fbpx

გაზაფხულის ბოლო დღეების აფიშა – რისი ნახვა შეიძლება 26-31 მაისს


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

წლევანდელი გაზაფხული არაპროგნოზირებადი ამინდებით დასასრულს უახლოვდება და იმედს გვიტოვებს, რომ ზაფხულის დღეები გაცილებით მშვიდი, თბილი და საინტერესო იქნება. თუმცა, მანამდე, სანამ კიდევ ერთი გაზაფხული მიილეოდეს, შეგვიძლია ბოლო დღეები საინტერესოდ გავატაროთ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებაზე დასწრებით. 

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ გაზაფხულის ბოლო დღეების სახელოვნებო აფიშას.

 

როცა დედამიწა მსუბუქია – კინო მზიურში

26 მაისს, 21:00 საათზე კაფე “მზიურის” კინოთეატრში 2015 წლის დოკუმენტური ქართული ფილმის, “როცა დედამიწა მსუბუქია” ჩვენება გაიმართება. 

ფილმს სამი რეჟისორი ჰყავს –  სალომე მაჩაიძე, დავით მესხი და თამუნა ქარუმიძე. ფილმის შესახებ: 

“სიუჟეტი რამდენიმე ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ქართული კონტრკულტურის ცხოვრებაში შევყავართ. მთავარი პერსონაჟები “სკეიტერები” არიან. მაყურებელი მათთან ერთად ნაცნობ სივრცეში მოგზაურობს, თუმცა შეცვლილი ხედვის კუთხით. “ანდერგრაუნდიდან” ჭვრეტა სამყაროს აღქმას ერთდროულად ამსუბუქებს და ამძიმებს, რადგან არსებული რეალობისა თუ საქართველოს უახლესი წარსულის დაკვირვებისა და გაანალიზების საშუალებას იძლევა. ფილმი ახალგაზრდების გაუცხოებაზეა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც დრო და მოძრაობა თითქოს გაყინულია. შემთხვევითი არაა, რომ ეს ახალგაზრდები ამ სივრცეში არსებობისა თუ გადარჩენისთვის “სკეიტებს” ირჩევენ.”

Dakhabrakha: A Live for Life 

27 მაისს MONO HALL მსოფლიოში განთქმული უკრაინული კვარტეტის, DakhaBrakha-ს საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლებს. 

კონცერტი საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონის, A Live for LIfe-ის ფარგლებში გაიმართება. A Live for LIfe 2022 წლის მარტის დასაწყისში H2D-ს, უკრაინის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თუ დასავლური პარტნიორების კოლაბორაციით შეიქმნა და უკრაინელი ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად.

DakhaBrakha ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინული პროექტია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ფესტივალისა და საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარია. 

ჯგუფი 2004 წელს კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შეიქმნა თეატრის რეჟისორის, ვლადისლავ ტროიცკის მიერ. თეატრმა დიდი კვალი დატოვა ჯგუფზე – მათი არცერთი ლაივი არ ჩატარებულა სპეციალური თეატრალური ეფექტების გარეშე. უკრაინულ ფოლკლორის და თანამედროვე რიტმების კომბინაციით მათ შექმნეს ნათელი, უნიკალური და დაუვიწყარი მუსიკალური სახე, რომელიც მათ ენაზე “არტისტულ და კულტურულ განთავისუფლებასთან” ასოცირდება.

 

WAR Diaries_ Gallery week

ომის დღიურები მულტიმედია პროექტია, რომელიც აერთიანებს არტისტებს, მუსიკოსებს, მსახიობებს და მწერლებს, რათა გააჟღერონ ხმა უკრაინიდან. თბილისში პროგრამა მოიცავს გალერეის კვირეულს და ლაივ სტრიმს მუტანტ რადიოდან ქართველი და უკრაინელი მუსიკოსების მონაწილეობით. 

პროექტში 10-ზე მეტი გალერეა და სახელოვნებო ინსტიტუციაა ჩართული, მათ შორის – ARTBEAT, 4710, E.A. Shared space and Danarti magazine, WINDOW PROJECT, PROPAGANDA NETWORK, POSTA DA KONA & LC-QUEISSER, THE WHY NOT gallery, Patara Gallery, JIBU /TASO and Life N Style. სწორედ ამ გალერეებში გამოიფინება  უკრაინელი ხელოვანების ნამუშევრები და ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა როგორც თანამედროვე უკრაინული ხელოვნების გაცნობის, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მათ დასახმარებლად დონაციის გაღების.   

მედეა S01E06

27 და 28 მაისს სამეფო უბნის თეატრში, 20:00 საათზე სპექტაკლი “მედეა S01E06” გაიმართება. პიესის ავტორი და რეჟისორი პაატა ციკოლიაა. მისი ახალი ვერსია მედეას მითის მოულოდნელ და ახლებურ გააზრებას გვთავაზობს.

ამ სპექტაკლში მედეა არ არის შეყვარებული ქალი, რომელიც ვნებით დაბრმავებული ეხმარება იასონს და ბერძნებს. მედეა მამასთან და ძმასთან დაპირისპირებული კოლხეთის ტახტის მემკვიდრეა, რომელსაც ოჯახის და კოლხეთის სამეფოს მიმართ ანგარიშსწორების მოტივი ამოძრავებს. 

 

აღდგენილი ქართული ფილმების ჩვენება ეროვნული არქივის კინოდარბაზში

27 მაისიდან ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან ერთად წარმოგიდგენთ რეტროსპექტივას “60-იანი წლების ქართული კინო”. აღსანიშნავია, რომ ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.  კინოჩვენებები ჩატარდება ეროვნული არქივის კინოდარბაზში 19:00 საათზე და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება. 

27 მაისს რეტროსპექტივას თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმი “მაგდანას ლურჯა” გახსნის.  ფილმმა 1956 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში აიღო პრიზი. 

ფილმის აღწერა: ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და „ლურჯა“ შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული – ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.

28 მაისს ლანა ღოღობერიძის ფილმის “ფერისცვალების” აღდგენილი ვერსიის ნახვის შესაძლებლობა გვექნება. ფილმის ჩვენებამდე, 18:00 საათზე, კინომცოდნე ნინო მხეიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “სამოციანელების ქართული კინო”. 

ფილმის აღწერა: რეჟისორი გივი და მისი მეგობრები მკვლელობის უნებლიე მოწმენი გახდებიან. ბუნებით გულისხმიერი გივი კრიტიკულ სიტუაციაში სხვისი უბედურების მიმართ სრულიად გულგრილი აღმოჩნდება და ახალგაზრდის გადასარჩენად არაფერს იღონებს. სინდისი ქენჯნის, ვეღარ აგრძელებს მუშაობას სპექტაკლზე, რომელიც ადამიანის გულგრილობისა და ეგოიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. თვლის, რომ უფლება დაკარგა საზოგადოებას პიესაში წარმოდგენილი  მაღალი მორალის ენით ესაუბროს.

29 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას მიერ 1963 წელს გადაღებული ფილმის “თეთრი ქარავანის” ჩვენება.   

ფილმის აღწერა: გამოცდილი მწყემსი მარტია ახლოური სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.

 დავით ალადაშვილი & კლაუდიო ვანდელი

კონსერვატორიის დიდ დარბაზში 28 მაისს, 19:00 საათზე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება. სოლისტი დავით ალადაშვილია, დირიჟორი კი  კლაუდიო ვანდელი. პროგრამაშია ბეთჰოვენის სიმფონია #5, დო-მინორი, თხზულება 67 და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა-მინორი, თხზულება 16.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.