამაც გამათამამა. მაგრამ ვარშავაში მიმავალი თვითმფრინავის ბილეთი იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე ჩემი ჯიბე გაუძლებდა. არ დავიზარე და პოლონეთის მოსაზღვრე ქვეყნებში მყოფი ქალაქების სიას დავხედე რუკაზე. თან ვფიქრობდი, მიხო, სკოლაში ისტორიის გარდა გეოგრაფიაც უნდა გესწავლა-მეთქი. თბილისი – პრაღა, პრაღა – თბილისის ბილეთის ფასი შედარებით მიმზიდველი გამოდგა. იმაზე უფრო იაფი, ვიდრე ვარშავამდე ერთი გზა. თვალის დახამხამებაში ვიყიდე. ვიყიდე რა, აქაც მეგობარი ჩავრთე საქმეში და მაუსის წკაპუნი მას მივანდე. ნდობით აღჭურვილმა პირმა სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ ეს ბილეთი გინდაო. მეც მტკიცედ დავდექი ჩემს აზრზე. მიუხედავად იმისა, რომ,  ვიცი, მეგობარია და მიფრთხილდება. საფოსტო ყუთმა – თქვენს სახელზე წერილიაო. ამაზე ისე ვინერვიულე, რომ ძილი მალევე მომერია და გავითიშე. 

მომდევნო დღეს დავიწყე აქტიური მომზადება და საჭირო ნივთების შეგროვება ან შეგუება იმ ფაქტთან, რომ რაღაც ნივთები არ მაქვს და არც მექნება. თბილისში არსებული ბევრი პასუხისმგებლობა საღამომდე გადავჭერი, ზოგიერთზე კი თვალი დავხუჭე. 

თვალების ორდღიან ხუჭვას აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში მოვრჩი, თვითმფრინავის ბილეთს დავხედე და გავშრი. იმისთვის, რომ ვარშავაში აღმოვჩნდე, ჯერ ვარშავაში უნდა ჩავფრინდე, იქ ათი საათი დავყო, შემდგომ პრაღისკენ ავიღო გეზი და იქიდან ავტობუსით დავბრუნდე ვარშავაში. განგებამ მრუდე გზა არ მაკმარა და შანოს პირით მაუწყა, მანგო სატანიზმის ბრალდებით გამოაჭენა რუსულმა მედიამ და დანაყოფის დატოვება მოუწია, ჩვენ კი ქართულ-უკრაინულ დანაყოფს შევუერთდით და კიევისკენ გადმოვინაცვლეთო. შანო კარგი ბიჭია, ჩემი პირველი ნაცნობ-მეგობარი, რომელმაც თქვა, უკრაინაში უნდა წავიდეო და წავიდა. მისგან ველოდი რაიმე სასაცილო ამბის მოსმენას ფრონტიდან. ექიმებსაც შეეცვალათ გეგმა და ორი დღით გვიან აპირებენ წასვლას თუმცა ეს უკვე ვარშავაში შევიტყვე. რისთვის მივდივარ, ცოტა გაუგებარი ხდება. უმიზნოდ ომში წასვლა სისულელეა, აბსურდი, უაზრო თვითმკვლელობა და სრული სიგიჟე. 

თუმცა რამის მოფიქრება შესაძლებელია. საჭიროა, მიზანი დაისახო და მთავარი გზაში მოხდება, აი, როგორც ფილმშია „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“. იქ ხომ ჯონი დეპის და ბენისიო დელ ტოროს გმირები  რბოლის გასაშუქებლად მიდიან, მთავარი კი გზაში ხდება.  შენც ეგრე უნდა მოიქცე, იმ განსხვავებით, რომ ნარკოტიკების და გართობის ადგილი იქ არ არის – ეს ჩემმა ძმამ მირჩია.

 

გამოსავალი – პოლონეთი

 თბილისი – ვარშავა, ვარშავა-პრაღა. თხუთმეტსაათიანი მგზავრობაა ბილეთის ფასის ადეკვატური დისკომფორტით და დაღლილობით. ვარშავაში, ბედად, მოვიფიქრე, კიდევ ერთი მეგობრისთვის  მიმემართა და ღამის გასათენებელი მეთხოვა. ღამითაც დამიტოვა და ქალაქში თხუთმეტკილომეტრიანი წრეც შემომატარა. თან საინტერესოდ მიყვებოდა, სად რა შენობა დგას, რომელს რა ჰქვია და რატომ. მეორე დღეს კი ავტოსადგურისკენ მიმავალი გზა დამილოცა.

ჯერ კიდევ თბილისში ვფიქრობდი, რომ ყოველი დღე აღმეწერა და თქვენთვის გამეზიარებინა. ამისათვის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიმავალი ავტობუსი სრულიად შესაფერისი ადგილია პირველი შთაბეჭდილებების მოსაყოლად. ვიტყოდი, რომ ჩემს გამოყლევებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ლეპტოპის დამტენი პრაღაში დავტოვე. რა მექნა, ისევ შევეგუე ბედს და ინტერნეტის და ვორდის ფაილის გარეშე ჩავედი ვარშავაში. იქ კი ირაკლი დამხვდა მეგობარი, ვისთან ერთადაც გავატარებ რამდენიმე დღეს და შემდგომ ერთად წავალთ ომში. ის რამდენიმე დღე  უფრო ჩქარა გავიდა, ვიდრე წარმომედგინა და ომში წასვლის გეგმებიც უფრო სხვანაირი გახდა, ვიდრე მანამდე ვფიქრობდით. საბოლოოდ კი მივხვდით, რომ ერთს მეორის გეგმა არ მოგვწონდა და მეორეს – პირველის. საშუალოზე შეთნხმება კი ვერ შევძელით. 

