fbpx

რეალი VS ინგლისის პრემიერლიგა 3:0


გააზიარე სტატია

 

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

არსებობს მატჩები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ამა თუ იმ ტურნირის ისტორიაში და სამუდამოდ რჩებიან ფეხბურთის მოყვარულთა მეხსიერებაში. 

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ასეთი  ფინალური შეხვედრაა, რომელიც ნერვული დაძაბულობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ შეცდომებთან, გუნდები სხვა შემთხვევაში რომ არ დაუშვებდნენ.

„რეალის“ და „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა ორივე გუნდის ფეხბურთელთა საოცარი ფსიქოლოგიური მედეგობით გამოირჩეოდა. ამ ჭიდილში საბოლოოდ „რეალმა“ იმარჯვა და სრულიად დამსახურებულად, უკვე მე-14-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტურნირი.

„რეალს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში აქამდე სულ სამჯერ  აქვს წაგებული. თავდაპირველად ეს „ბენფიკას“ და „ინტერის“ წინააღმდეგ, გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა, ბოლოს კი სწორედ „ლივერპულთან“ მატჩში, ასევე შორეულ 1981 წელს.

1981 წლის ფინალი უკანასკნელის მსგავსად, სწორედ პარიზში ჩატარდა, რაც „ლივერპულის“ გულშემატკივრებს თითქოს დამატებით სტიმულს აძლევდა  2018 წლის ფინალში მარცხზე რევანშის მოლოდინში.

მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან როგორც ფინალურმა მატჩმა დაგვანახვა, „რეალის“ არსენალში მეტი სილაღე, იმპროვიზება  და გნებავთ, სპონტანურობა აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ გააქარწყლა „ლივერპულის“ მართალია, უშეცდომო, მაგრამ მაინც ერთფეროვანი ქმედებები, რომელთა საწინააღმდეგოდაც გადამწყვეტი ალბათ წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „რეალის“ გოლკიპერ ტიბო კურტუას საოცარი თამაში აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში „ლივერპულმა“ იძალა და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია მეტოქის კარს. 

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მატჩის სცენარი, ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში სადიო მანეს დარტყმის შემდეგ კურტუას მიერ სასწაულებრივ მოგერიებული ბურთი ძელიდან ასხლეტის მერე, ისევ კურტუასგან რიკოშეტით მადრიდელთა კარში რომ აღმოჩენილიყო. 

მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ მადრიდის „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე თამაშების შემობრუნება ჩვეულებრივი ამბავია და ფინალამდე გუნდმა მხოლოდ ამ გზით მიაღწია.

ამიტომ იმის თქმა, რომ „ლივერპულს“ არ გაუმართლა და ამ მიზეზით დამარცხდა, სრულიად უსაფუძვლოა. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი თავდასხმა ამ გუნდს იმიტომ ჰყავს, რომ ნებისმიერ მატჩში, სულ მცირე, ერთი ბურთის გატანა მაინც მოახერხოს.

მაგრამ გავიხსენოთ თუნდაც „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის და ასოციაციის თასის ორი ფინალური მატჩი, რომლებიც მერსისაიდელებმა თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად მოიგეს და თანაც ისე, რომ გოლის გატანა მთელი ოთხი საათის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეძლეს.

გამოდის, რომ წარმატებული სეზონის მიუხედავად, იურგენ კლოპის გუნდი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რადგან გადამწყვეტ მატჩებში გოლის გატანას ვერ ახერხებს.

აი „რეალი“ კი ასეთი პრობლემის წინაშე ნამდვილად არ დგას და ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკუთარი კარის მშრალად შენახვასაც ახერხებს, რაც ხსენებულ ტიბო კურტუასთან ერთად, მის ბრძენთაბრძენ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დიდ დამსახურებაზე მეტყველებს.

„რეალმა“ კლანჭები პირველი ტაიმის ბოლოს გამოავლინა და თუკი მატჩის 43-ე წუთზე  ბენზემას დარტყმის შემდეგ „ლივერპულის“ კარში სამართლიანად არჩათვლილი ბურთი რომელიმე სხვა გუნდისთვის შესვენებაზე გასვლის წინ უიღბლობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, „რეალისთვის“ იგი ბრძოლის მოგების, ხოლო „ლივერპულისთვის“ კი საგანგაშო ნიშნად იქცა.  

იმ ეპიზოდში „ლივერპულის“ მეკარე ალისონი პირველად და უკანასკნელად ჩაერთო თამაშში. მის მიერ მოგერიებული ბურთი მერსისაიდელთათვის სასურველი ტრაექტორიით არ წასულა, საბოლოოდ ბენზემას მიუვიდა და ფრანგმა ფორვარდმა იგი ცარიელ კარში გადაგზავნა.

