fbpx

ვენეციის ბიენალეს ყველაზე დიდი სკანდალები


გააზიარე სტატია

გონდოლები, სან-მარკოს მოედანი, ოხვრის ხიდი… ეს  ყველაფერია, რაც ვენეციის ხსენებაზე გვახსენდება. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა ვენეცია ხელოვნების ქალაქია. ის ტრადიციისა და თანამედროვეობის ნაზავია, ამის ნათელი მაგალითი კი ვენეციის ბიენალეა.

ბიენალე პირველად 1895 წელს ჩატარდა და დღემდე სახელოვნებო კალენდრის ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად რჩება. მიუხედავად ამისა, ბიენალე 127 წლის ისტორიის მანძილზე არაერთი სკანდალის მომსწრე გახდა. 

1895 წელს ვენეციის პირველ ბიენალეზე ჟიურიმ უმაღლესი ჯილდოები ჯოვანი სეგანტინისა და ფრანჩესკო პაოლო მიჩეტის გადასცა. თუმცა, კრიტიკოსები და საზოგადოება ყურადღებას ჯაკომო გროსოს ნახატზე – „Supreme Meeting“ ამახვილებდნენ, რომელზეც კუბოს ირგვლივ მსხდარი შიშველი ქალები იყვნენ გამოსახული (ნამუშევარი აშშ-ში ტრანზიტის დროს ხანძრის შედეგად განადგურდა). ნახატის უცნაური, უსიამოვნო თემატიკიდან და ფერთა პალიტრიდან გამომდინარე, რელიგიური ინსტიტუციების წარმომადგენლები მის გამოფენას ამორალურ საქციელად მიიჩნევდნენ. როდესაც ნამუშევარი მოგვიანებით ცალკე ოთახში განთავსდა, ის სენსაციად იქცა და საბოლოოდ გროსოს ნახატს სახალხო კენჭისყრის შედეგად პრიზიც მიენიჭა. 

მოდილიანი და აფრიკული სკულპტურები (1922)

გარდაცვლილი ამადეო მოდილიანის რეტროსპექტივა ძალზე საკამათო იყო მხატვრის ჰედონისტური ცხოვრების წესიდან: ალკოჰოლიზმიდან და ნარკოტიკების მოხმარებიდან გამომდინარე. აღნიშნული საკითხებს იმდროინდელი კონსერვატორი კრიტიკოსები საკმაოდ პრობლემატურად აღიქვამდნენ. ამის საპასუხოდ ვენეციის საქალაქო საბჭომ ადმინისტრაციული საბჭო შექმნა, რათა გენერალური მდივნის, ვიტორიო პიკას ავანგარდული არჩევანი შეეზღუდათ. მეტიც, იმავე წელს ბიენალეზე აფრიკელი არტისტების უაღრესად რასისტული ქანდაკებების გამოფენა იყო წარმოდგენილი, რომელსაც ორგანიზატორებმა „პრიმიტიული“ და „დამამცირებელი“ უწოდეს. 

ჯორჯო დე კირიკოს „ყალბი“ ნახატი (1948)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფინანსური შეზღუდვების გამო, ქვეყნების უმეტესობამ  ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამიტომ, ორგანიზატორებმა ცარიელი პავილიონის შესავსებად პატარა გამოფენები მოაწყვეს. ერთ-ერთი ასეთი პრეზენტაცია სამკაციანი შოუ იყო (მათ შორის ჯორჯო დე კირიკო), რომელიც იტალიურ მეტაფიზიკურ ფერწერას ეძღვნებოდა. კირიკომ საკუთარ  ნახატს „ყალბი“ (indecent fake) უწოდა; ბრალდება უცნაური იყო განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მხატვარს სახელი ფალსიფიკაციების შექმნით ჰქონდა განთქმული, საკუთარი ნახატების ჩათვლით. შემდეგ ის „ანტიბიენალეს“ სახელით ყოველწლიურად (1950, 1952, 1954) აპროტესტებდა ბიენალეს. საბოლოოდ იტალიის სასამართლომ გამოაცხადა, რომ კირიკოსთვის მიკუთვნებული ნახატი მართლაც ყალბი იყო, 1956 წლიდან კი მხატვარი  კვლავ  მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში.    