ჩემდა ბედად გავიგე, რომ გიგა მაქარშვილი ათი დღეა, სადღაც სადგურზე დგას და დევნილებს ეხმარება. მივწერე იმ იმედით, რომ ეგებ ამ ათი დღის განმავლობაში რამე სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეძლო და გაზიარების სურვილი ჰქონდეს. საიდანღაც ნომერიც გავიგე და დავურეკე. ქოშინით მითხრა, ახლა ყუთებს ვათრევ და ცოტა ხანში გიპასუხებო. მართლაც მალევე გამოჩნდა, სადგურის სტარბაქსში დამითქვა შეხვედრა და  მსოფლიოს ნაქებ ჩემს პირველ ყავაზეც დამპატიჟა. ყავამ არ გაამართლა. მართლა. ლიზამ და საშკამ თხრობით უფრო გემრიელი ყავა გამიკეთეს, ვიდრე ამ სახელგანთქმულ ქსელში აქვთ. სრული იმედგაცრუება! სამაგიეროდ, გიგასგან გავიგე, რომ ეს ორი დღეა, სადგურები აღარ არის გადატენილი უკრაინელი დევნილებით. პოლონეთი ლოჯისტიკას გაუმკლავდა და მშიერ ან უსახლკარო ლტოლვილს კანტიკუნტად თუ შეხვდები. ავტობუსებით ჩამოჰყავთ და მალევე არიგებენ აქეთ-იქით: სახლებში, ქალაქებში, ქვეყნებში.

ამ ორი ქვეყნის დედაქალაქების თითქმის ყველა მეტროს სადგურთნ დგას კარავი, სადაც დევნილებს დახმარებას უწევენ, ღამის გასათევით დაწყებული და სამსახურით დამთავრებული. თუმცა ომი არსად არ იგრძნობა. შეიძლება ვცდები და არასწორ ნიშნებს მივაქციე ყურადღება, ან ენობრივმა ბარიერმა შემიშალა ხელი, მაგრამ ომი იმდენად არ ჩანს ხალხში, რომ მეც ნელ-ნელა გამიქრა ეს ფორიაქი და სირცხვილი. რამდენიმედღიანმა ევროპამ გამაღიმა და ტინდერის აპლიკაციის ჩართვის ლეგიტიმურობაც გამიმყარა. მოვეშვი, მოკლედ რომ ვთქვა. გიგა თავის ამბებსაც მოჰყვა – როგორ ჩავიდა ვარშავაში თბილისში შეგროვებული 6 000 ლარით და ამ ფულით პამპერსები იყიდა, შემდგომ კი ქართველი ემიგრანტების დახმარებით დევნილებს ყოველდღე ხან ქართულ პურს ურიგებს, ხან ღვეზელს და, ვინმეს თუ გაუმართლა, იმას ხაჭაპურიც შეხვდება.  თან ქართველი ხალხის სახელით შვრება ამას. ყავის სმას რომ ვამთავრებდით, შემომთავაზა, საზღვართან გამყევი, ერთი ბათუმელი გოგო ძმას ეძებს, სადღაც საზღვარზე უნდა იყოს და რამე ინფორმაცია მოვიპოვოთო. ბევრი არ მიფიქრია, უმალ დავთანხმდი. გიგა მეორე დღეს სისხამ დილით ადგება, რომელიმე ჯიგარ ემიგრანტს მანქანას გამოართმევს და წავალთ. 

გიგას სისხამი არ ვიცი, როგორი იყო და მე ცქმუტვამ გამაღვიძა. საკუთარი თავისთვის დათქმულ დროზე ადრე ავდექი და შეხვედრის ადგილასაც ორი საათით ადრე მივედი. სადგური სავსე იყო მძინარე დევნილებით. ყავა და მზა სენდვიჩი ვიყიდე იქაურ კარფურში, დიდი დარბაზის  ერთადერთ თავისუფალ ადგილზე მოვკალათდი და სენდვიჩის შეფუთვასთან დავიწყე ძიძგილაობა. პირისპირ ოქროსფერთმიანი  გოგო იჯდა  შუშის თვალებით, მარცხენა ყვრიმალზე კი ჩალურჯებულ ადგილს ტუალეტში გაკეთებული მაკიაჟი ვერ უმალავდა. თუმცა ჩალურჯება მას მერე შევნიშნე, რაც ხანგრძლივი გამჭოლი მზერის შემდგომ ნერწყვი გადაეყლაპა. დიდხანს მოვუნდი იმის გააზრებას, რომ რაღაც უნდოდა. ვიცოდი, რომ შეეძლო, სადგურთან მდგომ უზარმაზრ თეთრ კარავში ეჭამა, როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა. დიდსულოვნად გავუწოდე Შუაზე გაჭრილი სენდვიჩის ნახევარი, მაგრამ იუარა. ავდექი გავიარ-გამოვიარე და რატომ მივხვდი ან როგორ, არ ვიცი. ყავა უნდოდა, გემრიელი ყავა და არა თურქულ „კოფეზე“ დასხმული ცხელი წყალი. გვერდით დარბაზში მაკდონალდსის ყავა ვიყიდე და დავბრუნდი. ისევ იმ პოზაში დამხვდა შორს მიმართული მზერით. ამჯერად უარი არ უთქვამს, რუსულად ჩაილუღლუღა მადლობაო და ნაძალადევად გაიღიმა, ლოყაზე კუნთის დაჭიმვისას აშკარად შეეტყო ტკივილი. მაკიაჟი ტკივილს ვერ უმკლვდება, არ ფარავს. 

გიგა სამი საათის დაგვიანებით გამოჩნდა, მანქანა ქალაქგარეთ იყო და ამინდი – საუცხოოდ ცუდი. ბათუმელი გოგოც თან ახლდა: თინა, გაიცნი მიხო, მიხო, გაიცანი თინა. 

თინას ძმა გიო ომამდე რამდენიმე თვით ადრე ინკლუზიური ბავშვების მოხალისე მომვლელად წასულა ევროპაში. ომი რომ დაიწყო, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან წავიდა და იქ დაიწყო მოხალისეობა. ნაწყენია თინაზე და არ ელაპარაკება, თინა კი ნერვიულობს, ეძებს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, ცოცხალია და, წესით, კარგად უნდა იყოსო. ნაწყენი რატომაა, ნუ მკითხავთ, არ ვიცი და არცაა ჩემი საქმე. 

