fbpx

ნამუშევარი როგორც ტოტემი – სიმონ ლის ავტო-ეთნოგრაფიული ხელოვნება


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

სიმონ ლი ამერიკელი მულტიმედია არტისტია, რომლის შემოქმედებაც აფრიკული ხელოვნებით, ტრიბალური ელემენტებითა და ფემინისტური იდეოლოგითაა გამოკვებილი. ის ერთდროულად სხვადასხვა მედიუმში მუშაობს – თანამედროვე დროის ერთ-ერთ საუკეთესო კერამიკოსად და მხატვრადაა მიჩნეული და ამავდროულად, ქმნის როგორც სკულპტურებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეოებსაც. როგორც თავად სიმონი ამბობს, მისი ნამუშევრები, რომელთა ძირითადი თემატიკაც ქალთა მარგინალიზაციაა, „შავკანიან ქალთა სუბიექტურობაზეა კონცენტრირებული“, და, ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ თავადაც ფერადკანიანი ხელოვანის მიერ შექმნილი ობიექტები ტოტემებს გვაგონებენ – ხელოვანს სურს, რომ რასის ნიშნით ჩაგრულ ქალთა გამოცდილება მთავარი  გახდეს საზოგადოებისათვის. მომნუსხველი ნამუშევრებით არტისტი აღწევს კიდეც მიზანს – მის მიერ შექმნილი ობიექტები  შთააგონებენ და  ამავდროულად, აპროვოცირებენ მნახველს, სამუდამოდ რჩებიან მათ ცნობიერებაში. 

ხელოვანი 1967 წელს ჩიკაგოში დაიბადა, უზარმაზარი ქალაქის იზოლირებულ უბანში, სადაც მხოლოდ ფერადკანიანები ცხოვრობდნენ. როგორც   ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ძალიან იღბლიანი ადამიანია, ვინაიდან იმ გარემომ რომელშიც დაიბადა და აღიზარდა, თავდაჯერებულ ქალად აქცია. იმის გამო, რომ არტისტი ბავშვობიდან მხოლოდ მისი რასის წარმომადგენლებს ხედავდა, არ გასჩენია განცდა, რომ შესაძლოა ვინმესაგან რამით განსხვავებულად მიეჩნიათ და კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარიყო. 90-იან წლებში სიმონი ინდიანას შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რიჩმონდში მდებარე კოლეჯში ხელოვნება და ფილოსოფია შეისწავლა, სწავლის დასრულების შემდეგ კი  სოციალურ მუშაკად დაიწყო მუშაობა, აფრიკული ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშიც იყო სტაჟიორი და მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა მხატვარი გამხდარიყო, ამის შემდეგ მაინც გადაწყვიტა, რომ ცხოვრება სამუდამოდ დაეკავშირებინა ხელოვნებასთან.

