ჰომოეროტიკული ფოტოგრაფია – ინტერვიუ ბუთუ ბილიხოძესთან
ავტორი: მირიამ გრიგალაშვილი
ბუთუ ბილიხოძე ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ფოტოები უკიდურესი დახვეწილობითა და ინტიმურობით გამოირჩევა. მისი ინტერესის სფეროს ძირითადად შიშველი სხეული და ჰომოეროტიკული ფოტოგრაფია წარმოადგენს. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, იგი დიდი ოსტატობით ახერხებს თავის ობიექტებს შორის არსებული გრძნობებისა და ემოციების აღბეჭდვას ისე, რომ არასდროს არ კარგავს სინაზისა და სიმსუბუქის განცდას. ბუთუსთან ვსაუბრობთ ფოტოგრაფიაში მის პირველ ნაბიჯებზე, შთაგონების წყაროებსა და პირად გამოცდილებებზე.
როდის და რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
ფოტოგრაფიით ადრეული ბავშვობიდან დავინტერესდი, მას მერე, რაც პაპაჩემმა მეგობრისგან სახსოვრად დატოვებული ძველი საბჭოთა ფოტოაპარატი – FED 3 მაჩუქა. ეს იყო ფოტოგრაფიასთან ჩემი პირველი შეხება. მახსოვს, რომ აპარატს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. მის შესაკეთებლად მე და პაპაჩემს ხელოსნებთან სიარული მოგვიწია. მთელმა ამ პროცესმა უფრო გამიღვიძა ცნობისმოყვარეობა და მომინდა, გადაღება დამეწყო.
პირველი კადრი თბილისის ზოოპარკში ჩემს დას გადავუღე. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება იყო დაბეჭდილი ფოტოების ნახვა. ფირით მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მაშინ არ ვიცოდი, რას და როგორ ვიღებდი.
დრო გავიდა და ფირი ციფრულმა აპარატმა ჩაანაცვლა. პირველი ფოტოაპარატი, რომელიც საკუთარი ფულით შევიძინე, 50-ლარიანი “ზენიტი” იყო. იმ პერიოდში ფირის ფოტოგრაფია ძალიან მოდური გახდა და ფირით ბევრი იღებდა. მაშინ ფოტოგრაფია ჩემთვის და ჩემი მეგობრობისთვის მხოლოდ და მხოლოდ გართობას წარმოადგენდა და ძირითადად უფრო ფორმასა და ვიზუალზე ვიყავი ორიენტირებული. ხშირად საგანგებოდ გამოვეწყობოდით და ლისის ტბაზე მივდიოდით ფოტოსესიებზე. ამ პერიოდში ბევრი ფირი დამიზიანდა, დავკარგე დაბეჭდილი ფოტოებიც, თუმცა ნეგატივები შემომრჩა და მინდა, ოდესმე მივუბრუნდე. ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს ვიპოვი.
ფოტოგრაფიით სერიოზულად მას მერე დავინტერესდი, რაც გავაანალიზე, რა იყო ის თემები, რომლის გადაღებაც მსურდა. ესაა ჰომოეროტიკული ფოტოგრაფია და ე.წ. male nudity. 2019 წელს ჩემს მეგობარს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გადავუღე. ფოტოების დაბეჭდვის შემდეგ, პირველივე გადათვალიერებისას მივხვდი, რომ ეს ისაა, რაც ნამდვილად ჩემია და რაც უნდა გადამეღო.
ფოტოგრაფიის პრაქტიკული ნაწილისადმი ისევ ის გრძნობები მაქვს, რაც ბავშვობაში მქონდა – მოულოდნელობის განცდა, როცა ბოლომდე არ იცი, რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი. მივიჩნევ, რომ ახლა ისევ სწავლის ეტაპზე ვარ. ხშირად საინტერესო იდეები მოულოდნელად მიჩნდება, ხანდახან მეგობრებიც მაწოდებენ. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ამ შემთხვევაში იდეის დამუშავებას დიდ დროს ვუთმობ.
შენი ფოტოების თემატიკა ურთიერთობებისა და ინტიმურობის ინტერპრეტაციის ირგვლივ ბრუნავს. რა არის შენი შთაგონება გადაღებამდე და გადაღების დროს?
