fbpx

On Fire – ვენეციური დღიური 59-ე ბიენალედან


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი შავგულიძე

 

ვენეციის ერთ-ერთი საოცარი კუნძული, ლაგუნაში გაბნეულ კუნძულთა შორის ყველაზე პატარა. San Giorgio Maggiore – ჩემი საყვარელი ადგილია ვენეციაში.  რომის იმპერიის დროს ვაზითა და კვიპაროსებით დაფარულ კუნძულზე ტაძრის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. ერთი საუკუნის შემდეგ კი აქ ბენედიქტელი ბერების ორდენმა მონასტერი დააფუძნა. დოჟმა მათ მთელი კუნძული გადასცა.  XIII საუკუნეში მიწისძვრის შედეგად დანგრეული მონასტერი რამდენჯერმე აღადგინეს ბერებმა.

XVI საუკუნის ბოლოს არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ ააგო შუქით სავსე ტაძარი, გვიანი ვენეციური რენესანსის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომლის ქათქათა მარმარილოს თეთრი ფასადი ლივლივებს ცისფერ ლაგუნასა და ვენეციურ ცას შორის და შორიდანვე გწყვეტს თვალს. 

XIX საუკუნის დასაწყისში, ვენეციის დაპყრობის შემდეგ, ნაპოლეონმა მონასტერი და ტაძარი ყაზარმად და საარტილერიო საწყობად აქცია. სამხედრო ხარჯების კომპენსაციისთვის კი ხელოვნების ნიმუშები გაიტაცა, მათ შორის მონასტრის სატრაპეზოსთვის ბენედიქტელი ბერების ორდენის დაკვეთით პაოლო ვერონეზეს მიერ შექმნილი „ქორწილი კანაში“. ვენეციელებმა არაერთხელ სთხოვეს ლუვრის მუზეუმს მათი კუთვნილი ნამუშევრის დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. ჯერჯერობით ვერაფერს გახდნენ. სანაცვლოდ სხვა ნამუშევარი შესთავაზეს, ჩინის ფონდმა კი კოპიო დაამზადებინა. 

San Giorgio Maggiore-ს მონასტრისთვის შექმნილ ნამუშევარს, რომელსაც ლუვრის კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნევენ (მისი ფართობი 67.29 მ2-ია), უცნაური ბედი აქვს. ჯერ იყო და ფრანგმა ჯარისკაცებმა კუნძულიდან გადასატანად ის შუაზე გაჭრეს, შემდეგ საკამათო რესტავრაციის მსხვერპლი გახდა, რასაც მოჰყვა სავენტილაციოდან წვიმის წყლით დაზიანება. მერე ლუვრში ჩამოუვარდათ და რამდენიმე ადგილას ტილო გაიხა. ჰოდა, ნამდვილად არ მოსწონს იქ და შინ უნდა დაბრუნება. მით უფრო, რომ ჯოკონდას მოპირდაპირე კედელზე კიდია და იმ ოთახში შესული, მონა ლიზათი გატაცებული დამთვალიერებლების უმეტესობა, არც კი ნახულობს ან ზურგს აქცევს სან ჯორჯოს სატრაპეზოსთვის შექმნილ ვენეციურად პომპეზურ, უზარმაზარ, 130-ფიგურიან ნამუშევარს, რომელზეც ცნობილ ისტორიულ პირებთან ერთად თავად ავტორი (თეთრებში) და სხვა ვენეციელი მხატვრები – ტიციანი, ტინტორეტო, ბასანო არიან გამოსახულნი. 

მჯერა, ოდესღაც ვერონეზეს გლამურული „ქორწილი კანაში” თავის ადგილს დაუბრუნდება. 

კუნძულზე კერძო იახტების სადგომია. 

ტაძრის საკურთხეველში ტინტორეტოს „საიდუმლო სერობაა“, რომელიც სპეციალურად ამ ტაძრისთვის შეიქმნა. დინამიკური, ასიმეტრიული კომპოზიცია დიდად შორდება საიდუმლო სერობის ფრონტალურ ფორმულას. მაგიდის დიაგონალი კომპოზიციურად და იდეურადაც ორად ყოფს სივრცეს – მიწიერ და ღვთაებრივ მხარეებად – და ცენტრში მოციქულების ნაცვლად, საიდუმლო სერობის „მეორეხარისხოვან“ პერსონაჟებს ათავსებს. 

