კანი 2022 — ზელენსკი, ფესტივალის გახსნის მთავარი ვარსკვლავი
Moët & Chandon წარმოგიდგენთ კანის ფესტივალის დღიურებს.
კანის 75-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ლუმიერების სახელობის დიდ კინოთეატრში შეკრებილ აუდიტორიას ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი მიესალმა, მათ შორის, ჯულიანა მური, ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ, ევა გრონი და ფორესტ ვიტაკერი.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალმა კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს პალმის რტო წელს სწორედ ამერიკელ მსახიობს, ფორესტ ვიტაკერს გადასცა.
ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე ტრადიციულად მოეწყო საკონკურსო პროგრამის ჟიურის პრესკონფერენციაც, რომელსაც წელს ფრანგი მსახიობი ვენსან ლენდონი ხელმძღვანელობს. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, პრესკონფერენციაზე არ გაჟღერებულა არცერთი სიტყვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რამაც ბევრი ჟურნალისტის, მათ შორის ჩემი იმედგაცრუებაც გამოიწვია.
ამ იმედგაცრუების ფონზე, კიდევ უფრო რთული იყო გახსნაზე დასწრება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფილმის პრემიერამდე რამდენიმე წუთით ადრე ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ჩართეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებსა და ვარსკვლავებს სთხოვა, რომ მიუხედავად ფესტივალისა და ამაღელვებელი განწყობისა, არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყონ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება – საფრანგეთთან ძალიან ახლოს.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ომისა და კინოს როლზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კინოსამყაროში აუცილებლად გამოჩნდება ახალი ჩარლი ჩაპლინი, რომელიც დაამტკიცებს, რომ კინო მუნჯი არ არის და დიქტატორი აუცილებლად დამარცხდება.
ზელენსკის გამოსვლას მთელი დარბაზი ოვაციებით შეხვდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და ჩვენებაც დაიწყო. “გადაღებულია” – ასე ჰქვია ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმს, რომელიც გადასაღებ მოედანზე განვითარებულ მოვლენებსა და ზომბების თავდასხმაზე გვიყვება.
მათთვის, ვისაც აბსურდული კომედია უყვარს, შესაძლოა ფრანგი რეჟისორის ახალი კინოსურათი მოეწონოს, თუმცა 30 წუთის შემდეგ ძალიან რთული ხდება სეანსზე გაჩერება. ამ ნახევარ საათსაც მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაუძლო, რომ გაინტერესებს მერე რა მოხდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ფილმის პირველი ნაწილი, ანუ ზომბების პირველი გამოჩენა ერთი უწყვეტი კადრით არის გადაღებული და ერთნაირად არის როგორც უსიამოვნო საყურებელი, ასევე დიალოგების ხარჯზე ძალიან სახალისო და აბსურდული.
მიუხედავად იმისა, რომ მე ფილმი არ მომეწონა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირი გაგებით გადაირია ამ კინოსურათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კინო სუბიექტურია და მას თითოეული ჩვენგანი სხვანაირად აღიქვამს.
ფესტივალის პირველი დღე დასრულდა ერთი ფილმით, მაგრამ დღეს კანში კინოზე უფრო მეტად ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრობდნენ.
დიდება უკრაინას!