fbpx

კანი 2022 – გამარჯვებული ფილმების შესახებ


გააზიარე სტატია

Moët & Chandon წარმოგიდგენთ კანის ფესტივალის დღიურებს.

 

კანის კინოფესტივალი ყველაზე პრესტიჟული მოვლენაა კინოინდუსტრიაში და ოსკარისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადი. 1955 წლიდან  მოყოლებული, კანი ტრადიციისამებრ კინოს მხატვრულ ღირებულებასა და მნიშვნელობას ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, ოქროს პალმის რტოს გამარჯვებული იმ ექსკლუზიური „კლუბის“ წევრი ხდება, რომელიც კინოს ისტორიას მოიცავს.

კანის  75-ე ფესტივალის საკონკურსო ფილმებმა კრიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რეჟისორები ერთი და იმავე ფილმებისთვის ერთდროულად ქებას და კრიტიკას იმსახურებდნენ, ხარისხი გასულ წლებთან შედარებით კამათის საგანი გახდა. თუმცა, უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას დოკუმენტურმა ფილმმა „განადგურების ბუნებრივმა ისტორიამ“ (The Natural History of Destruction) და მანტას კვედარავიჩიუსის „მარიუპოლი 2“-მა (Mariupolis 2), რომელიც ომის სასტიკ და დამანგრეველ რეალობას ასახავს, ფესტივალის მიმართ კრიტიკა ნაწილობრივ გადაფარა. რეჟისორის ტრაგიკულმა სიკვდილმა კინოჩვენებას დამატებითი აქტუალობა შემატა. კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა იყო, რომელმაც ცერემონია ემოციური სიტყვებით გახსნა: „დღევანდელი კინო ჩუმად არ უნდა იყოს.“

კანის კინოფესტივალი ხშირად არაპროგნოზირებით გამოირჩევა. იმ წელს, როდესაც სტივენ სპილბერგი ჟიურის ხელმძღვანელობდა, ჟიურის რამდენიმე წევრს მთავარი პრიზის გადაცემა რუსული დრამისთვის, „ლევიათანისთვის“ (Leviathan) სურდა, მაგრამ ოქროს პალმის რტო  ლესბოსურ დრამას – „ლურჯი ყველაზე თბილი ფერიას“ (Blue is the Warmest Color) გადაეცა. 2017 წელს პედრო ალმოდოვარი ქვიარ შინაარსის ფილმის – „120 დარტყმა წამში” “მხურვალე გულშემატკივარი იყო, თუმცა ჟიურის არასაკმარისი კონსენსუსიდან  გამომდინარე, ჯილდო “კვადრატმა“ (The Square) მიიღო. წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ვინცენტ ლინდონი იყო, რომელიც გასული წლის მთავარი პრიზის მფლობელ  „ტიტანში“ (Titane) მონაწილეობდა. ჟიურის თავმჯდომარედ თავდაპირველად პენელოპა კრუზი დასახელდა, თუმცა გრაფიკის შეუთავსებლობის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა. 

კანის  75-ე კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულები კი 28  მაისს დასახელდნენ. 

 

2022 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მფლობელი რუბენ ოსტნულდის „მწუხარების სამკუთხედი“ (Triangle of Sadness) გახდა (რეჟისორმა 2017 წელს მიიღო ოქროს პალმის რტო  ფილმისთვის, „კვადრატი“). შვედი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი მხატვრული ფილმი პროვოკაციული კლასობრივი სატირაა და ის  კატასტროფის პირას მყოფი სელებრითი ინფლუენსერი წყვილის კრუიზში უიღბლო მოგზაურობას ასახავს, რომელსაც სათავეში მარქსისტი კაპიტანი (ვუდი ჰარელსონი) უდგას. ფილმი თითქოს მშვიდი ტემპით იწყება, სანამ სრული ქაოსი ატყდება და რამდენიმე გადარჩენილი მგზავრი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება.

კანის გრანპრი, ანუ ე.წ. მეორე ადგილის პრიზი კლერ დენის ეროტიკულ დრამას – „ვარსკვლავები შუადღისას“ (Stars At Noon) და ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის Close-ს გადაეცა. კლერ დენი კანის საკონკურსო სიაში „შოკოლადის“ (Chocolat) შემდეგ პირველად მოხვდა. 2022 წელი რეჟისორისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მან ბერლინალეზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ფილმისთვის „ცეცხლი“ (Fire). „ვარსკვლავები შუადღისას“  დენის ჯონსონის რომანის ადაპტაციაა ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ (მარგარეტ კუელი), რომელიც ნიკარაგუაში იდუმალ ბრიტანელ ბიზნესმენს (ჯო ელვინი) შეხვდება და მასთან რომანს გააჩაღებს. ფილმი ერთდროულად სენსუალური მელოდრამა და ჯაშუშური დრამაა და ის დენის ემოციურ განცდებს  ასახავს. თუმცა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა ფილმი ნელი სიუჟეტისა და ბუნდოვანი პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

Close – დონტის საკუთარი ცხოვრებით შთაგონებული  დრამა – ორი 13 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ინტიმური მეგობრობა სქესობრივი მომწიფების საწყის  გამოცდას გადის.

