fbpx

70-იანებისეული მესია – Jesus Christ Superstar


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი კლდიაშვილი

ცოტა რამეა სამყაროში იმაზე  შთამბეჭდავი, ვიდრე მუსიკისა და ბიბლიური მონათხრობის შერწყმა, 1970  წელს ეს მოხდა – იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანები დამკვიდრებულ მოცემულობებსა და ნორმებს ბრძოლას უცხადებდნენ, სალიტერატურო ენა ყოველგვარი სტანდარტებისაგან იყო დაცლილი,  დავიწყებული იყო ეგზისტენციალიზმი და საზოგადოება პროტესტის გრძნობით იყო სავსე, კომპოზიტორის – ენდრიუ ლოიდ ვებერისა და ტექსტების  ავტორის, ტიმ რაისის თანამშრომლობით  სახარებისეულ ტექსტზე დაფუძნებული ნაწარმოები – როკ-ოპერის კლასიკურ ნიმუშად აღიარებული „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ შეიქმნა.

მოგვიანებით, 1973 წელს რეჟისორმა ნორმან ჯუისონმა მაყურებელს როკ-ოპერაში მონათხრობი ამბის ვიზუალიზაცია შესთავაზა –  ექსპრესიული სახეებით მდიდარი ფილმი გადაიღო, რომელიც როგორც თავად როკ-ოპერა, სახარებისეულია, თუმცა რეჟისორის მიერ მეტი ყურადღება იესო ნაზარეველისა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობაზეა გამახვილებული. ჯუისონმა იუდასა და იესოს ღრმა და საინტერესო სახეები შექმნა, რითაც გასცდა მათი, როგორც მესიისა და გამყიდველის წარმოჩენას, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. მაყურებელი არჩევანის გაკეთებისას თავისუფალია – ის არაა მოქცეული იმ საზღვრებში, რომელსაც ქრისტიანობა აწესებს, შეუძლია არ გაამტყუნოს იუდა ისკარიოტელი, შეუძლია  ქრისტეზე მეტადაც კი შეიყვაროს ის…

იუდას როლს, რომელიც თავდაპირველი სცენიდან, სადაც თანამედროვედ ჩაცმული მსახიობები ავტობუსიდან გადმოდიან, მოულოდნელად უჩინარდება, კარლ ანდერსონი თამაშობს – შავკანიანი მსახიობი. მნიშვნელოვანია, რომ მიუზიკლში სვიმონ კანანელიც შავკანიანია, ისევე როგორც სხვა მოცეკვავეები, რაც იმას ცხადყოფს, რომ ფილმი მრავალ სხვა მინიშნებასთან  ერთად, კოსმოპოლიტურ იდეასაც ატარებს. 

იუდა ემოციურად იწყებს სიმღერას  იმის შესახებ, რომ ქრისტე საფრთხეშია. მაყურებელი იაზრებს, რომ ის ძალიან დარდობს მეგობარზე, თუმცა რატომ? პასუხი ისაა, რომ იუდასეულ აღქმაში ქრისტე მესია კი არა, უბრალო ადამიანია, შესაბამისად ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ხალხი ამის შესახებ გაიგებს, მათ საფრთხე ელით. ჩვენ ვეცნობით იუდას, რომელიც ქრისტეს ღვთიურ სახეს არ აღიარებს და მხოლოდ ადამიანურად უყვარს ის. 

რაც შეეხება ქრისტეს, ფილმში ის მშვიდი და ქარიზმატული პერსონაჟია, რომელიც დღევანდელი დღით  ცხოვრებისაკენ მოუწოდებს მიმდევრებს, მესია მეტად ადამიანურია – საკუთარი სუპერვარსკვლაობით თან გაკვირვებული და დამფრთხალია, თან მოხიბლული. მან, როგორც ამას სახარებაში ვკითხულობთ, იცის, რომ მსხვერპლია და ამას გამოხატავს კიდეც, თუმცა ამავდროულად, უარს არ ამბობს ამქვეყნიურ ნეტარებაზე, მაგალითად, სურნელოვან ნელსაცხებლებზე, რომლებსაც მარიამ მაგდალინელი სთავაზობს. ფილმი იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების ხაზგასმას ემსახურება. ამის ერთ-ერთი დასტურია სცენა, სადაც იესოს აღტყინებული და ბედნიერი ებრაელი ხალხი ეგებება და სხვადასხვა შეძახილი გვესმის, ერთ-ერთი მათგანია „Hey JC, Hey JC, would you die for me?“, რაზეც ქრისტეს ბედნიერი სახე ეცვლება, შიში ემჩნევა და ამ კადრს რეჟისორი რამდენიმე წამის განმავლობაში ყინავს, რათა წარმოაჩინოს, როგორ ეშინოდა იესოს სიკვდილის. 

