fbpx

როგორ შეცვალა ომმა უკრაინის თანამედროვე სახელოვნებო სცენა – ინტერვიუ თანამედროვე უკრაინელ არტისტებთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

თანამედროვე სამყაროში ხელოვნება პროტესტისა და წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. მას შეუძლია კონკრეტული გზავნილი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილამდე მიიტანოს, ადამიანები შთააგონოს და უკუკავშირი გამოიწვიოს.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ყველა სფერო და ინდუსტრია ამ ტრაგიკული მოვლენების გარშემო გაერთიანდა. ასეთ დროს კი უმნიშვნელოვანესი როლი კვლავაც სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებს დაეკისრათ. მსოფლიოს  ქალაქებში გავრცელებული გრაფიტ გამოსახულებები, ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი პორტრეტები, ანიმაციები და სხვადასხვა სახის ვიზუალური ნამუშევრები იმ ამბებს გვიყვება, რომლებიც გლობალური პოლიტიკური პროცესის მიღმაა და ომის ფონზე ადამიანურ ტრაგედიებს აღწერს. 

განსაკუთრებით საგულისხმოა თავად უკრაინაში მყოფი არტისტების დამოკიდებულება, რომლებიც ცდილობენ თავშესაფრებიდან და დაბომბილი ქალაქებიდან  მსოფლიოს ხმა მიაწვდინონ. მათთვის ბრძოლის იარაღი სწორედ საკუთარი შემოქმედებაა, რომელმაც ომის დროს განსხვავებული კონტექსტი შეიძინა.

დღეს At.ge რამდენიმე  თანამედროვე უკრაინელ ხელოვანს და კურატორს წარმოგიდგენთ და სპეციალურად ამ სტატიისათვის ჩაწერილი ინტერვიუების საშუალებით გაგაცნობთ. 

 

ალიონა ვორობიოვა – არტ მენეჯერი.  ხარკოვი 

ალიონა ვორობიოვა ხარკოველი  არტ კურატორია. მრავალი წლის განმავლობაში ის არაერთი  სახელოვნებო ღონისძიების ორგანიზებაში  მონაწილეობდა, შესაბამისად, მისთვის ახალი არტისტების აღმოჩენა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სახელოვნებო სცენის განვითარების ერთ-ერთი უპირველესი წინაპირობა არტისტების  ურთიერთკავშირი და ერთგვარი კომუნის შექმნაა, რაც კურატორებისა და არტ მენეჯერების ძირითადი მიზანიც არის. ომის დროს ხელოვანები, ისევე როგორც უკრაინის საზოგადოების ყველა წევრი, საერთო შიშსა და გაურკვევლობას განიცდიან და ეს ემოციები მათ გამაერთიანებელ ძალად იქცა. 

