fbpx

დიდებული კარლო (ანჩელოტი)


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

არსებობს ერთი ასეთი ისტორია: სიყვარულითა და სიძულვილით გაზავებული ურთიერთობა იტალიური კინოს ორ დიდოსტატს, პიერ პაოლო პაზოლინსა და ბერნანდო ბერტოლუჩს შორის შერიგებას მოითხოვდა. მათმა საერთო მეგობარმა, შესანიშნავმა მსახიობმა ლაურა ბეტიმ კი გამოსავალი ფეხბურთში იპოვა; ორივე მათგანს ფანატიკურად  უყვარდა  სპორტის ეს  სახეობა, შესაბამისად, ბეტიმ ყოფილი შეყვარებულების შესარიგებლად ამხანაგური მატჩის გამართვის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო. 

ეს ამბავი 1975 წლის იტალიურ გაზაფხულზე მოხდა, როცა ბერტოლუჩი „მეოცე საუკუნეზე“, ხოლო პაზოლინი თავის უკანასკნელ ფილმზე – „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ მუშაობდა. გუნდების შემადგენლობაშიც  (ძირითადად) გადამღები ჯგუფის წევრები იყვნენ.  შერიგებისა რა გითხრათ, ამბავი კი სულ სხვანაირი გზით წავიდა – მატჩმა  დაძაბული სახე მიიღო და  პრინციპული მნიშვნელობა შეიძინა. პირველი ტაიმისთვის პაზოლინის გუნდი მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით უსწრებდა, როგორც ამბობენ, პიერ პაოლო თავისებურად დაქროდა მოედნის მარცხენა ფლანგზე, მის გვერდით იყვნენ არაჩვეულებრივი საფეხბურთო მონაცემების მქონე ნინეტო დავოლი და ფრანკო ჩიტი. ბერტოლუჩის გუნდს კლასიც აკლდა, ერთმანეთში შეთამაშებაცა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც, რაც გამარჯვებას  სჭირდება, თუმცა მეორე ტაიმში, როგორც მძაფრსიუჟეტიან ფილმებშია, სიკვდილთან მიყენებული განწირული პროტაგონისტი რომ წინდაში დამალულ რევოლვერს ამოიღებს  საკონტროლო გასროლისთვის – ბერტოლუჩიმ მოედანზე, სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, პარმას აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი შემოიყვანა. საბოლოოდ პრესტიჟი შეინარჩუნა და არა მხოლოდ შეძლო პრინციპული მატჩის გადარჩენა, არამედ გაიმარჯვა კიდეც სამბურთიანი სხვაობით – 5-2. ბეტის მიზანი კი წყალში ჩავარდა – პიერ პაოლო მწარე მარცხის შემდეგ დიდხანს არ ელაპარაკებოდა ბერნანდოს.

ეს 15 წლის ბიჭი პარმას აკადემიიდან, რომელმაც ბერტოლუჩის პრესტიჟი იხსნა, არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდა კარლო ანჩელოტი იყო.

ფოტოს მარცხენა მხარეს პაზოლინის გუნდია, მისი საყვარელი გუნდის, “ბოლონიას” ფერებში, ხოლო მარჯვნივ ბერტოლუჩისა,  სპეციალურად შეკერილი ფორმებით.  ბოლოში, მარჯვენა კუთხეში, დგას ახალგაზრდა ანჩელოტი.

სამყაროში სანთლით ვერ მოიძებნება ანჩელოტიზე სანდო ადამიანი, როცა შენი ორგანიზაცია კრიზისშია და მისი გადარჩენა გსურს. გახსენების ამბავია, დიდებული “მილანი”. კაპელოს წასვლის შემდეგ გუნდი ვერ იყო ფერზე, მიუხედავად იმისა, რომ უფროსები არაფერს აკლებდნენ, ისედაც ვარსკვლავებით შენიღბულ გუნდს მოწიფულ  თუ ამომავალ ვარსკვლავებს უმატებდნენ, მაგრამ ხეირი არაფერი იყო. კრიზისი უფრო და უფრო მწიფდებოდა.  იტალიური პოლიტიკის დონ ჟუანმა სილვიო ბერლუსკონიმ საქმე კარლოს მიანდო, და მანაც, ფეხბურთელის რანგში კარგად ნაცნობმა მილანელმა იპოვა გასაღები და საბოლოოდ ჩამოაყალიბა საფეხბურთო მონსტრი, როგორც ეძახიან ხოლმე ერთი ამერიკული სპორტის გავლენით – დააყენა All Star! დიდი გრანდი თავის ადგილს დაუბრუნა ევროტურნირებზე და თავად მილანის ისტორიაში თავისი მასწავლებლის, არიგო საკის გვერდითაც დაიდო ადგილი, მოხვდა რა როსონერის მწვრთნელთა სამეულში,  ამ უკანასკნელისა და დიდი კატენაჩოელი გენიოსის, ნერეო როკოს გვერდით. ბევრი რომ არ გაიწელოს – შექმნა ეპოქა.

