fbpx

საკონცერტო დღიური #2 – ანსამბლი „მოდერნი“ & სტივ რაიში, თბილისი


გააზიარე სტატია

 

შენება და ნგრევა მინიმალური ვარიაციებით

 

ვორდის ფაილში სიტყვების დიდი ზედახორაა:

 

კანიბალიზმი ვიბრაფონი ჩიხი სხეული

სისავსე კონცერტი ნგრევა ჩამწერი

ორკესტრი ვადა ნავარდი ბატარეა

ჭიანჭველა ფინალი დეკონსტრუქცია გმინვა

მათემატიკა აკორდი მოდერნი სექცია

დიქტატურა გაშეშება სამზარეულო ფერი

მინიმალიზმი წნევა სარგებლიანობა რაიში

ნორმალიზება პროგრესია განწირული ერთი

დაცულობა ხარები ბგერა რეალი

მაზოხიზმი ვოკალი კედლები ციკლი

მექანიზმი სუნთქვა ჰაერი ნიმუში

საზღვარი ზეიმი ინსტრუმენტი მშენებლობა

ცირკულაცია დახვეწილი სილაღე წამება

სრულყოფილება ფორმები კომფორტი ცენტრი

 

– ფინალს არ უყურებ? – უკვე კახიძის ცენტრთან მისულს მეკითხება დედაჩემი.

– ნწ, ხო ვიცი, მაინც “რეალი” მოიგებს მარტივად.

– როგორ მოხდა?! მართლა კარგი კონცერტი უნდა იყოს მაშინ!

– ვნახოთ ვნახოთ! დიდი მოლოდინი კი მაქვს. – ვეუბნები და ვუხსნი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემი, როგორც მსმენელის ბიოგრაფიაში „მუსიკას 18 მუსიკოსისთვის“.

რაც თავი მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება არასდროს გამომიტოვებია, გარდა  2017 წლის 3 ივნისისა, როცა თბილისში ფრანკფურტიდან ანსამბლი „მოდერნი“ სტივ რაიშის ნაწარმოების შესასრულებლად ჩამოვიდა. ორჯერ კი არა, ერთხელაც არ დავფიქრებულვარ, რა დროს “იუვენტუსი”-”რეალია”, როცა შენს ქალაქში შენთვის ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებს ცოცხლად დაკრულს მოისმენ. ასეთი შანსები თბილისში ათი ათასში ერთხელ გეძლევა.

დედას ვუთიშავ, შენობის გარეთ და ფოიეში ცოტა ხნით ვესაუბრები რამდენიმე მეგობარს და მერე დარბაზში შევდივარ, კუთვნილ ადგილს ვიკავებ. უცნაური გარემოა, საორკესტრო მუსიკის მოსასმენად გაცილებით მეტი ახალგაზრდა შევკრებილვართ, ვიდრე საღამოს კაბებსა და ძვირიან პიჯაკებში გამოწყობილი სენიორები. 

მოგისმენიათ სტივ რაიშის „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“?

ავტორი ამბობს, რომ არასდროს არცერთი მელოდიის წერაზე იმდენი არ უმუშავია, როგორც ამ ნაწარმოების პირველ ხუთ წუთზე. სწორედ ამ შრომის შედეგია, რომ მარიმბას საწყისი ნოტებიდან გიტაცებს მუსიკა და მომდევნო ერთი საათი ვეღარც აღწევ თავს. შესავალ ნაწილს „პულსი“ ჰქვია. მეც სწორედ ჯერ პულსს მისინჯავს ორკესტრი და საკუთარ რიტმზე გადამაწყობს. და თუმცა ძაან კარგად ვიცი, სად რა ხდება, როდესაც პირველივე სექციაში ნოტებს აყოლილ სოპრანოებს ვუყურებ, მაშინვე მიჩნდება განცდა, რომ რასაც ჩვენ ვისმენთ, მუსიკალური კანიბალიზმია. კომპოზიტორის დიქტატურა, ადამიანის მექანიზება, ჰომო საპიენსი – ერთი რიგითი საკრავია – არანაირი სიტყვა და არანაირი პოზიცია, მხოლოდ ბგერები, განწირული ხმის გამოშვება, სუნთქვა და გმინვა. სტივ რაშის მხოლოდ ეს სჭირდება. 