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკრაინელ არტისტებთან ძალიან ახლო  და ხშირი კონტაქტი მაქვს, შესაბამისად, ვიცი ის განწყობები და რეაქციები, რაც მათში ომმა აღძრა. ადამიანი ემოციური არსებაა და კონკრეტულ ფაქტზე ყველა სხვადასხვანაირად  რეაგირებს, ხელოვანების რეფლექსიაც მიმდინარე მოვლენებთან  დაკავშირებით განსხვავებულია. ზოგი მოქმედებას იწყებს, ახალ შესაძლებლობებს პოულობს, ზოგი კი უბრალოდ პარალიზებულ მდგომარეობაში რჩება. ჩვენ  შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა, ჩემთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ უამრავმა უკრაინელმა არტისტმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანმა,  კონტექსტის გათვალისწინებით რაღაცის შექმნა დაიწყო. ეს  ისტორიაში ომის მეხსიერების მნიშვნელოვან ნიმუშად  დარჩება, რადგანაც ხელოვნება ისტორიის მსგავსი რთული მონაკვეთების ერთ-ერთ მთავარი მოწმე და მონაწილეა. ომის დროს, როცა ყოველდღიურად ბომბები ცვივა, ადამიანები და კონკრეტულად ხელოვანები შორეული მომავლის გეგმებს არ სახავენ, უახლოესი  ამოცანებით გვიწევს ცხოვრება, რაც საინტერესოდ აისახება შემოქმედებაზე. ყველაფერი რაც ახლა ხდება, კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა –  ომის ერთგვარ დღიურად იქცა. ხელოვნებამაც    მიმდინარე  მოვლენებისგან  გამოწვეული დაუყოვნებელი  რეაქციის ფორმა მიიღო. არტისტებს   არ აქვთ დრო მომავალზე ფიქრის, მომენტით ვცხოვრობთ  და ვრეაგირებთ. ვფიქრობ, როცა ეს ომი დამთავრდება, უცაბედ, და საყოველთაო სიხარულს  ვიგრძნობთ, თუმცა შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  ყველას სიცარიელის შეგრძნება გვექნება, რადგან ეს პროცესი ახლა ადრენალინის მოზღვავებას იწვევს ჩვენში. ამის შემდეგ კი,  წარსულის მოგონებები გაძლიერდება და ჩემი აზრით, სახელოვნებო პროექტებიც სწორედ წარსულის მომენტებით იქნება შთაგონებული. მეტად გავიაზრებთ ტრავმებს, რომლებსაც ახლა ვერ ვაცნობიერებთ.” 

 

დანილო მოვჩანი – არტისტი. ლვოვი

დანილო მოვჩანი თანამედროვე  არტისტია, რომლის ფერწერული ტილოები რელიგიური თემატიკით არის შთაგონებული. მისი ნამუშევრები  სხვადასხვა დროს  არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე  იყო წარმოდგენილი. დანილოს შექმნილი ტილოები ინახება ეკლესიებში, ასევე   კერძო კოლექციებში – როგორც უკრაინაში, ასევე   მის ფარგლებს გარეთ. 

“ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში სახელოვნებო სცენა აქტიური იყო. არ იმართებოდა საკმარისი რაოდენობის გამოფენები და კრიტიკის კულტურაც არ იყო განვითარებული. ჩემი ნამუშევრები ძირითადად ქვეყნის საზღვრებს მიღმა იყიდებოდა.  ახლა ვცდილობ,  რომ ხელოვნების გამოყენებით ვიმოქმედო, რაიმე შევცვალო, ჩემი წვლილი შევიტანო ომის შეჩერებაში. დროებით  გადავდე ჩვეულ სტილში ნამუშევრების შექმნა, რადგან ახლა ჩემს გულში არ არის სიმშვიდე. ფიქრები სულ სხვა მიმართულებით იელვებს და ბევრი  კითხვა მიჩნდება. დღეში თითო ნამუშევარს ვქმნი აკვარელში. ეს მეხმარება გავითავისო, განვიცადო და სხვასაც ვაჩვენო ჩემი ხალხის თავს დატრიალებული  ტრაგიკული მოვლენები. თუმცა,  ამის გადმოსაცემად ფერები, ფორმები და სიტყვები ძალიან ცოტაა. მნიშვნელოვანია, რომ მხატვრებმა განაგრძონ მუშაობა და თავიანთი ამჟამინდელი ნამუშევრები მსოფლიოს აჩვენონ. ამ გზით უკრიანელი არტისტები  ისტორიაში საკუთარ გვერდებს  დაწერენ. მინდა,  მომავალში უკრაინის სახელოვნებო სცენა მეტად აქტიური  იყოს და მსოფლიოს წარუდგინოს თავი. როცა ეს ყველაფერი დასრულდება,  ფერწერას გავაგრძელებ რელიგიურ  თემებზე, თუმცა,  ვაპირებ ისეთი  ნამუშევრებიც შევქმნა, რომლებიც ომის დროს გაჩენილ იდეებზე იქნება აღმოცენებული. ამჟამად უკვე მაქვს რამდენიმე მოწვევა  და ვგეგმავ,  ომის განმავლობაში შექმნილი აკვარელის სერიები ევროპაში გამოფენებზე წარვადგინო”.