აჰჰ, ძაღლი და მსუნაგი ფისოც არ გამოგრჩეთ, რა. 

პალადიოს ინტერიერი ძალიან ნათელია, ბაზილიკის ნავებში უხვად იღვრება სინათლე და ძალიან გაგიჭირდებათ რაკურსი მოძებნოთ ფოტოს გადასაღებად. ტაძარში იმდენი შუქია, რომ განათების დიდოსტატის – ტინტორეტოს ნამუშევრის ზედაპირი აუცილებლად აირეკლავს და რაც უნდა კარგი კამერა გეჭიროთ, შარავანდედებისა და ანგელოზთა მანათობელი ფიგურების აღბეჭდვა ძალიან გაგიჭირდებათ. 

მახსოვს, 2011 წელს ვენეციის ბიენალეს კურატორმა ბიჩე კურიგერმა გამოფენის –   “ILLUMInazioni” განუყოფელ ნაწილად აქცია ტინტორეტო და მის სხვა რამდენიმე ნამუშევართან ერთად „საიდუმლო სერობაც“ წარმოადგინა ჟარდინიში, ბიენალეს მთავარ სივრცეში, რამაც დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. 

ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ნეიტრალურ საგალერეო განათებასა და სტერილურ თეთრ სივრცეში დაკიდებული ტინტორეტო „ჩაქრა“. და შეიძლება გვეფიქრა, რომ ეს კურატორის წარუმატებელი გადაწყვეტილება იყო, რომ არა მის მიერ ბიენალესთვის შემოთავაზებული მთავარი თემა და მეტაფორული სახელწოდება – “ILLUMInazioni”, რაც, ვფიქრობ, უფრო საპირისპიროზე მიგვითითებს – კონტექსტის ცვლილებით გამოწვეული „ჩაქრობა“ სწორედ საკურატორო გადაწყვეტის ნაწილი იყო. 

რაოდენ უცნაურადაც  უნდა ჟღერდეს, დღეს San Giorgio Maggiore სახელოვნებო ფონდის – Cini Foundation-ის მფლობელობაშია. გარდაცვლილი შვილის, ჯორჯო ჩინის ხსოვნის პატივსაცემად  ვიტორიო ჩინიმ დააარსა ფონდი, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული კოლექციით, თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების მნიშვნელოვანი გამოფენებით, სახელოვნებო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებით და პროექტებით, ასევე ბიბლიოთეკით და ღია თეატრით.

ვენეციის ბიენალეს თანმდევი ღონისძიებების ოფიციალური პროგრამის ნაწილია ჩინის ფონდში Kehinde Wiley-ის გამოფენა, რომელიც წელს ვენეციაში ახალი მონუმენტური ნამუშევრებითა და ქანდაკებებით წარდგა. გამოფენა სახელწოდებით – „სიჩუმის არქეოლოგია“ – ძალადობის, ტკივილის, სიკვდილის და ექსტაზის განსახიერებაა. ხელოვნებაში დამკვიდრებული დაცემული გმირის სახის შავკანიანების ფიგურებზე განვრცობით, ავტორი კოლონიალური წარსულის სისასტიკეს ეხმაურება. ჰანს ჰოლბეინის მიერ მკვდარი ქრისტეს ფიგურით, დაღუპული ჯარისკაცების კლასიკური ქანდაკებებით თუ სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებზე ასახული პოზებით შთაგონებული ხელოვანი შთამბეჭდავ გამოფენაზე, ჩინის ფონდის უზარმაზარ დარბაზებში სიბნელეში ამონათებულ ნატურალისტურ სკულპტურებს ფერადი, კიჩის ზღვარზე შექმნილი ჰიპერრეალისტური ფერწერული ნამუშევრების ფონზე წარმოადგენს. შავკანიანი ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების მწოლიარე სხეულები, თანამედროვე მოწამეთა ერთგვარ ხატ-გამოსახულებებად იკითხება და “პოლიციის ძალადობისა და სახელმწიფო კონტროლის თემას ეხმაურება ახალგაზრდა შავი თუ ფერადკანიანი ადამიანების მიმართ“.

