fbpx

ლუის ბურჟუას შემოქმედების რეტროსპექტივა


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია ცინცაძე

ლუის ბურჟუა მე-20 საუკუნის გამოჩენილი ფრანგ-ამერიკელი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც მრავალ სხვადასხვა მედიუმს მოიცავს. ხელოვანი ყველაზე მეტად ცნობილი  გახდა არაქნიდების მსგავსი მასიური ქანდაკებებით, სერიით Maman, რომლებიც მან დედის ხსოვნას მიუძღვნა. ბურჟუას ღრმა შინაარსის მქონე ნამუშევრები ინსპირაციას ბავშვობის მოგონებებიდან და ასევე, სექსუალობის, ტკივილის და შიშების ფსიქოლოგიური ანალიზიდან იღებს. „ერთადერთი წვდომა, რაც ჩვენს ვულკანურ არაცნობიერთან და ჩვენი ქმედებებისა თუ რეაქციების ღრმა მოტივებთან გვაქვს, კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრების შოკია“, – წერდა თავის დღიურში 1980 წელს.

ბურჟუა თავდაპირველად სორბონის უნივერსიტეტში მათემატიკას ეუფლებოდა, სანამ თავის ცხოვრებას სხვა გზისკენ მიმართავდა და სახელოვნებო სკოლაში ჩაირიცხებოდა. ის ფერნანდ ლეჟეს ხელმძღვანელობით სწავლობდა École des Beaux-Arts-ში, შემდეგ კი ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში გააგრძელა სწავლა, როდესაც 1938 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. საერთაშორისო აღიარება მხოლოდ კარიერის ბოლოს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც მისი რეტროსპექტიული დებიუტი შედგა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1982 წელს. ბურჟუა ნიუ-იორკში 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღესდღეობით მისი ნამუშევრები შემონახულია ჩიკაგოს არტ ინსტიტუტში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში, ტეიტ-ლონდონში,  ბაზელის ხელოვნების მუზეუმში და ბევრ სხვა მსოფლიოს წამყვან გალერეებსა თუ მუზეუმებში. 

ლუის ბურჟუას შემოქმედება განსაკუთრებული ძალისა და იდუმალების მატარებელია. მისი ნამუშევრები შთაგონებულია პირადი გამოცდილებებით, რომლებიც წარმოშობს რეაქციას როგორც სხეულებრივ, ასევე წარმოსახვით დონეებზე, ისინი აღვივებს მანამდე არაღიარებულ გრძნობებს ან აიძულებს სრულიად უცნობი ემოციური რელიეფების აღმოჩენას, აღვიძებს წარმოსახვას ახალი  სამყაროებისკენ და ამავდროულად, წარსული გამოცდილებების ხელახლა გაცნობიერებისკენაც მოუწოდებს. ობიექტიდან Fragile Goddess, რომელიც ფიზიკური იდენტიფიკაციის ინტენსიურ გამოცდილებას ქმნის ხელოვნურ გარემომდე, confrontation, რომელიც ურთიერთობების, სოციალური ვალდებულებების თუ ჯგუფების მითურ განზომილებას იკვლევს, ბურჟუას შექმნილი ფორმები და მათი შინაარსი ამყარებს პირდაპირ და ძლიერ კომუნიკაციას.

ბურჟუას შემოქმედება ყველაზე მეტად გასაგები ხდება მაშინ, როდესაც განვიხილავთ მას, როგორც ერთადერთს და უნიკალურს. აქ ვლინდება მისი განსაკუთრებული თვისებები და არსი. ეს მიდგომა არ ჯდება თანამედროვე ხელოვნების ისტორიით დადგენილ ინტელექტუალურ ჩარჩოებში, რომლებიც განიხილავს ცალკეული ხელოვანის შემოქმედებას, როგორც სტილის განვითარების ლოგიკურ პროგრესს. ბურჟუას შემოქმედების სრულიად დამოუკიდებელი პროცესი და მრავალფეროვნება მთლიანად ზღუდავს ტრადიციული მიდგომის ეფექტურობას.