საუკეთესო რეჟისორად კორეელი პარკ ჩან-ვუკი დასახელდა ფილმისთვის  Decision to Leave. ჩან-ვუკის პირველი მხატვრული ფილმის, „მოსამსახურის“ (The Handmaiden, 2016) შემდეგ, Decision to Leave მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა ისეთი რეჟისორისთვის, რომელიც უმეტესწილად ძალადობრივი ჟანრის ფილმებით –  „პატივისცემა ბატონი შურისძიების მიმართ“ (Sympathy for Mr. Vengeance) და „ოლდბოი“ (Oldboy) გამოირჩევა. ერთგვარი რომანტიკული ნუარი, რომელიც მაყურებელს ბოლომდე სიუჟეტის ამოცნობის სტადიაში ამყოფებს, იდუმალ ვითარებაში დაღუპული მამაკაცის ქვრივით შეპყრობილი დეტექტივის ისტორიაა.

კანის ჟიურის პრიზი ეჟი სკოლიმოვსკის EO-ს – ვირის მღელვარე თავგადასავალი პოლონეთსა და იტალიაში და შარლოტა ვანდერმეშისა და ფელიქს ვან გრენინგენის  „რვა მთას“ (The Eight Mountains) გადაეცა, რომელიც ორი ჰეტეროსექსუალი მამაკაცის კომპლექსური მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.

კანის 75 წლის იუბილეს პატივსაცემად  სპეციალური პრიზი ბელგიელ რეჟისორებს – ჟან-პიერსა და ლუკ დარდენებს მიენიჭათ სოციალურ-რეალისტური დრამისთვის  „თორი და ლოკიტა“ (Tori And Lokita). ეს არის ორი მოზარდი ემიგრანტის ისტორია ბენინიდან, რომლებიც ევროპაში ლტოლვილობის დროს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ძმები დარდენები ორგზის ოქროს პალმის რტოს მფლობელები არიან, მათ კანის მთავარი პრიზი მიიღეს ფილმებისთვის –  „ვაჟი“ (The Son) და „როზეტა“ (Rosetta).

პალმის რტო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის კორეული სენსაციის, „პარაზიტის“ (Parasite) მსახიობს, სონ კან ჰოს გადაეცა ფილმისთვის  „ბროკერი“ (Broker).  წლევანდელი პალმის რტოს ვეტერანებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი ჰიროკაზუ კორე-ედა იყო. მისმა დახვეწილმა მიდგომამ საოჯახო დრამებისადმი, როგორებიცაა „მამის მსგავსი“ (Like Father, Like Son) და “წვრილმანი მძარცველები“ (Shoplifters), რომელმაც 2018 წელს რეჟისორს ოქროს პალმის რტო და ოსკარის ნომინაცია მოუტანა, წლების განმავლობაში მაყურებლის და კინოკრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა. კორე-ედა 2019 წელს „სიმართლით“ (The Truth)  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის ახალ დამაინტრიგებელ ფაზაში შევიდა (ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა), ახლა კი  „ბროკერით“ ის კვლავ ნაცნობ რელიეფზე დაბრუნდა. ფილმი ორი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მიწისქვეშა აფერას აწარმოებენ და შავ ბაზარზე მიტოვებულ ბავშვებს ყიდიან.

პალმის რტო საუკეთესო ქალი მსახიობისთვის ზარ ამირ-ებრაჰიმმა მიიღო ალი აბასის ფილმისთვის  „წმინდა ობობა“ (Holy Spider). მსახიობი ირანელი ჟურნალისტის როლს ასრულებს, ის სერიულ მკვლელს დასდევს, რომელიც მეძავებს ქალაქის „ბოროტი ქალებისგან“ გაწმენდის მოტივით კლავს.

შვედმა-ეგვიპტელმა რეჟისორმა ტარიკ სალეჰმა საუკეთესო სცენარისთვის  გაიმარჯვა, ფილმი  „ბიჭი ზეციდან“ (Boy From Heaven)  ეგვიპტური ტრილერია, რომლის სიუჟეტიც კაიროს ალ-აზჰარის მეჩეთში ვითარდება და ფოკუსირებულია რელიგიასა და პოლიტიკას შორის დესტრუქციულ კავშირზე.

საპატიო პალმის რტო მსახიობ ტომ კრუზს გადაეცა, რომელიც გრანდიოზულად, ვერტმფრენით გამოცხადდა ფესტივალზე, „საუკეთესო მსროლელის“ (Top Gun: Maverick)-ის პრემიერაზე. ფილმის ჩვენებას მაყურებლის 6-წუთიანი ოვაცია მოჰყვა.

რეჟისორი ბაზ ლურმანი თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ბიოგრაფიული ფილმით – „ელვისი“ (Elvis) დაბრუნდა. მართალია, „ელვისი” საკონკურსო ფილმების სიაში არ შედიოდა, მაგრამ ელვის პრესლის ცხოვრებისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კინოჩვენებას განსაკუთრებით დიდი მოლოდინით შეხვდნენ. ფილმმა კინოკრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა, რომლებმაც ის „ბოჰემურ რაფსოდიას“ (Bohemian Rhapsody) შეადარეს, თუმცა როკ-ენ-როლის მეფის შემსრულებლის, ოსტინ ბატლერის პერფორმანსი დადებითად შეაფასეს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.