𝄽 𝄾 ხმა 𝄻
𝄽 𝄾 ხმა 𝄽 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽 𝄾 ხმა 𝄽 𝄾 ინსტრუმენტია

𝄽 ადამიანის ხმა 𝄽 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽  ადამიანის ხმა 𝄽 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽  ადამიანის ხმა 𝄽 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽 ადამიანის ხმა 𝄾 რიგითი 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽 ადამიანის ხმა 𝄾 რიგითი 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽 ადამიანის ხმა 𝄾 რიგითი 𝄾 ინსტრუმენტია
𝄽 ადამიანის ხმა 𝄾 რიგითი 𝄾 ინსტრუმენტია
𝄾რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
𝄾რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
𝄾რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
𝄾რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
𝄾რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა𝄾 რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა 𝄾რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი 𝄾ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი საორკესტრო ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი საორკესტრო ინსტრუმენტია
სტივ რაიშისთვის ადამიანის ხმა ერთი რიგითი საორკესტრო ინსტრუმენტია

 

აქ მსმენელი საძირკველში ჩაგდებულ პირველივე ქვას ხედავს, აქ მსმენელი ცალკე მდგომი ნოტიდან დაწყებულ შენებას ესწრება. ნახევარტონების ჩამატება საორკესტრო სამზარეულოში – გნებავთ, სამშენებლო ტერიტორიაზე – ამოგაყოფინებთ თავს და გესმით და ხედავთ, თუ როგორ შრომობენ ამწეები და ადამიანები, ვიბრაფონები და როიალები, როგორ ტრიალების ცემენტის მანქანის დიდი სადღვები; როგორ ბზრიალებს ბლენდერში ვერცხლისფერი ბასრი დანა; როგორ დაბზუიან სკას ფუტკრები, რომ თავიანთი შრომით ეს ტკბილხმოვანი მელოდია გამოადნონ.

მერე თვალს ახელ, ბელეტაჟიდან გადაჰყურებ ორკესტრს, აკვირდები ყველა მუსიკოსს და მათ მზერებსა და მიმიკებში იჭერ იმ ამოუთქმელ სიტყვებს, რომლებითაც ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ეს პერფორმანსი თეატრიცაა, ვიზუალური სანახაობა, აქ ბოლომდე რომ გამოერკვიო, სხეულის ენის კითხვაც გჭირდება. რაიში საამისოდაც იყენებს ადამიანს. მას სახეობა ბიოლოგიურ ხელსაწყოდ სჭირდება. თითქოს იცის, თუ რამდენ ენერგიას იტევს ამა თუ იმ შემსრულებლის ბატარეა, როგორია მისი სარგებლიანობის ვადა, ბოლომდე წურავს და მერე ასვენებს. მუსიკოსებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი რაიშმა იცის. თუ რომელიმე დაიღალა, სკამზე გადაჯდება, ჩაენაცვლებიან, ერთმანეთს ინსტრუმენტებსაც გაუცვლიან – არც ეგაა პრობლემა. აქ ყველამ იცის, რომ სცენაზე ერთი დიდი მელოდიის შენებისა და მერე ნგრევისთვის არიან ამოსულები, ამიტომაც ვიბრაფონით ამეტყველდებიან თუ ბულდოზერით, ხელში ვიოლინოს დაიჭერენ თუ უროს, შედეგი მაინც ერთი აქვთ მისაღწევი.

იციან თვლა, რომელსაც უნდა აჰყვნენ და იციან გზები, რომელსაც უნდა გაჰყვნენ.

ეს გზები შენც იცი, მსმენელმა; ბილიკები იმდენივეა, რამდენი სანოტო ხაზიცაა თითოეულის პარტიტურაში, ამიტომაც, სადაც არ უნდა ჩაეჭიდო მელოდიას, სადღაც, ლოგიკურ მანძილამდე ყოველთვის მიგიყვანს. აქ მათემატიკური ფორმულებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ სილაღე არც ამ სიმკაცრეში ავიწყდებათ. ყოველ მუსიკოსს შეუძლია თავის ბილიკს გადაუხვიოს, გაინავარდოს, შორიახლოს საკუთარი მელოდია დააშენოს და მერე ისევ საერთო ფერხულს დაუბრუნდეს. უყურებ ორკესტრს და გახსენდება სადღაც ნანახი კალოში ჩაბმული ხარების ბრუნვა, ტრიალი, ტრანსი, მოთმინება და შემართება.

