fbpx

პოპ-არტის მეფე – ენდი უორჰოლი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

პოპ-არტი – ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარეობა, რომელიც პოპ-კულტურის მახასიათებლებით იყო გამოკვებილი და  მასობრივი რეკლამების, კომიქსებისა თუ, ზოგადად, კულტურის თემატიკას ერგებოდა, მეოცე საუკუნეში დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა. პოპ-არტი ჯერ მშობლიურ ბრიტანეთში გავრცელდა თავბრუდამხვევი სისწრაფით,  შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მოედო, ამის მიზეზი კი საზოგადოების მხრიდან დამსახურებული დიდი მოწონება გახდა. პოპ-არტისტები თავიანთი ხელოვნებისათვის ნარატივებსა თუ ტექნიკას მასკულტურიდან სესხულობდნენ, ნამუშევრებს არა მაღალი მატერიების შესახებ, არამედ ისეთ თემებზე ქმნიდნენ, რომელიც ყველასათვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები იქნებოდა – განურჩევლად მაღალი თუ დაბალი ფენისა. 

ხელოვნების მასაზე გათვლის პრინციპს ეფუძნებოდა პოპ-არტის მეფედ წოდებული  ენდი უორჰოლის შემოქმედებაც. ის  ამერიკელი მხატვარი, მწერალი და მუსიკალური პროდიუსერი იყო, რომელმაც მისეული ხელწერითა და მხატვრული ხედვით მოახერხა, პოპ-კულტურის სახედ ქცეულიყო. უორჰოლს მიაჩნდა, რომ „მომავალი იძლეოდა  პერსპექტივას იმისა, ყველა გამხდარიყო ცნობილი, თუნდაც 15 წუთით“   13 წლის ასაკში დაობლებულმა ბიჭმა, რომელიც ხშირად იყო მშიერი და სკოლაში აქცენტის გამო იჩაგრებოდა, მოახერხა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გამხდარიყო სახელოვნებო წრეში, თანაც ისეთი, რომელიც არა 15 წუთით, არამედ აწ უკვე ნახევარი საუკუნეა, არ კარგავს პოპულარობას. 

უორჰოლი ბავშვობიდან გამოირჩეოდა კრეატიული აზროვნებითა და ნიჭიერებით – მაშინ როდესაც მისი თანატოლები ეზოში თამაშით ერთობოდნენ,  ენდი სახლში სხვადასხვანაირ კოლაჟებს ქმნიდა, რაც მოგვიანებით ძალიან დაეხმარა სარეკლამო შეკვეთებზე მუშაობაში. ხატვის ნიჭმა უორჰოლს სკოლის დამთავრების შემდეგ კომერციული ხელოვნების შესწავლისაკენ უბიძგა, რის შემდეგაც მან ნიუ-იორკში ჟურნალების ილუსტრირებას მიყო ხელი. უორჰოლის ხელოვნების მთავარი ხიბლი ის იყო, რომ არტისტს შეეძლო,  ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი  საგნებისა თუ საქონლის საინტერესო და პიკანტური დეტალებით გამდიდრებული ვიზუალური ხატები შეექმნა. 

უორჰოლმა 1962 წლიდან ცნობილ ადამიანთა პორტრეტების პოპ-არტის ნიმუშებად გარდაქმნაზე დაიწყო მუშაობა –  მერლინ მონროს, მიკ ჯაგერის, ბრიჯიტ ბარდოს, ელიზაბეტ ტეილორისა თუ სხვა ცნობილი სახეების  პორტრეტების  ერთი და იმავე კადრების ჭრელ ფერებში რეპროდუცირებული ვერსიების შექმნა სწორედ რომ მისი  ხელწერაა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს უბრალო გარდაქმნა იყო ფოტოსურათებისა და არაფრით გამოირჩეოდა ორიგინალისაგან, მეორე ნაწილისათვის კი ეს გარდაქმნა, რომელიც მათ ნახატის ვიზუალს და ამავდროულად, ფოტოკოლაჟის ხიბლსაც აძლევდა, დიდ მოწონებას იმსახურებდა. 

უორჰოლის სახელს უკავშირდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტის – კოკა-კოლის ეტიკეტის დიზაინის შექმნაც. მიუხედავად იმისა, რომ სიმარტივისა და ნამუშევრების ფართო მასებზე გათვლის გამო, არტისტს ხშირად  სდებდნენ ბრალს ხელოვნების დასასრულისაკენ წაყვანაში, ფაქტია, რომ ისევე როგორც მაშინდელი, ასევე დღევანდელი სტანდარტებითაც ლოგოებისა თუ ეტიკეტებისათვის კომპანიები ყოველთვის მარტივ დიზაინს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას, რათა ისინი კომერციულად მომგებიანი – ადამიანებისათვის მარტივად აღსაქმელი და დასახსოვრებელი იყოს. ამერიკელმა არტისტმა ეს კარგად იცოდა, ვინაიდან მან კოკა-კოლისათვის მარტივად შექმნა გენიალური ეტიკეტი,  რომელიც სახასიათოა, დასამახსოვრებელი და ამავდროულად, კოკა-კოლის ყველა მოყვარულისათვის საყვარელი.