სიმართლე გითხრათ, ანჩელოტიმ დიდებულ მილანს დააკლო. რაღაც ამოუხსნელი დააკლო. იმ პერიოდის შეცდომები თავადაც კარგად იცის; არც სხვები აპატიებენ და არც თავად აპატიებს საკუთარ თავს როსონერის ქომაგებისთვის ავადსახსენებელ საფეხბურთო ლაფსუსს – 2005 წლის „დაცემას კონსტანტინოპოლში“. მას შემდეგ კარლო უფრო გამჭრიახია, ძველი ნათქვამისა არ იყოს, ადამიანი ყველაზე კარგად თავის შეცდომებზე სწავლობსო: კარლომაც ისწავლა (შიში აქცია ძალად), როგორ დააკვირდეს წარბაწეული  ჰაბიტუსით პირველ ტაიმს და როგორ მოუწყოს მეტოქეს მეორე ტაიმში ტაქტიკური ჯოჯოხეთი.

ანჩელოტი  სტანდარტული იტალიური გულწრფელობისა და მეობის კაცია,  თუ დაინახა, რომ მისი ნდობა არა აქვთ, წაუხდება განწყობა და ხასიათი. სადღაც ინტერვიუში პარიზული კარიერის გახსენებას მოჰყვება.  პორტუსთან ლიგის მატჩის წინ უფროსებმა მითხრეს, თუ ვერ მოიგებ, გუნდის დატოვება მოგიწევსო, მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ნდობა არ ჰქონდათო, განწყობა წამიხდა და ერთი სული მქონდა, პარიზში მუშაობა შემეწყვიტაო. არ ენდო არაბული დიასპორა, მათ ფეხბურთის ონტოლოგიისა არაფერი ესმით, სამაგიეროდ მეორე ფლანგზეა ბებერი მელა – ფლორენტინო პერესის სახით, რომელიც ფეხბურთის ონტოლოგიასაც კარგად იცნობს, ეგზისტენციასაც და სხვა ყველაფერ დანარჩენსაც – ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ, მიიყვანა გუნდში გამოცდილი პაპა კარლო და მანაც ჟანრის კანონის შესაბამისად დაიწყო საქმის კეთება, ევროპული ფეხბურთის მეფე ძველებურ ტრიუმფს დაუბრუნა და 12-წლიანი პაუზის მერე კვლავ აღიმართა ლიგის თასი “რეალის” ფეხბურთელის ხელით. კარლომ დაუდო საფუძველი თეთრების დიდ ისტორიაში დიდ ისტორიას – ზიდანის ტრიუმფს. ეს უკანასკნელი ანჩელოტის პროტეჟეა. თუ კარლოზე ითქმის, საკის მოსწავლეაო, ზიდანზე ითქმის, კარლოს მოსწავლეაო. ფეხბურთელობის პერიოდში, ბორდოდან მომაკვდინებელ კალჩოში მოსვლისას, ზინედინი ანჩელოტის ხელში აღმოჩნდა, სწორ ხელში. ფეხბურთელობის შემდეგ მისი ასისტენტიც გახდა. მაღალი ავტორიტეტის მქონე  ზიდანს არ გასჭირვებია კარლოს დაწყობილისა თუ გაკაფულის გაგრძელება.

მწვრთნელობა  რთული ამბავია, ტრუიზმია, თუმცა მაინც ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი სირთულისა: ფეხბურთი იცვლება, თანაც ძალიან სწრაფი ტემპით და რთულია მუდმივად იყო ადეკვატური და თანადროული. მწვრთნელების მიგნებებიც მარტივად ფიქსირდება.  ნახსენები არიგო საკიც კვლავ სახსენებელია, მისი სამწვრთნელო კარიერა და პიკი თითზე დაითვლება, თანაც მხოლოდ ცალი ხელის თითები გვეყოფა. ანჩელოტი გამონაკლისია, დიდი გამონაკლისი – ის უკვე მეოთხე დეკადაა მოღვაწეობს, არ კარგავს სამწვრთნელო პრესტიჟს და მეტიც, მუდამ აოცებს ფეხბურთის გურმანებს.