 

სტანისლავ ოსტროუსი – ფოტოგრაფი. ხარკოვი 

სტანისლავ ოსტროუსი უკრაინელი ფოტოგრაფია, რომელიც ომის დაწყებისას ხარკოვში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა. ის ძირითადად დოკუმენტურ ხელოვნებაზეა  ფოკუსირებული და ამ მიმართულებით მუშაობს. სტანისლავი წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა და გამოფენაში  მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საქართველოშიც. 

ომამდე უკრაინაში აქტიურად ვითარდებოდა  ფოტოგრაფია, როგორც სფერო. იქმნებოდა სხვადასხვა ორგანიზაციები და გაერთიანებები. მაგალითისათვის, დაარსდა უკრაინის ფოტოგრაფ ქალთა ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მართავდა გამოფენებს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მეტად განვითარდა სახელოვნებო საგანმანათლებლო მიმართულებაც – ფოტოგრაფიის სწავლება დაიწყო ხარკოვის სახელმწიფო კულტურის აკადემიაში, სადაც მე ვასწავლი და ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების აკადემიაში.

გაჩნდა რამდენიმე ახალი კერძო ფოტოგრაფიის სკოლაც. ომმა დღის წესრიგი სრულიად შეცვალა. 

ამ წლისთვის ბევრი გეგმა მქონდა – ეს გეგმები მეტწილად საერთაშორისო პროექტებს, კერძოდ, სახელოვნებო რეზიდენციების მოწყობას უკავშირდებოდა.  რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, ყველა ეს პროექტი შეჩერდა, თუმცა, იმედი მაქვს, მალე ომი დასრულდება და დასახულ გეგმებს სისრულეში მოვიყვანთ. ომის დროს ხელოვნებას მრავალმხრივი ძალა აქვს. ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, უკრაინის ფოტოგრაფთა საზოგადოება გაერთიანდა და ავტორების ნამუშევრების გაყიდვას გაუწია ორგანიზება. მათ შორის გაიყიდა NFT. შემოსული თანხა სრულად იგზავნება ჯარში და ჰუმანიტარულ ფონდებში. ფოტოგრაფები და მხატვრები მოხალისედ მიდიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ქვედანაყოფების რიგებში, ფრონტზე  იბრძვიან ქვეყნის დასაცავად. 

ჩვენი მეგობრები და კოლეგები  ევროპიდან გვირეკავენ, გვწერენ, გვთავაზობენ დახმარებას. ისინი აწყობენ გამოფენებს უკრაინელი ავტორების მხარდასაჭერად.  მსგავსი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ინიციატივებით მხარდაჭერას ვგრძნობთ და მადლობელი ვართ ამისთვის. ომი რომ დამთავრდება, უკრაინელ ხელოვანებს ბევრი სამუშაო ექნებათ. მნიშვნელოვანია,   ჩვენი ეროვნული იდენტობით გლობალურ სახელოვნებო  სივრცეში ინტეგრაცია.  საერთო ტრაგედიამ გააერთიანა მრავალი დაპირისპირებული ძალა ქვეყნის შიგნით  როგორც პოლიტიკაში, ასევე   ხელოვნებაში,  ომის დამთავრების შემდეგ კი  კომპრომისების ძებნა ისევ მოგვიწევს. უკრაინის სახელოვნებო  სცენაც  ძალიან ფრაგმენტულია. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად დიალოგისთვის, ვეძიოთ საერთო ენა და განვვითარდეთ”. 

 

Kinder – არტისტი. ლვოვი 

Kinder უკრაანის თანამედროვე სახელოვნებო  სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, რომელიც სხვადასხვა მედიაში მუშაობს. ფოტოგრაფია, ფერწერა, ინსტალაციები, Nft – მისი ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრსა და ფორმას აერთიანებს. ამჟამად Kinder-ის ნამუშევრები ვენეციის ბიენალეს ფარგლებში არის წარმოდგენილი. 

