სოფო ჩხიკვაძის მეტყველი ხელოვნება – ინტერვიუ მხატვართან
ავტორი: ანო კლდიაშვილი
მხატვარ სოფო ჩხიკვაძის შემოქმედებაზე დაკვირვებისას პირველი, რასაც მნახველი შეიგრძნობს, უჩვეულო სიღრმეა, რომლის წყაროც ფერთა საოცარი შერწყმისა და გამოსახულ ადამიანთა მეტყველი, რეალისტური სახეების სინთეზია. როგორც ხელოვანი ამბობს, მისთვის ცხოვრება და მხატვრობა განუყოფელია, ნამუშევართა შექმნა კი არა რეალობის ზედაპირული ასახვის, არამედ ძიებისა და დადებითი შეგრძნებების მიღების აქტთანაა გაიგივებული. ხელოვანი, რომელიც ტყუპისცალ დასთან ერთად ბავშვობიდან ხატავს, უცხო და განსხვავებული გამომსახველობითი ენით საკუთარი თავის პროეცირებას ახდენს. მისთვის არა შედეგი, არამედ ხატვის დროს განცდილი მოლოდინის შეგრძნებაა ბედნიერების წყარო, რის გამოც მხატვრისათვის მუშაობის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასრულებული ნამუშევარი.
AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვანთან, რომელიც მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისის, შთაგონების წყაროს, ნოსტალგიების, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის – ლონდონის, ხატვის პროცესისა და სამომავლოდ დაგეგმილი გამოფენის შესახებ გვესაუბრა.
სოფო, როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი გზის დასაწყისი?
ტყუპისცალი და მყავს – თამრიკო, რომელიც ასევე მხატვარია; ხატვაც ერთად დავიწყეთ ბავშვობიდან, მოგვიანებით ორივემ ჯერ ნიკოლაძის სასწავლებელში ჩავაბარეთ და შემდეგ – სამხატვრო აკადემიაში, ფერწერაზე.
თქვენი ხელწერა განსხვავებული და უცხოა – როგორ ჩამოყალიბდა ის, რითაა ნასაზრდოები თქვენი გამომსახველობითი ენა?
არ ვიცი, მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა, რადგანაც ძალიან ბევრი მხატვარი იყო და უამრავი მოვლენა, რამაც ბავშვობიდან მოყოლებული ჩემზე გავლენა იქონია და დღემდე მოქმედებს… თუმცა მხატვარი ალბათ მაინც საკუთარი თავის პროეცირებას ახდენს…
ამჟამად ინგლისში ცხოვრობთ. როგორც მხატვარი, რას გვეტყოდით, რა არის ყველაზე მკაფიო განსხვავება ბრიტანულსა და ქართულ ესთეტიკას, გარემოს შორის – რა არის ის, რაც აქ გაკლდათ და ინგლისში აღმოაჩინეთ და პირიქით, არის თუ არა რაიმე გამოცდილება ან შთაბეჭდილება, რაც ნოსტალგიურია თქვენთვის?
ჩემი აზრით, ნოსტალგიურია ყველაფერი, რაც ბავშვობას უკავშირდება. ყველაზე მეტად თამრიკოსთან ერთად მუშაობა მაკლია. როდესაც ერთ სივრცეში ვხატავდით, ეს ორივეზე ძალიან კარგად მოქმედებდა. მის გვერდით მუშაობა ყოველთვის ახალ იმპულსებს მაძლევდა – თამრიკოს ნამუშევრები დღემდე ინსპირაციის წყაროა ჩემთვის.
რაც შეეხება ლონდონს, ის არა მარტო მულტიკულტურული ქალაქია, არამედ კულტურის ერთ-ერთი ცენტრია მსოფლიოში; აქ ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ყველაზე აქტუალურ მოვლენებზეც კი იმდენად დიდია და ფართო, რომ მუდმივად ეცნობი სიახლეებს. ლონდონში შეგიძლია ნახო ყველაფერი – დაწყებული ფაიუმის პორტრეტებიდან, ჰენრი მურის, რიჩარდ სერას თუ ფრენსის ბეკონის ჩათვლით. ამ ქვეყანაში ზოგადად, თავისუფლების ხარისხიც განუზომლად დიდია.
ნამუშევრებზე ყოველთვის გამოსახავთ ადამიანებს – თქვენს პორტრეტებზე მათ ძალიან მეტყველი სახე აქვთ. გვიამბეთ, რატომ დაინტერესდით ადამიანთა ხატვით.
ჩემი მიზანი არ არის ბუნების ან ადამიანის ზედაპირული ასლის შექმნა. ვცდილობ, გავთავისუფლდე იმ შიშებისგან, რაც მაფერხებს და მეტი გავბედო. მოდელი იწვევს ჩემში მთავარ იმპულსებს, თუმცა კმაყოფილების მომენტი არასდროს მაქვს ხატვის დროს. ნამუშევრის მოლოდინი მანიჭებს ბედნიერების განცდას, მაგრამ ქრება მისი დამთავრებისას, ამიტომ ჩემთვის მუშაობის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასრულებული სურათი.
როგორია ფერების მიმართ თქვენი დამოკიდებულება, როგორ უკავშირებთ ხოლმე მათ კონკრეტულ განწყობას, ემოციას და რა პრინციპით არგებთ კონკრეტულ შინაარსს, რის გადმოცემასაც ცდილობთ?
ჩემთვის ცხოვრება და მხატვრობა განუყოფელია. ეს მუდმივი ძიებაა რთულ და ცვალებად სამყაროში. ხატვის პროცესი მაინც უფრო ინტუიციური მგონია, ვიდრე – რაციონალური. აქედან გამომდინარე, ხშირად არ მაქვს სქემა, რის მიხედვითაც ვარჩევ ფერებს, უბრალოდ კონკრეტულ მომენტში შეიძლება გადმოვიტანო ჩემი განწყობა.
რა არის ის ინტერესის სფეროები თუ ამბები, რომლებსაც ნამუშევართა თემატიკისათვის ირჩევთ? რა ხდება ხოლმე თქვენთვის შთაგონების წყარო?
ალბათ, ჩემი გარემო, ცხოვრება, გამოცდილება განაპირობებს ნამუშევარს. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემოა.
რა გჭირდებათ იმისათვის, რომ ხატვის პროცესით დატკბეთ და მუშაობა ჰარმონიული იყოს, როგორია ან როგორი წარმოგიდგენიათ თქვენთვის იდეალური სამუშაო სივრცე და გარემო?
ამჟამად ჩემთვის იდეალური გარემოა, როცა მარტო ვარ.
თავად როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, როგორც მხატვარს?
ყოველთვის მიჭირდა საკუთარ თავზე ლაპარაკი…
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი წარმატება თქვენს პროფესიაში?
წარმატების კრიტერიუმი ყველასთვის სხვადასხვაა, ჩემთვის წარმატებაა ისეთი ნამუშევრის შექმნა, რომელიც სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებას მომიტანს.
და ბოლოს, როგორ და სად წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი გამოფენა?
გამოფენას მუდამ ნამუშევრები განაპირობებს. მე და თამრიკო უახლოეს მომავალში ვაპირებთ ერთობლივი გამოფენების გაკეთებას და ეს შეიძლება იყოს ლონდონშიც, გლაზგოშიც და თბილისშიც.