ვარშავიდან ჰრებენში თუ ხრებენში უნდა ჩავიდეთ. პოლონეთ-უკრაინის  მთავარ გამშვებ პუნქტთან. საომარ პირობებში პოლონეთმა ყველა  საზღვარი გაუხსნა უკრაინას და მარტო ამ რეგიონში აამოქმედა ექვსი გამშვები პუნქტი. Ჩვენ ჯერ ხრებენში უნდა ჩავაღწიოთ და იქ გავიგოთ, ძმა როგორ მოვძებნოთ. ამინდი ისე გაუარესდა გზაში, რომ გადავწყვიტეთ, სადაც შევძლებდით, იქ გაგვეთია ღამე. Airbnb მოვიმარჯვეთ. პირველმა მე ვიპოვე ძალიან ლამაზი კოტეჯი ტბის პირას, ქალაქ ჰლემთნ $33.75-ად. საუკეთესო არჩევანი იყო – ან ვარიანტით  150 დოლარი უნდა გადაგვეხადა, ან 65. თან იქვე გავჟმოტდი და თინას და გიგას ვთხოვე, ღარიბი მწერალი ვარ, ეგებ სამად გავიყოთ-მეთქი. უარი არ უთქვამთ, თუმცა კოტეჯის პატრონმა მომწერა, აქ გათბობა გაფუჭდა დ გთხოვ, გააუქმო ჯავშანიო. მე კი გავაუქმე, მაგრამ კომპანიამ მალევე მაუწყა, ორ კვირაში მობრძანდი ანაზღაურებისთვისო. შემდეგი ჯერი გიგაზე მიდგა. არ დაიზარა და შემთხვევით დაჯავშნა სადღაც ვროცლავთან, ქვეყნის მეორე ბოლოში. ჩემგან განსხვავებით, გიგას უთხრეს, შენ  ორშაბათს დაგიბრუნებთო. მერე თინას ჯერი დადგა. თინამ კი  – მოდი, ეგებ ცოცხლად გავიგოთ რამე ამბავი და ბენზინგასამართ სადგურზე ვიკითხოთო. ჭკვიანი გოგოა ან ჭარბი ინტუიცია აქვს, ანდაც ორივე ერთად. ბენზინის სადგურზე თეთრი მიკროავტობუსი გაჩერდა, უკრაინის და პოლონეთის დაძმობილებული დროშებით და ჰუმანიტარული ტვირთის ნიშნებით. მანქანიდან 65 წლამდე ასაკის „დ’არტანიანი“ გადმოვიდა გვარდიელის ბერეტით და მაღაზიისკენ წავიდა. რამდენიმე წუთის შემდგომ ათინა და დ’არტანიანი ერთად გამოვიდნენ მაღაზიიდან და მანქანას მოუახლოვდნენ. თინამ წარმოგვიდგინა თავისი ახალი ნაცნობი, ეს რობერტოაო თან გვახარა: მგონი, ნორმ სასტუმრო იცის იაფად და მიგვაცილებს კიდეცო. რობერტო დ’არტანიანმა ჩემს კისერზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატი შენიშნა და მკითხა, ვინ ხარო. სანამ „დამოუკიდებელი ჟურნალისტი“ ამოვღერღე, თინამ დამასწრო, ეს მიხოა, კიევში მიდისო. არადა არ მივდივარ, ჯერ მხოლოდ ვფიქრობ. ცოტა არ იყოს, მეშინია. ასე მაქვს წარმოდგენილი: საზღვარს დავხედო, ვარშავაში დავბრუნდე, შემდგომ ისევ საზღვარი და რამდენიმე დღე ლვოვში, ამასობაში ივანო-ფრანკოვსკთან ჩავლენ ექიმები და წავალ მათთან – „საუკეთესო სიუჟეტია“. რობერტოს ბევრი კითხვა აღარ დაუსვამს, მხოლოდ ის მითხრა, დილის რვა საათზე საზღვართან თუ დამხვდები, კიევში ჩაგიყვანო. არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად რვაზეო. მოულოდნელად ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. არა, შეგრძნება სხვანაირი იყო,  არ ჰგავდა ათასგზის გავლილ უცნობი თავგადასავლის მძაფრ შეგრძნებას. Უფრო ის იყო, ბავშვობაში  სათავგადასავლო წიგნს რომ ჩაუჯდები და მთავარი გმირი სადაცაა, ცხოვრების მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და მთელი გულით  გულშემატკივრობ და თავს მასთან ერთად გრძნობ.

რობერტომ სასტუმრომდე მიგვაცილა, ჰოლში მდგომ გოგოსთან თარჯიმნობა გაგვიწია და ფასდაკლებაც გაგვიჩარხა. სასტუმროში მხოლოდ ერთი ოთახი აღმოჩნდა თავისუფალი, დანარჩენები ჟურნალისტებს და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ დაკავებული. სხვა გზა არ იყო, უნდა დავჯერებოდით შეთავაზებას. ახლომახლო ქალაქებში ყველაფერი დაკავებულია, გარეთ თოვს და ქარბუქია. რობერტო კიდევ ერთხელ დაგვემშვიდობა – რვა საათზე იქ იყავი, არ დაგელოდებიო.

“ფასდაკლება“ „ფასმატება“ გამოდგა – რატომღაც 160 ზლოტის მაგივრად (ფასები კედელზე იყო გაკრული) 190 გადაგვახდევინეს. სამაგიეროდ, ნომერში ორი ოთახი აღმოჩნდა და ყველაზე ვიწრო ლოგინები, რაც კი ოდესმე მინახავს, აი, ბრეზენტის მწვანე საკაცე ოდნავ რომ დააგრძელო. თუმცა ვინ ჩიოდა, ოცი წუთით ადრე სკამზე, მანქანაში ან რომელიმე ბენზინგასამართი სადგურის კაფეში დარჩენას განვიხილავდით. თინამ  ჩაიდანი აადუღა, გიგამ კი ტელევიზორიდან გამოშვერილ იაფფასიან საიდუმლო კამერას მიაგნო.  წითელი ნათურა ჩვენთვის არ იყო განკუთვნილი, მაგრამ გიგას „სიფრთხილის თავის ტკივილი“ იმდენჯერ აქვს გადატანილი, რომ გამოაძრო და სიცილით იქვე სადღაც  შეტენა. მაღვიძარა ექვს საათზე მოვმართეთ და ეჭვი მაქვს, სამივეს ერთდროულად დაგვეძინა. 

ნეკნებთან ვიბრაციის შეგრძნებამ გამაღვიძა, ტელეფონი შვიდის ნახევარს გვაუწყებდა და  აშკარად მამცნობდა, რომ ვიგვიანებდით. ყვირილ-ყვირილით წამოვყარე ორივე, თინას ჩაკეტილ კარზე ბრახუნი ავუტეხე და გიგას – პასიურ-აგრესიული ტონით დავუწყე შერცხვენა, საზღვარზე როგორ მაგვიანებ-მეთქი. თუმცა მალევე მივხვდი, რომ  რობერტოს ვეღარ მივუსწრებდი და ისევ პირველ გეგმას უნდა დავბრუნებოდით – თინას ძმა გვეპოვა.  