გამოფენის კურატორია ქრისტოფერ ლერიბო – ორსეს მუზეუმის პრეზიდენტი.

Kehinde Wiley-ის მიერ შექმნილი ბარაკ ობამას პორტრეტი და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ალბათ გახსოვთ. ამ პორტრეტსაც დავურთავ.

ბიენალეს მიმდინარეობისას არა მხოლოდ ფონდის დარბაზები, არამედ თავად ტაძარიც გამოფენებს მასპინძლობს. ბენედიქტელი ბერები მიესალმებიან თანამედროვე ხელოვნების საკრალურ სივრცეში ინტერვენციას და ექსპერიმენტებს. ასე რომ, ტაძარი თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი სივრცედ იქცა, რომელიც ყოველ ჯერზე პალადიანურ არქიტექტურასთან მხატვრის ურთიერთობის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. მაგალითად, 2017 წელს მიქელანჯელო პისტოლეტოს ინტერვენცია საკმაოდ აქტიური იყო და ტაძრის რიტმულ სტრუქტურას რადიკალურად ცვლიდა.

წელს ტაძრის სივრცეში წარმოდგენილი ხელოვანი უფრო ფაქიზ, მოკრძალებულ, მაგრამ მეტყველ დიალოგს გვთავაზობს. ეს ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ამ ჯერზე ბენედიქტელმა ბერებმა ბაზილიკაში განათლებით ოქრომჭედელი მოიწვიეს – ჯამპაოლო ბაბეტო (Giampaolo Babetto)სიმბოლური სახელწოდების გამოფენით – „ნიშანი და შუქი“, რომელიც 70-იანი წლებიდან 2020 წლამდე შესრულებულ ნახატებს, არტეფაქტებს და სამკაულებს აერთიანებს, რომელიც ტაძრის სივრცეში აქა-იქ არის გაბნეული. 

პადუელი დიდოსტატის ხელში ტრანსფორმირებული მასალა (ვერცხლი, მინა, ბროლი, პლასტიკატი) სპირიტულ  დატვირთვას იძენს. მრავლობითი რეფლექსების წყალობით სინათლე მისი ნამუშევრების განუყოფელი ნაწილი ხდება და ფაქიზად ერწყმის პალადიოს შუქით სავსე სივრცეს.

2011 ამ ტაძარში ანიშ კაპურის „ამაღლებას“ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – პირველ დღეს ინსტალაციის ტექნიკური პრობლემების გამო, მედიების წარმომადგენლებმა და დამთვალიერებლებმა  ჩათვალეს, რომ კაპურმა გამიზნულად გააკეთა თემის დესაკრალიზაცია. შემდეგში კი ინსტალაცია გამართულად მუშაობდა.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაანონსდა, რომ ანიშ კაპურს ვენეციის ბიენალეს მიმდინარეობის დროს ვენეციის აკადემიას დაუთმობდნენ დიდი გამოფენისთვის, სადაც ვანტაბლექით შესრულებული ნამუშევრებიც იქნებოდა წარმოდგენილი. ბიენალეზე არანაკლებ ელოდა მაყურებელი ამ გრანდიოზულ შოუს, რომელიც აკადემიასა და პალაცო მანფრინის შორის განაწილდა. ეფექტურ გამოფენაზე მეტად (სადაც უნდა ვაღიარო, რომ ურიგოდ შევედი) მე მიზეზი მომეწონა, რატომაც დაუთმეს აკადემიის გალერეა ანიშ კაპურს – როგორც ფერის დიდოსტატს, ჟღერადი კოლორიტით ცნობილ ვენეციურ სკოლასთან პარალელის გამო. 

ფერთამეტყველება ხომ ვენეციის განუყოფელი ნაწილია, უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი: ჰემინგუეის, ჰიჩკოკის, ჩარლი ჩაპლინის, ორსონ უელსის, პეგი გუგენჰაიმის საყვარელი ჰარის ბარის მეპატრონის – ჩიპრიანის მიერ მოგონილი კოქტეილი ბელინი (ატმის წვენი + შუშხუნა პროსეკო) სწორედ ვენეციელი მხატვრის, ჯოვანი ბელინის მარიამის ატმისფერი სამოსის ფერია, კერძი კარპაჩო (უმი ხორცი თეთრი სოუსით) კი ვიტორე კარპაჩოს წითლით არის შთაგონებული.