„ლივერპული“ ალისონის წინ გამოსვლამ გადაარჩინა. კართან ყველაზე ახლოს  ინგლისელთა მხრიდან ერთადერთი მცველი აღმოჩნდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხაზის გავლების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირებულიყო.

WAR-ის ჩარევიდან გამომდინარე პაუზა ამ ეპიზოდში კი იმით იყო გამოწვეული, თუ ვისგან მიუვიდა ბურთი ბენზემას – მეტოქისგან თუ პარტნიორისგან. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბურთი ბენზემამ ლივერპულელი ფაბინიოსგან არა გადაცემით, არამედ შემთხვევითი ასხლეტის შედეგად მიიღო და გოლიც არ ჩაითვალა…

მაგრამ გოლმა „ლივერპულის“ კარში მაინცდამაინც არ დააყოვნა და მაყურებელმა იგი მატჩის 59-ე წუთზე იხილა. 

სწრაფ კონტრშეტევას საფუძველი მადრიდელთა მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა „ლივერპულის“ ორ ნახევარმცველს შორის გამჭოლი უნიკალური გადაცემით ჩაუყარა.

საინტერესოა, რომ ადრესატი ამავე მარჯვენა ფლანგზე უეცრად გამოჩენილი ვალვერდე იყო. 

ურუგვაელმა თავის მხრივ მეტოქის საჯარიმო მოედანზე ვინისიუსი გამონახა, რომელიც ზურგს უკან „დაემალა“ „ლივერპულელთა“ შემადგენლობაში ერთ-ერთ გამორჩეულ ალექსანდერ არნოლდს და იოლად გადაგზავნა ბურთი ალისონის კარში.

აღსანიშნავია, რომ მთელი პლეიოფების განმავლობაში  მადრიდის „რეალი“ ამ გოლამდე მხოლოდ ერთხელ, „ჩელსისთან“ გასვლით შეხვედრაში დაწინაურდა. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში კი მას ან თამაშების შემობრუნება უწევდა, ან „სასურველი“ შედეგით აგებდა.

რა გააჩნდა არსენალში იურგენ კლოპს დარჩენილ 35 წუთში? მან თავდასხმაში ჩაკარგული ლუის დიასი დიოგუ ჟოტათი ჩაანაცვლა, მაგრამ ხეირი ამ ცვლილებამ „ლივერპულს“ ვერ მოუტანა.

მატჩის 75-ე წუთზე მერსისაიდელთა შემადგენლობაში მეოთხე ფორვარდი – ფირმინო გამოჩნდა, რომელმაც თავდაპირველად თითქოს გაამწვავა თამაში, მაგრამ „რეალის“ ფეხბურთელებმა მალე ისიც სალაჰივით და მანესავით შებოჭეს და თამაში მოგებამდე პრაქტიკულად მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდე მიიყვანეს.

„რეალის“ მოგების ფსიქოლოგიურ სიმბოლოდ ანჩელოტის მიერ მატჩის 90-ე წუთზე მოდრიჩის შეცვლა იქცა. 

ხორვატმა ფეხბურთელმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იგი მოედანზე ყველგან ჩნდებოდა, სადაც კი გუნდს სჭირდებოდა და ერთ-ერთ ეპიზოდში  ბურთი თავითაც კი გამოიტანა საკუთარი საჯარიმო მოედნიდან, რაც მის ფუნქციებში ნამდვილად არ შედის.

90-ე წუთზე მოდრიჩთან ერთად მოედანი მატჩის გმირმა ვინისიუსმაც დატოვა, რომელიც პლეიოფებში „რეალის“ მუდმივმა მხსნელმა როდრიგომ ჩაანაცვლა. მაგრამ მისი დახმარება თანაგუნდელებს ამჯერად აღარ დასჭირვებიათ, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.

ნათელია ისიც, რომ „რეალის“ მსგავსი სირთულის გზა პლეიოფების ეტაპზე აქამდე ჩემპიონთა ლიგის მომგებ ერთადერთ გუნდს  – „ბარსელონას“ ჰქონდა განვლილი, რომელმაც 2015 წელს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ერთიმეორის მიყოლებით “მანჩესტერ სიტის”, „“პარი სენ-ჟერმენის“, „ბაიერნის“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგობა დასძლია. 

მადრიდულმა კლუბმა, გარდა იმისა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სამი უძლიერესი კლუბი დაამარცხა, იქამდე ტურნირიდან ერთ-ერთი ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთიშა, რითაც საფუძველი ჩაუყარა საბოლოო წარმატებას.

ჩვენ კი უკვე ამ კვირაში საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის C კატეგორიაში წარმატებული სტარტის მოლოდინში ვართ. 

დაწყება რომ უმნიშვნელოვანესია, ამას თუნდაც ჩვენი ნაკრების სტატისტიკიდან ვიგებთ,  რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ გაეღვიძა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

იმედია, ამჯერად ასე აღარ იქნება და ნაკრები მოგებებს თავიდანვე შეუდგება. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.