“ქოლგა თბილისი ფოტო კვირეული” 2022 – 8 მაისის პროგრამა
6 მაისიდან, “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის„ ფარგლებში ქალაქის გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში 2022 წლის ფოტოკონკურსის მონაწილეთა ნაშრომები გამოიფინება.
გთავაზობთ “ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის” 8 მაისის პროგრამას:
8 მაისს, 17.00 სთ-ზე ღვინის მუზეუმში /თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა/ იმართება Purpur Collective-ის ვიდეოფილმის ჩვენება. მისამართი: სიონის ქ. 8.
“ქოლგა თბილისი ფოტოკვირეულის” წარმდგენია თიბისი.
მართული ჩვენება – როგორ იყო/დაინახო ქალი
Purpur Collective-ის ვიდეო: ანტონია ლოიკი, ინგა შნაიდერი და თეონა გოგიჩაიშვილი
მონაწილე ხელოვანები: ულა დევენტერი (გერმანია/განა), ჯენიფერ გრინბურგი (აშშ), ანა ერენშტაინი (გერმანია/ალბანეთი), ლებოჰანგ კგანიე (სამხრეთი აფრიკა), ჩილა კლენიანსკი (უნგრეთი/ნიდერლანდები), პიქსი ლიაო (ჩინეთი/აშშ), ფრანჩესკა მაგისტრო (იტალია/გერმანია), სესილია მალიკი (პოლონეთი), ჰოლი მაკნიში (გაერთიანებული სამეფო), დინა ოგანოვა (საქართველო), მიკა შპერლინგი (გერმანია), სანდრა შტაინი (გერმანია)
ვიდეო „როგორ იყო/დაინახო ქალი“ წარმოადგენს მსოფლიო ხელოვანების თორმეტ პოზიციას და ეხება თანამედროვე სამყაროში „ქალად ყოფნის“ თემას მათივე ნამუშევრებში. ისინი მსჯელობენ თავიანთ ბიოგრაფიაზე და, ასევე, მათთვის სოციალურად მისაბაძ მაგალითებზე.
შერჩეული ნამუშევრები ის ფოტოგრაფიული გამოსახულებებია, რომლებიც უკავშირდება შესაბამის დისკურსებს ქალის ტრადიციული, არსებული და ახალი სახეების შესახებ. ამრიგად, ფილმი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს სოციალური და კულტურული წარმომავლობის თვალსაზრისით ქალების როლის აღქმაში არა მხოლოდ განსხვავებები, არამედ მსგავსებებიც. სპექტრი მოიცავს ნამუშევრებს საოჯახო ალბომებიდან რეპორტაჟებამდე, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, გამოსახულებების აპროპრიაციას და კონცეპტუალურ და დადგმულ სერიებს.
2018 წელს დავაფუძნეთ purpur collective, რომელიც მიზნად ისახავდა მხატვრულ ფოტოგრაფიაში ქალების გამოჩენის ხელშეწყობას. იდეა და განხორციელება: საკურატორო გუნდი Purpur Collective: ანტონია ლოიკი, ინგა შნაიდერი და თეონა გოგიჩაიშვილი.
მონტაჟი: ნინა პოპე, სპიკერი: იზაბელ გიბელერი, თარგმანი: ქეით გრგასი, გრაფიკული დიზაინი: კერმან სტშელეცკი
განსაკუთრებული მადლობა ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის მხარეს სტიპენდიისთვის „Auf Geht’s“ – გულმხურვალე დახმარების გამო. ადგილზე ჩვენებას დაესწრებიან: დინა ოგანოვა (ერთ-ერთი მონაწილე ხელოვანი) და თეონა გოგიჩაიშვილი (საკურატორო გუნდის, Purpur Collective-ის ერთ-ერთი წევრი).
8 მაისს, 20.00 სთ-ზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება ქართველი ფოტოგრაფის, გურამ თიკანაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. მისამართი: რუსთაველის გამზირი 27
გურამ თიკანაძე – სხვა საბჭოთა ადამიანი
მთამსვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე 1932 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. პროფესიით გეოლოგს კრივში პირველი თანრიგი ჰქონდა. ფოტოგრაფიით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა, მოგვიანებით უკვე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებშიც მონაწილეობს და არაერთი პრემიისა და პრიზის მფლობელიც ხდება. 1959 წელს გურამ თიკანაძის მიერ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე, ვენაში, მიღებული ვერცხლის მედალი პირველი საერთაშორისო ჯილდო გახდა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში.
