fbpx

კანი 2022 – საქართველო, უკრაინა და რუსეთი კანის კინოფესტივალზე


გააზიარე სტატია

Moët & Chandon წარმოგიდგენთ კანის ფესტივალის დღიურებს.

 

 

ავტორი: ბექა მაისურაძე

 

კანის 75-ე კინოფესტივალი რუსების გარეშე ტარდება, რაც ერთნაირად მოგვწონს უკრაინელებს, ქართველებს და დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა ქვეყანას, რომლისთვისაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი თუ წინა წლებში ამ ქვეყნის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული მიუღებელია. 

ის, რომ ფესტივალი წელს რუსებს არ მიიღებდა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გახდა ცნობილი. კანის ორგანიზატორებმა ერთსულოვნად დაგმეს რუსი ფაშისტების დანაშაული და აკრედიტაციების გარდა, რუსეთს წელს პავილიონიც გაუუქმეს. 

მიუხედავად ასეთი უარყოფისა, საქართველოდან წასული თითოეული ადამიანი, რომელიც წელს კანის კინოფესტივალს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის აშუქებს, შევთანხმდით, რომ უკრაინა მუდმივად იქნებოდა ჩვენი პროტესტის მთავარი თემა – ვატარებდით უკრაინის დროშის პინებს, ჩავიცვამდით მაისურებს უკრაინის დროშის ფერებში და მუდმივად გვექნებოდა უკრაინის დიდი დროშა. 

 

დროშა ფესტივალის გახსნის დღესვე დაგვჭირდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად (თუმცა, ყველას იმედი გვქონდა, რომ ასეც მოხდებოდა) წამყვანმა ვირჯინია ეფირამ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გამოგვიცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩაგვერთვებოდა პირდაპირ ეთერში. 

 

მართალია, კანის კინოფესტივალი გლამურის დიდი მოყვარულია, თუმცა წითელ ხალიჩაზე თუ პრესკონფერენციაზე მუდმივად უნდა შევახსენოთ ყველას, რომ პუტინი მკვლელია. 

ქართველების გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართ სოლიდარობას სხვა ქვეყნებიც გამოხატავენ და ყველა სხვადასხვა ფორმით. 

უკრაინის თემა ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, კირილ სერებრენიკოვის ფილმის – “ჩაიკოვსკის ცოლი” პრესკონფერენციაზე გახდა. კირილი ერთადერთი რუსია, რომელსაც ფესტივალმა კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცა, თუმცა ეს მაშინვე განხილვის მთავარ თემად იქცა – ყველა საუბრობდა იმაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რუსი რეჟისორის ფილმი კანში. 

ფილმის ჩვენების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა რეჟისორს არცერთი კითხვა კინოსურათის შესახებ არ დაუსვეს და მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გახდა. 

პუტინის ყოფილმა პოლიტპატიმარმა, კირილ სერებრენიკოვმა, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა გამალებით ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ რუსები, მათ შორის რუსი ჯარისკაცებიც, რომლებიც ახლა, ამ წამსაც კლავენ, აუპატიურებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას, პუტინის რეჟიმის ისეთივე მსხვერპლნი არიან, როგორც ნებისმიერი უკრაინელი. 

ფსევდოჰუმანიზმით გაჯერებულ პრესკონფერენციაზე, სადაც რუსი რეჟისორი აქტიურად ცდილობდა, არათუ ორი რუსეთის მითის გამყარებას, არამედ რუსი ჯარისკაცების მსხვერპლად გამოყვანას, სერებრენიკოვმა თქვა: “რომ არა უკრაინის ომი, ყველანი მშვენივრად ვიცხოვრებდით”.  ალბათ რეჟისორს დაავიწყდა, რომ პუტინის რეჟიმმა და პუტინამდე რეჟიმმა არაერთ სხვა ქვეყანაში დაღვარა სისხლი, აწამა, მოკლა და სახლებიდან გამოყარა მილიონობით ადამიანი, მოაწყო გენოციდი. თუმცა, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სერებრენიკოვს ეს ფაქტებიც შეახსენეს. 

“დიქტატორები აუცილებლად დამარცხდებიან”, – გვითხრა ზელენსკიმ ფესტივალის გახსნის დღეს და ჩვენც გვჯერა, იმიტომ რომ ახლა არცერთ ჩვენგანს არ სჯერა არავისი იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.