fbpx

ჯადოქრობის ისტორია ფერწერაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ჯადოქრობას დასავლურ ხელოვნებაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1400-იანი წლების განმავლობაში ჯადოქრებმა ევროპულ ილუსტრაციებსა და ხის ნახატებში დაიწყეს გამოჩენა, როგორც დევიაციური სექსუალური ჩვევების დემონურმა არსებებმა: ფალოსი ცოცხებმა ჩაანაცვლა, ხოლო შიშველი ქალები თხებზე უკუღმა იყვნენ შემომჯდარნი. მომდევნო 400 წლის განმავლობაში დაახლოებით 80.000 ევროპელი – მათგან 80 პროცენტი ქალი – სავარაუდო ალქაჯობისთვის სიკვდილით დასაჯეს. მათი ე.წ. დანაშაული მამაკაცის იმპოტენციის გამოწვევასა და სატანის თაყვანისცემას შორის მერყეობდა. 1800-იან წლებში ოკულტური სპირიტუალიზმი კვლავ აქტუალური გახდა. ქალებმა ჯადოქრობის „პრაქტიკა“ როგორც ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაში აღადგინეს.

გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში: ჯადოქრები არსებობას ბუქარესტიდან ლოს-ანჯელესამდე განაგრძობენ. ისინი შელოცვების მეშვეობით მომაჯადოებელ ნამუშევრებს ქმნიან და მსოფლიო ლიდერებს წყევლიან. ეს, რა თქმა უნდა, პროგრესია ჯადოქრების კოცონზე დაწვის დროიდან, თუმცა გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ აშკარაა თანამედროვე სპირიტულ  და ესთეტიკურ პრაქტიკაში. იდეალურ შემთხვევაში, ქალებს შესაბამისი ძალაუფლება და გავლენა ექნებოდათ და ჯადოქრობა არ დასჭირდებოდათ. ხელოვნებაში ჯადოქრობის ისტორიის კვლევით, აშკარაა რამდენად წინ წავედით და ამავდროულად, რამხელა გზა დაგვრჩა გასავლელი.  

პირველი ცნობილი დასავლური ნამუშევარი, რომელიც ალქაჯებს ცოცხებზე ასახავს, ფრანგი მწერლის, მარტინ ლე ფრანის პოემის ილუსტრირებულ ხელნაწერში – „Le Champion des Dames” (1451) ჩნდება. ილუსტრაციაში გრძელ კაბებში გამოწყობილი – ერთი გოგრისფერი, მეორე კი მიხაკისფერი – ორი ქალი დაფრინავს. მსუბუქი ქსოვილები თმებს ფარავს, მათი მზერა კი ცისკენ არის მიმართული. ამ  ქალებს „ვალდენსელებს“ უწოდებდნენ, რომლებიც ასკეტური ქრისტიანული სექტიდან წარმოიშვნენ; ფრანგული ცნობები მათ ერეტიკოსებად მოიხსენიებდნენ. 

გერმანელი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის ალქაჯების გრავიურა – The Witch (1500) (ალქაჯი) შიშველ სხეულს გამოსახავს: ტიტულიან პერსონაჟს გრძელი, ტალღოვანი თმა, დაკუნთული აღნაგობა და მკერდი აქვს; მას პატარა, ფრთიანი ბიჭები გარს ეხვევიან, თითქოს თაყვანს სცემენ ალქაჯს. ჯადოქრობის ყველაზე შემზარავი სიუჟეტები  სწორედ დიურერის სამშობლოდან, გერმანიიდან იღებს სათავეს. ეს გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ალქაჯობისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის  50 პროცენტი საღვთო რომის იმპერიაში, დიდ გეოპოლიტიკურ ერთეულში, მათ შორის გერმანიაში ხორციელდებოდა. 