უორჰოლს ბრალს დებდნენ იმაშიც, რომ ის ყველაფრის ხელოვნებად გასაღებას ცდილობდა, რის ერთ-ერთ დასტურადაც მისი ექსპერიმენტული ფილმი „ძილი“ მიიჩნევა, სადაც არაფერი ხდება და ჩანს გარდა იმისა, რომ ადამიანს უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში სძინავს. ხელოვანი ყოველდღიური მოვლენების ღრმა და აბსტრაქტულ რამეებად გასაღებას და შემდეგ ამის პროდუქტად მიწოდებას ცდილობდა მასისათვის, თუმცა ეს იმდენად სახასიათო  და მისეული იყო, რომ ადამიანები ყოველთვის მოხიბლულები რჩებოდნენ.

 

უორჰოლის ნამუშევრები წარმოაჩენდა იდეას, რომლის თანახმადაც დრო წარმავალი იყო, არაფერი იყო სამყაროში მარადიული და ის, რაც ერთხანს  ძალიან აქტუალური იყო საზოგადოებაში, რის თემატიკაზეც ნამუშევრები იქმნებოდა და იყიდებოდა, მალევე მიეცემოდა დავიწყებას. მერლინ მონროს სიკვდილის შემდეგ უორჰოლმა მისი ტრაფარეტები შექმნა, კაშკაშა, ნათელი ფერები გამოიყენა და მსახიობის მრავალი ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული გამოსახულებები დაბეჭდა. არტისტმა ცნობილი ხელოვანის ტრაგედია თვალში მოსახვედრი ფერების მქონე ფოტოკოლაჟად გარდაქმნა – მან კარგად იცოდა, რომ მონროს სიკვდილი ადამიანებში მის მიმართ ინტერესს გაზრდიდა, და ეს კარგად გამოიყენა შემოქმედებაში. 

ძალიან საინტერესოა ის ნამუშევრებიც, რომელიც უორჰოლმა საყვარელ ქალს – ედი სეჯვიკს მიუძღვნა, რომელსაც ხშირად ხელოვანის ფემინურ ორეულს, მის ალტერ ეგოს უწოდებდნენ. უორჰოლის ფილმებში თითქმის ყოველთვის ედი იყო მთავარი გმირი. საოცრად დასამახსოვრებელია მათი ერთობლივი ფოტოებიც, სადაც ისინი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მიუხედავად ამ ჰარმონიისა, როგორც შემდგომ გაირკვა, ედი უორჰოლის ნამდვილი სიყვარული არ ყოფილა, ვინაიდან საკუთარ თავზე შეყვარებულ ხელოვანს სხვა ადამიანის შეყვარება არ შეეძლო და მხოლოდ ამ გრძნობის იდეას ეტრფოდა. 

უორჰოლის გამორჩეულად ცნობილი ნამუშევარია „ქემბელის წვნიანის კონსერვი“, რომელზეც  ტომატის წვნიანის კონსერვებს ვხედავთ. ისინი ზუსტად ერთნაირია, უბრალოდ განსხვავებულ ფერებშია წარმოდგენილი. არის ეს ხელოვნება? ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს – იქნებ იმისათვის, რომ რაიმე ხელოვნების ნიმუშად  ჩაითვალოს, ისიც საკმარისია, უბრალოდ შეიქმნას  და მასში ჩაქსოვილი ღრმა იდეების არსებობა სულაც არაა აუცილებელი. ზოგჯერ ადამიანი სიმარტივითაც კმაყოფილდება –  კმაყოფილდება ამ კონსერვების ცქერითაც, რომლებსაც უყურებ და ფიქრობ, რომ მათ მართლაც საინტერესო დიზაინი აქვს, მათ შექმნაშიცაა გამოყენებული გარკვეული ტექნიკა და ფერთა შეხამება. უორჰოლისათვის ეს კონსერვებიც კი გახდა შთაგონება იმისა, რომ ნამუშევარი შეექმნა: ამ წვნიანს ხომ ადამიანები მოიხმარდნენ, შესაბამისად, ის მათი ცხოვრების, ყოველდღიურობის ნაწილიც გახლდათ –  ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდათ. 

„კარგი ბიზნესი ზუსტად იგივეა, რაც კარგი ხელოვნება“ – უორჰოლის ეს ფრაზა შესანიშნავად აღწერს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისა თუ მისი საქმიანობის მიმართ. პოპ-არტისტი ხელოვნებას, წინა ეპოქებში სულიერების გამომსახველ რამეს, მიუდგა ისე, როგორც კომერციულს, გაყიდვადსა და ნებისმიერ ადამიანზე გათვლილს. უორჰოლზე ხშირად ამბობენ, მისი ცნობადობის მიღმა არაფერი იმალება გარდა სიცარიელისაო, თუმცა ის, რომ ხელოვანის იმიჯი და სტილი ამდენად იზიდავდა ადამიანებს, ან თუნდაც ის, რომ  რომ კოკა-კოლის ეტიკეტის დანახვაზე მაშინვე ამ სასმლის გემო გვახსენდება და ბანანის ჭამისას – „The Velvet Underground”, იმაზე მეტყველებს, რომ უორჰოლმა შესანიშნავად მოახერხა, მისეული ხელოვნებით კაცობრიობისათვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაემახსოვრებინა თავი, როგორც საინტერესო და ამოუცნობ სპილოსძვლისფერთმიან  პოპ-არტის მეფეს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.