fbpx

წინ ნახევარფინალებია – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბარბაროსულმა შეჭრამ საფეხბურთო სამყაროც საგრძნობლად შეცვალა. უკრაინელთა ნაკრების კაპიტანი ანდრეი იარმოლენკო გაოცებულია რუსეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა სრული დუმილით. 

მისი თქმით, ფიოდორ სმოლოვი ერთადერთი „მუჟიკია“, რომელმაც ომის პირველივე დღეებში საკუთარ ტვიტერზე  ორიოდე სიტყვით  – „არა ომს“ – მაინც აიმაღლა ხმა პუტინის პოლიტიკის მიმართ.

„ნაკრების ფეხბურთელები მილიონობით გულშემატკივრების კუმირები არიან და არსებულ სიტუაციაში მათ ნებისმიერ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, – აცხადებს იარმოლენკო.

კიევის „დინამოს“ პრეზიდენტ გრიგორი სურკისის აზრით კი, რუსი სპორტსმენები არამარტო საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, არამედ ზოგადად ცივილიზებული საზოგადოებიდან უნდა მოიკვეთონ.

უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლ კიევის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ მოთამაშეებს – ვლადიმერ ბესონოვს და იგორ ბელანოვს გასულ კვირას პირველი დივიზიონის კლუბ ივანო-ფრანკოვსკის „პრიკარპატიეს“ ფეხბურთელები სრული შემადგენლობით შეუერთდნენ.

დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელებმა კი საკუთარი ქვეყნის დახმარება საფეხბურთო მოედანზე გადაწყვიტეს და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქველმოქმედო მატჩების სერიით შეეგებნენ… 

აი, ასეთია დღევანდელი შეშლილი საფეხბურთო სამყარო, რომელიც რუსეთის მიერ ფიფას და უეფას წევრი ქვეყნის ქალაქების და სოფლების დაბომბვის პარალელურად, ტურნირებს ჩვეულ რიტმში ატარებს და ზოგიერთი ქვეყანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ საკუთარი გუნდების ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისგან დასვენებასაც კი ახერხებს.  

ასე მოხდა ესპანეთში, სადაც კვირა საღამოს მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რაიო ვალეკანოს“ ბევრი არაფრის მთქმელი გადადებული შეხვედრა ჩატარდა. „რეალმა“ და „ვილიარეალმა“ კი 33-ე ტურის მატჩები შუა კვირაში გამართეს და ამიტომ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებებამდე მათ ერთკვირიანი პაუზა გამოუვიდათ.

„რეალი“ უკვე დიდი ხანია, რაც ესპანეთის ჩემპიონია, „ვილიარეალი“ კი ჩემპიონთა ლიგის მომავალი ტურნირის საგზურს წლეულს მისი მოგების შემთხვევაში თუ მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალი“ ერთხელ, 2006 წელს, უკვე იმყოფებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ლონდონის „არსენალთან“ დამარცხდა.  

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნახევარფინალისტისგან ტურნირის მოგებას საფეხბურთო სპეციალისტები ნაკლებად ვარაუდობენ. თუმცა, არც ევროპის ლიგის მოგებას ელოდნენ უნაი ემერის გუნდისგან  შარშანდელ სეზონში.

„ვილიარეალის“ მეტოქე საუცხოო ფორმაში მყოფი „ლივერპულია“, რომელიც ამ ბოლო ხანს ქვას ქვაზე არ ტოვებს და ამარცხებს ნებისმიერ მეტოქეს – „მანჩესტერ იუნაიტედით“ დაწყებული, „მანჩესტერ სიტით“ დამთავრებული.

პეპ გვარდიოლას გუნდთან ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გასვლაზე  3:2 მოგების შემდეგ, „ლივერპულს“ წლეულს ოთხივე ტურნირის მოგების შანსი გაუჩნდა.

მერსისაიდულ კლუბს უკვე მოგებული აქვს ინგლისის ლიგის თასი, პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მას საკმაო ალბათობით უკანასკნელ ტურამდე შეიძლება მოუწიოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ იურგენ კლოპის გუნდს, „ვილიარეალის“ ძლევის შემთხვევაში, გზა ხსნილი აქვს, ინგლისის FA Cup-ის ფინალში კი მისი მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება.