ადრეული თანამედროვე ჯადოქრობის გამოსახულებები ირონიული დიქოტომიით გამოირჩეოდა: ალქაჯები ან ახალგაზრდა და მაცდურნი, ან მოხუცი და ღონემიხდილნი იყვნენ. პირველ დაჯგუფებას ეშმაკთან გაერთიანება შეეძლო, რათა მამაკაცებს გრძნობებზე კონტროლი დაეკარგათ, ხოლო მეორე, პოსტ-მენოპაუზის დაჯგუფება, არავითარ ფინანსურ და რეპროდუქციულ სარგებელს არ სთავაზობდა მამაკაცებს, რომლებიც საზოგადოებას აკონტროლებდნენ. 1487 წელს გერმანელმა სასულიერო პირმა ჰაინრიხ კრამერმა ჯადოქრობის შესახებ ყველაზე ცნობილი ტრაქტატი – Malleus Maleficarum მოამზადა, რომელმაც ალქაჯების და ქალების დევნას შეუწყო ხელი. 

ალქაჯებისგან თავის დასაცავად ევროპელებმა „ალქაჯების ბოთლები“ შექმნეს, სავსე ადამიანის თმით, შარდითა და ფრჩხილებით, შემდეგ კი სახლში მოათავსეს. მსგავსი ობიექტები 2018 წელს ოქსფორდის აშმოლეანის მუზეუმში გამოჩნდა გამოფენაზე, სახელწოდებით „Spellbound“, რამაც აღნიშნული ფეტიშის საგნები ესთეტიკურ რელიკვიებად აქცია. 

მე-17 საუკუნის განმავლობაში ალქაჯების გამოსახულებები კლასიკური მინიშნებებიდან სატანურ სცენებზე ინაცვლებდა. აღსანიშნავია იტალიელი მხატვრის, ჯოვანი ბენედეტო კასტილიონეს მიერ დახატული ალქაჯი კირკე, რომელმაც ოდისევსის თანამგზავრები მხეცებად აქცია. 

ბელგიელი არტისტი ფრანს ფრანკენ უმცროსის ალქაჯების იდეა წიგნის გარშემო შეკრებილი ქალების დაჯგუფებას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ტომი თითქოს შელოცვებითაა სავსე, გზავნილი  ნათელია: უფრთხილდით წიგნიერ, დამოუკიდებელ ქალებს!

ყველაზე დიდი განსხვავება ჯადოქრობის რეპრეზენტაციაში 1790 წლის შემდეგ ჯადოსნური არსებების შესახებ რწმენის გაქრობაა. ალქაჯებზე ნადირობა 1700-იანი წლების დასაწყისში ძირითადად შეჩერდა. 1750 წლისთვის შვეიცარიის გარდა ჯადოქრობის დეკრიმინალიზაცია ევროპის ყველა ქვეყანაში მოხდა. ამ ეპოქის გამოსახულებები ისეთივე შიშსა და ზიზღს არ გამოხატავს, როგორც ზოგიერთი ადრეული ნამუშევრები. 

ესპანელი მხატვარი ფრანსისკო დე გოია  კარიერის განმავლობაში, 1700-იანი წლების ბოლოს და 1800-იანი წლების დასაწყისში, ალქაჯების ტროპს ხშირად ძალადობრივი შინაარსის ტილოებზე გადმოსცემდა, რითაც საზოგადოების ბოროტებას აპროტესტებდა; აღნიშნული ნახატები შესაძლოა ცრურწმენასა და პარანოიას ეხებოდა, რადგან 1834 წლამდე ესპანური ინკვიზიცია მძვინვარებდა. თუმცა მე-19 საუკუნის ევროპული ჯადოქრობის ამსახველი გამოსახულებები ყოველთვის ანტი-ისტებლიშმენტურ განწყობას არ ავლენდა. 

ბრიტანელი მხატვრის, ჯონ უილიამ უოტერჰაუსის The Magic Circle (1886, ჯადოსნური წრე) ფეხშიშველი ქალის მომხიბლავი სურათია, რომელიც კვამლიანი ქვაბის გარშემო დგას, კომპოზიცია უფრო ეგზოტიკურია, ვიდრე კრიტიკული. 

