fbpx

კვლავ პენალტები და კვლავ „ლივერპული“…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მაისი ევროპული საკლუბო ფეხბურთის სეზონის დასრულების პერიოდია. ამ დროს ირკვევა თასის მფლობელთა, ჩემპიონთა თუ აუტსაიდერთა ვინაობა და გულშემატკივრების ყურადღება მალევე ეროვნულ ნაკრებებზე ერთვება, რადგან უკვე ივნისში,  უსწრაფეს რეჟიმში, ერთა ლიგის ტურნირის პირველი ოთხი ტურის მატჩები ჩატარდება.

სამზადისშია საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებამდე, 2 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს. 

სტაჟიან გულშემატკივრებს კი 1981 წლის განუმეორებელი საღამო ახსენდებათ, როდესაც თბილისის „დინამომ“ ევროპის თასის მფლობელთა თასის ტურნირის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა.

41 წელიწადი თითქოს ისტორიისთვის ბევრი არაფერია, მაგრამ როგორ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, დღეს უკვე აღარც ის ტურნირი არსებობს და არც ის სახელმწიფოები, რომელთა წარმომადგენლებიც 13 მაისს ერთმანეთს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ დაუპირისპირდნენ. 

აღარც იმ მატჩის გადამწყვეტი გოლის ავტორი ვიტალი დარასელიაა ცოცხალი.  ფეხბურთელი, რომელმაც ლეგენდარული დავით ყიფიანის თქმით, ქართული ფეხბურთის ყველა დროის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა…

უმნიშვნელოვანესი გოლის მცნებას განახლება რომ სჭირდება, ყველაზე უკეთ დღევანდელი ნაკრების წევრებს ესმით. განა ჩვენი გუნდი ახლო წარსულში მასთან ახლოს არ იყო, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის მატჩში დამარცხდა?

გადამწყვეტ ეპიზოდებში სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა სათასო მატჩებში ენიჭება, რადგან პლეიოფის სისტემა შეუწყნარებელია თუნდაც ერთადერთი გაფუჭებული პენალტის მიმართ, რომელიც გუნდებს ერთ წამში „ლუზერად“ აქცევს ხოლმე.

ასეთად ზედიზედ ორჯერ „ჩელსი“ იქცა „ლივერპულთან“ სათასო დაპირისპირებაში, როდესაც ლონდონელები ჯერ ევროპის სუპერთასზე 2019 წელს დამარცხდნენ მერსისაიდელებთან პენალტების სერიაში, შემდეგ კი, წლეულს – ინგლისის ლიგის თასის ფინალში. 

აქედან გამომდინარე, გასულ შაბათს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ტრადიციულ მეტოქეთა მორიგი პაექრობა უდიდეს ინტერესს, მორიგი შესაძლო პენალტების სერიის თვალსაზრისითაც იწვევდა. 

მატჩს დამატებით დრამატიზაციას „ლივერპულის“ ამჟამინდელი მდგომარეობაც სძენდა, რადგან შინ „ტოტენჰემთან“ ნათამაშევი ფრის შემდეგ მერსისაიდელებს უკვე ამოეწურათ „მანჩესტერ სიტისთან“ სამქულიანი დეფიციტის აღმოფხვრის და პრემიერლიგის მოგების იმედი…

პრემიერლიგის ტიტულის სავარაუდო დაკარგვის შემდეგ „ჩელსისთან“ წაგება კი მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა „ლივერპულის“ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე წლის უმთავრეს ფინალთან მიმართებაში, რომელშიც მას სულ მალე მადრიდის „რეალთან“ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. 

„ლივერპულის“ და „ჩელსის“ მორიგმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ დაანახვა გულშემატკივრებს ამ გუნდების სრულიად თანაბარი შესაძლებლობები, რადგან მეტოქეებმა ერთიმეორის კარის დალაშქვრა უკვე ზედიზედ მეორე თასის ფინალშიც ვერ შეძლეს და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში  გამოვლინდა, რომელიც „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ტრადიციულად უკეთ შეასრულეს.

ლიგის თასის ფინალისგან განსხვავებით, სადაც „ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა ალბათ შეცდომა დაუშვა, როდესაც პენალტების სერიაში მეკარე ედუარდ მენდი კეპა არიზაბალაგათი ჩაანაცვლა, ახლა თითქოს მისი ოპონენტი იურგენ კლოპი შეცდა, როდესაც მეხუთე გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესრულება სენეგალის ნაკრების ფორვარდ სადიო მანეს ანდო ამჯერად ბოლომდე დარჩენილ მენდის კარში. 

სენეგალის ნაკრების გოლკიპერზე უკეთ კი ვის ეცოდინებოდა ლივერპულელთა მეათე ნომრის პენალტის საიდუმლოება? განა მათ სულ ცოტა ხნის წინათ ზედიზედ ორჯერ არ იზეიმეს ეგვიპტის ნაკრების თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხება ჯერ აფრიკის თასის ფინალში, ხოლო შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფის მატჩში?