ყველაზე ახლოს ჰელმის გამშვები პუნქტია, ყველაზე შორს – ხრებენისა, რომელიც ლვოვთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე გადის. გეგმის თანახმად რამდენ გამშვებ პუნქტსაც მოვასწრებთ, იმდენი უნდა მოვიაროთ – საღამოს ექვს საათზე მანქანა პატრონს უნდა ჩაბარდეს. პატარა ტაქსოპარკი აქვს მფლობელს და მძღოლებს პურის ფული სჭირდებათ. 

ჰელმის გამშვებ პუნქტთან, სოფელ დოროშუკში  მოხალისეებს გამოველაპარკეთ და ვუამბეთ თინას გასაჭირი. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ ასეთ კოორდინირებულ კავშირს ვერ წარმოვიდგენდი. სასაზღვრო პოლიციამ, უბრალოდ პოლიციამ, მოხალისეებმა – ყველამ თავისი არხით დაიწყო გიორგის ძებნა. ბოლოს ერთ-ერთმა – ჰელმში მიდით ლტოლვილების გამანაწილებელ პუნქტში, იქ უფრო მეტ ამბავს შეიტყობთო. მოძებნა არ გაგვჭირვებია – რაიონის საბავშვო კულტურის ცენტრში აქვთ გამართული მთავარი პუნქტი, შემთხვევით გამოვიცანი რომ საბავშვოა – უნიტაზები იყო დაბალზე დაბალი.  მისვლისთანავე ჯერ გამარჯობა გვითხრეს, შემდეგ ყავა და ჩაი შემოგვთავაზეს, მართალია, პოლონურად, მაგრამ ჩვენ გავიგეთ. ინგლისურის მცოდნე მხოლოდ ერთი კაცი აღმოჩნდა, საშუალო სიმაღლის, თეთრი წვერით. კეფას და ზურგს კოვბოის შლაპა უფარავდა. სანამ ფეხებზე დავხედავდი, კაზაჩოკები მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ უბრალო ბათინკებმა იმედი გამიცრუა. მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ეზოს ეტყობოდა ათასობით ტრაგედიის მაცნე ბორბლების კვალი. მიგვითითა, კაფეტერიაში შედით და იქ დამელოდეთო. ეზოში ფოტოების გადღება არ შეიძლებოდა მაგრამ კაფეტერიაში ერთი-ორი უხეირო ფოტო გავაჩხაკუნე. ორ საათს ველოდეთ, რადგან ეს დრო გადაანაწილა ყველას მოვლა-პატრონობაზე. ჯერ ჩვენი ამბების ნაწილი გვკითხა, შემდგომ ერთ ტალახში ამოვლებულ მიკროავტობუსს დაუთმო დიდი დრო. მძღოლი ჩაცმულობით მღვდელს ჰგავდა და საქარე მინაზე ხატებიც მრავლად ჰქონდა გამოკრული. რამდენიმე ბავშვი და ორი ქალი მოიყვანა. ერთმანეთს ტირილით დაშორდნენ. მღვდელი ცდილობდა, მგზავრები დაემშვიდებინა და თვალზე ცრემლს არ იმჩნევდა. ვითომ არაფერი.

შენობის შიგნით ტკბილეულით სავსე კაფეტერიაა, გარეთ ერთი-ორი სამოქალაქო მანქანა და პოლიციის უამრავი შემადგენლობა. არც მე ვარ დიდი მორწმუნე. არა, ამ კაცისგან ჩემზე ნათელი არ გადმოსულა. თუმცა ალბათ ეს სიტყვა, „ნათელი“ პირობითია და სასწაულის ვალდებულებას არ აღნიშნავს – უფრო რაღაც სხვა გრძნობებისა თუ აზრების განმტკიცებას, რაც უდავოდ მოხდა. გამახსენდა, თბილისში რას ვფიქრობდი, როგორ და რატომ. წინა ღამით მომსკდარი ადრენალინი ისევ მომაწვა. ტელეფონმა კი როგორღაც შეძლო სიგნალის დაჭერა (სიგნალს ახშობენ საზღვრებთანაც და მკვეთრად ცხელ წერტილებში). რამდენიმე მესიჯი ერთად მოვიდა. ერთი ჩემი ნაცნობის, ნინასგან იყო . ცოცხლად სულ ერთხელ ვნახე და ისიც, საუკეთესო ვიყავიო, ვერ ვიტყვი. მაგრამ მიმოწერა გვაქვს დროდადრო. ვიცოდი, რომ კიევში ცხოვრობდა ერთხანს და, როდესაც ვარშავისკენ მიმავალ გზას დავადექი, მივწერე, ვინმე მეგობარი ხომ არ გყავს კიევში, ვინც  რამდენიმე დღით ჩემს შეფარებას შეძლებს-მეთქი. წესით, კი უნდა იყვნენ, მოვიკითხავო და გაქრა. ერთი-ორჯერ  მივწერე, დიდი ბოდიში, any news და ეგეთები, მაგრამ პასუხს არ მცემდა. ახლა კი უცებ მიგზავნის ტელეფონის ნომერს და ფბ გვერდს, ტექსტით, მისწერე, გელოდებაო.

მაგალითი რომა – ასე ჰქვია ქართულად მის კედელს. ნინასაგან დამატებით მხოლოდ ის ინფორმაცია მივიღე, რომ უპატრონოდ დარჩენილ ძაღლებს უვლის. დაუფიქრებლად დავრეკე. რამდენიმე ფრაზის გაცვლის შემდგომ შევთანხმდით, რომ მელოდება მომდევნო დილისთვის. სანამ მე ნინას და რომას ველაპარკებოდი, თეთრწვერიანმა კაცმა მთელი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას და მათთან თარჯიმნობაც გაუწია გიგას და თინას. თინა კმაყოფილი იყო შედეგით, ან იქნებ ჩემი განწყობა მაძლევდა ასე ფიქრის საფუძველს. გიგას ხებრენში წაყვანა და საზღვართან დატოვება ვთხოვე. უარი არ მითხრა, თუმცა გზა ორას რამდენიღაც კილომეტრით დავუგრძელე.                                     