1958 წლის აგვისტო-სექტემბერში მან ოთხკაციან ჯგუფთან ერთად ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზე იმ დროისთვის ურთულესი ტრავესი განახორციელა, ერთ ექსპედიციაში 16 მწვერვალიდან 14-ის დალაშქვრა შეძლო და საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ დროისთვის მსგავსი ტრავესი მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში არავის განეხორციელებინა. გურამმა ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“ – 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე, 1957 წელს. 1963 წლის აგვისტოს სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე, ხოლო 27 აგვისტოს, მთიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა.
გურამ თიკანაძის შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. დათბობის პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. მან დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე – შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში. გურამ თიკანაძის ნამუშევრები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. იყო პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემების სპეციალური ფოტოკორესპონდენტი. გურამ თიკანაძის ფოტოენა, მოულოდნელი რაკურსებითა და ჩვეულებრივში „არაჩვეულებრივის“ აღმოჩენის უნარით, 1920-იანი წლების ავანგარდული ფოტოგრაფიის ენას, კერძოდ, ალექსანდრე როდჩენკოს ნამუშევრების ესთეტიკას მოგვაგონებს. 2004 წელს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიერ მას ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი მიენიჭა.
საქართველოში მას სამართლიანად უწოდებენ შემდგომი თაობის მასწავლებელს. 2022 წელს გურამ თიკანაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
8 მაისს, 18.30 სთ-ზე ხელოვნების სასახლეში იტალიის საელჩოს დახმარებით გაიხსნება იტალიელ-ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯონ რენდოლფ პეპერის გამოფენა “იტალიის ფრაგმენტები 1970-2010”. მისამართი: კარგარეთელის 6. გამოფენა გასტანს 14 მაისამდე.
ჯონ რ. პეპერი, “იტალიის ფრაგმენტები 1970-2010”
იტალიელი ფოტოგრაფის, ჯონ რენდოლფ პეპერის „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ მისი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. პეპერი იღებს მხოლოდ ანალოგური შავ-თეთრი, Ilford HP5 ფირით, 400asa, 35 მმ ობიექტივით და ბეჭდავს ბარიტის ქაღალდზე. „იტალიის ფრაგმენტები“ არის 1970-2011 წლებში გადაღებული ფოტოების კრებული რომში, სიცილიასა და სამხრეთ იტალიის სხვა რაიონებში გადაღებული სერიებიდან. პეპერმა, რომელიც გაიზარდა რომში, დოლჩე ვიტაში, მხატვარი მშობლების ოჯახში, 12 წლის ასაკში დაიწყო გადაღება პენტაქსის კამერით და 35 მმ ლინზებით. უგო მულასის შეგირდობით, მან სწრაფად ისწავლა რომის ქუჩებში დღე და ღამ ხეტიალი (ROME 1969 AN HOMMAGE TO ITALIAN NEO-REALISM) და არასოდეს გაჩერებულა.
2010 წელს პეპერი დაბრუნდა რომში, რათა შეესწავლა მშობლიური ქალაქი და ენახა, რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე (SANS PAPIER). პეპერმა გამოსცა ოთხი წიგნი. მისი ნამუშევრები რეგულარულად გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (იტალია, აშშ, ევროპა, ასევე ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონსა და რუსეთში). თავისი სერიით „დასახლებული უდაბნოები“ პეპერი იყო ერთ-ერთი პირველი იტალიელი ფოტოგრაფი, რომელმაც რევოლუციის შემდეგ გამოფინა თეირანში და რამდენიმე კვირის შემდეგ აჩვენა იგივე ნამუშევრები ისრაელში.
„იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ შედგება 40 ამაღელვებელი ფოტოსგან, რომლებშიც პეპერმა გადაიღო ადამიანები, რომლებიც შემთხვევით შეხვდა იტალიაში მოგზაურობისას. პეპერი არის დამკვირვებელი, რომელიც შორიდან ასახავს ადამიანის ცხოვრებას მის ყველაზე არსებით ფორმებში, რომელიც მოწყვეტილია კულტურული ან დროითი სპეციფიკისგან. ის არის ქუჩის ფოტოგრაფების კლუბის წევრი, რომელიც მუდამ არის შეიარაღებული 35 მმ კამერით და ელოდება სიტუაციების სპონტანურად წარმოჩენას. კლასიკური ტრადიციების ერთგული, ქმნის კადრებს, რომლებიც სინამდვილეს ასახავს და სამყაროს იმგვარი ხედვით გამოირჩევა, რომელშიც რეალიზმი ეწინააღმდეგება კვაზი-იდუმალ ზღაპარს, ფიზიკური დაკვირვება ფსიქიკურ გამოცხადებას. მისი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია გზა, რომელშიც ის უარყოფს დროს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ფოტოგრაფიის ბუნებას. როგორც კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე რობერტა სემერარომ აღნიშნა, პეპერის ფოტოები მარადიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელია ზუსტი დროითი კონოტაციის მინიჭება მათთვის, თუ როდის არის ისინი გადაღებული. ნამცხვარს ჩაიში ასველებს გედივით, რაც მასში ბავშვობის ასოციაციას იწვევს – როგორ მიირთმევდა ბავშვობაში მათ კვირა დღეს, წირვაზე წასვლის წინ. ასე რომ, პეპერი იმეორებს მის განვლილ დროს თავის ფოტოებში.
