fbpx

თბილისი ქოლგა ფოტო – 2022 წლის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

Conceptual Winner 

ოსკარ ალვარადო 

„იქ, სადაც ციცინათელები ჩნდებიან“ 

ოსკარ ალვარდო ესპანელი ვიზუალური არტისტია, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები ასახავს სამყაროს, სადაც ადამიანები ინტერაქციაში შედიან ინტიმურ სივრცეებთან. ამ სივრცეებში ის იკვლევს იდენტობას და ამით ჩვენი მყიფე ბუნებისა და კონფლიქტის წარმოჩენას ცდილობს, როგორები ვჩანვართ სხვის თვალში და ვინ ვართ სინამდვილეში. 

 ოსკარ ალვარდო მუშაობს ორი პარალელური სამყაროს საზღვრის ვიზუალიზაციაზე – როგორია რეალობა და ფიქცია და მათ შორის არსებული დაბინდული ზღვარი. მისი მოტივაციაა ახალი ემოციური სივრცეების ძიება და კვლევა. 

დელეიტოსა  ავტორის სოფელია, რომელიც კასერესის პროვინციაში, ესპანეთში მდებარეობს. ფოტოგრაფის ოჯახის გენეალოგია საუკუნეების წინ ამ ადგილიდან იღებს სათავეს. „იქ, სადაც ციცინათელები ჩნდებიან“ – არის მეხსიერებაში ჩარჩენილი  ხილვების, განცდებისა და მოგონებების სერია. პროექტი ეძღვნება იდენტობის კვლევას იმ ადგილების ექოში, რომელიც კვლავ ესაუბრება ფოტოგრაფს. ვიზუალური ინტერპრეტაცია აღვიძებს საიდუმლოს, ხოლო ეს საიდუმლო ყოველდღიურ რითმებში, პოეტურ სიტუაციაში  ვლინდება, რომელიც საფუძვლად უდევს უჩვეულოს. 

 დელეიტოსა ასევე ის სოფელია, სადაც იუჯინ სმითმა გადაწყვიტა თავისი ფოტოესეის, „ესპანური სოფლის“ გადაღება, რომელიც 1951 წლის 9 აპრილს ამერიკულ ჟურნალ  Life-ში გამოქვეყნდა.

 

Documentary Winner 

თამარა ეკჰარდტი

„აილენდ ფილდის ახალგაზრდობა“ 

თამარა ეკჰარდტი გერმანელი ფოტოგრაფია, რომელიც ბერლინში პორტრეტებზე და დოკუმენტურ ფოტოებზე მუშაობს. ბავშვობისას ორი წელი ირლანდიაში გაატარა და მას შემდეგ საკუთარ ნამუშევრებში ყოველთვის იჩენს ინტერესს ირლანდიის მიმართ. 

 2017-2021 წლებში ბერლინში სწავლობდა ფოტოგრაფიას. მისი ხედვა უმეტესად ფოკუსირებულია მარგინალურ სოციალურ წრეებზე. ის ირჩევს გმირს და თვეების განმავლობაში, პროექტის დასრულებამდე, დროს მასთან ერთად ატარებს. თამარას ფოტოობიექტივი აჩვენებს გერმანიისა და ირლანდიის ახალგაზრდობას. პროექტმა  The Children of Carrowbrowne-მა  არა ერთი ჯილდო მოუტანა. 

 წმ. მარიამის კინგის კუნძული ლიმერიკში 1930-იანი წლებში აიგო, როგორც ქალაქის პირველი სოციალური საცხოვრებელი კომპლექსი. ის შეიქმნა იმისათვის, რომ იქ დაესახლებინათ ოჯახები, რომელთა მრავალრიცხოვანი წევრები ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. წმ. მარიამის პარკი სოციალური თვალსაზრისით ყველაზე კეთილმოუწყობელი ადგილია ირლანდიაში და თითქმის იზოლირებულია ქალაქისაგან. აქ ბევრი უმუშევარი  და შესაბამისად, სოციალური პრობლემაა, ამის მიუხედავად აქაურებს ერთობის ძლიერი შეგრძნება აქვთ. ერთმანეთის მიმართ ლოიალურობით, ხოლო უცხოების მიმართ ეჭვიანობით  გამოირჩევიან. 