უკრაინაში სახელოვნებო სცენა კორონავირუსის გამო არცთუ ისე აქტიური იყო. პანდემიამ გამოფენები და ფესტივალები შეამცირა. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ახალი სახეები ისე  ხშირად არ ჩნდებოდნენ , როგორც ეს  ჩვენ გვსურდა. სახელოვნებო საზოგადოება  ჯგუფებად იყოფა, თუმცა ისინი  ერთმანეთს  მხარს უჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ხელოვანები სხვადასხვა მედიაში დამოუკიდებლად მუშაობენ, მაინც იკვეთებიან და გარკვეული გაგებით, მათ შორის ჯანსაღი კონკურენციაც მოქმედებს.  რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა მხატვარი გამოჩნდა, რომლებმაც  ომის თემაზე დაიწყეს ხატვა. მათი ნამუშევრები  აქტიურად ქვეყნდება სოციალურ ქსელებსა და უცხოურ მედიაში. როგორც ომის პერიოდში მოღვაწე  არტისტი, მე ვხვდები, რომ უნდა გამოვიყენო ჩემი პროფესიული უნარები საინფორმაციო ფრონტზე – შემიძლია,  ადამიანებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში. უნდა გადავცე ეს ისტორიები ემოციურ დონეზე, გამოსახულების და სიმბოლოების მხატვრული ენის გამოყენებით. ეს არის ინფორმაციის აღქმის სპეციფიკური  ფორმა, რომელიც მედიაში გავრცელებული სიახლეებისაგან სრულიად განსხვავდება. ხელოვნება, როგორც კულტურის ნაწილი, უკრაინელების  ტრანსფორმაციის შესახებ  დიდ ინფორმაციას გასცემს. ეს არის სურათი, რომელიც ცხადყოფს, რომ  უკრაინული  საზოგადოება  ისწრაფვის ევროპული კულტურისაკენ, რომ მათ იგივე ღირებულებები  და მისწრაფებები აქვთ, რაც დასავლეთს. ევროპელები უკრაინული  ხელოვნებით  ახლა აქტიურად არიან დაინტერესებულნი. დასავლური   საზოგადოებისათვის იმის გაგება, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ, მათ შორის ხელოვნებაში,  დიდ დახმარებას გვიწევს საერთო მტრის წინააღმდეგ ამ ომში.  მე ჩემს თავს  ექსკლუზიურად უკრაინელ არტისტად ვხედავ. მომავალში, როდესაც ომი დასრულდება, აუცილებელია, რომ თანამედროვე სახელოვნებო სცენას დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. უნდა გაიხსნას ახალი გალერეები, გამოიყოს ბიუჯეტი ამ სფეროს განვითარებისათვის, რათა არტისტები აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელოვნებო მიმართულებით თანამედროვე რეფორმები გატარდეს. 

 

 

კატერინა რადჩენკო – ფოტოგრაფი, კურატორი. კიევი, ოდესა 

კატერინა რადჩენკო კიევსა და ოდესაში მოღვაწე არტისტია. ის ფოტოგრაფი და ფოტოგრაფიის მკვლევარია. ომამდე მისი შემოქმედებითი ცხოვრება აქტიურ  პრაქტიკულ და საგანმანათლებლო მოღვაწეობას მოიცავდა, როგორც უკრაინაში, ასევე   მის ფარგლებს გარეთ. 

