AT.ge – 5 საუკეთესო ფილმი თავისუფლების შესახებ
ავტორი: ანო კლდიაშვილი
თავისუფლება, რომელიც საკუთარ თავში იძულების არარსებობასა და თვითგანსაზღვრის შესაძლებლობას გულისხმობს, ხელოვანთა შთაგონების წყარო და როგორც ინდივიდის, ასევე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების ფუნდამენტია.
26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სწორედ იმის გამოა, რომ 1918 წლის ამ დღეს ქვეყანამ რუსეთის იმპერიას დააღწია თავი და თავისუფლება მოიპოვა – საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სამ წელში ტრაგიკულად შეიცვალა და საბჭოთა მმართველობისაგან საქართველო საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, დამოუკიდებლობის ეროვნული დღესასწაული სიმბოლურად მაინც 26 მაისს აღინიშნება.
საქართველოს ბანკმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მოამზადა რომლის მთავარი მესიჯია “თავისუფლების გზაზე არ გაჩერდე”
AT.ge კი სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი ადამიანების მიერ შერჩეულ 5 ფილმს, რომლებიც, მათი აზრით, თავისუფლების, როგორც იდეის და მისი უდიდესი მნიშვნელობის წარმოჩენის საუკეთესო ვიზუალიზაციაა.
ნუცა-ალექსი მესხიშვილი – მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
როდესაც 1975 წელს იმდროინდელი კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან ამერიკაში გადასახლებულ მილოშ ფორმანს მაიკლ დუგლასმა, როგორც პროდიუსერმა, ეს პროექტი შესთავაზა, მილოშ ფორმანის დადებითი პასუხი ასე ჟღერდა: „თქვენთვის ეს ლიტერატურაა, ჩემთვის კი ეს ჩემი ცხოვრებაა. კომუნისტური პარტია იყო ჩემი მედდა რეთჩიდი!“. რომანი, რომელზეც ფილმია დაფუძნებული, ამერიკელი მწერლის დაწერილია, ის გადაღებულია ამერიკის რეალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შესანიშნავი ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით; ჩეხი რეჟისორისათვის კი ეს ფილმი მისი წარსულის, მისი სამშობლოს შესახებაა. მისთვის ეს ძალადობა, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და სისტემურ დონეზე ყველანაირი თავისუფლების გათელვა არის ჩეხოსლოვაკიის, საბჭოთა კავშირის და მთელი სოციალისტური ბლოკის იდეოლოგია.
2022 წლის 24 თებერვალს საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ საბჭოთა კავშირი არ დაშლილა. ტანკზე ამხედრებული მედდა რეთჩედი ახლა უკრაინაშია, ისე, როგორც 1968 წელს მილოშ ფორმანის სამშობლოში იყო და იქამდე საქართველოში. მედდა რეთჩედს დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშიც ძალიან მყარად აქვს ფესვები გადგმული და სხვადასხვა სახით გვევლინება უკვე 21-ე საუკუნეში. მილოშ ფორმანმა 1975 წელს თითქმის შეუძლებელი შეძლო: პატარა ამერიკულ საავადმყოფოში, კონკრეტული ადამიანების ისტორიით შექმნა ჰიმნი ყველა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ამავე დროს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ფილმი აღმოჩნდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს არის რეჟისორის ჯადოსნური ძალა. ეს ფილმია „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა.“
ბესო სოლომონაშვილი – რიჩარდ ატენბოროს „განდი“
ჩემთვის საუკეთესო ფილმი თავისუფლების შესახებ არის 1982 წელს ინგლისელი რეჟისორის, რიჩარდ ატენბოროს მიერ გადაღებული ეპიკური სურათი მაჰათმა განდიზე, რომელსაც საოცრად თამაშობს ბენ კინგსლი, იმდენად საოცრად, რომ მას სხვა როლში ვერაფრით აღვიქვამ. ასევე საოცარია შემოქმედებითი ჯგუფიც, მუსიკაც კი რავი შანკარს ეკუთვნის.
ასეთ ფილმებს ბევრად უფრო დიდი დანიშნულება აქვთ, ვიდრე უბრალოდ კინოხელოვნების ნიმუშებს, ეს ერთგვარი ფილმი-აქციაა ქვეყნის თავისუფლებაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის კოლონიზატორობიდან განთავისუფლებული ინდოეთის უმნიშვნელოვანესი ისტორიული პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. თუ სახელმწიფოს თავისუფლებაზეა საუბარი და მის განმათავისუფლებელ ლიდერზე, ჩემთვის განდის გზა არის ყველაზე მაღალზნეობრივი. ატენბოროს მიერ გადაღებული ფილმი მართლაც დიდი ტილოა მსგავსი კატეგორიის ფილმებისათვის.