გავიხსენოთ, “რეალიდან” წასვლის შემდეგ პაპა კარლო, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი ჩამოიწერა. “ნაპოლისა” და “ევერტონს” თავკაცობდა, ისეთს, არაპრეტენზიულ გუნდებს, ასაკში შესული თავისთვის ერთობოდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, აი, იმ კაცმა, ფეხბურთის ანიცა და ბანიც რომ იცის, კრიზისისკენ მიმავალ მადრიდის “რეალს”  საშველად კვლავ კარლო ანჩელოტი ჩაუყენა სათავეში. პერესმა, როგორც ბერტოლუჩიმ იმ ერთი მშვენიერი მეგობრული მატჩიდან, საკონტროლო გასროლისთვის წინდაში დამალული რევოლვერი ამოიღო  – დიდოსტატი კარლო ანჩელოტი.

ანჩელოტი სპეციფიკური სპეციალისტია, არ შეუძლია, მაურინიოს მსგავსად, “პორტუს” რანგის მქონე გუნდით მიაღწიოს წარმატებას, არც ის შეუძლია, არსენ ვენგერივით ნაგვისგან პეიზაჟი შექმნას. მას წარმატებისთვის გონიერი მობურთავეები სჭირდება, როგორებიც იყვნენ: რიკარდო კაკა, კლარენს ზეედორფი, ზინედინ ზიდანი, ან როგორებიც არიან: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და ქარიმ ბენზემა. დიდი ფეხბურთელების მმართველია.

რა გააკეთა და რას აკეთებს ანჩელოტი. “რეალის” ეს ფეხბურთი ძალიან ჰგავს  თავად დიდებულ ანჩელოტისა და საკის “მილანს”. ანჩელოტის “მილანზე” ბლანკოს მოგუდული თამაშის სტილი მიუგავს, რომელიც მარტივად ასე შეიძლება აიხსნას: მეტოქე გუნდი ფლობს უპირატესობას, ქმნის შანსებს, უჭირავს ბურთი, თუმცა სინამდვილეში ეს ილუზიაა, მოტყუებული მდგომარეობა, თეთრების ბირთვი სიტუაციას აკონტროლებს, ელოდება თავის შანსს, რომელსაც როგორც კი მიიღებს, მომაკვდინებელი ხდება. 

ბევრი აზრი წავიკითხე თუ მოვისმინე, “რეალს” ლიგაზე ლონდონელებთან, და იქამდე პარიზელებთანაც, ყარაულის თოფივით გაუვარდაო, მაგრამ ალბათ ლაპარაკადაც არ ღირს დიდებული პერფორმანსების გავარდნად მონათვლა, და აქვე ეს აზრი საფეხბურთო აზროვნების სიბრიყვედ დავარეგისტრიროთ.

საკის “მილანისა” კი დიაგონალური შეტევაა. ვინიციუს ჟუნიორი ნომინალური მარცხენა ვინგერია, კარლო კი დაჟინებით მარჯვენა ვინგერის გარეშე თამაშობს, უფრო ზუსტად, ამ პოზიციაზე გოლფის მოყვარული კაცისა და ასენსიოს ნაცვლად, ნახევარმცველს აყენებს, რათა მოედნის ცენტრში დომინირება შეძლოს. ეს არიგოული ამბავია. 

რონალდუს გარეშე დარჩენილი, გაწურული და დაბერებული “რეალი” დაქოქილია და წინ მიიწევს. წინ მიიწევს ანჩელოტიც და აი, აგერ ყველა დროის რეკორდიც დაამყარა, ერთადერთი მწვრთნელი გახდა, ვინც ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის ტრიუმფი იზეიმა. ღმერთმა  იცის, რა როგორ მოხდება ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ კარლოს აქვს შანსი გახდეს ისტორიაში პირველი, ვინც ლიგას 4 ჯერ მოიგებს მწვრთნელის რანგში. თუმცა, როგორც  უნდა გაგორდეს ბურთი და რაც  უნდა მოხდეს ლიგაზე, სიტყვა უკვე ნათქვამი და დადასტურებულია: ანჩელოტი დიდოსტატია, რომელიც კრიზისს ისე მარტივად და სწრაფად შლის, როგორც მათემატიკის დოქტორი რუბიკის კუბიკს აწყობს.

ანჩელოტი დიდოსტატია, რომელსაც შეგიძლია ზურგი ანდო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.