fbpx

ხელოვნებაში შობილი კათარზისი – ჰერმან ნიჩის რიტუალური შემოქმედება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

„მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი და  იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა“. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“. – ასე აღწერს მოციქული მარკოზი იესოს ჯვარცმას, ქრისტიანობის ისტორიაში მომხდარ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც  ხელოვნებაშიც პოვა საინტერესო გამოძახილი.

სწორედ რომ ჯვარცმისა და სხვა რელიგიური მოვლენების, რიტუალური აქტებისა თუ საკულტო მსხვერპლშეწირვების შემოქმედებაში გაცოცხლება იყო  ავსტრიელი მულტიმედია არტისტისა და ავანგარდის წამყვანი ფიგურის – ჰერმან ნიჩის ხელწერა. „ჩემი მიზანი რეალობის ასახვაა და არა პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არ ვიცი, რა არის ცუდი და რა კარგი. სიმძლავრის გამოსახვა და მისი ადამიანებისათვის ჩვენება მინდა, ეს კი ჩემთვის პროვოკაცია კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილების ჩემში არეკვლის შესაძლებლობაა“. – ამბობდა მაგიკოსივით შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ხელოვანი, რომელსაც მეჩხერი, ნაცრისფერი წვერი ფართო მკერდამდე სწვდებოდა. 

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ხელოვნებაში განვითარებისა და ცნობადობის პიკს მიაღწია ავანგარდულმა მიმდინარეობამ, რომლის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლები იმ პერიოდში ძალადობრივი, პროვოკაციული და მისტერიულ-პროტესტანტული მოძრაობის – ვენის აქციონიზმის წევრნი იყვნენ.  მოძრაობის მთავარი ორატორი ჰერმან ნიჩი იყო, რომელიც  ავსტრიელ მხატვრებთან: გიუნტერ ბრუსთან, ოტო მიულთან და რუდოლფ შვარცკოგლერთან ერთად ცდილობდა „მოძრაობის ხელოვნების“ განვითარებას.

მეგობრები სხვადასხვა სახის პერფორმანსებს აწყობდნენ, სხეულის მხატვრობითა და ფლუქსუსით იყვნენ დაინტერესებულნი – მიმდინარეობით, რომლის მამოძრავებელი იდეაც ყველანაირი ხელოვნების ნიმუშის დავიწყება ან განადგურებაა. ისინი დღითი დღე შორდებოდნენ ავანგარდულ მიმართულებას და ზოგადად, ხელოვნების ტრადიციულ ფორმებს – ძალადობა, განადგურებისაკენ სწრაფვა, ადამიანის შიშველი სხეული, ფეკალიები თუ ცხოველთა შიგნეულობა იყო მათი ხელოვნების ძირითადი მახასიათებელი, რაც ხშირად იმითაა ხოლმე ახსნილი, რომ  შემოქმედთა ეს თაობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიზარდა, რის გამოც მათი გამომსახველობითი ენა პოლიტიკური ჩაგვრის ნიადაგზე იყო ნასაზრდოები.  

ის, რაც ჰერმან ნიჩის თაოსნობით  კოლაჟების შექმნითა და მხატვრობით დაიწყო, მალევე ტრანსფორმირდა პერფორმანსების ექსტრემალურ ფორმებში, რომლებიც რიტუალურ ხასიათს ატარებდა და რელიგიური სახე-სიმბოლოებით იყო სავსე: გამოიყენებოდა სისხლი, ჯვრები და ღვინო. მოძრაობის წევრები ხშირად ძველბერძნულ ცერემონიებსაც აცოცხლებდნენ თავიანთ  შემოქმედებაში, თუმცა მაქსიმალურად ბრუტალურად  –  საკუთარ სხეულს იზიანებდნენ, შარდს სვამდნენ და ცხოველებს ხოცავდნენ. „ჩვენი შემოქმედება ლოცვის ესთეტიკური ფორმაა“. – ამბობდა ნიჩი, რომლისთვისაც აღნიშნული პერფორმანსები კათარსისის, მათი სულიერი განწმენდის ვიზუალიზაცია იყო. მსგავსი „რიტუალების“ ჩატარების შემდგომ პერფორმანსის მონაწილეები პატიმრობის მსხვერპლნი ხდებოდნენ ხოლმე – 1965 წელს ჰერმანსაც მიესაჯა ორკვირიანი პატიმრობა. 1970 წელს მოძრაობა დაიშალა და მისმა წევრებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განაგრძეს მოღვაწეობა. 