“ჰუმანიტარული ტვირთი”

საზღვართან დამტოვეს თუ არა, ბავშვური ადრენალინი მტკიცე გადაწყვეტილებად მექცა, ჩავალ და დავწერ იმათზე, ვინც დარჩა და ქალაქი არ დატოვა-მეთქი. ლვოვამდე წაყვანა ჯერ თეთრი შკოდის მძღოლს ვთხოვე. ზრდილობიანად მიპასუხა, სამხედრო აღჭურვილობა გადამაქვს, ვერ წაგიყვანო. შემდგომი მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით იყო სავსე. ჰუმანიტარულ მანქანას ინტერნეტკაფეს სუნით აყროლებული ყვითელი მიკროავტობუსი მოჰყვებოდა. სუნი არ მიგრძნია, მაგრამ დავინახე, აწეულ ფანჯრებში სიგარეტს ეწეოდნენ და, სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან გობელენისმაგვარი მატერია იყო აკრული. მიკროავტობუსს კი მოჰყვებოდა  მერსედესის რომელიღაც ჯიპი (მანქანებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს აშკარად მეტისმეტად ძვირიანი იყო) საჭესთან კი Carrie Mathison-ის მსგავსი გოგო იჯდა. მის საქმიან პიჯაკს და მზერას რომ შევხედე, ვერც კი დავუშვი, რომ შეიძლებოდა, წაყვნა მეთხოვა,  უბრალოდ ჩავუარე. თვითონ დამიძახა, მკითხა, სად მიდიხარო და ოკ I’ll take you there-ო. ლვოვამდე ბევრი ვილაპარაკეთ. ალა ჰქვია. თვითონ ლვოველი აღმოჩნდა. ქმარი ქალაქში დარჩა, მე კი ბავშვები გავხიზნეო. ფეისბუკები გავცვალეთ. რუსულად 2014-ის მერე არ ლაპარაკობს და, მგონი, არქიტექტორია. სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომლის გაშვება მოუწია და ამაზე წუხს. ბანანით გამიმასპინძლდა და დამშვიდობებისას  ორცხობილას შეკვრაც ჩამიტენა ჩანთაში – მე არ მინდა და შენ გზაში გამოგადგებაო.  რკინიგზის სადგურში დროზე ადრე ამოვყავი თავი და გადავწყვიტე, რომასთვის მეცნობებინა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ ვერ შევძელი. ტელეფონი არცერთ ჯიბეში არ არის. ალბათ გახსოვთ ის გრძნობა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ნივთს კარგავთ: დიაფრაგმა ჩერდება, ზურგზე ცივი ოფლი გასხამს შუბლი კი წნევას გრძნობს, ზოგ შემთხვევაში მუცელიც ბუყბუყს იწყებს. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან არცერთი არ მეწვია. არადა, ასეთ დროს ძალიან ნორმალურია, რომ დაიძაბო.

დევნილებით  სავსე დარბაზებში ლეპტოპის დამტენს ვერსად შეაერთებ რომლის მოძიებასაც ვარშვაში ორი დღე და დარჩენილი ბიუჯეტის მეოთხედი მოვახმარე. ყველა შტეფსელში დამაგრძელებელია შეერთებული და ამ დამაგრძელებლებზე – ტრაინიკებად წოდებული სამკაპები.  არამგონია, ვინმემ დამითმოს. თუმცა ბუფეტის დახლთან „წიოწენკა, პამაგიწე, უ მენია ემერჯენსი სიტუაცია“-მ ეგრევე გაჭრა. ვიღაცა მოხალისემ კი ტელეფონიდან ინტერნეტი გამიზიარა, რაც საბოლოოდ ალას ქმრის ხილვით დაგვირგვინდა – ტელეფონი დამიბრუნა და ღიმილით მითხრა, საომარი მდგომარეობა რომ არა, ვიფიქრებდი, ძალით დატოვეო.  

კიევისკენ მიმავალ მატარებლებზე წეწვა-გლეჯაა, ოღონდ რატომ, ვერ მივხვდი. მარტო სამი ეშელონი ცხრიდან ათამდე გადის, ერთიც – თერთმეტზე. თერთმეტსაათიანი მატარებლის არსებობა ერთმა სამხედრომ მითხრა. სადგურის შესასვლელთან იდგა გამხდარი საშუალო სიმაღლის კახური ქუდით, ერთი ფენა შავი წვერით და არწივისებრი იერით, ცოტა მკაცრიც. მომიყვა, რომ ვეტერანია და რაც ბაცილები მოვიდნენ, მას მერე სამხედრო საქმეს შეეშვა. ახლა კი სამშობლო სხვაგან სთხოვს დაცვას. შევუთანხმდი, რომ მათთან ერთად ვივლიდი კიევამდე. მაინც რა იცი, რა ხდება, საომარი ვითარებაა და რაც არ უნდა რკინის ნერვები გქონდეს, მარტო სიარული  მაინც საშიშია. ასე გამაფრთხილა ყველა ჩემმა კომპეტენტურმა ნაცნობმა. 

ბილეთის რიგში დიდხანს ვიდექი, მოლარესთან კი მატარებლების იმხელა არჩევანი დამხვდა, ცოტა დავიბენი. არჩევანის გაკეთება პურის ყიდვის დროსაც მიჭირს, თუ კონკრეტულად რამე არ დამაბარეს, აქ კი მთელი მატარებელია ასარჩევი, რომელმაც ომი უნდა გაიაროს. ბოლო მატარებელი არსად ჩერდება თერთმეტზე გადის და ყველაზე ძვირიანი ბილეთი აქვს – 650 გრივნა – მთელი 22 დოლარი დღევანდელი კურსით.