ფოტოგრაფია ჩემთვის ალტერნატიული მედიაა, რომლითაც ისტორიებს ვყვებით და პრობლემების ვიზუალიზაციას ვახდენთ. ჩემი ინტერესის სფერო სოციალური გამოწვევებია, რასაც  აუდიტორიას სწორედ ვიზუალური  ნამუშევრებით, ფოტოინსტალაციების მეშვეობით წარვუდგენ. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში  უკრაინელი არტისტების შემოქმედება წარმოდგენილი იყო ისე, როგორც საბჭოთა ხელოვნება. საბჭოთა პროპაგანდამ ჩვენი ქვეყნის  ხელოვანების რეალური სათქმელი სრულიად გააქრო. უკანასკნელი ოცდაათი  წელია, რაც უკრაინული სახელოვნებო სცენა იბრძვის, რომ  საკუთარი იდენტობა დაიბრუნოს, თავიდან განსაზღვროს და  ის მსოფლიოს  აჩვენოს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. 

ომამდე თანამედროვე არტისტების  ნამუშევრებში გამოკვეთილი  იყო სოციალურ-პოლიტიკური თემატიკა, მათ მიმართ ინტერესი. ომმა ბევრი გარდამტეხი ცვლილება გამოიწვია.  პირველ რიგში, უამრავმა ხელოვანმა შეწყვიტა თავისი საქმიანობა და უკრაინის დასაცავად  ჯარს მოხალისედ შეუერთდა. არტისტების დიდ ნაწილს მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან მათი საცხოვრებლები  უსაფრთხო არ იყო. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა ლტოლვილად ქცეულ ხელოვანებს ნამუშევრების მიტოვება მოუწიათ და დიდი ნაწილი განადგურდა კიდევაც. ეს  პრობლემა მხოლოდ არტისტების პირად კოლექციებს არ შეეხება, ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ   მუზეუმებიც და მათ სივრცეებში დაცული ექსპონატები. ვფიქრობ, ეს  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური სახელოვნებო სამყაროს პრობლემაც არის. ამის პარალელურად უკრაინელი არტისტების ნაწილი კვლავაც აგრძელებს მუშაობას, თუმცა  მათი ამჟამინდელი შემოქმედება ომის რეფლექსიაა. ფოტოხელოვანების  ნაწილი ომის ფოტოგრაფიაზე გადაერთო, ისინი აღმოჩნდნენ ცხელ წერტილში და დოკუმენტურ კადრებს აღბეჭდავენ. ომთან სახელოვნებო უკუკავშირი – ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ არტისტებმა და ზოგადად, სახელოვნებო სცენამ მოვლენები გადაიაზროს, შეაფასოს. განსაკუთრებული სირთულის წინაშე არიან  არტისტი ქალები. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან, საფრთხეც მეტია. ხელოვანებისათვის საკუთარ შემოქმედებაში ასახულ მიმდინარე მოვლენებს  ფსიქოლოგიური ასპექტიც აქვს. მაშინ, როდესაც ყველაფერი გაჩერებულია და არტისტებს არ აქვთ საშუალება ჩვეულ რიტმში განაგრძონ მუშაობა,  ეს  პროცესი  ტრავმებთან გამკლავების მექანიზმად იქცა. როდესაც ომი დასრულდება, როცა ადამიანები გათავისუფლდებიან  ამჟამინდელი საფიქრალისგან და აღარ იქნება ჰუმანიტარული კრიზისი, მაშინ  გაჩნდება სურვილი აქტიური ცხოვრების, მუშაობის, ყველაფრის თავიდან აშენების”.

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესია კვლავაც გრძელდება. გრძელდება რუსეთის ჯარის სამხედრო დანაშაულები.  ამ ომმა მსოფლიო საზოგადოების  ყურადღება უკრაინისაკენ, მისი მოქალაქეებისა და იმ ღირებულებებისაკენ მოაპყრო, რომლის ერთგულებითაც  თავისუფლებისათვის ბრძოლა უკვე სამი თვეა გრძელდება. როგორც უკრაინელი არტისტები აღნიშნავენ, ხელოვნება  იქცა გამტარად, მსოფლიოსათვის მთავარი გზავნილების გადამცემ ყველაზე ემოციურ საშუალებად, რამაც იმაზე დიდი  ცვლილებები გამოიწვია, ვიდრე ახლა ეს ზედაპირზე ჩანს. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.