მონასტრის ტერიტორიაზე დიზაინის და მხატვრული რეწვის უზარმაზარი გამოფენაა გაშლილი. HOMO FABER ცალკეული კურატორების მიერ ორგანიზებულ გამოფენებს აერთიანებს. მაგ., Next to Europe ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ხელოვანის – ლალი ქუთათელაძის ნამუშევარია წარმოდგენილი. 

იქვე ამ მოქარგულმა ნიღაბმა მომწყვიტა თვალი და უკრაინელი ხელოვანის ნახელავი აღმოჩნდა. ავტორი ოქსანა ლევჩენია. 

ON FIRE – კიდევ ერთი გამოფენა ჩინის ფონდში, რომელიც ეძღვნება ცეცხლის გამოყენებას ომის შემდგომ ხელოვნებაში და აერთიანებს საკულტო, მათ შორის პირველად ან იშვიათად გამოფენილ ნამუშევრებს, რომლებიც შესრულებულია ცეცხლით, ალით, კვამლით და/ან მათ კვალს ატარებს.

სხვადასხვა მასალის წვიდან დაწყებული, გაზის ცილინდრების გამოყენებით დამთავრებული, ამბავია ცეცხლთან ურთიერთობისა, ერთდროულად როგორც გამანადგურებელთან და გენერატორთან, ნაცრისა და შუქის/სითბოს წყაროსთან. 

ჯერ კიდევ ვენეციაში ჩამოსვლამდე საგანგებოდ მოვინიშნე ეს გამოფენა. ექვსი სექცია – ექვსი ავტორი: 

მთელი ცხოვრების ლურჯი სიყვარული – ივ კლაინი. ამ გამოფენაზე ლურჯის გარეშე, ცეცხლითა და სხეულის ანაბეჭდებით 

იარებად, ჭრილობებად, ნახეთქებად ქცეული ნამუშევრების მამა – ალფრედო ბური

აკუმულიაციების დიდოსტატი Arman, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტ, ისეთი არნახული ცეცხლი დაანთო.

არტე პოვერას ბერძენი ღმერთი – იანის კუნელისი

მოედნის ხელოვანივით სპექტაკულარული ცეცხლის გამჩაღებელი – პიერ პაოლო კალზოლარი

და ბოლოს, კლაუდიო პარმიჯანი, რომელიც არყოფნის და კვალის თემაზე ცეცხლითა და კვამლის კვალით რეფლექსირებს.

თითქოს თანამედროვე ზოროასტრულ სამლოცველოში მოვხვდი. ერთად ის ავტორები, ვინც თანამედროვე ხელოვნებაში დაანთო ცეცხლი არა მარტო პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობით და ვისთვისაც ცეცხლი გახდა არა მხოლოდ მგრძნობიარე პროტაგონისტი, არამედ ინოვაციის საშუალება მათი ვიზუალური ენის ფარგლებში. სრულიად გასაგიჟებელი გამოფენა, შესაძლებელია იმიტომ, რომ ამ ავტორების ნახვა ვენეციასავითაა, ყოველთვის განუმეორებელი და დაუვიწყარი. 

ბევრი კაცი კი გადაიკვეთა სან ჯორჯო მაჯორეს კუნძულზე უცებ, ბევრი, მაგრამ  არაჩვეულებრივი კაცი. 

ისე დაემთხვა, რომ ჩემს ფოტოზე ორი მათგანი ერთად აღმოჩნდა – ჩემთვის ყველასგან გამორჩეული ივ კლაინი და მასიმილიანო ჯიონი. სხვათა შორის, წლევანდელი ვენეციის ბიენალეს კურატორის – სესილია ალემანის ქმარი და თავად 2013 წლის ბიენალეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენის კურატორი, რომელიც კარლ გუსტავ იუნგის წითელი წიგნით იწყებოდა და განუმეორებელ ტრანსპერსონალურ გამოცდილებას გვთავაზობდა. ისიც გემახსოვრებათ, მაურიციო კატელანთან შეთანხმებით, მის ნაცვლად რომ აძლევს ხოლმე ინტერვიუებს როგორც ავტორი.
სესილია ალემანი რომ კურატორად დაინიშნა, ჟურნალისტებმა მაშინვე მასიმილიანოს ცოლიო, ასე დაწერეს. ალემანიმ იწყინა და გაუსწორა – კარგი ქმარი კი მყავს, მაგრამ მე თვითონაც კარგი ვარ, მისგან დამოუკიდებლადო. 