ლვოვში ექვსი საათია. ხუთი საათიც და დავიძრები. სადგურში რამდენიმე დიდი დარბაზია, რომელთაგან ზოგიერთი ფართო დერეფნებით ბაქნებს უერთდება. ერთ დერეფანში დიდი ოთახია და რესტორანი ჰქვია. უზარმზარი სარკე აქვს. რესტორანი რომ არ ერქვას, უზარმაზრი სამეჯლისო დარბაზი იქნებოდა ლამაზი კედლებით. საპირისპირო დერეფანსაც აქვს ასეთივე ოთახი. შიგნით შეხედვა რომ გადავწყვიტე, ვიღაცამ – მუჟჩინა, მუჟჩინა, ეტო პლატნი ზალ-ო. დავიბენი არა, უფრო ის დამემართა, რაც არ დავწერე და დავიბენით ჩავანაცვლე. გავღიზიანდი და დავტოვე პამეშჩენიე. თან უზარმაზარ ზურგჩანთას არ ვიხსნი – ჩემს თავს ვაჯერებ, რომ ვვარჯიშობ. სადგურს ბარე თხუთმეტი წრე დავარტყი და „არწივი“ ვეღარსად ვიპოვე.  მერე მორიგი ღერის მოსაწევად რომ გავედი, ისევ იმ ადგილას იდგა. ვიღაც უკრაინელი კაცი მისდგომოდა და მადლობებს უხდიდა. ისევ  გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და „პლატნი ზალთან“ შეხვედრაზე შევთანხმდით. იქ სხვა ვეტერანებიც გავიცანი. ვგრძნობდი,  როგორ მოკვდა ჩემში სნობი. ადრე  თავს ძალას თუ დავატანდი ამ ადამიანებთან სალაპარაკოდ, ახლა კი, პირიქით, ყოველ სიტყვას ვისმენდი, ვცდილობდი, გამეგო, რას ფიქრობდნენ და რატომ ყოველგვარი პარტიულობისგან დაცლილი ძმები. შეიძლება რომელიმეს რამე პარტია მოსწონს კიდეც, მაგრამ მათთვის სამშობლო, პატრიოტიზმი და  ღირსება ტელევიზორიდან მოსმენილი სიტყვები არ არის. ოთო ყველაზე კომუნიკაბელურია,  წითური წვერი აქვს და ცისფერი თვალები. ავღანეთშიც ნამყოფია და სხვაგანაც. ბევრს ეწევა და ყოველ ჯერზე მივყვები. სიგარეტი ეგრე ძალიანაც არ მინდა, მაგრამ საინტერესო მოსაუბრეა, პლუს ამას, ყოველ გასვლაზე მადლობას ვისმენ უკრაინელებისგან. რა თქმა უნდა, ეს მადლობა მე არ დამიმსახურებია,  მაგრამ მაინც ვიფერებ. მსიამოვნებს, ვიღაც ხედავს, ბაცილები რომ არ ვართ. თერთმეტ საათამდე მე, არწივი და ოთო დარწმუნებულები ვიყავით, რომ ერთი მატარებლით უნდა გვემგზავრა, მაგრამ არ გამოდგა ეგრე. ორი მატარებელი მიჰყვა ერთმანეთს ხუთწუთიანი ინტერვალით. 

ვაგონში სიხალვათე დამხვდა და ჩემს კუპეში ბალზაკის ასაკის არ ვიცი და ჟანრის კანონების მიხედვით – გარეგნობით და ჩაცმულობით მილფი დამხვდა. რა უნდა ქნან ქართველმა ჯანღონით სავსე კაცმა და მსუბუქი ეროტიკიდან მოსულმა ქალმა ლვოვი-კიევის მატარებელში? რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე, ისტორიასა და რუსების დედის ტყვნაზე იმდენი ილაპარკონ, რომ მშვიდად დაიძინონ. ირინა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი ქართველ კაცზე და მეორედ აღარ უნდა, თუმცა წელიწადში ორჯერ ბათუმში ისვენებს. ომის დაწყებაც ბათუმში შეიტყო და მოლდოვის გავლით დაუბრუნდა სამშობლოს. ირინა ბუტერბროდითაც გამიმასპინძლდა და სტარბაქსის თერმოსიდან ჩაის მოხვრეპაც შემომთავაზა. 

ირინას ხმამ გამაღვიძა: მიხო, მი პრიეხალი, პრასიპაისა უჟე. ცოტას ფორიაქობს. კუპედან გასვლა მთხოვა, უნდა, რომ ტანსაცმელი გამოიცვალოს. უკმაყოფილება ვერ დავმალე, მაგრამ ვერც შევეწინააღმდეგე. ალბათ სამი წუთი დასჭირდა სექსუალური მილფიდან უხეშ დედაკაცად გადასაქცევად. თუმცა გამცილებლისგან მალევე შეიტყო, რომ კიევამდე კიდევ ერთი საათია, არსაიდან ამოზრდილი ბრჭყალები უკან შეინახა და მითხრა: პო მოემუ ია ვამ დალჟნა კოფეო.

მატარებლის ყველა ფანჯარაზე სქელი ფარდაა  ჩამოფარებული. ჯერ კიდევ ღამით ორივემ ერთხმად დავასკვენით, რომ ფარდები იმისთვისაა დაშვებული, რომ ავიაციამ არ ესროლოს. მართალია, რკინიგზას თავს არ ესხმიან, მაგრამ ჩემ ჩორტ ნე შუწიტ. დღისით ფარდის აწევის უფლება მოგვცეს. ყველგან ბარიკადებია, ქვიშით სავსე ტომრებისგან აღმართული კედლები და სათოფურები, ტანკებისთვის განკუთვნილი წინაღობები, რელსებისგან გაკეთებული ზღარბად წოდებული ფიფქის ფორმის კონსტრუქციები და ყველგან დაძაბული პოლიცია, ალაგ-ალაგ სამხედროებით. ეს რაც შევნიშნე, ირინამ მძიმეზე უმძიმესი ჩემოდანი შემომტენა სათრევად. გაღიზიანებას ვერ ვმალავდი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, თვითონ ვერასდროს შეძლებდა ამ ჩანთის აწევას. მატარებლამდეც ვიღაც ნათესავს უთრევია. სცადა, ნათესაური კავშირები აეხსნა და რაღაც ყვავი ჩხიკვის მამიდას მოჰყვა. ბოლოს შემომთავაზა, დაგტოვებ, სადაც გინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი.