ამჟამად აქტიურად ვმუშაობ პროექტზე, სახელწოდებით Lonely Boys Paradise. ფოტოები, რომელსაც ვიღებ, ძალიან ინტიმურია. მთავარი სურვილი, რაც გადაღებისას მაქვს, არის ის, რომ ჩემმა ფოტოებმა ჰაეროვნება, სიმსუბუქე არ დაკარგოს და პორნოგრაფიაში არ გადაიზარდოს. სხეულის ესთეტიკურად წარმოჩენა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პორნოგრაფიული ფოტოგრაფიის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, ჩემს ფავორიტ ფოტოგრაფთა შორის ერთ-ერთი სწორედ ამ ჟანრში მუშაობს.
შთაგონებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებასა და მუსიკაში ვპოულობ. ჩემს ყველა ფიქრსა და კადრს ფონად თითქმის ყოველთვის რომელიმე მელოდია გასდევს. გადაღებისას ხანდახან ყველაფერი უკიდურეს დეტალებამდე მაქვს გათვლილი – კადრის კომპოზიცია, ფერები, მაგრამ ხანდახან ადგილზევე, სრულიად ექსპრომტად ვიწყებ კომპოზიციის დაგეგმვას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემს ფოტოებს მუდმივად გასდევს ერთი განწყობა – ესაა მოწყენილობა. მინდა, რომ ჩემი ობიექტები ისეთებად წარმოვაჩინო, როგორებიც არიან მაშინ, როდესაც სრულიად მარტო რჩებიან საკუთარ თავთან, დავიჭირო მათი მარტოსულობა და ის განცდები, რომლებიც ასეთ მომენტებში ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.
შენი აზრით, შენი შემოქმედება უფრო მეტად პირად გამოცდილებებზეა, თუ სხვების ცხოვრებასა და გამოცდილებებზე?
ჩემი ფოტოები, პირველ რიგში, ჩემს გამოცდილებებზეა. ამასთანავე, სხვათა გამოცდილებების სიღრმისეულად გადააზრებაზე. ანუ ჩემი ფოტოები არის ჩემზე და ყველაზე. ვფიქრობ, რომ ეს კადრები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს პირდაპირაა დამოკიდებული იმ განწყობაზე, რომელიც გადაღების მომენტში მაქვს. როდესაც მოგვიანებით ჩემს ფოტოებს ვნახულობ, ცხადად ვგრძნობ იმ ემოციებს, რომლებიც გადაღებისას მქონდა. ადამიანები, რომლებსაც ვიღებ, ჩემი ახლო მეგობრები ან ნაცნობები არიან, რომლებთანაც გადაღებამდე დიდი დრო მაქვს გატარებული. სწორედ ამ საუბრების დროს ვაფიქსირებ იმ დეტალებს, რომლებიც მოგვიანებით ფოტოებში ემოციებად გადაიქცევა.
რას ნიშნავს შენთვის ფოტოგრაფია?
ჩემთვის ფოტოგრაფია დროის გაჩერებას ნიშნავს. ეს არაა დროის გაყინვა, არამედ ერთ პატარა მართკუთხედში მთელი იმ ემოციების მოქცევაა, რომელიც გარშემო ტრიალებს. მოგვიანებით ეს ერთი კადრი მთელ სამყაროდ იქცევა, რომელიც დროში გამოგზაურებს.
გარდა ამისა, მსურს, ჩემი ფოტოებით იმ მარტოსულ ადამიანებსაც დავეხმარო, რომელთაც ჰგონიათ, რომ ამ სამყაროში მარტო არიან. მინდა, ჩემი ფოტოგრაფიით დავანახვო, რომ მხოლოდ ისინი არ გრძნობენ ასე თავს.
ამჟამად რა პროექტებზე მუშაობ? რას უნდა ველოდეთ შენგან უახლოეს მომავალში?
ამჟამად მხოლოდ ზემოაღნიშნულ პროექტზე – Lonely Boys Paradise ვმუშაობ. ფირის ფოტოგრაფია ჩემთვის დღემდე მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული გამომსახველობითი უნარი აქვს, იმ სიღრმიდან გამომდინარე, რაც ფირზე გადაღებულ ფოტოებს გააჩნიათ. სამწუხაროდ, ფირთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში გარკვეული პრობლემები არსებობს, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.
ახლა მინდა, უფრო აქტიურად ვიმუშაო ბუნებრივ სინათლეზე. მაქვს რაღაც გეგმები, რომლებიც პორტრეტულ სერიებს მოიცავს, მაგრამ თემატურად ისევ იმ ჟანრში ვიმუშავებ, რომელშიც ახლა ვმუშაობ.