fbpx

ოქროს საწმისის ძიებაში – ტური სამეგრელოში დათო ტურაშვილთან ერთად


გააზიარე სტატია

ფოტო: ნატა სოფრომაძე / მწერალთა სახლი

 

27-29 მაისს თიბისი კონცეპტი მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად სამეგრელოს ტურზე გეპატიჟებათ. სამდღიანი ტურის ფარგლებში, თქვენ აღმოაჩენთ სამეგრელოს რეგიონს, მის ისტორიასა და მემკვიდრეობას, დაათვალიერებთ ისეთ ადგილებს, როგორიც არის დადიანების სასახლე და მიურატების საზაფხულო რეზიდენცია, მარტვილის კანიონი და ჩიქოვანების მეათე საუკუნეში აშენებული მონასტერი,, ნოქალაქევის მუზეუმის ტერიტორია და დედა მოკას ხეობა, მდინარე ტეხურაზე. ასევე, დააგემოვნებთ მეგრული სამზარეულოს უგემრიელეს და გამორჩეულ კერძებს, ასევე სალხინოს ვენახებში მოყვანილი ოჯალეშის სახასიათო ღვინოს.

ვისაც სამეგრელო აინტერესებს, ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ღომის ღომი” – ამბობს ტურის გიდი, დათო ტურაშვილი, რომელსაც მოთხრობაც კი აქვს დაწერილი ღომსა და მშვიდობაზე. ღომი, როგორც მარცვლეული კულტურა საქართველოში უფრო დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, ვიდრე სიმინდი, რომელიც მსოფლიოში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გავრცელდა ფართოდ. დღეს ღომი გაიშვიათებული კულტურაა და ღომის ღომის დაგემოვნებაც უფრო და უფრო ცოტა ადგილებშია შესაძლებელი.

54 ბერძენი მოგვადგა სამეგრელოს წინაპარ კოლხეთში და მედეასთან ერთად წაიღეს ოქროს საწმისი. სინამდვილეში ოქროს საწმისი არის ცოდნა, რომელიც მათ არ ჰქონდათ. მე მგონია სამეგრელოდან ყველას შეუძლია თავისი წილი ოქროს საწმისი წამოიღოს. ზოგისთვის რა აღმოჩნდება ეს, ზოგისთვის რა” – ამბობს დათო ტურაშვილი. მას ტურის წინ რამდენიმე კითხვა დავუსვით სამეგრელოში მოგზაურობის შესახებ.

სამეგრელოსთან დაკავშირებულ რა ამბებს მოისმენენ თქვენგან ტურის მონაწილეები?

საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, როცა სხვებთან ერთად ვმოგზაურობ, ყოველთვის ვცდილობ მათ იმის შესახებ მოვუთხრო, რაც სავარაუდოდ არ იციან, რადგან საკმაოდ ბევრი დავიწყებული ამბავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და გარდა ამისა, ხშირად წარსულის იდეალიზაცია ხდებოდა (განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში) და მე კი ისტორია ისეთი მიყვარს, როგორიც იყო. ივანე ჯავახიშვილის მთავარი რჩევაც ეს გახლდათ – ვიცოდეთ და ვისწავლოთ წარსული ისე, როგორც სინამდვილეში იყო და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო ან ისეთი, როგორიც ჩვენ მოგწონს. ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი კი ისეთია, რომ ტრაგიკული ან ღიმილისმომგვრელის გარდა, მაინც ძალიან ბევრი საამაყო და სასახელო ფურცელი გვაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია რომელიმე კუთხის გაცნობისას კარგი მეგზური მოგზაურობის თავგადასავლად ქცევისთვის?

კარგი მეგზური ყოველთვის და ყველგან კარგი და სასურველია და თავგადასავლების მოყვარულებს, ალბათ კიდევ უფრო ესაჭიროებათ ასეთი ადამიანი, თუ ასეთი განზრახვა აქვთ და რადგან ყველაზე კარგი მეგზური, ადამიანისთვის მაინც წიგნია, როცა სხვებთან ერთად ვმოგზაურობ ხოლმე რომელიმე ტურის დროს, ვცდილობ მათთვის ის წიგნი ვიყო, რომელიც ჯერ არ წაუკითხავთ და ამიტომაც ჯერ არ მიურიათ მთავარი მიწიერი სიამოვნება.

რა გხიბლავთ პირადად თქვენ სამეგრელოში ყველაზე მეტად? 

სამეგრელოში ყველაზე მეტად მხიბლავს ძველი კოლხეთის (როგორც უძველესი ცივილიზაციის) აღმოჩენა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ყოფით დეტალებში, როცა მეგრელები იმ კულტურას ამჟღავნებენ ხოლმე, რის გამოც სხვები, ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ მოგვადგნენ და ადამიანებში (გენეტიკური მეხსიერების წყალობით), ახლაც ცოცხალია სამეგრელოს მრავალსაუკუნოვანი მისტიკა.

თუ არის ისეთი ადგილები სამეგრელოში, რომელიც ტურში არ შედის, მაგრამ მისი ნახვის რეკომენდაციას მისცემდით ჩვენს მკითხველს?

ჩემი რეკომენდაცია არის იმ ნებისმიერი მეგრული ოჯახის მონახულება, სადაც თანაბარი რაოდენობით არის შემორჩენილი კაცებისა და ქალების უნაგირები და ყველას ვთხოვდი დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ცხენებზე ამხედრებული ჩვენი წინაპრების ეს მაგალითი თანასწორობის ისტორიის აღსადგენად.

ტურის მონაწილეები განთავდებიან სასტუმრო ლეთოში – სამეგრელოში მოგზაურობის მსურველებს ტურზე რეგისტრაცია კონცეტპ ასისტენტებთან შეგიძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.