fbpx

მორიგი სასწაული „სანტიაგო ბერნაბეუზე“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მადრიდის „რეალისა“ და მანჩესტერ სიტის” მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა და ვინ იცის, რამდენი თმის ღერი გაუჭაღარავდებოდა სახელოვან იტალიელს იმ საღამოს, რომ არა ისედაც გაჭაღარავებული თავი…

ანჩელოტის ალბათ წინა ორი პლეიოფის მატჩიც გაახსენდა და დაფიქრდა, სად უფრო გაუმართლა მის გუნდს, „პარი სენ-ჟერმენთან“, „ჩელსისთან“ თუ „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრებში.

ნუთუ მადრიდის „რეალი“ თილისმების გუნდია, რომლის მოგებაც მოედანზე მეორე ტაიმში მაინცდამაინც როდრიგოს ან კამავინგას შემოსვლაზეა დამოკიდებული? 

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფების სტატისტიკურ მონაცემებს თუკი დავეყრდნობით,  მინდორზე ტონი კროოსის ყოფნისას მადრიდის „რეალი“ აუცილებლად მარცხდება და საკმარისია იგი გაიყვანონ, რომ „სამეფო კლუბი“ მდგომარეობას მისთვის სასიკეთოდ  აუმჯობესებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კროოსის, მოდრიჩის და კაზემიროს მოედნიდან გასვლის შემდეგ „რეალის“ დაცვითი ხაზი „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში კიდევ უფრო დასუსტდა.

ამისი დამადასტურებელი დაპირისპირების მეორე ტაიმში შესული ჯეკ გრილიშის გარღვევები იყო მარცხენა ფლანგზე, როდესაც „რეალი“ ერთი წუთის განმავლობაში  ზედიზედ ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩა კიდევ ერთ გოლს საკუთარ კარში.

მატჩის 86-ე წუთზე გაშვებული მეორე გოლი კი „სამეფო კლუბს“ აუცილებლად დაატოვებინებდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, რადგან მის ხსნას უკვე ვერც ცვლილებაზე შესული მატჩის გმირი როდრიგო შეძლებდა…

მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფრედ – 0:0 დასრულდა, სტუმრებმა საქმის მოთავება მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გადაწყვიტეს და ყოველგვარი რიდის გარეშე გადავიდნენ შეტევაზე. 

ასეთი ჩანაფიქრი სავსებით ლოგიკური იყო, რადგან პირველი ტაიმის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მასპინძლებთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ შეთამაშების და მაღალ ტემპში თამაშის უნარიანობის თვალსაზრისით.

სტუმრებმა ბენზემას მაქსიმალურად შეუზღუდეს მოქმედების არეალი და „რეალის“ შეტევების სიმწვავე ვინისიუსის ინდივიდუალურ გარღვევებამდე დაიყვანეს, რაც სტუმრების კართან შექმნილი თითო-ოროლა საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, საკმარისი არ აღმოჩნდა ედერსონის კარში ბურთის გასატანად.

მატჩის 56-ე წუთზე კი მაჰრეზმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონი დაადუმა, როდესაც ბერნარდუ სილვას გადაცემა უძლიერესი დარტყმით გოლად აქცია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სილვას მოქმედება გადაცემის მომენტში. ასეთი გადაცემები უფრო კალათბურთისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო ფეხბურთში კი ძალზედ იშვიათია. პორტუგალიელმა მაჰრეზს ბურთი ისე მიაწოდა, რომ წამით ადრესატის საწინააღმდეგო მხარეს მიაბრუნა თავი, თითქოს ბურთს მარცხნივ და არა მარჯვნივ  აწვდიდა. 

ამით სილვამ როგორც „რეალის“ მცველები, ისე მეკარე ტიბო კურტუაც დააბნია, რომელმაც უახლოეს კუთხეზე ყურადღება მოადუნა და ახლო დისტანციიდან შესრულებულ უძლიერეს დარტყმაზე რეაგირება ვეღარ მოასწრო. 

გატანილი გოლის შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა მასპინძლებზე და ისე დაამცირა მეტოქე, რომ 65-დან 68-ე წუთამდე პერიოდში „რეალის“ ფეხბურთელები ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხნენ, როდესაც გაჭირვებით მოიგერიეს  აუტში.

ჯეკ გრილიშის ზემოთ ხსენებული გარღვევების შემდეგ კი თითქოს უკვე საბოლოოდ გამოაშკარავდა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ინგლისური ფინალი…

მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ მხოლოდ ის ანალიტიკოსები, ვინც „რეალის“ მიერ „პარი სენ-ჟერმენის“ და „ჩელსის“ ძლევას არა გამართლებას, არამედ კანონზომიერებას მიაწერენ.

მატჩის მეორე ნახევარში „რეალმა“ პირველი საგოლე ეპიზოდი მეტოქის კართან უკანასკნელ 90-ე წუთზე შექმნა, როდესაც ბენზემას გადაცემა შეცვლაზე ახლად შესულმა როდრიგომ გოლად აქცია. 