წრედი შეიკრა, ვენეცია, ჩემი საყვარელი სან ჯორჯო მაჯორეს კუნძული და საყვარელი კაცების ნაკრები.

ცეცხლის ხელოვნების მაღალი ღირსება გამომდინარეობს იქიდან, რომ ასეთი ნამუშევრები ატარებენ ყველაზე ღრმად ადამიანურ ნიშანს, პირველადი სიყვარულის ნიშანს. <…> ცეცხლით შექმნილი ფორმები, სხვასთან შედარებით, უფრო მეტადაა მოდელირებული, როგორც პოლ ვალერი ვარაუდობს, „მოფერების გამო“. 

Gaston Bachelard-ის ცეცხლის ფსიქოანალიზიდან ამონარიდი… რა ეროტიკაა! 

ამ კუნძულზე რომ ერთადერთი კაფეა, იქ როგორ არ დავფიქრებულიყავი ამ სიმბოლურ დამთხვევებზე?!

თუ ეს კუნძული ვენეციაში ჩამოსვლისას აქ დაგხვდება, „ალქაჯის აკვანი“ მხოლოდ ექვსი თვე შეგიძლია ნახო. სესილია ალემანის საკურატორო კონცეფციის ფარგლებში, ჟარდინიში და არსენალეზე წარმოდგენილი 5 დარბაზი -კაფსულიდან ერთ-ერთი – „სიზმრების რძის“ განსაკუთრებული ნაწილია, რომელსაც შეუძლებელია მოწყდე.  ალემანის ნამდვილი ალქაჯები შეუკრებია: დოროთეა თანინგი, მერეტ ოპენჰეიმი, ჰერტრუდ არნდტი, მერი ვიგმენი, ჯოზეფინა ბეკერი… და სხვები. 

„ალქაჯის აკვანი“, რომელიც უკრაინული წარმოშობის რეჟისორის, მაია დერენის ამავე სახელწოდების ფილმითაა შთაგონებული, ლეონორ ქერინგთონის ნამუშევრებსაც აერთიანებს – არა მხოლოდ როგორც ბიენალეს სახელწოდებასთან გადაძახილს, არამედ როგორც სხვადასხვა დროსა და სამყაროს შორის ახალი კავშირების, სიურრეალისტური ხედვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ჩვენს რეალობაში. 

შენ მეტაფორულ, ჰიბრიდულ სხეულებს შორის მოძრაობ, ქალების სხეულებს შორის, რომლებიც აუჯანყდნენ კლიშეებს, კლასიკურ რეპრეზენტაციას. სივრცეში, სადაც იდენტობა ტივტივებს და ჰეტერონორმატიულობასთან წყვეტა საკმაოდ ნათლად იგრძნობა. 

ისტორიულობის მიუხედავად, თანამედროვეობასთან დაკავშირებულ ჰიპერრეალისტურ დროის კაფსულაში იძირები, კოლექტიურ ფემინურ რიტუალში მონაწილეობ, მით უფრო, რომ ნამუშევრების უმეტესობა ვიტრინებშია წარმოდგენილი და სხვადასხვა „ალქაჯის“ სხეულში, პორტრეტში, გამოსახულებაში, ბუნდოვნად შენც ირეკლები.

მაია დერენის ფილმში – „ალქაჯის აკვანი“ მთავარი გმირის შუბლზე, წრეში ჩახატულ პენტაგრამაზე, ასეთი ფრაზაა – “დასასრული არის დასაწყისი, დასასრული არის დასაწყისი არის …” 

და ასე უსასრულოდ.


ქეთევან (ქეთი) შავგულიძე. 2022 წლის აპრილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.