რობერტ რაუშენბერგს ოქროს ლომი მიენიჭა (1964)

1964 წელს 39 წლის რობერტ რაუშენბერგი ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ამერიკელი მხატვარი გახდა, რომელსაც პრესტიჟული ოქროს ლომის ჯილდო გადაეცა, რაც იმ დროისთვის ხელოვნების სამყაროში და მის მიღმა მთავარ მოვლენად იქცა. ეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია იყო, რადგან ყურადღებამ ევროპიდან ნიუ-იორკის ხელოვნების ცენტრისკენ გადაინაცვლა (სადაც რაუშენბერგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა). ჟიურის გადაწყვეტილებამ ცხარე კამათი გამოიწვია გამომდინარე იქიდან, რომ მხატვარს შეერთებული შტატების პავილიონში მხოლოდ ერთი ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი, დარჩენილი ნახატები კი ამერიკის ყოფილ საკონსულოში იყო გამოფენილი, რაც მის  კანდიდატურას ეჭვის ქვეშ აყენებდა. აშშ-ს პავილიონის კომისარმა ალან სოლომონმა ბიენალეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რაუშენბერგის სამი ნახატი პავილიონში ნაჩქარევად გადაიტანა. იმ გარემოებებმა, რომელშიც რაუშენბერგმა მთავარი პრიზი მოიპოვა, ევროპელი კრიტიკოსები განარისხა. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ არტ დილერმა ლეო კასტელმა პირადად შეიყვანა აშშ-ს წარმომადგენელი კომიტეტში, რათა მხატვრის გამარჯვების შანსები გაეზარდა.

იაიოი კუსამას არაოფიციალური ბიენალე (1966) 

როდესაც იაიოი კუსამამ Narcissus Garden (სკულპტურული ინსტალაცია, რომელიც მიწაზე მოთავსებული 1500 მბზინავი ორბისგან შედგება) წარადგინა, art სამყაროში დიდი ყურადღება მიიპყრო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ბიენალესთვის განკუთვნილი არ იყო და მხატვარი არც გამოფენაზე  მიუწვევიათ  ოფიციალურ პირებს. როდესაც მან მნახველებისთვის ორბების მიყიდვა დაიწყო, პოლიციამ არტისტს სამუშაოს შეჩერებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ Narcissus Garden-ის ვენეციის ბიენალეს ვერსია ხანმოკლე იყო, ის დღეს კუსამას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც ბოლო ხუთ-ნახევარი ათწლეულის განმავლობაში 40-ზე მეტჯერ  გამოფინეს. 

სტუდენტური პროტესტი (1968) 

1968 წელს სტუდენტების საპროტესტო  გამოსვლებმა მთელ მსოფლიოზე და მათ შორის ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. იმავე წლის მაისში, როდესაც სტუდენტები პარიზის ქუჩებში გამოვიდნენ, კინორეჟისორებმა –  ჟან-ლიუკ გოდარმა, ფრანსუა ტრიუფომ და სხვებმა  სოლიდარობის ნიშნად კანის კინოფესტივალი დახურეს. ერთი თვის შემდეგ პროტესტმა ვენეციის ბიენალეზე გადაინაცვლა, სადაც გახსნის დღეს დემონსტრაციები ნამუშევრების საზოგადოებისთვის დაფარვას  და პავილიონების დაკავებას გულისხმობდა. დღითიდღე  პროტესტი კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა, რის შედეგადაც პოლიციამ სან-მარკოს მოედანზე შეკრებილი სტუდენტების ჯგუფი დააკავა. პროტესტი ბიენალეს უფრო ღიად პოლიტიზებას გულისხმობდა მომდევნო ათწლეულებში, რამაც, თავის მხრივ, არაერთი დაპირისპირება გამოიწვია  შემდგომში. 