მანეს ნაცვლად კი იმავე ციმიკასს რომ დაერტყა, რომელმაც ცოტა ხანში „ლივერპულს“ გამარჯვება მოუტანა, მერსისაიდელთა გულშემატვივრები უფრო მშვიდად შეხვდებოდნენ მათი გუნდის მიერ „ჩელსის“პენალტების სერიაში უკვე ზედიზედ მესამედ დამარცხებას.

აქ ნახსენები სენეგალის და ეგვიპტის მატჩის ანტიგმირად „ლივერპულში“ სადიო მანეს თანაგუნდელი მოჰამედ სალაჰი იქცა. სწორედ მან ვერ გაიტანა გადამწყვეტი პენალტი „ჩელსის“ სენეგალელი გოლკიპერის, მენდის კარში.

ლივერპულელთათვის სამწუხაროდ სალაჰი „ჩელსისთან“ მატჩის 33-ე წუთზე დაშავდა და იგი დიოგუ ჟოტათი შეცვალეს. ძნელი სათქმელია, გამოიღებდა თუ არა ნაყოფს ეგვიპტელი ფორვარდის მოედანზე მატჩის ბოლომდე ყოფნა და თუკი ის  ვერაფერს შეცვლიდა, როგორ შეასრულებდა პენალტს?

ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, ეგვიპტელმა სრულყოფილად აღიდგინოს ფორმა ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ, რომლის მიმართაც რევანშის წყურვილით იგი განსაკუთრებითაა გამსჭვალული 2018 წლის ფინალის დასაწყისშივე მადრიდელთა ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის მიერ მისთვის შეგნებულად მიყენებული ტრავმის გამო.

აი მადრიდში კი ნაკლებად ანაღვლებთ სალაჰის განცდები, რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა „სამეფო კლუბის“ სტრუქტურაში და რაც მთავარია, სერხიო რამოსი აღარ იმყოფება მის შემადგენლობაში.

„რეალი“ შესანიშნავი ფსიქოლოგიური განწყობით შეხვდება 28 მაისს დანიშნულ შეხვედრას „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რასაც ლა ლიგის ნაადრევად მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე „პარი სენ-ჟერმენის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ გამოგდება უქმნის მყარ საფუძველს. 

სრული მსოფლიო ჰეგემონიისთვის კი „რეალს“ სწორედ „ლივერპულის“ დამარცხება სჭირდება, რომელმაც ფინალისკენ გზა მასთან შედარებით გაცილებით მარტივ პლეიოფებში „ინტერის“, „ბენფიკას“ და „ვილიარეალის“ დამარცხების შედეგად განვლო.

კარლო ანჩელოტის „რეალის“ ძლევა მართლაც განსაკუთრებით სასახელო იქნება იურგენ კლოპის „ლივერპულისთვის“, რადგან იგი პრემიერლიგის რეპუტაციის დაცვასაც ითვალისწინებს.  

„რეალმა“ გასულ კვირას ლა ლიგის 36-ე ტურში აუტსაიდერი „ლევანტე“ საოცრად ლაღი თამაშით – ანგარიშით 6:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებამ თითქოს ახალი არც არაფერი შემატა სახელოვან კლუბს, მაგრამ იგი ერთგვარი გზავნილი მაინც არის „ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბში მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

ამ მატჩში ლუკა მოდრიჩმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ვინისიუს ჟუნიორმა კი ამდენივე ბურთი გაიტანა. თითო გოლით თავი ბენზემამ, როდრიგომ და მარცხენა მცველმა მენდიმაც გამოიჩინეს.

ლა ლიგის თითქოს ბევრი არაფრის მთქმელი დაპირისპირების ფონზე, რატომღაც უღიმღამოდ გამოჩნდა იტალიის თასის ფინალი „ინტერს“ და „იუვენტუსს“ შორის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობების მიუხედავად, დღესდღეობით ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს ევროასპარეზზე მადრიდის „რეალისთვის“ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას.

ექვსი გატანილი გოლის მიუხედავად, რომელთაგან ოთხი „იუვენტუსის“ კარის ბადეში აღმოჩნდა, იტალიის თასის ფინალი სანახაობრივი თვალსაზრისით გოლის გარეშე დასრულებულ „ლივერპული“ – „ჩელსის“ მატჩსაც ჩამოუვარდებოდა. 

ამის მიზეზს კი სახელგანთქმულ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს გამონათქვამში ვხედავთ, რომლის აზრითაც იტალიის სერია A-ს სათამაშო დონის ათწლეულებით ჩამორჩენა ინგლისის პრემიერლიგასთან, მასთან სათამაშო ტემპში ჩამორჩენას უკავშირდება. 

ინგლისის ჯერ ლიგის, ხოლო შემდეგ ასოციაციის თასის ფინალებში „ლივერპულის“ და „ჩელსის“ ფეხბურთელები თითქოს მართლაც დაფრინავდნენ მოედანზე, მაგრამ მრავალი საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, მათ ორი მატჩის ჯამში, ოთხი საათის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეძლეს ერთიმეორის კარის აღება. 

ეს კი წამყვანი ინგლისური გუნდების დაცვითი ხაზის და მეკარეების უმაღლესი დონის თამაშზეც მეტყველებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.