fbpx

გარდამავალი წესრიგი: პანდემიიდან ომამდე


გააზიარე სტატია

 

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, 16 საათიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის (რუსთაველის #7) დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „გარდამავალი  წესრიგი: პანდემიიდან ომამდე“. მუზეუმი ამ გამოფენით 10 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს. დასწრება თავისუფალია. 

ექსპოზიციის კონცეფცია ეხმაურება თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის სახეცვლილებას მძიმე მსოფლიო პოლიტიკური ვითარების ფონზე. პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მოცემულობაა და ერთგვარი წყვეტა მსოფლიოს ძველ წესრიგთან, შესაბამისად, იცვლება ხელოვნების ფუნქციური და ესთეტიკური როლი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ქართული თანამედროვე არტისტების ნამუშევრები აღიქმება, როგორც ახალი წესრიგის გზავნილი, რომელიც მოექცა პანდემიასა და ომს შორის. ხელოვანთა ვიზუალურ ენაში და მთლიან საგამოფენო სურათში ეს დილემა ცხადი ხდება. 

 

გამოფენაში მონაწილეობს 11 თანამედროვე არტისტი: 

  • ანდრო დადიანი
  • თამარ ნადირაძე
  • ნინო ზირაქაშვილი
  • თუთუ კილაძე
  • მედეა ბაქრაძე
  • გიორგი კონტრიძე
  • ტამარა კანა
  • ანუკა ბელუგა
  • თამარ ბოჭორიშვილი
  • ნინა ახობაძე
  • მარიამ საკნელაშვილი

 

 

კურატორი – კონსტანტინე ბოლქვაძე 

გამოფენის კონცეფცია

სამყარო და მასში მიმდინარე სოციალურ თუ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოვლენათა  ჯაჭვი გარდამავალი წესრიგის მდგომარეობაშია, ყალიბდება ახალი რეალობა.  არტისტების შემოქმედება, გამომსახველობითი ენა, გზავნილები თუ ესთეტიკურ-ეთიკური პრიზმა გაურკვეველია, გარდამავალია, ოპტიმისტურიცაა და, ამავდროულად, პესიმისტურიც. თუმცა ახალ სამყაროში საკუთარი თავის ამოკითხვა და თვითგამორკვევა ცალსახად დაწყებულია; უფრო კონკრეტულად, ჩვენი თანამედროვეობა ჩართულია ორი კატეგორიის კონფლიქტში: შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, ახლა უკვე „ომი და მშვიდობა“. ამ გარდამავალ  წესრიგს აჩვენებენ  თანამედროვე არტისტები ნამუშევრებით, რაც ერთიან თხრობას და ერთგვარ განაცხადს ქმნის. 

გამოფენაზე წარმოდგენილი 11 არტისტის ნამუშევრებს საგანგებოდ არ აქვს მითითებული შესრულების წელი, რადგან კურატორი არა რეალურ დროში, არამედ მხოლოდ სიმბოლურად, ვიზუალური თხრობით გვიყვება პანდემიით და ომით გამოწვეულ ენერგეტიკას ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. ასევე, ნამუშევართა სელექცია არ გულისხმობს თემატურ ნამუშევრებს, კურატორული კვლევით, თითო არტისტის შემოქმედებიდან შეირჩა განსხვავებული მედიების რამდენიმე ნამუშევარი. ამ გამოფენაში მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს მთლიანი და დაშლილი სამყარო, ჰარმონია და ქაოსი. 

არსებულ  მსოფლიო კრიზისში ყველაზე ზუსტი და მშვიდობიანი გზავნილების საზოგადოებამდე მიტანა შესაძლებელია  მსგავსი კულტურული მოვლენებით, რაც ასევე  ჩვენი რეალობის მოთხოვნაა – პოლიტიკის ხელოვნებით ჩანაცვლება. გამოფენის მიზანია, სამუზეუმო ცხოვრება პირდაპირ ირეკლავდეს სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა ჯაჭვს. ექსპოზიცია კი ყველაზე კარგად წარმოაჩენს ინფორმაციულ და მხატვრულ აქცენტებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.