ავსტრიელი შემოქმედი მოძრაობის დაშლის შემდეგაც აგრძელებდა თავის ხელოვნებაში ყოველგვარი მორალური თუ სოციალური საზღვრების რღვევას, ცდილობდა, რომ მისი ხელწერა  ყოველგვარ ვიზუალურ გამოცდილებას გასცდენოდა და ნამუშევართა შექმნისას სხვადასხვა სენსორული სტიმულაცია გამოეყენებინა, იქნებოდა ეს ადამიანთა გუნდის ტირილი, ყვირილი, რომელიმე სურნელი თუ საკმევლის წვა. ხელოვანი ყოველთვის ამბობდა, რომ მრავალ მედიუმში ერთად მოღვაწეობა მოსწონდა, ვინაიდან იყო როგორც მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი თუ რეჟისორი, ასევე მოქანდაკე და ლირიკოსიც. ნიჩისათვის ხელოვნება აბსოლუტურად თავისუფალი რამ იყო, დაცლილი ყოველგვარი ნორმებისა და თავსმოხვეული ჩარჩოებისაგან, რაც მას უშრეტი ფანტაზიის გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა. 

ჰერმან ნიჩმა მთელ მის შემოქმედებით გზას, 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე, „ორგიების მისტერიების თეატრი“ უწოდა. ხელოვანი ხშირად დგამდა სპექტაკლებს, რომლებიც „მოქმედებების“ სახელით არის ცნობილი და  ერთგვარი რემინისცენცია გახლდათ წარმართული და ქრისტიანული რიტუალებისა. ნიჩის თქმით, მათი მიზანი „სადომაზოხისტური მითების შექმნის პირველსაწყისების მხილება და გაშიშვლება იყო“. ამ მიზნის განსახორციელებლად შემოქმედი მის სპექტაკლებში, რომლებშიც ხშირად ისმოდა გრიგორიანული გალობა, ხან ბატკნებს ანაწევრებდა, ხანაც დადგმულ ჯვარცმის სცენებში მონაწილე მსახიობებს ჟღენთდა ხარის სისხლით. 

ხელოვანი სისხლსა და ღორის შიგნეულობას ტილოებზე მუშაობის დროსაც აქტიურად იყენებდა, იყენებდა პომიდორს, შროშანებსა და შაქრის კუბებსაც, რომლებსაც  აკრილში აზავებდა და ამგვარად ქმნიდა ნამუშევრებს.   მიუხედავად იმისა, რომ ნიჩის შემოქმედება ხშირად ამაზრზენიც კი იყო აუდიტორიისათვის, ხელოვანი მიიჩნევდა, რომ მნახველთა ამგვარი რეაქცია ერთ-ერთი საფეხური იყო მისი დიადი მიზნის – ადამიანთა გამოღვიძებისა. „საზღვრების რღვევა“ და „ბარიერების გადალახვა“ ხელოვნების გზით ავტორისათვის იყო შესაძლებლობა იმის წარმოჩენისა, რაც ისედაც არსებობდა, უბრალოდ განდევნილი იყო ადამიანთა ცნობიერებიდან. მღვდელ-მხატვრად წოდებული შემოქმედი სწორედ რომ ამ უარყოფილი რეალობის გამოსახვას ცდილობდა. 

ნიჩის მხატვრული ხედვის ყველაზე შთამბეჭდავ გამოვლინებად მის მიერ „ყოფიერების განმადიდებელ ესთეტიკურ რიტუალად“ წოდებული, 1998 წელს დადგმული ექვსდღიანი სპექტაკლი მიიჩნევა, რომელშიც 500 ადამიანი მონაწილეობდა და 1300 ლიტრი ღვინო, ასობით ლიტრი სისხლი, ამავე რაოდენობის ყურძენი, პომიდორი, რამდენიმე ცხოველის გვამი  და მუსიკალური გაფორმება იყო გამოყენებული. მსგავსი პერფორმანსების გამო  ხელოვანს ხშირად უწოდებდნენ საშინელებათა ბარბაროს ოსტატსა და სატანური სპექტაკლების ავტორს, რაც საამაყო იყო  მისთვის: „ჩემმა ხელოვნებამ გააოგნა მნახველი, რამაც იმ მხატვართა რიგებში მომახვედრა, რომელთა შემოქმედებაც ადამიანთათვის გაუგებარია“. – აცხადებდა არტისტი, პერფორმანსებში ცხოველთა დახოცვას  კი იმით ამართლებდა, რომ მათ მაღალი მატერიებისათვის კლავდა – კი არ მიირთმევდა, არამედ ხელოვნების ნიმუშებად აქცევდა. 

მხატვრის შემოქმედებისათვის უცხო – სასიამოვნო, ნათელ და კაშკაშა  ფერებშია შექმნილი  მისი ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ნამუშევარი – „Golden Love”. ეს არის ფერადი კოლაჟი, რომელშიც ჩვილების გამოსახულებები ყვავილებთან, ცხოველების გვამებთან და სექსუალური გარყვნილების ამსახველ სცენებთან ერთად არის წარმოდგენილი.

