fbpx

რუსეთის სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში – გამოფენა


გააზიარე სტატია

თბილისში იმართება ფოტოგამოფენა, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში.

ნამუშევრები ორთვიანი კონფლიქტის განმავლობაში შეგროვდა საქველმოქმედო გამოფენისთვის – “უკრაინული გერნიკა”.

2022 წლის 5 მაისს თბილისში, ქარხნის საგამოფენო პავილიონში გაიმართა ფოტოგამოფენა. გამოფენის მიზანია ყურადღება გაამახვილოს უკრაინაში მიმდინარე ომზე და აჩვენოს მსოფლიოს დოკუმენტური მტკიცებულებები რუსეთის უკანონო აგრესიის და სამხედრო დანაშაულების შესახებ. გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელი ექიმებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენას ფრონტის ხაზზე სამუშაოდ.  თითოეულ სტუმარს ექნება დონაციის შესაძლებლობა.

საქართველოში სოფო ჭყონიას და მისი საქველმოქმედო ფონდის, ,,იყავი შემდეგის“  მხარდაჭერით იმართება პირველი საქველმოქმედო ფოტოგამოფენა – ,,უკრაინული გერნიკა“. შემდეგი გამოფენები  მალე დაანონსდება  სხვადასხვა ქალაქშიც.

,,დღეს უკრაინელები საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლით, მსოფლიო დემოკრატიის და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენ ყოველდღე ვადევნებთ თვალს, თუ როგორ კლავს ტირანია და ტერორიზმი უდანაშაულო ხალხს, მოქალაქეებს. კლავენ ბავშვებს. მოქმედების დროა. ჩვენ ყველა გზის გამოყენებით, ერთად უნდა ვიბრძოლოთ უკრაინელებისთვის.“ – სოფია ჭყონია

ოფიციალური გახსნა 2022 წლის 5 მაისს გაიმართა, სადაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ღია.

პროექტი მხარდაჭერილია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ტარდება უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას პატრონაჟით. გამოფენაში მონაწილეობენ  სხვადასხვა ქვეყნის  ფოტოგრაფები, სადაც წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ნამუშევარი და დოკუმენტური აუდიო-ვიდეო მასალა. ფოტოგრაფები: ალექს კენტი, როდრიგო აბდ, პაველ პეტროვი, ევგენი მალოლეტკა, კრისტოფერ ოჩიკონე, მსტისლავ ჩერნოვი, რონ ჰავივი და სხვები.

,,კაცობრიობა ბარბაროსობის, ბოროტების და აშკარა ტყუილის მოწმეა, რაც სისტემური ხარვეზების მტკიცებულებაა საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურაში და მორალური საფუძვლების კრიზისს წარმოადგენს. რუსეთი სჩადის გენოციდს უკრაინის მიმართ, რაც მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის ცვლის პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების სისტემას. საკითხები, რომლებიც ოდესღაც დღის წესრიგში იდგა, უცაბედად გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის და დაუყოვნებლივი ყურადღება მოითხოვა.“ – ევგენია ბერეზნიტსკი, კურატორი

ფონდი ,,იყავი შემდეგი“, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოდის და ხელოვნების სფეროს აქტიურად უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა მისი პრიორიტეტი იმ ოჯახების და ბავშვების დახმარებაა, ვინც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.