𝄽 არტისტ𝅁ი𝅂 𝄾 რობოტ𝅁ი 𝅁ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ი𝅂 𝄾 რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ი𝅂 𝄾 რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ი𝅂 და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ი𝅂 და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ი𝅂 და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ა𝄿
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტ𝅁ია და რობოტ𝅁ი ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტულია და რობოტული ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტულია და რობოტული ამავდროულად
ყველა 𝄾 არტისტულია და რობოტული ამავდროულად
ყველა ისეთი არტისტულია და რობოტული ამავდროულად
ყველა ისეთი არტისტულია და რობოტული ამავდროულად

 

სათითაო ბგერების დამატებით მელოდია სადღაც ისეთ სისავსეს და სრულყოფილებას აღწევს, რომ განიცდი, თუ როგორ ხდება მუსიკა შენი სუნთქვის ნაწილი, როგორ ერგება სასულეში დაგროვილი ნახშირორჟანგის ამოსუნთქვის სიხშირე პარტიტურაზე დაწერილ თვლას; ბგერები მთელ სხეულში გაგიჯდება, განმეორებით მუსიკალურ ფრაზებში თავს დაცულად გრძნობ. მერე იქნებ მოდუნდე კიდეც, ყურადღებაც არ მიაქციო. ან კი გეგონოს, რომ ყურადღებას აღარ აქცევ, რადგან სუნთქვასავით საბაზისო და ნორმალიზებული ტერიტორია გამხდარა. და სწორედ ამ დროს იწყებენ რაიში და ორკესტრში ჩაბმული ადამიანები ახალ მშენებლობას, ისევ ერთი ბგერიდან. ისევ ხელახლა უყურებ, თუ როგორ ივსება მუსიკა, ცდილობ წარმოიდგინო, ვიზუალურად როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს პროგრესია. სხვადასხვა ფრაზები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხან ერთი დომინირებს, ხან – მეორე. მათი დომინაცია თავბრუდამხვევი კომფორტის ერთი ზონიდან მეორეში გადაგისვრის. 

უსმენ მუსიკას, უსმენ შენს სუნთქვას, ოფლიანდები, მარიმბასა და როიალზე დავარდნილი სტოკატოები ტვინში გიკაკუნებენ; აქ ოსტინატო კომფორტული ტრანსიდან შეიძლება საწამებელ იარაღად გადაგექცეს, ტკბილხმოვანება მაზოხიზმად, რომელსაც თავისთავად მაინც გადაგისვრის სიამოვნების მექანიკაში. შენ ესწრები ჯალათობის დაუვიწყარ გამოცდილებას. კალოში ისევ ჩაბმულან ხარები, მათი მუსიკა ბრუნვადია, იტენება და იტენება კალო ლერწმის ღეროებით და ორკესტრის ოფლიანი შუბლებიდან გადმოდინდება შაქრის ტკბილი მასა.  

უსმენ და უკვე ვეღარ ხვდები, თუ რა შეიძლება დაიწეროს ამაზე უფრო დახვეწილი, სად შეიძლება გამოჩნდეს კედელში ბზარი, რომელიც უფრო სრულ მუსიკალურ ტერიტორიას გამოაჩენს, რამ შეიძლება დაჩრდილოს კანონიკური ტექნიკით ასეთი თამაშობა?! რაიშის ამ კონცერტში მუსიკა ერთი ნოტიდან იწყებს სვლას, მდიდრდება, იფურჩქნება, შიშვლდება და ბოლოს ისევ ერთ ნოტს უბრუნდება; ერთი ნოტი საკმარისია. ამ ერთ ნოტს დასევიან ჭიანჭველებივით, შაქრის ერთი კუბიდან რომ ყველამ თავისი წილი იგემოს. აქ არაფერია ისეთი, რის ჩამატებასაც შეძლებდი და ვერც ვერაფერს გამოაკლებ. სურათის ასაწყობი ფაზლივითაა. რთული, ათი ათასი ნაწილით ყუთში. თუ თავს მიუძღვნი და გაჰყვები, ადრე თუ გვიან მთლიან სურათსაც ააწყობ.