აღნიშნული ნამუშევარი, რომელშიც ტკივილი სიამოვნებას ერწყმის, საშუალო კლასის დივერსიისა და კორუმპირებული თაობის ვიზუალიზაციაა. ასეთივე ფერთა პალიტრითაა შექმნილი ნიჩის მიერ 1982 წელს შექმნილი „პროცესი“. მიუხედავად ამ გამონაკლისებია, მხატვრის ფერწერულ ნამუშევართა ძირითადი ნაწილი, რომლებსაც ავტორი ხელებისა და ფეხების – მთელი სხეულის გამოყენებით ქმნის, მაინც „სისხლის დაღვრასთანაა“ გაიგივებული. მათ შორის გამორჩეულად საინტერესო 1981 წლით დათარიღებული „ფრესკაა“ – სისხლით გაჟღენთილ უკანა ფონზე წამებული წმინდანის ბიუსტია დამაგრებული, რაც ქრისტეს მოწამეობასა და ადამიანთა სინანულის მნიშვნელობის მატარებელია. ყოველ ნამუშევარში ჰერმანი რელიგიასა და შემოქმედების რიტუალურ სპირიტუალიზმს შორის ავლებს პარალელებს, რისი საშუალებითაც ქრისტიანულ თეოლოგიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამავდროულად, განცდილი ტკივილისა თუ სინანულის წარმოჩენის გზით კათარსისისაკენ ისწრაფვის.

ხელოვანი 2022 წლის 18 აპრილს  ავსტრიაში, მისტელბახის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მაშინ, როცა ვენეციაში მისი  ფერწერული შემოქმედების მეოცე გამოფენა აღინიშნებოდა. მიზანი გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაციისა, რომელშიც კედლები და იატაკი წითელი საღებავითაა დაფარული, „წითელი ფერის სითხის ძალის წარმოჩენა, მისი დაღვრა, ჩახშობა და მნახველში სენსორულად ძლიერი აღგზნებისა და  მძაფრი შეგრძნებების გამოწვევაა“, – გამოფენის სტუმრებს ამ ძლიერი შთაბეჭდილებით დატკბობა 20 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. 

ჰერმან ნიჩის საკმევლის სურნელითა და სისხლით გაჟღენთილი ტილოები თუ რიტუალური სპექტაკლები მუდმივად ექცეოდა ყურადღების ეპიცენტრში და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოიწვევს მნახველში აღფრთოვანებას – საზოგადოებას სამუდამოდ დაამახსოვრდება, როგორც სკანდალური და სენსაციური. შემოქმედის ზედმეტად მძაფრი, ღრმა და ტიტანური მასშტაბის ხელოვნება, რომელიც სპირიტული  ნარატივებითაა ნასაზრდოები, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დათრგუნავს და დაამძიმებს მნახველს და  უბიძგებს მას, რომ ნიჩის ნამუშევრებზე დაკვირვებისას, იქ ღრმად დამარხულ სიმბოლოებსა თუ შინაარსებს მოჰფინოს ნათელი, თუმცა, ყველაზე მძიმე და ტრაგიკული იმის გააზრება, რომ მისტიკური ხელოვანი გამოგონილი სიუჟეტების ვიზუალიზაციას კი არ ახდენდა, რეალურად მომხდარ ამბებს გამოსახავდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები სიმბოლოებითაა დახუნძლული, მათ საერთო არაფერი აქვთ სიმბოლოებთან – მასალად გამოყენებული სისხლიც კი ისაა, რასაც  ხედავთ, ეს უბრალოდ სისხლია და არაფერი სხვა, უბრალოდ სისხლია, რომელიც რეალურად ნებისმიერ სიმბოლოზე მაღლა დგას“. და მაშინ რა არის ჰერმან ნიჩის შემოქმედებაში ასეთი სულისშემძვრელი და შემაძრწუნებელი? ვფიქრობ ის, რომ არტისტმა ყოველგვარი ევფემიზმის გარეშე გამოსახა ხელოვნებაში სიმართლე.

„მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი“. – ესაა ჩვენი, ადამიანების, ნამდვილი სახე და მაშინ, როდესაც პერფორმანსში ან ინსტალაციაში ცხოველთა დაკვლის სცენებს, მათ შიგნეულობასა თუ სისხლს ვხედავთ, შეძრწუნებულნი ვრჩებით, რეალურად კი ნიჩის რიტუალურ შემოქმედებაში არეკლილი ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება გვაშინებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.