მომდევნო საუკუნეებში მხატვრები ჯადოქრობის სიმბოლოს პროტესტისთვის და ესთეტიკური გამოხატვისთვის იყენებდნენ. 1800-იან წლებში ორი ქალის: ბრიტანელი მხატვრის, ჯორჯიანა ჰაუტონის და შვედი მხატვრის, ჰილმა აფ კლინტის ალქაჯური სპირიტუალობით გატაცებამ ხელოვნებაში დიდი ისტორიული წინსვლა გამოიწვია.  თავიანთი  მაგიის წყალობით კლინტი და ჰაუტონი მსოფლიოში  პირველი აბსტრაქტული მიმდინარეობის მხატვრები გახდნენ, სანამ მონდრიანი, კანდინსკი და მალევიჩი გამოჩნდებოდნენ. 

სიურრეალისტები ლეონორა კერინგტონი და რემედიოს ვარო შესაძლოა, კლინტისა და ჰოუტონის მემკვიდრეებად ჩაითვალონ. ორივე ქალი ევროპიდან გაიქცა, როდესაც 1900-იანი წლების დასაწყისში კონტინენტზე ფაშიზმმა შეაღწია. ნაცისტებისგან გაქცევის გარდა, კერინგტონი ფსიქიკურ აშლილობას განიცდიდა და ამავდროულად, დრამატული და წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა მაქს ერნსტთან. თავიანთი  ბედის  კონტროლით,  მათ ძლიერი და ჯადოსნური პერსონაჟებით სავსე გასაოცარი ტილოები შექმნეს. კერინგტონის შთაგონება მეხიკოში მდებარე ალქაჯების ბაზარი იყო, სადაც მან ბოლო ათწლეული გაატარა. მეხიკოში ვარო და კერინგტონი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ და ერთმანეთს მაგიის, ცნობიერებისა და სულიერების შესახებ აზრებს უზიარებდნენ.

დღეს თანამედროვე მხატვრები არანაკლებ არიან გატაცებული მაგიით და სპირიტუალიზმით. ფოტოგრაფმა ფრენსის ფ. დენიმ  ბოლო ფოტოსესიისთვის – „Major Arcana: Witches in America“ (2016–17) ამერიკაში  ქალების გადასაღებად იმოგზაურა, რომლებიც თავს ალქაჯებად თვლიან. სერია მთლიანობაში სპირიტუალისტების და აქტივისტების საერთო მიზნებისა და რიტუალების ეროვნულ ქსელს გვთავაზობს. ატლანტის ოკეანის მიღმა ფოტოგრაფმა ვირჯინია ლუპუმ რუმინელი ალქაჯები გადაიღო, რომლებიც ჯგუფურად ასრულებენ შელოცვებს როგორც რომანტიკული, ასევე პოლიტიკური მიზნებისთვის. 

2017 წელს კრისტენ დოჯმა თავის გალერეაში, ჰადსონში, ნიუ-იორკში, გამოფენა  „Witches“ (“ალქაჯები”) მოაწყო. გამოფენაზე წარმოდენილი  ხუთი არტისტიდან – მარჯორი კამერონი, ანა ბეტბეზი, ლორელ სპარკსი, როზი კეისერი და მარიან ვიტალი – თითოეულმა „მაგია“ გამოიყენა საკუთარ ნამუშევრებში. გროსმანის მსგავსად დოჯი ხელოვნებასა და ჯადოქრობას შორის ბუნებრივ კავშირს ხედავს. მისი თქმით, არტისტობა „აჯანყების აქტია, რომელიც რისკებზე წასვლის სურვილითაა გაღვივებული. ალქაჯები დივერსიულები არიან. ისინი არ იზიარებენ სოციალურ ნორმებს და რწმენის სისტემებს, შესაბამისად, საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან. არტისტები და ალქაჯები ყოველთვის აუტსაიდერები იყვნენ“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.