fbpx

მეტ გალა 2022


გააზიარე სტატია

ჰოლივუდისთვის და მოდის ინდუსტრიის ტიტანებისთვის მაისის პირველი ორშაბათი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მეტ გალას. მეტ გალა 2022-ის წითელ ხალიჩაზე, რომელიც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ემბლემურ საფეხურებზეა გაშლილი, მოდის უდიდესი სახელები ტრადიციისამებრ კაშკაშა და ექსტრავაგანტული სამოსით წარსდგნენ.

მეტ გალას წითელი ხალიჩა ყოველწლიურად დაუვიწყარ სანახაობას გვთავაზობს, როგორც დამსწერეებისთვის ასევე შორიდან დამთვალიერებლისთვის. საქველმოქმედო წვეულება თავისებური სტილით გამოირჩევა, ის უნიკალურ თემებს ეხება, რომელიც შემდეგ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტში არის გამოფენილი. წლევანდელ წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავებმა “Gilded Glamour”-ის (მოოქროვილი გლამური) თავიანთი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. საღამოს ორგანიზატორები მსახიობები ბლეიქ ლაივლი, ლინ-მანუელ მირანდა და რეგინა კინგი იყვნენ, მათ საპატიო თანათავმჯდომარეები, ანა ვინტური, ტომ ფორდი და ინსტაგრამის ვარსკვლავი ადამ მოსერი შეუერთდნენ.

წლევანდელი ცერემონიის გამორჩეულ მომენტებს შორის ჰილარი კლინტონის 21 წლიანი პაუზის შემდეგ მეტ გალას წითელ ხალიჩაზე დაბრუნება იყო, ის აღნიშნულ ღონისძიებას ბოლოს 2001 წელს დაესწრო. ჯოსეფ ალტუზარაში გამოწყობილი კლინტონის კაბაზე, კერძოდ დეკოლტესა და კეფის გასწვრივ, 60 ქალის სახელი იყო ამოქარგული, რომლებიც მას შთააგონებენ, მათ შორის, როზა პარკსი, ლედი ბერდ ჯონსონი და კლინტონის დედა დოროთი როდჰემი.

მეტ გალა 2022 ორნაწილიანი გამოფენის მეორე ნაწილია, რომელიც ამერიკულ მოდას ეძღვნება. პირველი ნაწილი “ამერიკაში: მოდის ლექსიკონი” (In America: A Lexicon of Fashion) ანა ვინტურის კოსტიუმების ცენტრში სექტემბერში გაიხსნა, ხოლო მეორე ნაწილი: “ამერიკაში: მოდის ანთოლოგია” (In America: An Anthology of Fashion), 7 მაისს, ამერიკულ ფრთაში (American Wing) გაიხსნება.

მეტ გალას მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენას უწოდებენ. 2021 წლის ცერემონიაზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში ბილი ეილიში, იმანი, ზოე კრავიცი, კენდალ ჯენერი რიანა და თიმოთი შალამე მოხვდნენ.

2022 წლის მეტ გალას წითელი ხალიჩა კი ასე გამოიყურებოდა:

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.