fbpx

საფეხბურთო მელოდრამა მანჩესტერულად


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბების აღწერა ევროპის ლიგის ფინალური მატჩით უნდა დავიწყოთ, რომელშიც ერთმანეთს გერმანული და შოტლანდიური კლუბები – „აინტრახტი“ და“გლაზგო რეინჯერსი“ დაუპირისპირდნენ.

ის ურთულესი გზა, რომელიც კლუბებმა ფინალამდე განვლეს, უშუალოდ აისახა ფინალურ პაექრობაზე, რომელიც სანახაობრივი თვალსაზრისით მაყურებლებს მაინცდამაინც ვერ დააკმაყოფილებდა.

ფინალური მატჩები განსაკუთრებული ნერვიული დაძაბულობით ხასიათდება და ახალი აქ არაფერია, მაგრამ, თუკი „რეალის“, „ლივერპულის“, „ბაიერნის“ კატეგორიის გუნდები, რომლებიც დაჩვეულნი არიან ფინალში თამაშს და ზოგჯერ თავს გარკვეული რისკის  და გნებავთ, გალაღების უფლებასაც კი აძლევენ ხოლმე, „რეინჯერსის“ და „აინტრახტის“ ფეხბურთელებს ამისი ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონიათ, იმდენად დიდი იყო შიში ერთადერთი შეცდომისა…

სწორედ ასეთი შეცდომა დაუშვეს მოედნის ცენტრში „აინტრახტის“ ფეხბურთელებმა, როდესაც შეხვედრის 57-ე წუთზე შოტლანდიელთა ცენტრფორვარდი ხოსე არიბო მეკარე ტრაპთან პირისპირ აღმოჩნდა და თანაგუნდელები დააწინაურა.

„გლაზგო რეინჯერსს“ იქამდე მეტოქის კართან საგოლე მომენტი შექმნილი არც ჰქონია, მაგრამ ასეთმა საჩუქარმა შექმნა წინაპირობა იმისა, რომ „დორტმუნდის“ და „ლაიპციგის“ შემდეგ, შოტლანდიის ჩემპიონს მიმდინარე ტურნირზე  მესამე გერმანული კლუბი დაემარცხებინა და 50-წლიანი შესვენების მერე  ევროთასი კვლავ დაესაკუთრებინა.   

მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ „აინტრახტის“ ფეხბურთელები, რომლებმაც საკუთარ კარში გაშვებულ გოლამდე ცოტა ხნით ადრე, სულ რაღაც ორიოდე წუთის განმავლობაში სამჯერ შეუტიეს სახიფათოდ მოწინააღმდეგეს.

ვერ ვიტყვით, რომ თამაშმა გოლის შემდეგ ხასიათი შეიცვალა, რადგან „აინტრახტმა“ ინიციატივა მეორე ტაიმის პირველი წუთებიდანვე იგდო ხელთ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აწი გერმანული კლუბი, რომელშიც წარმოშობით გერმანელი მხოლოდ გოლკიპერია, უკვე ვალდებული გახდა წონასწორობა აღედგინა.

ამისთვის „ბარსელონას“ და „ვესტ ჰემის“ მძლეველ კლუბს ათიოდე წუთი დასჭირდა. არგენტინის ჩემპიონატში „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში გავარსკვლავებულმა  კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ სანტოს ბორემ მატჩის 68-ე წუთზე კოსტიჩის გადაცემა მეტოქის მცველთა გარემოცვაში ბურთთან ერთი შეხებით აქცია საპასუხო გოლად.

1:1-ის შემდეგ თამაში კვლავ მშვიდ კალაპოტს დაუბრუნდა და გუნდები თითქოს დამატებითი დროის სათამაშოდ უკვე 70-ე წუთისთვის გაემზადნენ. 

შემდეგ კი მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე. „გლაზგო რეინჯერსის“ ფეხბურთელებს ალბათ გული უგრძნობდათ, რომ პენალტების სერიაში შეიძლებოდა დამარცხებულიყვნენ და ამიტომ დამატებითი დროის მიწურულს შეტევაზე წავიდნენ და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს მეტოქის კართან. 

მაგრამ თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხს ისინი საბოლოოდ მაინც ვერ ასცდნენ და საკუთარი ქომაგების დამწუხრებასთან ერთად უზომოდ გაახარეს როგორც „აინტრახტის“, ისე საკუთარ სამშობლოში „სელტიკის“ გულშემატკივრები, რომლებიც „გლაზგო რეინჯერსის“ მიერ ევროპის ლიგის მოგებას  „გაგებით“ ნამდვილად ვერ მოეკიდებოდნენ…

ევროპის ლიგის ფინალის ანალოგიური სცენარით განვითარდა გერმანიის თასის ფინალიც, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ „ლაიპციგის“ და „ფრაიბურგის“ დაპირისპირება გაცილებით აგრესიული და უხეში გამოდგა.

არბიტრმა ფეხბურთელებს ჯამში რვა ყვითელი ბარათი უჩვენა. თანაც აღსანიშნავია, რომ „ფრაიბურგმა“ წონასწორობა ათი კაცის შემადგენლობით აღადგინა, ხოლო მატჩი კი ცხრა ფეხბურთელით დაასრულა.