„ლივერპულმა“ „ჩელსი“ წლეულს ინგლისის ლიგის თასის ფინალში პენალტების სერიის მეშვეობით უკვე დაამარცხა და სავსებით შესაძლებელია, რომ თერთმეტმეტრიანების დარტყმა გუნდებს 14 მაისს, მორიგ ფინალშიც მოუწიოთ. 

ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელ ოთხ წელიწადში მათ შორის უკვე მესამე პენალტების  სერია იქნება.

გუნდები 2019 წელს ევროპის სუპერთასზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც პენალტები უკეთ „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ „ლივერპულის“ მსგავსად, „ვილიარეალიც“ დახელოვნებულია თერთმეტმეტრიანების ზუსტად შესრულებაში. 

ფეხბურთის მოყვარულებს მშვენივრად ახსოვთ ევროპის ლიგის ფინალში ესპანური კლუბის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში თერთმეტივე ზუსტად შესრულებული პენალტი…

მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში მეტოქეების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც „ლივერპულს“ გაუმართლა.

აბა რა უნდა თქვან „მანჩესტერ სიტიმ“ და „რეალმა“, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მოგების შემთხვევაში დიდი ალბათობით შესაბამისად, სამი ესპანური და ინგლისური კლუბის დამარცხება მოუწევთ?

„რეალის“ ჩამონათვალს კი „პარი სენ-ჟერმენიც“ დაემატება, რომელიც ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

საინტერესოა, რომ საბუკმეიკერო კანტორები „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ წყვილში უპირატესობას პეპ გვარდიოლას გუნდს ანიჭებენ. 

რამდენად სწორია ასეთი შეფასება და ზოგადად, როგორ შეიძლება ევროპის ყველაზე ტიტულიან კლუბთან ჭიდილში ფავორიტად მისი რომელიმე მეტოქის დასახელება?

კარლო ანჩელოტიმ „რეალი“ განსაკუთრებულად მებრძოლი სულისკვეთების გუნდად ჩამოაყალიბა. 

თუკი ზიდანის მწვრთნელობის უკანასკნელ პერიოდში „სამეფო კლუბს“ ერთგვარი უბრძოლველი „ხელის ჩაქნევის“ ტენდენცია დასჩემდა, რაც სწორედ 2020 და 2021 წლებში ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში შესაბამისად, „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჩელსისთან“ მატჩებში გამოვლინდა, ამჟამად ვხედავთ, რომ „რეალს“ ხშირად უწევს ბეწვის ხიდზე გავლა და აქედან ყოველთვის გამარჯვებული გამოდის!

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ და „ჩელსის“ ეპოპეის წარმატებით დასრულების შემდეგ, მცირე გამოცდა „რეალმა“ საკუთარ თავს, სავსებით შესაძლებელია  შეგნებულად, „სევილიასთან“ ლა ლიგის გასვლით მატჩში მოუწყო. 

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ანგარიშით 2:0-ს ამარცხებდნენ ესპანეთის  მომავალ ჩემპიონს, რომელსაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, თითქოს დიდად არც ანაღვლებდა ამ მატჩის წაგება.

მაგრამ მეორე ნახევარმა გამოაჩინა, რომ კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და „სევილიასთან“ შეხვედრა მათ გენერალურ რეპეტიციად აქციეს „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირების წინ.

საინტერესოა, რომ ბენზემას მიერ მსაჯის მიერ მეორე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლამდე, მადრიდელთაგან  შეცვლაზე შემოსულმა როდრიგომ და ნაჩომ ისახელეს თავი. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა დანი კარვახალმა შეასრულა, ხოლო ბენზემას თანაშემწე კი უკვე თავად როდრიგო აღმოჩნდა.

განა როდრიგოს და ბენზემას გოლებმა არ გადაარჩინა მადრიდის „რეალი“ „ჩელსისთან“ მატჩში გავარდნისგან? 

არსებული სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ დამთხვევაა თუ ანჩელოტის მიერ წინასწარ გათვლილი საჭადრაკო სვლების შედეგი? 

როგორც  უნდა იყოს, პეპ გვარდიოლას მისი გუნდისთვის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ამ სვლების ამოცნობასთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერი კონტრსვლების განხორციელება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფინალი დიდი ალბათობით ესპანურ-ინგლისური იქნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.