8 მაისს, 17.00 სთ-ზე სასტუმრო “რუმსის” მთავარ ოთახში გაიხსნება ფრანგი ფოტოგრაფის, ლარა მიჩელის გამოფენა. მისამართი: ჭოველიძის ქ. 1
ლარა მიჩელი – ექსტრასისტოლები, “როცა გული ფრიალებს”
კურატორები: გრეგორ ბელციგი და თეონა გოგიჩაიშვილი
ლარა მიჩელი დაიბადა 1990 წლის 8 აპრილს ჟენევაში. ლარამ ხელოვნების ისტორიის შესწავლა დაიწყო პარიზში. Artcurial-ის ფოტოგრაფიის დეპარტამენტისგან ლიცენზიის მიღებისა და სტაჟირების შემდეგ, მან ფოტოგრაფიის ონლაინ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში (2017-2021). პოლაროიდი მისთვის აღმოჩენად იქცა, 2014 წელს შეკვეთილი მოდის ფოტოების გადაღების დროს. მას არასოდეს შეუცვლია კამერები და შეინარჩუნა „ეს აუცილებელი ინსტრუმენტი“, SX-70 მისთვის პერსონალური ფოტოპროექტების განხორციელების საშუალებად იქცა. მისი ფოტოები რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნდა (Elle, Fisheye, Artsper, 1NSTANT, Mauer, Le Point…).
ალბათ თქვენც გეცნობათ ეს გრძნობა, როცა მოულოდნელად გული ძლიერი ემოციისგან ლამის მკერდიდან ამოხტეს! კულმინაციის განცდა დამათრობელია, მაგრამ ყოველთვის თან ახლავს ჩრდილი. მელანქოლიის ჩრდილი, შიში იმისა, რომ მოულოდნელად ყველაფერი შენთვის ძვირფასი შეიძლება გაქრეს, ჰაერში გაიფანტოს… თქვენც გეცნობათ ეს ამბივალენტურობა? მძაფრი გრძნობები ეიფორიასა და შიშს შორის? სიამოვნებასა და ტკივილს შორის? ისევე, როგორც ღრუბლების გარეშე მზე არ არსებობს… დაბადებიდან თან გვახლავს წარმავლობის შეგრძნება – fragilitas, transitum.
ყველაფერი სრულდება, ყველაფერი რაღაც მომენტში იშლება. მაგრამ ალბათ ეს არის ის, რაც სიცოცხლეს ასე ძვირფასს ხდის. ადამიანთა მოთხოვნილება, გადაიღონ ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები, ნამდვილად აქედან მოდის. მაინც რა არის განსაკუთრებული მომენტები? დაბადება, ქორწილი, სიკვდილი? რა ხდება შუალედებში? ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მომენტები სავსეა სინაზით, ერთგულებით, სიყვარულით, მონატრებით, დანაკარგით, ბრაზით, მწუხარებით თუ ბევრი უთქმელი სურვილით… როდესაც პირველად ვნახე ლარა მიტჩელის ფოტოები, ვიგრძენი, რომ მისი ვიზუალური ენა პირდაპირ მიზიდავდა. ისინი ჩემთვის ჩუმ ლექსებს ჰგავდა, რომლებიც ბევრს მალავს სტრიქონებს შორის, გამოსახულება, რომელიც პოეტურად აღბეჭდავს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა წამს და ყალბი სენტიმენტალობის გარეშე გულს სწვდება. ლარას ნამუშევრები ჩემთვის ჰაიკუებს ჰგავს, დაუმთავრებელი, ღია ტექსტებივით, რომლებიც მხოლოდ მკითხველის გამოცდილებით სრულდება.
„სინათლე ინავლება ცაში, მარადიული ვარსკვლავები მშვიდად ამოდიან.” არნო ჰოლცი (1863-1929)
თეონა გოგიჩაიშვილი











