fbpx

კანი 2022 — რას უნდა ველოდოთ კანის 75-ე კინოფესტივალისგან


გააზიარე სტატია

Moet წარმოგიდგენთ კანის ფესტივალის დღიურებს.

 

კანში, ლაჟვარდოვან სანაპიროსთან, ფესტივალების სასახლის წინ წელს 75-ედ გაიშლება წითელი ხალიჩა და ეს ერთი ციცქნა ქალაქი 10 დღით კინოს დედაქალაქად გადაიქცევა და უმასპინძლებს ყველას, ვისაც ფილმები უყვარს. 

ფესტივალი დღეს, 17 მაისს მიშელ ჰაზანავიჩუსის ახალი ფილმით – “Coupez!” გაიხსნება. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო – “Z”, თუმცა იმის გამო, რომ ამ სიმბოლოს რუსული არმია უკრაინაში ომის დროს იყენებს, რეჟისორმა გადაწყვიტა სახელი შეეცვალა. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, “Z” მშვენიერი სათაური იქნებოდა ჰაზანავიჩუსის ახალი ფილმისთვის – კინოსურათი ზომბებზეა და რუსული არმია ნამდვილად არაფრით განსხვავდება მათგან. 

ჰაზანავიჩუსთან ერთად წელს კანი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ არაერთ რეჟისორს მასპინძლობს. მათ შორის არის ჯეიმს გრეი, რომელიც მაყურებელს 1980-იანი წლების ნიუ-იორკის ამბებს მოუყვება ახალი ფილმით – “Armageddon Time”. გრეის ახალ ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ასრულებენ, მათ შორის – ენ ჰეთეუეი და ენტონი ჰოპკინსი. 

ჰორორს შესთავაზებს წელს მაყურებელს რეჟისორი დევიდ კრონენბერგი და კრისტენ სტიუარტთან, ლეა სეიდუსთან და ვიგო მორტენესენთან ერთად შეეცდება კანის მთავარი პრიზის – ოქროს პალმის რტოს მოპოვებას. კრონენბერგისთვის ეს ფილმი ჰორორის ჟანრთან დაბრუნება იქნება, რადგან 1999 წლის შემდეგ, რეჟისორმა პირველად მოსინჯა თავისი ძალები ამ ჟანრში და რა გამოუვიდა, ამას სულ მალე გავიგებთ. 

კინომოყვარულები განსაკუთრებით ელოდებიან სახელგანთქმული რეჟისორების და ორი ოქროს პალმის რტოს მფლობელი ძმები დარდენების ახალ ფილმს – “თორი და ლოკიტა”, რომელიც ორი მოზარდის განსაკუთრებული მეგობრობის ამბავს გვიყვება. 

მიუხედავად იმისა, რომ წელს კანში რუს ჟურნალისტებს თუ კინომცოდნეებს აკრედიტაციები არ მისცეს, დიდ ეკრანზე მაინც მოხვდება რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ახალი ფილმი – “ჩაიკოვსკის ცოლი”. კინოსურათის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრამ დიდი ხმაური გამოიწვია – კინომოყვარულები მიიჩნევენ, რომ რუსებთან ერთად, რუსული პროდუქციაც მთლიანად უნდა იყოს დაბლოკილი კანის კინოფესტივალზე. 

 

საკონკურსო პროგრამაში წელს სულ 21 ფილმი მოხვდა. ზემოთ ჩამოთვლილი რეჟისორების გარდა, კანის დიდ ეკრანზე წელს ჰიროკაზუ კორეედას, ალბერტ სერას, კლერ დენის, კრისტიან მუნჯუს და რუბენ ოსტლუნდის ფილმებსაც ვიხილავთ.

მთავარი საკონკურსო პროგრამის გარდა, საშუალება გვექნება ვნახოთ ბაზ ლურმანის ახალი ბიოგრაფიული დრამა – “ელვისი”, რომელიც, სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ  ლეგენდარული მომღერლის, როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შესახებ მოგვითხრობს. 

 

ფილმები, პრესკონფერენციები და ისევ ფილმები –  ასეთია ჩემი და კანში ჩამოსული სხვა აკრედიტებული ჟურნალისტების მომდევნო 2 კვირის გეგმა. წინ ბევრი საინტერესო ფილმი, ბევრი აღმოჩენა და ბევრი იმედგაცრუება გველოდება, თუმცა სწორედ ეს არის ის, რის გამოც კანი ყველას ასე ძალიან გვიყვარს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.