I Dream of Fire – გვანცა ჯიშკარიანის სოლო გამოფენა The Why Not Gallery-ში
The Why Not Gallery წარმოგიდგენთ გვანცა ჯიშკარიანის სოლო გამოფენას – I Dream of Fire.
ხელოვანი გალერეის სივრცეს სიზმრისეულ ლანდშაფტად აქცევს, სადაც ფაქტურები, სუნები და ჟღერადობები ერთიან სენსორულ გამოცდილებას ქმნიან და დამთვალიერებელს ფორმებსა და მატერიებში, შეგრძნებებსა და ასოციაციებში სამოგზაუროდ ეპატიჟება.
დღეს, როდესაც ევროპა ომის ცეცხლშია გახვეული, ძნელია გამოფენა არ დავუკავშიროთ არსებულ კონტექსტს და ერთგვარ რეფლექსიად ან წინათგრძნობადაც კი შეგვიძლია წავიკითხოთ.
გვანცა ჯიშკარიანი:
„ამ გამოფენაზე მოსული, მინდა ბილიკზე ახვიდეთ და ტყის ნაგლეჯს უყუროთ ზევიდან, როგორც ნანგრევებს, როგორც ქალაქის ზარ-ზეიმით აღმოჩენილ და დავიწყებულ გალავანს. მინდა დაბალი ხმები გაიგოთ და ცეცხლის სუნი იგრძნოთ.
ზოგი ჩახვალთ ამ ტყეში და ფრთხილად სიარულისას, გზადაგზა პატარა აღმოჩენებს გააკეთებთ. სილამაზეებს შეაგროვებთ, ისევე, როგორც მე ვაგროვე თითოეული ეს გამოსახულება ჩემი მოგონებებიდან, წიგნებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან, საინფორმაციო გამოშვებებიდან და სიზმრებიდან.
ქინაქინა იყოს ეს მოგზაურობა თქვენი ბევრჯერ დავიწყებული და ხანდახან გახსენებული წარსულისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც მხოლოდ კადრად გვახსოვს, დამწვარი დღიურებისთვის, წაგებული ომებისთვის, არ განცდილი ბედნიერებებისთვის, და იყოს ეს დღესასწაული გახსენების უნარისთვის, ხელახლა, მრავალჯერ დაბადებისთვის და დამწვარი ფრთებით კილომეტრების ფრენისთვის.“
გამოფენა 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.