ლუის ბურჟუამ თითქმის მთელი ერთი საუკუნე იცოცხლა, თუმცა წარმატება მხოლოდ ცხოვრების ბოლო ათწლეულში მოიპოვა. გამორჩეული ხელწერის უქონლობამ, ადრეულ ფორმებთან მუდმივმა გამეორებებმა, “ready-made”-ების და თვითშექმნილი ნამუშევრების კომბინაციებმა განაპირობა ის, რომ მისი შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში პრობლემატური იყო. როგორ შეიძლება შევაფასოთ ხელოვნება აშკარა ფსიქოლოგიური, სოციალური და ინტენსიური სექსუალური განცდებით,  როცა ის მუდმივად ცვალებადია? – ბურჟუას შემოქმედებაში არ არსებობს ერთი ავთენტური ენა. ის არც დუჩამპისეული ეგოთი მომართული კონცეპტუალისტია და არც იდი-დომინირებული პოლოკისეული ექსპრესიონისტი. თუმცა, როგორც ჩანს, ბურჟუა ადრევე მივიდა იმის გაცნობიერებამდე, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა ენა და არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება და რომ ინდივიდუალური სიმართლე არ განისაზღვრება ერთი ნამუშევრით ან მისი ავტორის მენტალური მდგომარეობით.

მისი შემოქმედებითი პროცესი მოიცავს სხვადასხვა კონფლიქტური ელემენტებისა და გრძნობების შერწყმას ინდივიდუალურ შემადგენელ, აღმოჩენილ თუ შექმნილ ნაწილებში, რათა შეიქმნას ის, რაც თითქოს სცილდება შექმნის წინაპირობებს და მათი ავტორის ფსიქიკას. ბურჟუას აზრით, მისი ხელოვნების ძირითადი მოტივები მდგომარეობს გადაუჭრელ ფსიქოლოგიურ კონფლიქტებში, რომლებიც ბავშვობისას წარმოიქმნა. ეს მოტივები, პირველ რიგში, მომდინარეობს პოლარობიდან, რომლის ერთ მხარეს მზრუნველი, გონიერი და თბილი დედა იყო, ხოლო მეორე მხარეს ძლიერი, არასტაბილური და შფოთვის გამომწვევი მამა. ურთიერთობების ამ სქემაში ბურჟუასთვის შთაგონების წყარო უფრო ხშირად შფოთვა, ტკივილი თუ რისხვა გახდა, ვიდრე ჰარმონია და ბალანსი. ლუის ბურჟუას ნამუშევრები ძლიერ პირადულია, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, და მაინც ისინი საუბრობენ არსებობის დიდ საიდუმლოზე და ტრანსპერსონალურ ნარატივებზე. 

ხშირად მისი ნამუშევრები სენტიმენტალური შინაარსისაა.  ეს არის ერა, როდესაც სენტიმენტები არაავთენტურად მიიჩნეოდა. თუმცა, ეს მოსაზრება ხშირად უკავშირდება  სხეულებრივი ელემენტების ინტენსიურად გამოყენებას. მარტივი მნიშვნელობები თუ პოლიტიკური განცხადებები ვერ განმარტავს მის კვლევებს სექსუალური ურთიერთობებისა და ზოგადად, ქალის სექსუალობის შესახებ. კრიტიკოსებისთვის და განსაკუთრებულად კაცებისთვის, ბურჟუას შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ პრობლემატური იყო, მისი ღია სექსუალობა და ნამუშევრებში გამოხატული მძაფრი გრძნობები – ღალატი, შურისძიება, დამცირება, რეპრესიები კი – გაუგებარი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფემინისტმა კრიტიკოსებმა მისი შემოქმედება აიტაცეს, ბურჟუას ხელოვნება საბოლოო ჯამში მათთვისაც გაუგებარი იყო, რადგანაც მისი მარტივად კლასიფიცირება თითქმის შეუძლებელი ჩანდა. Ლუის ბურჟუა არ ცდილობს ინდივიდუალური, პირადი სიმართლის გამოხატვას, არამედ მიზნად ისახავს შექმნას გზა, მინიშნება, რომელიც ადამიანური არსებობის საიდუმლოების გაცნობიერებამდე მიდის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.