fbpx

საფეხბურთო დრამა გრძელდება


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას ევროთასების ნახევარფინალური მატჩების პარალელურად, გულშემატკივრების ყურადღება საქველმოქმედო მატჩებმაც მიიპყრო, რომლებიც კიევის „დინამომ“ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა.

სახელოვანმა უკრაინულმა კლუბმა ხორვატ თანაკლუბელთა წინააღმდეგ ფრედ – 2:2 ითამაშა, ხოლო ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების მეორეადგილოსანი კი ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

ამხანაგური შეხვედრის მნიშვნელობა დორტმუნდელთა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა საკუთარ ტვიტერზე ორიოდე სიტყვით შეაფასა – „მეტი, ვიდრე თამაში“. 

ატმოსფერო მართლაც განუმეორებელი იყო მაყურებლებით გადაჭედილ და უკრაინის დროშებით მოფენილ დორტმუნდის „ვესტფალენსტადიონზე“. ამხანაგური მატჩის მსვლელობის პარალელურად კი არ წყდებოდა უკრაინის ქალაქების თუ სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა…

შეხვედრის დასრულების შემდეგ კიეველთა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მაღალი შეფასება მისცა უკრაინის ნაკრების წევრთა თამაშს და წარმატება უსურვა მათ ივნისში  გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში შოტლანდიელთა წინააღმდეგ. 

ასე და ამგვარად, რუსეთის არმიამ ევროპული ფეხბურთის საგაზაფხულო პერიოდი, როდესაც უამრავი პრიზი და ტიტული თამაშდება, ომის პერიოდად აქცია და კატარის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო სამყაროსაც შეაფრქვია თავისი მყრალი სუნი. 

ასეთ დაძაბულ ფონზე ჩატარდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები, რომელთაც საპასუხო დაპირისპირებების პროგნოზისთვის ფეხბურთის მოყვარულებს საკმარისი მასალა გაუჩინეს. 

ერთი კია, რომ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ესპანური ფინალი სავარაუდოდ უნდა გამოირიცხოს. სამაგიეროდ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ბოლო სამ წელიწადში ინგლისური ფინალი ხელმეორედ ჩატარდება.

„ლივერპულმა“ პირველ მატჩში საკუთარ „ენფილდ როუდზე“ დამაჯერებელი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა „ვილიარეალი“, რომელმაც მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო ძლევამოსილი მეტოქის განუწყვეტელ შეტევებს. 

„ლივერპული“ თანდათანობით, მეთოდურად აძლიერებდა ზეწოლას სტუმართა ნახევარზე. 

თუკი „ვილიარეალის“ ფეხბურთელებს შეხვედრის დასაწყისში ზოგჯერ გამოსდიოდათ მასპინძელთა მაღალი პრესინგის კლანჭებიდან დასხლტომა და კონტრშეტევის მოწყობა, მეორე ტაიმში ეს მათთვის უკვე შეუძლებელი იყო.

ევროპის ლიგის შარშანდელი გამარჯვებულისთვის განგაშის ზარი მატჩის 42-ე წუთზე გაისმა, როდესაც ტიაგო ალკანტარას შორეულმა დარტყმამ სტუმართა მეკარე ჟერონიმო რულის კარის ძელი შეაზანზარა.

მატჩის ბედი კი სულ რაღაც ორიოდე წუთში  გადაწყდა. მეტოქის კართან შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, მერსისაიდელებმა პირველი გოლი შეხვედრის 53-ე წუთზე შემთხვევით, რიკოშეტით გაიტანეს. 

ჯორდან ჰენდერსონის მიერ „ვილიარეალის“ საჯარიმო მოედანზე ჩაწოდებულ და სტუმართა მცველ ესტუპინიანის ფეხიდან ასხლეტილ ბურთზე ესპანელთა მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო და ანგარიშიც გაიხსნა. 

სტუმრები დაბნეულობამ მოიცვა, „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა კი ამით ისარგებლეს, 55-ე წუთზე განხორციელებული სამსვლიანი კომბინაცია თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე მყოფმა სადიო მანემ კიდევ ერთი გოლით დააგვირგვინა და მატჩის საბოლოო შედეგი – (2:0) დააფიქსირა. 

„ლივერპულისგან“ განსხვავებით, „მანჩესტერ სიტი“ 2:0-ს უკვე მატჩის მე-12 წუთისთვის იგებდა. 

მასპინძლებს ისეთ სასტიკ დღეში ჰყავდათ მადრიდის „რეალის“ მცველები და ნახევარმცველები, რომ ეს უკანასკნელნი მათ თავს დატრიალებულ ამბებში  ხეირიანად ვერც გარკვეულიყვნენ.

სტუმართა მოუმზადებლობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთა სწრაფი და მახვილგონივრული გადაადგილებების მიმართ პეპ გვარდიოლას გუნდის მიერ უკვე მეორე წუთზე გატანილი გოლის ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც მაჰრეზიმ მეტოქის მცველთა შორის „გასეირნების“ შემდეგ დე ბრიუნეს სტილში ჩააწოდა ბურთი „რეალის“ საჯარიმო მოედანზე.