რომას მისამართი არასწორად აქვს მოწერილი და ტელეფონს არ იღებს. ოციოდ წუთი რომას გაღვიძებას მოვანდომე, ოციც – ტაქსის ლოდინს და ათ წუთში რომასთან ვარ. დიდი ბიჭია ბევრი სვირინგით და შიგნაკრავი იდეებით. სახლში დიდი დობერმანი ჰყავს. სახლის კარი გაღებული არ ჰქონდა, რომ საუზმის კეთებას შეუდგა. ტაფაზე ხუთი კვერცხი დაახალა, ერთი დიდი სარდელი შეწვა და მაცივრიდან ერთი კონსერვიც გამოიღო. ა ეტო უჟე გუმანიტარკაო და გადაიხარხარა ფილმებში ნანახი ვიკინგების მსგავსდ, ხელში კათხა რომ უჭირავთ. ბოლოკიც  არ დაინანა. ფუფ, ვინ ჭამს დილის ცხრა საათზე ბოლოკს. ხუთივე კვერცხი სარდელიან-ბოლოკიანად ერთ თეფშზე დადო და წინ დამიდგა, თვითონ არ საუზმობს – ახლა რომ ვჭამო, მერე მთელი დღე უნდა უნდა ვიმსუნაგოო. საუზმის ჭამა ბოლომდე შემეტენა. როგორც კი ვჩერდებოდი, ნაწყენ სახეს იღებდა. მასპინძელს  პირველივე დღეს ვერ ვაწყენინებ, მაგრამ ბოლოკზე კი გავუძალიანდი.

საუზმობისას გამომკითხა, ვინ ხარ, რა ხარ და აქ რა გინდაო. შემდგომ ლინკოლნის გასასეირნებლად შემომთავზა გავლა, თან უბანს წრეს დავარტყამთო. 

ლინკოლნი უზარმაზრ დობერმანს ჰქვია, მარიუპოლიდან გამოიყვანეს. ზურგში ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა და გადარჩა. ახლა მასთანაა, სანამ მისი პატრონი იქაა და აზოვის ბატალიონს მედდად ემსახურება, თუმცა კი ომამდე ვეტერინარი იყოო 

სადღაც ახლოს ლერა ცხოვრობს. გოსტომელში სარდაფში იჯდა სამ კვირას და რომამ გამოიყვანა იქიდან დედასთან – ქალბატონ ელენასთან, ძმა იურასთან და ორ დეიდაშვილთან ერთად – გოგოები არიან, ერთი თვრამეტისაა, მეორე მალე გახდება ოცდაერთის. ლერა  35 წლისაა, ომამდე კომერციული უძრავი ქონების მართვით იყო დაკავებული, ლერას დედა ელენა კი – დიდი კომპანიების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვით, შესაბამისი ფირმაც ჰქონდა. სახლი, აგარაკი, ძვირფასეულობა – რაც კი ჰქონდათ,  ყველაფერი დაკარგეს. 

ომის დაწყებისას ელენა გოსტომელში ჩავიდა, ტყის პირას აგარაკი აქვთ. შემდგომ თავისი შვილები და დისშვილები გაიხმო, იფიქრა, იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიანო. ჯერ სარდაფი გაასუფთავეს, სკამები, ლოგინები და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაიტანეს და იქ გამაგრდნენ. რამდენიმე დღე სარდაფში გაატარეს მაგრამ ამასობაში გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა და სარდაფში ისე აცივდა, დიდი განსხვავება არ იქნებოდა, ბომბი მოკლავდათ თუ ყინვა. ამიტომ ისევ სახლს დაუბრუნდნენ. ერთ ოთახს ღუმელი ჰქონდა და ყველანი იქ შეიკეტნენ დასამალად. დროდადრო ხან ლერა და ხან ლერას ძმა აგარაკისპირა  ტყეში მიძვრებოდნენ, რომ ტელეფონის სიგნალი დაეჭირათ, ვინმესთვის შველა ეთხოვათ და, საერთოდ, რამე ინფორმაცია მიეღოთ. ხანაც ახლომახლო სოფლებში მიდიოდნენ მოპედით და მომარაგებულ პროდუქტებს უნაწილებდნენ სხვებს. 

– ერთ დღეს ლერა გავგზავნე თავის დეიდაშვილებთან ერთად  შეშის მოსატანად და დასარეკად აგარაკის გვერდითა გორაკზე. ავიდნენ თუ არა,  ორი მოიერიშე ვერტმფრენი  მოფრინდა და ზუსტად ამ გორაკის თავზე გაჩერდა, ლოცვა დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მორწმუნეობით არ გამოვირჩევი, ვლოცულობდი, იმათ არ დაინახონ და ბავშვებმა სადმე ბუჩქის ქვეშ შეძრომა მოასწრონ-მეთქი. ზუსტად ამ მომენტში დავკარგე სიკვდილის შიში, – იხსენებს ელენა, – მას მერე ვფიქრობ, რომ რუს ჯარისკაცს თვალის დაუხამხამებლად გავუხვრეტ შუბლს, სუნთქვაც არ ამიჩქარდება.  

– მე ბუჩქს ამოვეფარე, გოგოები კი მობილური ტელეფონით იდგნენ და ისევ კავშირის დაჭერას ცდილობდნენ, უფროსმა შეძლო თავისი სმარტფონით ერთ ხაზზე დაეჭირა და სიხარულისგან აკივლდა, მგონი, შევძელი მესიჯის გაგზავნაო. 

– მე კიდევ სუნთქვა დამავიწყდა და ვიგრძენი, ჯერ როგორ გავყავისფრდი შიშისაგან და შემდგომ თაბაშირივით გავთეთრდი. ფილტვებიც თაბაშირივით გამიხმა, ვერტმფრენები რომ გაფრინდნენ, ვიგრძენი, როგორ დაიწყო თაბაშირმა  ჩემს სხეულში ნაფხვენებად დაშლა, – ჩაერთო ლერა, – ერთ დღესაც ორი სოფლის იქით სარდაფში ჩასულ მარტო დარჩენილ ბებიას რაღაც წამალი და საჭმელი წავუღეთ. უკანა გზაზე  ბეტეერს და ტანკს გადავეყარეთ, შეგვამჩნიეს და სროლა დაიწყეს, ჯავშანტექნიკა დიდი და ძლიერია, მოპედი კი პატარა და სრულიად დაუცველი მაგრამ მოქნილი. იურამ შეძლო და გავექეცით ორკებს ტყის ბილიკებით. როდესაც გესვრიან და გარბიხარ, შიში ქრება, რა უცნაურიც არ უნდა იყოსო, მითხრა იურამ მოგვიანებით. 