 თამარა ეკჰარდტი სწორედ ამ ადგილის ახალგაზრდების ცხოვრებას გვიჩვენებს. ამ ნამუშევრით აგრძელებს ბავშვობისა და ზრდასრულ ასაკში შესვლის თემას. ამ უბანში მძიმე საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ ახალგაზრდებს უყალიბდებათ გადარჩენის უნარი, ისინი ადაპტირდებიან გარემო პირობებთან და პრობლემებისაგან თავის დაღწევის გზებს პოულობენ. 

 

Reportage Winner 

ალდო ფეროჩე 

„გადაჯაჭვული ბედისწერების სასახლე“

ალდო ფეროჩე – იტალიელი ფოტოგრაფი – დაიბადა 1957 წელს რომში. თავდაპირველად ის იღებდა ქორწილებს, შემდგომ კი დაინტერესდა სოციალური და დოკუმენტური ფოტოგრაფიით. 

2010-2012 წლებში ინდოეთში მატარებლით მგზავრობისას წამოიწყო პირველი ფოტოპროექტი Second Class, შემდეგ კი Sheepbreaking yard, ორივე პროექტის ნამუშევრები დაიბეჭდა ჟურნალში Reflex. 

ახალი კორვიალე, რომელსაც ასევე „სერპენტონეს“ უწოდებენ. დაახლოებით 1 კმ სიგრძის შენობაა, რომელიც რომის დასავლეთით, გარეუბანში მდებარეობს. შენობა 1970-იან წლებში ააგეს, რათა დაბინავების კრიზისი მოეგვარებინათ. აგების დღიდან იქაურობა კრიმინალისა და დაცემის სინონიმად იქცა. ის რომის ერთ-ერთ სიმბოლურ უბნად ითვლება. ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები ინფრასტრუქტურის გარეშე გადაიყვანეს ამ ადგილას საცხოვრებლად, რომელთაც ჯერ კიდევ ემჩნევათ მასობრივი გადასახლებისგან გამოწვეული განცდები.  ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების თავიდან  დაწყება  დიდი ძალისხმევის შედეგად მოუწიათ, ცდილობდნენ, ხელახლა გამოეგონებინათ წესები, გაელამაზებინათ ცხოვრება, დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ… ალდო ფეროჩემ გადაწყვიტა საზოგადოებისათვის ყველაზე სუსტი ან ყველაზე „უხილავი“ ადამიანები გაეცნო, რომლებიც ხშირად ავიწყდებათ ან რომლებზეც სტერეოტიპებით ლაპარაკობენ. 

 

Special Prize 

მიხეილ ქურდაძე 

„სხვა პლანეტა თითქოს ჩემთან ძალიან ახლოსაა“ 

მიხეილ ქურდაძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც ინტერესი ამ სფეროს მიმართ საკმაოდ ადრე, რვა წლის ასაკში გამოიჩინა. მისი უფროსი და დოკუმენტური ფოტოგრაფიის კურსს გადიოდა სკოლაში და მიხეილიც ხშირად ესწრებოდა დის მუშაობის პროცესს. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფს დიდი ინტერესი გაუჩნდა სოციალური და გარემოს  პრობლემების მიმართ და თავის ნამუშევრებში სწორედ მათი გადაჭრის გზებს ეძებს. 

 მიხეილმა რადიო თავისუფლების ვიზუალური თხრობის კონკურსში გაიმარჯვა და მისი ნამუშევრების ნახვა ბევრ ონლაინპლატფორმაზეა შესაძლებელი. 

„სხვა პლანეტა თითქოს ჩემთან ძალიან ახლოსაა“ – პირადული განცდების პროცესს და ამავდროულად, რაღაც უცხოსაც აჩვენებს. ავტორი ცდილობს გააღვიძოს საგნებთან სიახლოვისა და სიშორის შეგრძნება, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან მისი ყველაზე საშინელი კოშმარი იყო, თუ როგორ ახლოს იყვნენ მასთან ციური თუ სხვა მეტაფორული სხეულები. 

 ერთ დღეს მან გადაწყვიტა მოენახულებინა ადგილი, რომელიც მისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი იყო, მოენახულებინა და გამოეკვლია. „ვაშლოვანის ლანდშაფტებს არაამქვეყნიური იერი აქვს და უცხო პლანეტას ჰგავს აქ, ამ ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე. პლანეტები ამაზე მეტად ნაკლებად თუ მოგვიახლოვდებიან!“  

 

Mobile Photo Winner 

Amy Touchette 

 

One Shot Winner

Aung Chan Thar


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.