კახიძის ცენტრში, ჩვენს ქალაქში სულ ერთი საათით, რომელიც არც ადამიანის ცხოვრების და არც სამყაროს ისტორიაში არაფერს ნიშნავს, ვხდები სრულყოფილების მომსწრე და იმ მომენტში ჯერ ვერ ვიაზრებ, რომ ყველა წუთი, თავისთავად ორგანულები და ორიგინალურები, ქმნიან წყებას, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გამყვება ხატად, როგორც მტკიცებულებად, რომ სამყაროში სადღაც ჯერაც არის მიღწევადი პერსონალური დაცული ზონა – რობოტული და მუსიკალური – აურაცხელი სიმბოლოებით ნაწერი სივრცე, კოდებით ნაშენები ტერიტორია, რომლის შემყურემაც შეგიძლია თავს დააჯერო, რომ ეს სივრცე სულაც არაა ვირტუალური რეალობა.

5/4 5/4

4/4

5/4 5/4

 

𝄻𝄽 გასასვლელი 𝄻 𝄻 𝄻
𝄻𝄽 გასასვლელი𝄻𝄼გაქცევა 𝄻
𝄻𝄽 გასასვლელი𝄻𝄼გაქცევა 𝄻
𝄻𝄽 გასასვლელი𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄻𝄽 გასასვლელი𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄻𝄽 გასასვლელი𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄾 ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄾 ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄾 ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
𝄾 ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი 𝄻𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ 𝄽 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული 𝄾 გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა 𝄼გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა 𝄼 გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა 𝄾 არ გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა 𝄾 არ გინდა
იქ ხარ ჩართული და გასასვლელი არსადაა თუმცა გაქცევა მაინც არ გინდა

 

კონცერტი მთავრდება. სცენაზე მშვიდდება მაშინერია და თავდახრილი ადამიანები თრგუნავენ რობოტულ საწყისებს. მსმენელის ორგანიზმმა გაუძლო რაიშის დიქტატურას და შემორჩენილი ენერგიით ახლა ტაშს უკრავს. იმ მომენტში არ გახსენდება, რომ ტაშიც რაიშის მუსიკაა, რომელსაც ახლა ფერწასული მსმენელი უკრავს. 

დარბაზიდან გავდივარ, თვალები ხედავენ რამდენიმე მეგობარს, მაგრამ ჩემი სხეული ყოველ მათგანს აიგნორებს და აჩქარებით გადის გარეთ, აღმაშენებლის გამზირზე, ინერციულად გადაწყვეტს, რომ სახლის გზას რამდენიმე საათით  ფეხით დაადგეს. თავს მინდა ველაპარაკო, გავიაზრო ის მომენტები, რაც ამ კონცერტმა გამომატარა. მზერადახრილი მივყვები ქუჩას, თვალებს ერთადერთხელ ავატრიალებ ზემოთ – ჩემ გასწვრივ, ორიოდე მეტრში იმ გოგოს ვხედავ, რომელიც რამდენიმე კვირაა უკვე, რაც მომწონს. ერთ-ერთი შენობის ძველ კარს უღებს ფოტოს სთორისთვის. ვერ ვუჩერდები. ფოტობომბივით ჩავუჭრი გზას და გალაკტიონის ხიდთან გასული ფიქრების მოსათვინიერებლად ჩემს ნააზრევს აკუსტიკურ ფორმებს ვანიჭებ. მოდი, ჩავიწერ“, – ვეუბნები თავს და ტელეფონში ჩამწერ ვრთავ. შინაგანი დიალოგი მოზაიკის ნატეხებად ამოდის ჩემი პირიდან და ამ სიტყვების ხარახურიდან ხუთი წლის შემდეგ ვაწყობ ამ ბლოგპოსტს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.