fbpx

ციფრული სიურრეალიზმი – ინტერვიუ ანა მაღრაძესთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა პატარიძე

 

ანა მაღრაძე  ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც ციფრულ ნამუშევრებს ფოტოებთან  შერწყმით ქმნის და საბოლოო ჯამში, ციფრულ სიურრეალიზმს გვთავაზობს, სადაც ორი ფოტო ერთმანეთს კვეთს, სიუჟეტები აბსტრაქტულია, ხოლო პერსონაჟები თითქმის ყოველთვის გამჭვირვალე და არაიდენტიფიცირებული. 

ანას ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა: NOWNESS,  Saatchi Gallery, Fubiz, Avant Arte, Photoshop-ის ოფიციალური ვებგვერდი და სხვა. 

At.ge გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ხელოვანთან. 

 რა უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ?

მე ვარ ანა მაღრაძე, განათლებით დიპლომატი. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიზიდავდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც პროფესიას „მირჩევდნენ“, ხელოვნება და ფოტოგრაფია სერიოზულ პროფესიად და შემოსავლის წყაროდ არ აღიქმებოდა. მეც დავივიწყე ეს ყველაფერი. უკვე ზრდასრულ ასაკში, გააზრებულად, გადავეშვი დიზაინის სფეროში, კერძოდ, გრაფიკულ დიზაინში და  დღემდე ვმუშაობ.

როდის გაჩნდა ხელოვნება შენს ცხოვრებაში?

არტისტული მოგზაურობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გრაფიკული პროგრამების სწავლა დავიწყე. ფოტოშოპის პარალელურად ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მხოლოდ ფოტო არ იყო საკმარისი იმის გამოსახატად, რასაც შინაგანად ვგრძნობდი. ამიტომ დავიწყე ფოტომანიპულაციების კეთება ფოტოშოპის მეშვეობით. 

როგორ დაახასიათებდი ტექნიკას, რომელსაც ნამუშევრების შესაქმნელად იყენებ?

ყველა ჩემი ნამუშევარი იქმნება რამდენიმე ფოტოს შერწყმისგან, შედეგად ვიღებ ერთ სიურრეალისტურ ფოტოსურათს.

რას ეფუძნება შენი ნამუშევრების კონცეფცია?

როდესაც დავიწყე ჩემი ნამუშევრების გამოქვეყნება სოციალურ პლატფორმებზე, იმ დროისათვის კონცეფციაზე არ ვფიქრობდი, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ  ჰობი იყო. ვფიქრობ, საკუთარ სტილთან და კონცეფციასთან მისვლამდე დიდი გზა არის გასავლელი. ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ძალიან მაბედნიერებს. ჩემი ნამუშევრები ასახავენ შინაგან რეალობას და ოცნებებს, რომ ეს სამყარო უფრო საინტერესო გახდეს. მსურს ვიპოვო და აღვბეჭდო ის, რაც სხვისთვის უხილავია (ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი წარმოსახვაა). 

გვესაუბრე სერიაზე Fire

ნამუშევრები, სადაც ცეცხლი მაქვს გამოყენებული, არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. ჩემი ინსპირაციის წყარო არის ბუნება და ადამიანები. მომწონს ბუნების ელემენტების ერთმანეთთან შერწყმა და მათი ფერთა გამა. ხეები წარმოადგენენ ადამიანებს, რომლებიც განიკითხავენ  სხვა ადამიანს (ის სხვა ადამიანი იწვის). ეს ყველაფერი ალეგორიულად ასე გამოიყურება ჩემთვის. 

რომელ პროგრამას იყენებ ყველაზე ხშირად?

მუდმივად  ვიყენებ ფოტოშოპს, ძალიან იშვიათად –  3D პროგრამებს.

 

როგორია შენი დამოკიდებულება  ციფრული იმიჯის და NFT-ის მიმართ?

Nft-იმ ძალიან დიდი მუხტი და მოტივაცია მომცა, ამის საშუალებით ციფრული ხელოვნება სხვა ეტაპზე გადავიდა, არტისტებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ნამუშევრები დავიცვათ, მივანიჭოთ საავტორო უფლებები და გავყიდოთ ორიგინალად. 

რა ხდება შენი დაკვირვების ობიექტი ყველაზე ხშირად?

ყველაზე ხშირად ვაკვირდები ბუნებას და ადამიანებს. მომწონს მათი შერწყმა და საბოლოოდ ადამიანის გაქრობა. 

 

ვისმა შემოქმედებამ  ან მიმდინარეობამ მოახდინა  შენზე  გავლენა?

ხელოვნების ყველანაირი ფორმა მიყვარს. ჩემზე გავლენას ახდენენ სიურრეალისტები:  Rene Magritte, Julia Fullerton-Batten, Francois Vogel, Holly Herndon, Ruud van Empel, Diango Hernandez. 

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე 

ჩემს  როგორც ციფრული არტისტის  სამომავლო გეგმაში  შედის  მეტი განვითარება, ბრენდის და კარიერის შექმნა.  ყოველ ჯერზე ვცდილობ გავაუმჯობესო ტექნიკა და ხარისხი. არ მბეზრდება ის, რასაც ვქმნი და ვნახოთ,  ეს ყველაფერი სადამდე მიმიყვანს.  

 

ანას ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ : https://www.instagram.com/aminvisiblegirl/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.