fbpx

ფრიდონ ნიჟარაძის მხატვრობა საიდუმლო ცოდნის შესახებ


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ხათუნა ხაბულიანი

 

ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას აუცილებლად მიიზიდავს ფრიდონ ნიჟარაძის რეტროსპექტივა – ამ უცნაური მხატვრის ნამუშევრების მრავალფეროვანი კრებული, რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ სივრცეში – მაუდი. კოლექციას აქვს თავისი მუდმივი საბინადრო ადგილი, ის უშგულშია და მხატვრის სახლ-მუზეუმის ორგანული ნაწილია.

ამ შემთხვევაში კი დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნეიტრალურ, თეთრი კუბის მოდელის მსგავს გარემოში შეხედოს ერთი მხატვრის მიერ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სტილით შექმნილ ტილოებს, გრაფიკულსა და შერეული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს.

როგორი ნეიტრალურიც  უნდა იყოს საგამოფენო ინტერიერი, ფრიდონ ნიჟარაძის მხატვრობას თან დააქვს თავისი კონტექსტი და მისი პეიზაჟები უშგულის გარემოს შთამბეჭდავსა და ამავდროულად, განყენებულ ძალას განავრცობენ თითქმის ხელშესახები ავტორისეული მგრძნობელობით. 

ფრიდონ ნიჟარაძის მხატვრობის განსაზღვრას თუ ვეცდებით, შესაძლოა ისეთი მშრალად მჟღერი ცნება აღმოცენდეს, როგორიც არის აუტსაიდერული ხელოვნება, ან თუნდაც, არტ ბრუტი.

რასაკვირველია, ფრიდონ ნიჟარაძე არ იყო სახელოვნებო სამყაროს პირობითობების მონაწილე, ის არ ფიგურირებდა ქართული მხატვრობის ავანგარდსა თუ მეინსტრიმში, თუმცა მისი აუტსაიდერობაც არ იყო მხოლოდ ასოციალური ხელოვანის ავტონომია, ის ბევრად უფრო მრავალმხრივია და შთამაგონებელი, როგორც ზოგადად, ადამიანური წარმოსახვისა და ვიზუალური აზროვნების უსაზღვრობის დამადასტურებელი სიცოცხლე.

საბჭოთა სისტემის რეპრესიულობა, რომელიც საფუძველშივე სტრუქტურირებული იყო თავისუფალი ნებისა და ხელოვანების თავისუფლების წინააღმდეგ, სხვა მხატვრებთან ერთად მასაც მტკივნეულად შეეხო: ის მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელიც ამ სისტემის თანამონაწილე ინსტიტუცია იყო და უმეტეს შემთხვევაში შორს იდგა თერაპიული მიზნებისგან.

შესაძლოა, ამ წინააღმდეგობებმა ხელი შეუშალა ფრიდონ ნიჟარაძეს – მხატვარს – თანმიმდევრულად განევითარებინა ცხადად არსებული ნიჭი, რომელსაც ექსპრესიონისტული მხატვრობის სფეროში შეეძლო მნიშვნელოვანი გამოცდილება დაეტოვებინა იმ საწყისების გაღრმავებით, რაც მის ადრეულ ნამუშევრებში ადვილად დასანახია. ეგზისტენციალური მოტივებით არის განსაზღვრული ფანქრით შესრულებული პორტრეტები, მათ შორის ავტოპორტრეტებიც, – რეალისტური და ფსიქოლოგიური პორტრეტის ასევე თავისებური, ინდივიდუალური ვერსიები. 

ფართო აუდიტორიისათვის ის პოპულარულია მისი ეზოტერიკული ხასიათის მრავალფიგურიანი, სხვადასხვა სიმბოლოებით დატვირთული, მისტერიებზე მიმანიშნებელი, ერთდროულად წარმართული და ქრისტიანული, იდუმალი რიტუალების გამომსახველი მრავალდეტალიანი და ფერადოვანი კომპოზიციებით.

ეს გამოსახულებები მკვეთრიც არის და თან სიურრეალისტურად ეფემერულიც და სრულიად განსხვავებული ხასიათისაა, ვიდრე მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის დასაწყისში შექმნილი დახვეწილი, მგრძნობიარე სურათები, როგორც არის მაგალითად, „ჩვენი ეზო“, ან უკიდურესად ფერწერული „მთა“ – თოვლის ფაქტურის მისტიკური ელფერით.

პეიზაჟებში ფრიდონ ნიჟარაძე ხან იმპრესიონისტულ ზედაპირებს ქმნის, ხან კი ფერების ექსპრესიონისტულ სიმკვეთრესა და თავისუფლებას ავლენს. სვანეთის პეიზაჟი დროის მიღმაა და მის ფონს ორგანულად ერწყმიან მითოლოგიური პერსონაჟები („ტროას ცხენი“), შინაური და გარეული ფრინველები და ცხოველები. ძირითადად კი ბუნება თვითონ არის ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი ორგანიზმი („ჩამააწითლა ქვიშანი“).

ერთ-ერთი საუკეთესო მისი აკვარელებიდან – „წითელი ხარი“ – ტოტემური კოსმოსის სურათია, სადაც ადამიანური, ცხოველური და ღვთაებრივი ერთად თანაარსებობს იმ საიდუმლო ცოდნის თანახმად, რის გადმოცემასაც ფრიდონ ნიჟარაძე მუდმივად ცდილობდა თავისი მხატვრობის გზაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.