ანანო ბაკურაძე – ჯონ ჰიუზის „ფერის ბიულერის დასვენების დღე“
თავისუფლება, როგორც ყველა დიდი იდეა მრავალგანზომილებიანია და, ვიტყოდი, ხშირად შეცდომაში შემყვანი. ამ იდეის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე მარტივი ფორმა კოლოკვიალური თავისუფლებაა, ის რითაც პრიმიტიული ლიტერატურა და ხელოვნება გვაჯერებს, რომ რეალური თავისუფლების მიღწევა ადვილია. ფერის ბიულერის თავგადასავალი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება უბრალო დაუმორჩილებლობა გეგონოს თავისუფლების გამოხატვის ხერხი, როგორ შეიძლება თავისუფლების დევნამ შეზღუდოს სხვისი თავისუფლება და რომ რეალურად თავისუფლება ძალიან პირადული და კომპლექსური განწყობაა, და არა მხოლოდ ავტორიტეტის წინააღმდეგ წასვლა.
უტა ბერია – რობერტო როსელინის „გენერალი დელა როვერე“
თავისუფლებაზე საუბარი ალბათ ტყვეობიდან უნდა დავიწყოთ. რობერტო როსელინის რეჟისურა და ვიტორიო დე სიკა მთავარ როლში. ფილმი თაღლითზე, რომელსაც ციხეში ყოფნის დროს გესტაპო რევოლუციონერად თავის გასაღებასა და მოკავშირეების გამჟღავნებას აიძულებს. ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ფილმის გმირი კოლაბორაციონისტი ხდება, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი იტალიელებისთვის საამაყო და მისაბაძი გენერალი დელა როვერეს როლის მორგება მასში ღირსებას აღვიძებს და ის დგება არჩევანის წინაშე, გააგრძელოს უწინდებურად ცხოვრება თუ მოკვდეს როგორც გენერალი.
გუგა კოტეტიშვილი – მილოშ ფორმანის „თმა“
ჩემთვის ამ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევარია მილოშ ფორმანის „თმა“ – სიყვარულის გამო მეგობარი მეგობარს, რომელიც ვიეტნამის ომში მიჰყავთ, შემთხვევით გაუცვლის ადგილს და შევა ჯარში იმისათვის, რომ გაათავისუფლოს ის, თუმცა იქაურობას თავს ვერ აღწევს და ხვდება ვიეტნამში, სადაც საბოლოოდ იღუპება კიდეც. ვითარებას განსაკუთრებით ამძაფრებს ის, რომ ჯარში შემთხვევით მოხვედრილი მეგობარი ჰიპია, წინააღმდეგია ომისა და ძალადობის, ჰიპები ხომ თავისუფლების მოყვარული ხალხი იყო. ჩემი აზრით, ეს არის თავისუფლებაზე ერთ-ერთი საუკეთესო და ჩემი საყვარელი ფილმი, ბავშვობის კარგი მოგონება.
გურამ წიბახაშვილი – ლუის ბუნუელის „თავისუფლების ფანტომი“
ჩემთვის საუკეთესო ფილმი თავისუფლების შესახებ არის ლუის ბუნუელის „თავისუფლების ფანტომი“ – ფილმის სათაურშივე კარგად ჩანს ის, თუ რისი თქმა სურდა ავტორს. მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო ფილმი ნებისმიერ მაყურებელს დააფიქრებს თავისუფლებაზე. ფილმი შეკითხვებს სვამს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი თავისუფლების გააზრება და ჩემი აზრით, თავისუფლებაში ყველაზე რთული სწორედ გააზრებაა, გააზრება იმისა, თუ რა არის თავისუფლება. მივიჩნევ, რომ თავისუფლების გაგება გვიჭირს ადამიანებს ყველაზე მეტად და გვგონია, რომ თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ არაფერს არ გავუწიოთ ანგარიში. სინამდვილეში სულ პირიქით არის – მე მგონია, რომ თავისუფლებაა ის, როცა ყველაფერს უწევ ანგარიშს და სვამ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ ხარ. სწორედ ამ საკითხებზე აქცენტირების გამო არის ჩემთვის ეს ფილმი კინოხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ფილმში არის ერთ-ერთი სცენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ აბსურდულია: მასში ნათლადაა ასახულია ის, რომ რაღაც წესი მოვიგონეთ და ამ წესს გაუაზრებლად ვექვემდებარებით, სწორედ ამას უკავშირდება ბუნუელის შეკითხვაც: – რატომ ვიქცევით ასე? ერთხელ ვიღაცამ მოიგონა რაღაც, რომელსაც შენ ავტომატურ რეჟიმში ახორციელებ და აღარ ფიქრობ იმაზე, თუ რატომ იქცევი ასე, არც შენს თავს უსვამ შეკითხვებს და არც იმაზე გაქვს პასუხი, იმ ვიღაცამ რატომ მოიგონა ეს კონკრეტული რამ, რეჟისორს სწორედ ამ ფენომენის ამოხსნა აინტერესებს. მკითხველებს ვურჩევ, რომ ეს ფილმი აუცილებლად ნახონ, ზუსტად იმიტომ, რომ შემდეგ თავადაც დასვან შეკითხვები.