ბიენალე სოლიდარობას უცხადებს ჩილეს (1974)

1974 წელს ტრადიციული ხელოვნების გამოფენის ადგილზე ბიენალემ ჩილეს დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის (რომელიც ხელისუფლებაში 1973 წელს, აშშ-ს მხარდაჭერით, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოვიდა) საწინააღმდეგო ღონისძიებები გამართა. მისი მმართველობის დროს  ათასობით ადამიანი აწამეს და დააპატიმრეს, რასაც ბიენალე სასტიკად გმობდა. თუმცა, კრიტიკოსები პროტესტს ეწინააღმდეგებოდნენ.  კერძოდ, მემარცხენე მწერლები ბიენალეს ელიტიზმში ადანაშაულებდნენ, რადგან ხელოვნების ნიმუშების ნაცვლად პოლიტიკური პლაკატები იყო გამოფენილი. დღეს 1974 წლის ბიენალე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მოვლენად ითვლება. 

Gran Fury კათოლიკურ ეკლესიას უპირისპირდება (1990)

1990 წლის ბიენალეზე ამერიკელი შიდსის აქტივისტთა ხელოვნების კოლექტივი Gran Fury კათოლიკურ ეკლესიის სექსის და კონტრაცეფციის შესახებ პოზიციას Arsenale’s-ს კურირებულ გამოფენაზე პროვოკაციული პლაკატებით  დაუპირისპირდა. ერთ-ერთ პლაკატზე პაპის ფოტო  იყო გამოსახული ტექსტთან ერთად, რომელიც იუწყებოდა, რომ ეკლესიის მკაცრი პოზიცია კონტრაცეფციის შესახებ შიდსის კრიზისს ამძიმებდა. კოლექტივში ასევე შედიოდა ერეგირებული პენისის ამსახველი პლაკატი, რომელიც პაპის გამოსახულებასთან სიახლოვის გამო მკრეხელობად შერაცხეს. ბიენალეს ვიზუალური ხელოვნების დირექტორი ოვანი კარანდენტე იმიჯების შოუდან ამოღებას აპირებდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 

გრეგორ შნაიდერის სკულპტურის ცენზურა (2005)

როდესაც გრეგორ შნაიდერი 2001 წელს ვენეციის ბიენალეზე წარდგა, მას გერმანიის პავილიონში ნამუშევრისთვის ოქროს ლომი გადაეცა, 2005 წელს კი დიდი სკანდალის საგანი გახდა. იმ წელს ბიენალეს ჯგუფური გამოფენის ფარგლებში შნაიდერს განზრახული ჰქონდა Cube-ს ჩვენება – 50 ფუტის სიმაღლის შავი ქსოვილით შემოსილი ქანდაკება, რომელიც  ქააბას (კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე (შენობა) ვიზუალურ რეპრეზენტაციას ისახავდა მიზნად. სკულპტურა სან-მარკოს მოედანზე, ვენეციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას  უნდა განთავსებულიყო, თუმცა ბიენალეს ორგანიზატორებმა, მათ შორის როზა მარტინესმა, ნამუშევარი „პოლიტიკური მიზეზების გამო“ უარყვეს. ცნობების თანახმად, ისინი შიშობდნენ, რომ სკულპტურა ანტიისლამურ ძალადობას გააღვივებდა. ნამუშევრის დეტალები ბიენალეს კატალოგში შავი ფურცლებით შეცვალეს. სკულპტურა მოგვიანებით, 2007 წელს, გერმანიაში, Hamburger Kunsthalle-ში წარადგინეს. 