საოცარია, რომ ყველაფერს, რაც არტისტს რეალურ ცხოვრებაში გადახდა, ჰქონდა მის ხელოვნებაში გამოძახილი. იმ თავდაჯერებულობის გამო, რომელიც გეტოში ცხოვრებისას შეიძინა, გადაწყვიტა, რომ  არ ყოფილიყო ინერტული გარე სამყაროში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების მიმართ და ჯერ სოციალურ მუშაკად მუშაობით,  ხოლო შემდეგ მისივე შემოქმედებით გადაწყვიტა, ამაყად ებრძოლა როგორც მისი, ასევე სხვა ფერადკანიანი თანამემამულეების უფლებათა დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ ქალმა მთელი მისი ხელოვნება შავკანიან ქალთა ფარდის მიღმა სივრციდან გამოყვანის იდეას დააყრდნო. ლის შემოქმედებამ მისი ფილოსოფიის მიმართ ინტერესიც აირეკლა, ვინაიდან  ქალმა მთელი სახელოვნებო პრაქტიკა მოგვიანებით სწორედ რომ ფილოსოფიასა და კულტურის შესწავლას დააფუძნა, ხოლო რაც შეეხება მის მიერ გამოყენებულ აფროამერიკულ სიმბოლოებსა და ამ კულტურის ვიბრაციებს,  ესეც აფრიკული ხელოვნების მუზეუმში  მუშაობის გავლენაა. როგორც თავად ხელოვანი ამბობს, მისი შემოქმედება ავტო-ეთნოგრაფიულია., მართლაც ასეა – ის ობიექტები, რომლებსაც სიმონ ლი ქმნის, ერთგვარი საკვლევი ობიექტებია.  ისინი თითქოს  არა თანამედროვე დროში შექმნილი ხელოვნების ნიმუში, არამედ კულტურული არტეფაქტებია და სწორედ ამიტომაა ეთნოგრაფიული, ავტო კი იმიტომ, რომ ხელოვანი ამგვარ კვლევას თავად ახორციელებს   –  შექმნის პროცესში იყენებს როგორც ისტორიის მრავალფეროვან ტროპებს, ასევე ერთმანეთში აზავებს სხვადასხვაგვარ სტრუქტურებს, ტექსტურებსა და ფორმებსაც. 

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვახსენე, სიმონ ლი მრავალ მედიუმში მუშაობს,  საზოგადოება ძირითადად მის კერამიკულ ნამუშევრებს იცნობს, არტისტის  გამომსახველობითი ენის საუკეთესო რეპრეზენტაცია სწორედ რომ მის მიერ შექმნილი ტრიბალური ფორმებია, რომლებშიც აფრიკული მოტივები მოდერნისტულს ერწყმის. ხელოვანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ სურს, მისი ნამუშევრები მხოლოდ დასაკვირვებელი ობიექტები კი არა, ერთგვარი პერფორმანსი იყოს მნახველისათვის.  მის მიერ შექმნილი აფრიკული ხელოვნებით ნასაზრდოები ყოველი ფორმა თუ ინსტალაცია ერთად მოთავსებით შთამბეჭდავ პერფორმანსს, ერთგვარ სივრცეს ქმნის, სადაც  კონკრეტული ისტორიული პრეცედენტი და თვითგამორკვევა უკავშირდება ერთმანეთს.

ჯერჯერობით  სიმონ ლის  ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება ისაა, რომ ის პირველი შავკანიანი ქალია, რომელმაც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე ამერიკის შეერთებული შტატების პავილიონი წარადგინა და არა მხოლოდ წარადგინა, არამედ გაიმარჯვა კიდეც – მიიღო ოქროს ლომის ჯილდო, როგორც საუკეთესო მონაწილემ. მისმა გამოფენამ, რომლის კონცეფციაც ფერადკანიან ქალთა ისტორიებისა და ამბების, მათი სხეულებისა და სუბიექტურობის კვლევა იყო, დიდი მნახველის აღფრთოვანება დაიმსახურა.   ბიენალეზე მონაწილეობის შესახებ არტისტმა განაცხადა, რომ მისთვის ეს იყო შესაძლებლობა მოხვედრილიყო ხელოვანთა და მოაზროვნეთა ძალიან დიდ ჯგუფში და ამავდროულად, ეამაყა საკუთარი რასით; თავად ბიენალეს ორგანიზატორებისათვის კი სიმონის გამოფენაში მონაწილეობა იმიტომ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რომ,  მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდებოდა ბიენალეს ისტორიაში და ეს იყო ძალიან სწორი და სამართლიანი ჟესტი მათი მხრიდან, ხოლო ამავდროულად მათ იცოდნენ, რომ არტისტის შთამბეჭდავი ქანდაკებები აუცილებლად იბატონებდნენ პავილიონის სივრცეში – ფიგურათა მასშტაბი და ენერგეტიკა დაუვიწყარ ეფექტს მოახდენდა მნახველზე. 