ფილმის მსვლელობისას, რომელიც ნანგრევებით სავსე უდაბნოშია გადაღებული, მაყურებელი ვერ გრძნობს იმას, რომ სივრცე სტერილური და უნაყოფოა. რეჟისორი ამას მსახიობთა  სამოსით,  საინტერესო ქორეოგრაფიითა და ფერთა გამის საშუალებით ახერხებს – ვხვდებით ბევრ დასამახსოვრებელ და ესთეტიკურ სცენას. კამერა ზოგჯერ ძალიან შორი მანძილიდან იღებს ლანდშაფტს, ზოგჯერ კი კადრები ზედმეტად ახლოა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ფილმში მისი თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელი იარაღი, კუპიურები, ავტობუსი თუ ტანკები გამოიყენა, რითაც ეგრეთ წოდებული „ოქტომბრის ომი“ გააპროტესტა. 

„და თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?“ – იოანეს სახარებაში ვხვდებით პასაჟს, სადაც იუდა ისკარიოტელი იესოსათვის განკუთვნილ ნელსაცხებლებში ფულის დახარჯვას აპროტესტებს, ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი ამ თანხით გაჭირვებულებს დაეხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ  მოციქული სახარებაში დასძენს, იუდას მიზანი რეალურად გლახაკებზე ზრუნვა კი არა, „მპარაობააო“, რეჟისორი იუდას ამ ფრაზას ადამიანების დახმარების რეალური სურვილის რეპრეზენტაციისთვის იყენებს. „და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფვლისა ჩემისა დამიმარხა ეგე. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.“ – ამ მონაკვეთში იესოს ღვთიური საწყისი მთლიანადაა დაფარული ადამიანურით, ვინაიდან იუდას ურჩევს, რომ გლახაკებზე ზრუნვაზე უკეთესი ამ ეტაპზე, მასზე ზრუნვაა, ვინაიდან მისი არყოფნის შემთხვევაში, იუდა ტანჯვისთვის იქნება განწირული. ამ სცენას  იუდასა და ქრისტეს ხელების ხანგრძლივი შეხება და მათი რამდენიმეწამიანი ურთიერთ მზერა მოსდევს, რომელიც თან მათ შორის არსებულ სიყვარულისა და პატივისცემას ვიზუალიზაციაა და ამავდროულად,  წინასწარმეტყველება იმისა, რომ იუდა აუცილებლად გაყიდის ქრისტეს.

Marionette On Acid – ასეთია ფილმში სვიმონ კანანელი, რომელიც ჰიპურ სტილში გამოწყობილ გუნდთან ერთად მღერის, ცეკვავს და  ქრისტეს რომაელთა წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდებს.   ფრაზით: „I believe in You and God, So tell me that I’m saved“ აშკარაა, რომ მათ აინტერესებთ არა უფლის შეცნობა და ცოდვებისაგან გათავისუფლება, არამედ მშვიდად ცხოვრება სურთ რომაელთა ბატონობის გარეშე და ქრისტე მათთვის უბრალოდ იმედი და გზაა ამის მისაღწევად. სვიმონი ქრისტეს ეუბნება, რომ ხალხს ის ძალიან უყვარს და საკმარისია გამოავლინოს რომის მიმართ მცირედი ზიზღიც კი და  უდიდეს ძალაუფლებას მოიპოვებს. 

მეტად საინტერესოა ფილმში პონტოელი პილატესა თუ მარიამ მაგდალინელის სახეებიც. ვხვდებით მარიამს,  რომელმაც „არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს ის“ ვინაიდან ხვდება, რომ იესო ყველასაგან განსხვავებული ადამიანია; ვეცნობით პონტოელ პილატესაც, რომელიც სავსეა ქრისტეს გადარჩენის სურვილით, თუმცა ამას ვერაფრით ახერხებს და საბოლოოდ „ხელები დაუბანია.“  

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთდროულად იტევს როგორც მძაფრ ირონიას ქრისტიანობის მიმართ, ასევე სიყვარულსა და თანაგრძნობასაც ქრისტეს მიმართაც. მრავალი ადამიანისათვის ეს ფილმი მკრეხელობაა, მრავლისთვის კი ეპოქის გენიალური არეკვლა ხელოვნებაში. მართლაც საოცარია მოახერხო – შექმნა სურათი, სადაც ქრისტე თან იმდენად ადამიანური იქნება, რომ გაჭირვებულთა ბრბოში გზას ვერ გაიკვლევს და თან იმდენად ღვთიური, რომ მიუხედავად იმისა, მისი რეალურად თითქოს არავის სჯერა, მაინც ყველას არსება ჰყავს შეპყრობილი – მოციქულების, ბრბოს, რომაელებისა თუ ებრაელების, მეფე ჰეროდეს, პონტოელი პილატეს, იუდეველი მღვდლების… – ყოველი ადამიანის არსება ჰყავს შეპყრობილი 70-იანებისეულ იესო ქრისტეს, რომელმაც იცის, რომ ღვთის შვილია, თუმცა ვერც ადამიანურ საწყისს ივიწყებს და მოსწონს, რომ ხალხის თვალში სუპერვარსკვლავია. 

Hosanna!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.