ოცდამეერთე დღეს ჩვენს ეზოს ჩვიდმეტმა ტანკმა დაარტყა ნახევარწრე და გაჩერდა ჩვენი სახლისკენ მოშვერილი ლულით. მორჩა, გაგვაუპატიურებენ და მოგვკლავენ-მეთქი, გავიფიქრეო, თქვა ელენამ. იურას დაავალა, გოგოები უკანა ეზოში გამავალ ოთახში შეეყვანა და თვითონაც იქ დარჩენილიყო და სროლის ხმას თუ გაიგებდნენ, ფანჯრიდან გადამძვრალიყვნენ და გაქცეულიყვნენ ეზოების გავლით, თვითონ კი ჭიშკრისაკენ წავიდა. სადაც ერთი ოფიცერი და კიდევ ვიღაც იდგნენ. ვკითხე, ვინ ხართ და ჩემს მიწაზე რატომ მოხვედით-მეთქი. პასუხად მახარეს, ნაცისტებისგან გაგათავისუფლეთო. ვუპასუხე, აქ ნაცისტები არ არიან და ჯობია, იქით წახვიდეთ, საითაც რუსული გემი წავიდა. თქვენ გამო ვიმალებით აქ სამი კვირაა საკვების და პირველადი დანიშნულების საგნების გარეშე-მეთქი. შემდგომ მკითხეს, სმარტფონები თუ გაქვთო. ჩემს უარზე გაბრაზდა, რატომ მატყუებო. სულ დამავიწყდა, რომ ჯიბეში მობილური მედო და ყურსაცვამით რადიოს ვუსმენდი. ვუპასუხე, აბა, ამოიღეთ თქვენი ტელეფონები, სიგნალს თუ იჭერს-მეთქი. მომთხოვეს, ჩემი მიმეცა, მაგრამ არ დავთმე. ნახევარ საათს ვილაპარაკეთ და გატრიალდნენ. ერთ საათში ოფიცერი დაბრუნდა მოზრდილი ყუთით –  აჰა, შენ, საჭმელი რუსული არმიისგანო. გამეცინა და ვკითხე, დარწმუნებული ხარ, რომ მე ამ საკვებს მივიღებ-მეთქი? და ისევ რუსული გემისკენ გავისტუმრე. სახე გაუწითლდა და გაბრაზდა. გატრიალდა და მითხრა, ჩვენ ისევ დავბრუნდებითო. ვიცოდი, დაბრუნდებოდნენ და ვეღარ გადავრჩებოდით. რაღაც მანქანებით შევძელით ჩვენი ავტომობილის დაძვრა და კიევისკენ გამოვემართეთ. ორ დღეს მოვდიოდით. რაღაც  სასწაულით გადავურჩით ორკების ბლოკპოსტებს და ჩამოვაღწიეთ კიევამდე (არადა გუგლის რუკას თუ დავხედავთ, გოსტომელიდან კიევამდე მანქანით საათ-ნახევრის გზაა და ფეხით –  შვიდი (ავტ. შენ.)).  

კიევში ორი დღე  სარდაფში გავატარეთ, იქ ერთი ბიჭი შეგვხვდა – ხარკოვისთვის მედიკამენტებს აგროვებდა. მე და დედაც აქტიურად ჩავერთეთ. რაც ფული გვქონდა, დავხარჯეთ, შემდგომ მეგობრებს ვთხოვეთ. პირადი კონტაქტები ავამუშავეთ და ერთ აფთიაქების ქსელს მედიკამენტები ვთხოვეთ. ამასობაში ვიღაცებმა ჩვენი არსებობა გაიგეს და, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდა, მოწერა დაიწყეს. ძალიან მალე ჰუმანიტარული დახმარების გარდა სხვა რამეებშიც ჩავერთეთ და საჭირო გახდა საქველმოქმედო ფონდის შექმნა, იმისათვის, რომ ყველაფერი ოფიციალურად იყოს ამ პირობებში (გამოჩნდნენ ვიღაც ნამუსგარეცხილები, ვინც ხელს ითბობს ამ ომით). 

ამასობაში გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: პირველი, მედიკამენტები, პროდუქტები და საჭმელი შინაური ცხოველებისთვის. რაც დედას პირადად დააქვს  მანქანით დანაღმულ გზებზე (მინდოდა, მეც გავყოლოდი და ბოლო მომენტში უარი მითხრა – არ უნდოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს რაიმე საფრთხე შექმნოდა). მეორე, ვცდილობთ, ჯავშანჟილეტები და თავდაცვის სხვა მსგავსი საშუალებები მოვიზიდოთ და მესამე (და მნიშვნელობით პირველი), ვცდილობთ,  ბავშვთა სახლების ევაკუაცია შევძლოთ. გერმანიაში ვიპოვეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც მზადაა, თავისი სახლი დათმოს ამ საქმისთვის. ვთანამშრომლობთ უკრაინის სოციალური პოლიტიკის  სამინისტროსთან და გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელთან, რათა ბავშვთა უფლებები არ დაირღვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და  შევძლოთ მათი უსაფრთხოდ გადაყვანა.    

ვისთანაც შემეძლო, ყველას დავურეკე ან მივწერე. რამდენიმე სოციალურად აქტიურმა მოქალაქემ  ფულის შეგროვებაში აღმითქვა დახმარება, მეგობარებმა კი საკვების შეგროვება დაიწყეს, ერთმა – გერმანიიდან დავიძვრები მანქანით და მედიკამენტებს, რასაც შევძლებ, პოლონეთის საზღვართან მოვიტანო. საზღვრიდან კი უკვე რომა შეძლებს თავისი ძალებით კიევამდე ყველაფრის ჩამოტანას. 

მგონია, რომ ტყუილად არ გამომივლია ეს აბსურდული გზა და სწორ დროს სწორ ადგილას ამოვყავი თავი. თუ გაქვთ სურვილი და  დახმარების საშუალებაც, გთხოვთ დავეხმაროთ ძლიერი გოგოების ოჯახს, რომ ისინი სხვებს დაეხმარონ. როდესაც ამ ამბავს ვწერ, ელენა ყოველგვარი დაცვის გარეშე გოსტომელის სოფლებისკენ მიდის ათი ტომარა ძაღლის საჭმლით… 

 

                                                     გაგრძელება იქნება…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.