ანგარიშის გათანაბრებისთანავე მატჩის არბიტრმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა. რაოდენ უცნაურადაც  უნდა გვეჩვენოს, სწორედ აქ გატყდნენ მეორე ტაიმში შესანიშნავად მოთამაშე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები.

როდრიგომ არ დააყოვნა და თანაგუნდელები პირველი გოლიდან სულ რაღაც წუთ-ნახევარში დააწინაურა. 

დანი კარვახალის ჩაწოდების შემდეგ მარკო ასენსიოს თავიდან ასხლეტილი ბურთი მეტოქის კარში როდრიგომ თავითვე გაიტანა და მატჩიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც „რეალის“ წარმატება თითქმის ეჭვს აღარ იწვევდა.

გადამწყვეტი გოლი ბენზემამ თერთმეტმეტრიანით გაიტანა და „რეალს“ ფინალისკენ გზა შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე გაუხსნა. 

დარჩენილ დროში „მანჩესტერ სიტი“ ბევრს ცდილობდა გოლის გატანას და ერთხელ განსაკუთრებით ახლოს იყო მიზანთან, როდესაც მატჩის მიწურულს ფერნანდინიოს ცოტა დააკლდა დაპირისპირების პენალტების სერიაში გადასაყვანად.

რაზე ფიქრობდა ანჩელოტი, როდესაც შეხვედრის 105-ე და 115-ე წუთებზე მოედნიდან შესაბამისად – ბენზემა და ვინისიუსი გაჰყავდა? 

ნუთუ ის დარწმუნებული იყო, რომ „მანჩესტერ სიტი“ ანგარიშს ვერ გაათანაბრებდა? ალბათ არა. 

როგორც ჩანს, იტალიელმა სპეციალისტმა ჩათვალა, რომ ფორვარდების დუეტმა მაქსიმუმი უკვე შეასრულა და კიდევ ერთი გოლი მათგან ნაკლებად იყო მოსალოდნელი. შესაძლო თერთმეტმეტრიანებს კი ისინი მოარიდა, რადგან ბენზემას ედერსონი ერთხელაც აუღებდა, ვინისიუსი კი სადღაც შორს დაარტყამდა…

ანჩელოტისგან განსხვავებით, ცვლილებები პირველი მატჩის მსგავსად ვერ ამოიცნო მისმა მეტოქე პეპ გვარდიოლამ. მართალია, ზინჩენკომ და გიუნდოგანმა მოედანზე გამოსვლისთანავე მიიღეს მონაწილეობა „მანჩესტერ სიტის“ საგოლე შეტევაში, მაგრამ გაჭირვების ჟამს დე ბრიუინე ალბათ მეტ სარგებელს მოუტანდა საკუთარ გუნდს ზინჩენკოსთან შედარებით.

ასევე ვერ გაამართლა სტერლინგმაც, რომლის უსარგებლობა პეპ გვარდიოლას ალბათ  პირველ მატჩშიც უნდა განეჭვრიტა. ერთი კია, რომ „რეალის“ წარმატებას დიდად შეუწყო ხელი შეხვედრის 72-ე წუთზე კაილ უოკერის იძულებითმა შეცვლამ,  რამაც საგრძნობლად შეასუსტა სტუმართა დაცვითი ხაზი.

აწი მადრიდის „რეალი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ფინალის საგზური წინა დღით „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მოიპოვა.

პირველი მატჩის ორბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ მერსისაიდელები თითქოს ცალი ფეხით უკვე ფინალში იყვნენ, მაგრამ უნაი ემერის გუნდმა დეფიციტის აღმოფხვრა განმეორებითი შეხვედრის პირველ ტაიმშივე შეძლო.

„ლივერპული“ იძულებული იყო, რომ მეორე ტაიმში მაქსიმალურ ტემპში ამოქმედებულიყო. საინტერესოა, რომ იურგენ კლოპმა დიოგუ ჟოტა შეცვალა, რომელსაც პირველ ნახევარში მოედანზე ყველაზე მეტი განარბენი – 6,06 კმ ჰქონდა შესრულებული.

მის ნაცვლად შესულმა ლუის დიასმა კი აშკარად გაამწვავა მერსისაიდელთა შეტევები, რომელთაც მხარი თავისი შეცდომებით „ვიალიარეალის“ გოლკიპერმა რულიმაც აუბა და საბოლოოდ „ლივერპულმა“ „რეალთან“ შედარებით მარტივად მოახერხა ფინალის საგზურის მოპოვება.

ვინ უფრო აწყობდა იურგენ კლოპს ფინალში მეტოქედ, „რეალი“ თუ „მანჩესტერ სიტი“? 

ალბათ „რეალი“, რადგან „მანჩესტერ სიტის“ მისი გუნდი ისედაც მთელი წლის განმავლობაში ებრძვის, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ მარცხზე შურისძიება კი კლოპის, სალაჰის და ბევრი  „ლივერპულელის“  უმთავრესი მიზანია.

„ლივერპულის“ და „რეალის“ დაპირისპირება 28 მაისს პარიზში შედგება. იქამდე ორი კვირით ადრე კი მერსისაიდელები „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში „რეალი“ და „ლივერპული“ ერთხელ, 1981 წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს მაშინდელი ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, სადაც  ინგლისელებმა ალან კენედის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.