მართლაც, პავილიონს მთლიანად მოიცავდნენ ლის ფართომასშტაბიანი სკულპტურული ნამუშევრები, რომლებიც ხალხური არქიტექტურისა და ქალის სხეულის თანაკვეთას წარმოადგენდნენ, ეს მოდერნიზმის დიალოგი იყო აფრიკის მხატვრულ ტრადიციებთან. სიმონ ლიმ ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს ტერიტორიაზე განთავსებული ჯეფერსონის შენობის არქიტექტურა  სრულად გარდაქმნა და ის აფრიკულ სასახლედ აქცია – ოდესღაც ნეოპალადიანური შენობა, ახლა აფრიკული მუხტის მატარებელი გახდა. ის  ჩალის სახურავით დაიფარა, რაც ერთი მხრივ, სადა და ეგზოტიკური იყო, ხოლო მეორე მხრივ, გამოყენებული იყო თეთრი სვეტები და ხის ბოძები, რაც უშუალოდ სასახლეს მოგვაგონებდა. ავტორის შთაგონება ამ შემთხვევაში 1931 წელს ჩატარებული კოლონიათა ექსპოზიცია იყო პარიზში, სადაც დაპყრობილ ერებს მათი მშობლიურ ტერიტორიათა ესთეტიკა  უნდა წარმოეჩინათ. სიმონ ლიმ მის მიერ შექმნილი კერამიკული ნამუშევრები თუ სკულპტურები როგორც სასახლის ეზოს ცენტრში, ასევე შიგნითაც განალაგა – შესანიშნავად მოახერხა ევროპაში ჩატარებული გამოფენის ნაწილი აფრიკული და ფემინისტური ენერგეტიკით აევსო.

ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც ზეპირსიტყვიერად შემონახული ხალხური ისტორიებით, ადამიანთა კანის ფერის გამო საზოგადოების მიღმა დარჩენის პრობლემითა და ტრიბალური სახე-სიმბოლოებით საზრდოობს,  მის მიერ ხელოვნების გზით ჩატარებული ავტო-ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე ურყევად სწავლობს იმას, თუ როგორ განიხილეს და აჩვენეს შავკანიან ადამიანთა სხეულები კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. სიმონ ლი განაგრძობს კვლევას და ამავდროულად, მისი, როგორც აფროამერიკელი ქალის იდენტობითაც ტკბება, ვინაიდან როგორც თავად ამბობს, სწორედ რომ ესაა შექმნის პროცესში მისი, როგორც ავტორის მთავარი იარაღი. დასავლეთ აფრიკისა  და მშობლიური ამერიკის კერამიკულ ტრადიციათა შერწყმით გამომწვარი თიხისა თუ ფაიფურისაგან, რომელიც შემდეგ  მარილითა და ოქროთი მუშავდება, სიმონ ლის ხელით შთამბეჭდავი ტოტემები იქმნება.

მის მიერ შექმნილ მოდერნისტულ ტოტემებს  ზოგჯერ ჭურჭლის, ზოგჯერ კი ქალის სხეულის ფორმა აქვთ,  ისინი ძლიერი სექსუალური მინიშნებებით არიან დატვირთულნი და ამავდროულად, საოცრად ნატიფად გამოიყურებიან. სიმონ ლის ეგზოტიკური ნამუშევრები, რომელშიც ავტორის მიერ წინა პლანზე სიბნელის სილამაზე და სირთულეა წამოწეული, თან ფერადკანიან ადამიანთა შესახებ არსებული სტერეოტიპების გამო უპირისპირდებიან მნახველს და ამავდროულად, აჯადოებენ მათ – ჩალით დაფარული ქოხებით სავსე ცხელ მხარეებში ამოგზაურებენ, სადაც ფერადი ნაჭრებით შემოსილი შავკანიანი ქალები სეირნობენ და ჰაერი ბაობაბის ხის ნაყოფისა და ბანანის სურნელითაა გაჟღენთილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.