თერთმეტმეტრიანების სერიისთვის „ლაიპციგის“ ფეხბურთელები უკეთ აღმოჩნდნენ მომზადებულნი, რომელთაც გერმანიის თასის სახით თავიანთი პირველი ისტორიული ტიტული მოიპოვეს. 

ბოლო ტურამდე არ ყოფილა გარკვეული ინგლისის პრემიერლიგის და იტალიის სერია A-ს ჩემპიონთა ვინაობა.

„მანჩესტერ სიტის“ ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდა „ლივერპულთან“ და გადამწყვეტი მნიშვნელობა პეპ გვარდიოლას გუნდის „ასტონ ვილასთან“ დაპირისპირებას ენიჭებოდა. 

თუკი „მანჩესტერ სიტი“ გაიმარჯვებდა, „ლივერპულს“ მოუწევდა მეორე ადგილით დაკმაყოფილება, რასაც გუნდი უკვე „ტოტენჰემთან“ ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ იყო შეგუებული. 

გარდა ამისა, ინგლისის პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხეადგილოსანი და „უოტფორდთან“ და „ნორვიჩთან“ ერთად ჩემპიონშიპში გავარდნილი მესამე გუნდის ვინაობაც უნდა გარკვეულიყო. 

პრემიერლიგის ბოლო ტურის საჩემპიონო რბოლას თავისუფლად შეგვიძლია საფეხბურთო მელოდრამა ვუწოდოთ, რადგან „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრის 75-ე წუთისთვის სტუმრები  2:0-ს იგებდნენ და თითქოს ტიტულის „ლივერპულისთვის“ სენსაციურ გადაბარებასაც თანდათანობით უახლოვდებოდნენ. 

მაგრამ მდგომარეობა მყისიერად შეიცვალა, როდესაც მატჩის 76-ე წუთიდან მოყოლებული, სულ რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში მასპინძლებმა მეტოქის კარი ზედიზედ სამჯერ დალაშქრეს და საგრძნობლად მოქანცულ  „ასტონ ვილას“ ფეხბურთელებს კონტრთამაშის აწყობის ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპეს.

მნიშვნელოვანი როლი „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებაში  შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა – გიუნდოგანმა და სტერლინგმა ითამაშეს. გიუნდოგანმა დუბლი შეასრულა და პირველი ბურთი მან სწორედ სტერლინგის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

ჩინებული მატჩი გამოუვიდათ დე ბრიუინეს, ზინჩენკოს და როდრისაც. მეორე ბურთი მათი დიდებული ფანტაზიის ნაყოფი იყო.

„ლივერპულს“ თავის მხრივ საკმაოდ გაუჭირდა „ვულვერჰემპტონთან“ მატჩის მოგება, სადაც დაწინაურება მაშინ მოახერხა, როდესაც „მანჩესტერ სიტი“ უკვე 3:2-ს იგებდა. 

ასე რომ, მერსისაიდელთა მხრიდან სალაჰის და რობერტსონის გოლები მხოლოდ სტატისტიკას ემსახურებოდა და სატურნირო თვალსაზრისით ისინი ვეღარაფერს შეცვლიდნენ.

ამგვარად, „მანჩესტერ სიტიმ“ უკანასკნელ  ხუთ სეზონში პრემიერლიგის ტიტული მეოთხეჯერ მოიგო. სულ კი მანჩესტერულ კლუბი ინგლისის რვაგზის ჩემპიონია.

„მანჩესტერ სიტისთან“ შედარებით გაცილებით მარტივად მოაგვარა ჩემპიონობის საკითხი „მილანმა“, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 3:0-ს ამარცხებდა „სასუოლოს“, რაც აზრს უკარგავდა „ინტერის“ და „სამპდორიას“ პარალელურად მიმდინარე შეხვედრას.

„მილანმა“ „სკუდეტო“ 2011 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა და ამჟამად სახელოვანი კლუბი იტალიის სერია A-ს უკვე 19-გზის გამარჯვებულია.

აი „რეალმა“ კი, რომელსაც ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტიტული უკვე დიდი ხნის მოპოვებული ჰქონდა , „ბეტისთან“ ბოლო ტურის მატჩში საკუთარ თავს გალაღების უფლება მისცა და ამხანაგური ყაიდის დაპირისპირებაში ფრეს – 0:0-ს დასჯერდა.

სტაჟიან მაყურებელს შეიძლება გახსენებოდა საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრა, რომელშიც თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოს“ მასპინძლობდა.

დინამოელებს, რომელთაც მადრიდელთა მსგავსად, უკვე განაღდებული ჰქონდათ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, თავი მაინცდამაინც არ მოუკლავთ და შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა. 

დასამახსოვრებელი იმ მატჩში ვლადიმერ გუცაევის მიერ პირითა ხაზიდან გატანილი საოცარი სირთულის ბურთი იყო, რომელიც სამწუხაროდ არქივებიდან გამქრალია ან კიდევ საგულდაგულოდაა დამალული…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.