აფრიკის პავილიონი (2007)

დღესდღეობით საყოველთაოდ ცნობილია, რომ სინდიკა დოკოლო და იზაბელ დოს სანტოსი (აფრიკული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი წყვილი) საეჭვო ბიზნესგარიგებებში დაადანაშაულეს. 2020 წლის დასაწყისში „Luanda Leaks”-ის 700,000 ელექტრონული ფოსტა გამოქვეყნდა, რომელშიც წარმოდგენილი იყო მტკიცებულება, რომ ანგოლელი კოლექციონერები კორუფციულ გარიგებებში იყვნენ ჩართულნი. მაგრამ 2007 წელს, როდესაც მათი აფრიკის პავილიონთან კავშირის გარშემო სკანდალი ატყდა, ამის შესახებ ცნობები არ არსებობდა, სანამ ბენ დევისმა Artnet News-ის მოხსენებაში სამყაროს არ აცნობა, რომ დოკოლო და სანტოსი წლების განმავლობაში იყვნენ ბრალდებული კორუფციაში (დოკოლომ კატეგორიულად უარყო ბრალდებები). მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ მხატვარმა ბართელემ ტოგუომ ვენეციის ბიენალეში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო კურატორმა რობერტ სტორმა, რომელიც იმ წელს კურირებდა ბიენალეს, განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ბრალდებების შესახებ არ იცოდა. 

ჩინელმა არტისტებმა ვენეციის ბიენალეზე კენია წარმოადგინეს (2013 და 2015 წწ.)

2013 წელს ვენეციის  55-ე ბიენალეზე კენიის პირველად მონაწილეობის გამო მღელვარება სწრაფად ჩაიხშო, რადგან თორმეტკაციან მონაწილეთა სიაში რვა ჩინელი არტისტი, ორი იტალიელი და მხოლოდ ორი კენიელი შედიოდა. ჯგუფური შოუ მიწასთან გაასწორეს და მას „ნეოკოლონიალიზმი, როგორც მულტიკულტურალიზმი“ უწოდეს. 

2015 წელს კენიის პავილიონი მსგავს ნიმუშს მიჰყვა, მონაწილეთა სიაში ამჯერად ექვსი ჩინელი მხატვარი, ერთი იტალიელი და მხოლოდ ერთი კენიელი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანს არ უმოგზაურია აფრიკაში და არც რომელიმეს ნამუშევარი გამოხმაურებია აღნიშნულ კონტინენტს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყანაზე. 

NPR-ის თანახმად, იტალიაში დაბადებულმა უძრავი ქონების მაგნატმა და მხატვარმა არმანდო ტანზინიმ კენიის მთავრობის სახელით შოუს ორგანიზებისთვის 2013 წელს ექვსნიშნა თანხა გადაიხადა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინელმა მონაწილეებმა   საკუთარ ქვეყანაში პროფილის ასამაღლებლად ასევე ფული გადაიხადეს. 2015 წლის ვენეციის ბიენალეს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კენიამ უარი თქვა მონაწილეობაზე. 

ქრისტოფ ბიუხელმა მე-10  საუკუნის ეკლესია მეჩეთად აქცია

ქრისტოფ ბიუხელისთვის სკანდალი უცხო არ არის, მაგრამ მის არცერთ ნამუშევარს არ გამოუწვევია ისეთი აღშფოთება, როგორიც „მეჩეთმა“ (2015), რომელიც ისლანდიის პავილიონისთვის გაკეთდა. არტისტმა მეათე საუკუნის კათოლიკური ეკლესია მოქმედ მეჩეთად აქცია. ვენეციის პოლიციამ პროვოკაციული ინსტალაცია უსაფრთხოების გამო რამდენიმე კვირის ნახვის შემდეგ დახურა, რადგან ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ინსტალაციას შეიძლებოდა ანტიისლამური ძალადობის პროვოცირება მოეხდინა. კრიტიკოსების აზრი ინსტალაციის ფუნქციასთან დაკავშირებით გაიყო: ზოგი მიიჩნევდა, რომ ბიუხელი ხელოვნების სამყაროს ლიბერალებს უპირატესობის გრძნობით ბერავდა, ზოგი კი თვლიდა, რომ არტისტი ურთიერთგაგებას შთააგონებდა. სკანდალმა ბიუხელს ხელი არ შეუშალა ვენეციაში კვლავ პროვოკაციული ინსტალაციით დაბრუნებულიყო. 2019 წელს მან წარმოადგინა ჩაძირული გემი, რომლის ბორტზეც აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.  მათგან 1100 დაიღუპა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.