ამ გადაცემას კი „რეალის“ მცველებისთვის მოულოდნელად სწორედ დე ბრიუინე გამოეხმაურა. ბელგიელი ნახევარმცველის თავური დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუასთვის, რომელმაც საკუთარი კარის ბადეში გახვეული ბურთის დანახვისას თავი ალბათ ბელგიის ნაკრების რომელიმე ვარჯიშზე წარმოიდგინა…

მატჩის დებიუტში მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ კი ბენზემას, კროოსს, ალაბას, მოდრიჩს, კარვახალს და მათ თანაგუნდელებს სახეებზე სრული გაურკვევლობა აღბეჭდოდათ და ალბათ „ბარსელონასთან“ არცთუ ისე შორეულ წარსულში შინ 0:4 წაგებული მატჩი ახსენდებოდათ.

„ლივერპულისგან“ განსხვავებით, „მანჩესტერ სიტიმ“ მეტოქის მიმართ არა თანდათანობით მზარდი, არამედ მატჩის პირველი წუთიდანვე მაქსიმალური ზეწოლა განახორციელა. 

მაღალი პრესინგი კი მადრიდელთათვის, როგორც შემდგომში გაირკვა, მხოლოდ ნოკდაუნი  აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ტრადიციული გამართლება, იგი ნოკაუტადაც შეიძლებოდა ქცეულიყო. 

უკვე მერამდენედ გადაარჩინა კრიტიკულ სიტუაციაში „რეალი“ კარიმ ბენზემამ, რომელმაც შეხვედრის 33-ე წუთზე მიწიდან ასხლეტილი ისეთი ოსტატური დარტყმა განახორციელა მასპინძელთა კარის დარაჯ ედერსონის მიმართულებით, რომ ბრაზილიელი გოლკიპერისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა მასზე დროულად რეაგირება. 

სამაგიეროდ ედერსონს საკმარისი დრო ჰქონდა ბენზემას თერთმეტმეტრიანზე რეაგირებისთვის. უბრალოდ „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერი ვერ წარმოიდგენდა, რომ 4:2-ის დროს მადრიდის „რეალის“ ფორვარდი მას ასეთ თავხედურ თერთმეტმეტრიანს დაურტყამდა. 

ჩაკიდებული ბურთი კარის შუაგულში შეფრინდა. თანაც, დარტყმა იმდენად სუსტი იყო, რომ ედერსონისგან განსხვავებით, ზოგიერთი სხვა მეკარე (მაგალითად, კურტუა) ფეხის ან ხელის დახვედრებას ალბათ გადახტომის შემთხვევაშიც მოასწრებდა და სავარაუდოდ, თავის გუნდს გადაარჩენდა.  

„რეალის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ამ ეპიზოდმა, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი – 4:3 განსაზღვრა მასპინძელთა სასარგებლოდ, შეიძლება კიდევ უფრო შეუთეთრა ისედაც გაჭაღარავებული თავი…

მატჩი, რომელიც მასპინძლებს თამაშის სცენარის და საგოლე მომენტების მიხედვით, სულ მცირე, 2 ან 3 ბურთის სხვაობით უნდა მოეგოთ, საბოლოოდ „რეალური“ ანგარიშით დასრულდა, რაც მადრიდელთა უმაღლესი დონის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მეტყველებს. 

პეპ გვარდიოლას სამომავლოდ გასათვალისწინებელი ექნება, რომ მეორე ტაიმში „რეალმა“ მანჩესტერელთა ლიდერ დე ბრიუინეს მაქსიმალურად შეუზღუდა გადაადგილების სივრცე, რამაც მისი გუნდის შეტევებს სიმწვავე დააკლო, სთოუნზის ფერნანდინიოთი შეცვლას კი დაცვითი ხაზის გაძლიერება არ მოჰყოლია.

საპასუხო მატჩის წინ ერთი ბურთის უპირატესობა ნამდვილად არ ნიშნავს „მანჩესტერ სიტის“ ფავორიტის რანგში ყოფნას. მაყურებლებს კი შეიძლება წინ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩის ნახვა ელით.

ერთი კია,  თუკი მადრიდის „რეალი“ წლეულს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პლეიოფებში მის მიერ დამარცხებული გუნდების სავარაუდო სია ასეთი იქნება: „პარი სენ-ჟერმენი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“.

მსგავსი სირთულის გზა აქამდე ჩემპიონთა ლიგის არცერთ გამარჯვებულს არ გაუვლია.

რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრი ნაადრევია. მეტიც, „ლივერპული“, რომელიც ცალი ფეხით უკვე ფინალშია, ყველაფერს იღონებს იმის დასამტკიცებლად, რომ ამჟამად  მსოფლიოს უძლიერესი კლუბია და ძალუძს როგორც „მანჩესტერ სიტის“, ისე „რეალის“ დამარცხება…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.